"მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი გადამწყვეტ შეტევაზე გადმოვიდა. სამწუხაროდ, კრემლს ხელთ ბევრი ინსტრუმენტი აქვს" - კვირის პალიტრა

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი გადამწყვეტ შეტევაზე გადმოვიდა. სამწუხაროდ, კრემლს ხელთ ბევრი ინსტრუმენტი აქვს"

"აქამდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჩვენში საკმაოდ ზერელედ უყურებდნენ და ხელისუფლებებსაც სხვადასხვა დროს არასდროს უჭირდათ თვითმმართველობის არჩევნების მოგება კი არა, ყიდვა"

გასულ კვირას გამოქვეყნდა IRI-ს მორიგი კვლევის შედეგები და ირკვევა, რომ თვითმმართველობის არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, ყველაზე მეტი მხარდამჭერი სამ პარტიას: "ქართულ ოცნებას" (26%), "ნაციონალურ მოძრაობას" (14%) და გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" (9%) ეყოლებოდა. თუკი ამ შედეგებს წინა კვლევას შევადარებთ, "ქართული ოცნების" რეიტინგი 9%-ით არის შემცირებული, ზუსტად იმდენით, რამდენიც გიორგი გახარიას პარტიამ მიიღო. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ IRII-ს ახალი კვლევის შედეგი სრულიად კანონზომიერი და ლოგიკურია. პოლიტიკურ ლანდშაფტზე მთავარი ცვლილება ის არის, რომ აქამდე გამეფებული ორპოლუსიანობის დასრულების შანსი გაჩნდა. დღემდე ჩვენ ვაკვირდებოდით პროცესს, როდესაც იყო ორი მიზიდულობის ცენტრი და დანარჩენი პარტიები მათ ორბიტებზე ნაწილდებოდნენ. გახარიას ფაქტორმა ეს ორპოლუსიანობა ამ ეტაპზე დაარღვია და გააჩინა კიდევ ერთი, დამატებითი ცენტრი, რომელზეც ქართველ საზოგადოებაში დეფიციტური მოთხოვნა იყო. არჩევნებსა და არჩევნებს შორის ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალ არჩევანს ითხოვდა. ეს არის ხალხი, რომელიც არ არის კმაყოფილი აწმყოთი და შესაბამისად, არც "ქართული ოცნებით", მაგრამ არც წარსულში უნდა დაბრუნება, ანუ არ არის მზად ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს ხმა და ითხოვს ახალ, მომავლის არჩევანს. ამ კვლევაშიც არის ამასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა, რომლის პასუხიდანაც ჩანს, რომ გამოკითხულთა 66% ახალ პოლიტიკურ ძალას ითხოვს.

გახარიას ფაქტორი იმანაც გააძლიერა, რომ ხალხი დაიღალა ნეგატიური დღის წესრიგით. იმით, რომ პოლიტიკური პროცესი დაფუძნებულია დაპირისპირებაზე, სიძულვილზე, ურთიერთბრალდებებზე, მათ შორის ხშირად ცრუზე. მოკლედ, ნეგატიური დღის წესრიგი ცხოვრების წესად იქცა. გახარია ამ პოლიტიკურ ტატამზე, სადაც მხოლოდ ჭიდაობაა, რაც ხალხს ასე მოჰბეზრდა, არ გადის და ამბობს, მე უკონტაქტო სპორტის მომხრე ვარო. ამით მან განსხვავებული რამ შესთავაზა ამომრჩეველს, რაც ხალხს, განსაკუთრებით მის სამიზნე ამომრჩეველს მოსწონს.

მის წინააღმდეგ არც მეორე ტექნოლოგიამ იმუშავა - როგორც ერთი, ისე მეორე მხარე ცდილობს როგორმე "შეტენონ" გახარია ერთმანეთის ბანაკში. "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რაც ბევრს არ სჯერა, მაგრამ თუ ვინმეს სჯერა, ესეც გახარიას სასარგებლოდ მუშაობს, რადგან მისი სამიზნე ელექტორატის დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებს "ქართული ოცნების" დღევანდელ ელიტას. თუმცა აღიარებს ბიძინა ივანიშვილს როგორც ძალის ცენტრს და სულაც არ ეჩვენება ნეგატიურ მხარედ ის, რომ გახარიას შესაძლოა რაღაც კავშირი ჰქონდეს პირადად ივანიშვილთან.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ბრალდებებს და გახარიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებას, ეს ძალიან არადამაჯერებელი და კომიკურია.

