"ვაქცინაციის შემდეგ 3-4 ანაფილაქსიური ტიპის რეაქციაა გამოვლენილი, დანარჩენი რეაქციები შიშთან, სტრესთან ასოცირდება" - კვირის პალიტრა

"ვაქცინაციის შემდეგ 3-4 ანაფილაქსიური ტიპის რეაქციაა გამოვლენილი, დანარჩენი რეაქციები შიშთან, სტრესთან ასოცირდება"

ალერგოლოგ- იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ჯერჯერობით, გამოვლენილია ანაფილაქსიური შოკის 3-4 შემთხვევა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების უმეტესობა არა უშუალოდ ვაქცინაციას, არამედ პროცესის მიმართ შიშს უკავშირდება.

"თუ პაციენტს ვაქცინაციიდან 3-4 კვირის მანძილზე სჭირდება ჰოსპიტალში მოხვედრა ნებისმიერი მიზეზით, ეს აღირიცხება იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების კომიტეტზე, რომლის წევრიც გახლავართ. ჯერჯერობით, გამოყენებული თითქმის ნახევარი მილიონი დოზიდან გვერდითი მოვლენების მხოლოდ 100-მდე შემთხვევაა შემოსული. არის 3-4 ანაფილაქსიური ტიპის რეაქცია. დანარჩენი რეაქციები არის მსუბუქი და მათი უდიდესი ნაწილი საერთოდ არ უკავშირდება ვაქცინაციას. რეაქციები არის იმუნიზაციის შიშთან, სტრესთან ასოცირებული. მაგალითად, გულის წასვლა ნემსის შიშის გამო, ემოციური ფონი წნევის მომატების გამო და ა.შ. სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან გარდაცვალება ვაქცინაციის შემდგომ, უშუალოდ ვაქცინით იყო თუ არა გამოწვეული, საქართველოში ჯერ დაფიქსირებული არ არის",- განაცხადა კულუმბეგოვმა.