აქედან გამომდინარე, პარადოქსული ვითარება შეიქმნა - ორივე მთავარი პოლიტიკური პოლუსი დღეს, ფაქტობრივად, აწარმოებს გახარიას წინასაარჩევნო კამპანიას ე.წ. მომავლის არჩევანზე ორიენტირებულ ამომრჩეველში, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგი სურს და არა მუდმივად ჩხუბის და შეხლა-შემოხლის ყურება. ეს სეგმენტი დღეს უკვე დიდია და სწორედ ეს არის გახარიას წარმატების გასაღები.

მეტსაც გეტყვით, "ქართული ოცნება" განაგრძობს დეგრადაციას, ამომრჩეველს კარგავს და მისი ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატიც ისევ და ისევ გახარიას მიჰყავს. "სამობილიზაციო ელექტორატს" ვუწოდებ მოქალაქეებს, რომლებიც ახალ არჩევანს ეძებენ, მაგრამ აქამდე ამის საშუალება არ ჰქონდათ. ყველა არჩევნებზე შუა იკრიფებოდა. ისინი ცუდი და უარესი არჩევნის წინაშე დგებოდნენ და ისევ ხელისუფლებას აძლევდნენ ხმას უარესის შიშით.

დღეს ეს ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატი მთლიანად მიჰყავს გახარიას, რადგან მას ახალი არჩევნის საშუალება გაუჩნდა. ამ სეგმენტის მიმხრობა სხვა პარტიებმაც სცადეს, მაგრამ სუსტად. დღესაც ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოსდით. ფაქტობრივად, სხვა პარტიები ისევ ამ ორი პოლიტიკური ძალის ორბიტაზე დარჩნენ, მიუხედავად "სტრატეგია აღმაშენებლის" თუ "ლელოს" განცხადებებისა.

მოკლედ, დღეს პოლიტიკურ არენაზე სამი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა.

როგორ შეიძლება განაწილდეს პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ? ულტრაკონსერვატიული ფრთა - ვასაძის "ერი" და კიდევ ვიღაცები "ქართული ოცნების" ორბიტაზე უნდა მოვიაზროთ (ბოლო კვლევის თანახმად, მათი ამომრჩევლის საერთო რაოდენობა გამოკითხულთა შორის 3%-ს არ აღემატება). ფაქტია, მმართველი პარტია იბრძვის ამ სეგმენტისთვის. ჩვენ ვნახეთ ამით განპირობებული ნეგატიური პროცესები.

პოლიტიკური ელიტის ლიბერალური ფრთა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს დამოუკიდებლად ითამაშოს, მაინც რჩება "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე.

მესამე ცენტრი გიორგი გახარიას პარტიაა, რომელიც, ასე ვთქვათ, ინარჩუნებს დამოუკიდებელი ცენტრის სტატუსს, ჯერჯერობით არც ერთ თამაშში არ გათქვეფილა. თუ გახარია მოახერხებს ამ პოზიციის შენარჩუნებას, მაშინ მოსალოდნელია, რომ კიდევ უკეთეს შედეგს მიიღებს არჩევნებზე, ვიდრე ამ კვლევებში ჩანს. - IRI-ის კვლევა 15-30 ივნისის შუალედში ჩატარდა. იმჟამად "ქართულ ოცნებას" ჯერ ანულირებული არ ჰქონდა შარლ მიშელის დოკუმენტი. საინტერესოა, რომ ამ კვლევის თანახმად, შეთანხმების დოკუმენტს პოზიტიურად აფასებს გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა. როგორ ფიქრობთ, ის სკანდალი, რაც ამ შეთანხმებიდან მმართველი ძალის ერთპიროვნულად გასვლას მოჰყვა, რამდენად დააზიანებს მის ელექტორალურ რესურსს?

- გამომდინარე იქიდან, რომ "ქართულ ოცნებას" ე.წ. ნატურალური ამომრჩეველი უკვე აღარ ჰყავს და ის ეყრდნობა უფრო ადმინისტრაციულ რესურსს და იმ პირებს, ვინც მზად არიან ერთჯერადად გაიყიდონ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დოკუმენტის საკითხი მათ გადაწყვეტილებაზე არ აისახება. თუ მმართველმა ძალამ საარჩევნოდ ორპოლუსიანობის ფორმირება ვერ მოახერხა და პოლიტიკური პროცესი ისევ სააკაშვილის დემონიზაციაზე ვერ ააგო, აუცილებლად შეექმნება არჩევნებზე პრობლემა.

რაც შეეხება შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას, სიმართლე გითხრათ, მსგავსი რამ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში არც გამიგია.

დიქტატორებიც კი, მაგალითად, პუტინი და ლუკაშენკო, თუ რომელიმე შეთანხმებას ხელს აწერენ, ცდილობენ შეასრულონ, თუ არადა, ისე მაინც წარმოაჩინონ, რომ ასრულებენ. ეს რეპუტაციის საკითხია.

ეს ხომ არ არის უბრალო დოკუმენტი? ზეპირი დაპირებები "ქართულ ოცნებას" ადრეც გაუცია და გადავუგდივართ, მაგრამ ახლა საქმე გვაქვს ხელმოწერილ დოკუმენტთან, რომელსაც, ფაქტობრივად, საერთაშორისო შეთანხმების სტატუსი აქვს, რადგან მის გარანტად გამოდის ევროსაბჭოს პრეზიდენტი.

არ დაგვავიწყდეს, რომ ეს დოკუმენტი მხოლოდ შარლ მიშელზეც არ არის მიბმული. მას წინ უძღოდა მრავალთვიანი მუშაობა, რაშიც ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის წარმომადგენლობა. ამ დოკუმენტის სტატუსი ძალიან მაღალია.

ცალმხრივად, უპირობოდ ხელშეკრულებიდან გასვლას საერთაშორისო სამართალი არ ცნობს. კი ბატონო, შესაძლებელია არ შეასრულო პირობა, მაგრამ შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადო სხვა ხელმომწერ მხარეებთან.

თუ ასე არ გააკეთებ, შენ ხდები მინიმუმ ნონ გრატა იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ.

- ბუნებრივად ისმის კითხვა, რა იქნება "ქართული ოცნების" გადასახდელი ფასი, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთიდან თავდაპირველი უმწვავესი გამოხმაურების შემდეგ თითქოს ეს თემა დავიწყებას ეძლევა... - ნამდვილად ისმის კითხვა, "ოცნების" ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, რატომ უფრო არ აქტიურობენ აშშ და ევროკავშირი? ეს თემა სამართლებრივ სფეროში რომ განვიხილოთ, შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმების დარღვევის ფაქტი ჯერ არ დამდგარა, ანუ უფრო აქტიური პასუხის ობიექტური საჭიროება არ გაჩენილა.

ეს საჭიროება გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ მომავალ არჩევნებში "ქართული ოცნება" ვერ გადალახავს 43%-ს და უარს იტყვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. სანამ ეს არ მოხდება, დასავლეთი "ქართულ ოცნებას" ხელშეკრულებიდან გასულად არ მიიჩნევს, მიუხედავად ვერბალური განცხადებისა. მოკლედ, ფორმალურად "ქართულ ოცნებას" ჯერ შეთანხება არ დაურღვევია. შესაბამისად, ჩვენ დასავლეთის რეაქციას უნდა ველოდოთ იმ მოცემულობის დადგომისას, როცა ისინი რეალურად დაარღვევენ პირობას. ვფიქრობ, ამის შემდეგ იქნება სერიოზული სადამსჯელო ღონისძიებები დასავლეთიდან.

რა თქმა უნდა, ეს კარგად იციან "ქართულ ოცნებაში". მათი პრაგმატულ-ტაქტიკური გათვლა ძალიან მარტივია - ხვდებიან, თუ 43% ვერ გადალახეს და ვალდებულებები არ შეასრულეს, დიდი პრობლემები შეექმნებათ და ახლა ამ განცხადებებით ცდილობენ საზოგადოების გაზრდილი ინტერესი მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისადმი როგორმე გაანეიტრალონ. აქამდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჩვენში საკმაოდ ზერელედ უყურებდნენ და ხელისუფლებებსაც სხვადასხვა დროს არასდროს უჭირდათ თვითმმართველობის არჩევნების მოგება კი არა, ყიდვა.

დღეს შარლ მიშელის დოკუმენტში ამ 43%-იანი ბარიერის ჩაწერამ და, ფაქტობრივად, ამ არჩევნების რეფერენდუმად გადაქცევამ მისი ფასი გაზარდა და გაცილებით დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.

გაჩნდა განცდა, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ძალაუფლების ბედი წყდება. ხელისუფლება ახლა ცდილობს გააჩინოს ნიჰილიზმი, დაუკარგოს მომავალ არჩევნებს მნიშვნელობა და ამით უზრუნველყოს ურნასთან რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩევლის მისვლა, მათი, ვის ყიდვასაც ადვილად შეძლებს და ასე გადალახოს 43%.

მერე კი ილაპარაკოს, გადავლახე დათქმული ბარიერი და არც შეთანხმება დარღვეულაო.

მათ კარგად ესმით, რომ თუ არჩევნებზე მუხტი მაღალი იქნა, 43%-იანი ბარიერი დაუძლეველი იქნება უმთავრესად გახარიას ფაქტორის გამო. მათი პრობლემა დღეს სწორედ გახარიაა, რადგან ის ართმევს მათ სამობილიზაციო ელექტორატს. ამიტომაც წავიდნენ სახელმწიფო ინტერესის ხარჯზე ასეთ ავანტიურაზე - გამოაცხადეს მიშელის შეთანხმებიდან გასვლა.

ეს არ გვიკვირს, რადგან ჩვენი ხელისუფლებები, სამწუხაროდ, არასდროს აყენებდნენ სახელმწიფო ინტერესს ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა და ნებისმიერ მამაძაღლობაზე მიდიოდნენ. ასევე იქცევა "ქართული ოცნება", რაზეც ბევრი რამ მეტყველებს, მაგალითად, თუნდაც ის, რასაც აკეთებენ ამ ულტრაკონსერვატიული ჯინის ბოთლიდან გამოშვებით. ამას აკეთებენ მოკლევადიანი პარტიული სარგებლის მიღების მიზნით და სახელმწიფოსთვის ძალიან მძიმე გრძელვადიანი ზიანის მიყენების ფასად.

ვხედავთ უკვე როგორ აქტიურობს რუსეთი.

ამ დღეებში გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო უწყების განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატის თარიღთან დაკავშირებით, გვეპატიჟებიან, მოდით, ისევ ერთად ვიყოთო. ეს არ არის უბრალო განცხადება.

ჩემი აზრით, ეს არის მუქარანარევი წინადადება მას შემდეგ, რაც დაინახეს ჩვენი სისუსტეები ამ ულტრაკონსერვატიული ძალების გააქტიურების შემდგომ. ეს ძალები ხომ მათ ხელში ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ჩვენს ქვეყანაში პროპაგანდას სწორედ ამგვარი რადიკალური იდეების ხარჯზე აწარმოებენ. სამწუხაროდ, ამ ტალღის ძალიან აგრესიული გამოხატულება ჩვენ 5 ივლისს ვიხილეთ და ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა.

ხელისუფლება, რომელსაც აქვს ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი, ყველაფერს იყენებს ამის მისაღწევად და ამით, ფაქტობრივად, რუსეთის საქმეს აკეთებს. მუშაობს იმ სივრცეში და იმგვარი ტექნოლოგიებით, რაც საბოლოოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. ამას კრემლში მშვენივრად ხვდებიან და მოქმედებას იწყებენ. რუსეთი ბუნებრივი მოკავშირე გამოდის "ქართული ოცნებისთვის", რომელიც რიტორიკით პროდასავლურია, მაგრამ საქმით პრორუსული.

- უკვე ახსენეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ალექსანდრ ბიკენტოვის განცხადებები, რომ თურმე რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი "დამნაშავე რეჟიმსა" და ქართველ ხალხს შორის და მზად არის ქვეყნებს შორის ურთიერთობის აღსადგენად იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ბიკენტოვმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ "თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს და ქართველი პარტნიორები დაიწყებენ მეზობლებთან ურთიერთობის აშენებას ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით". ბიკენტოვის თანახმად, ეს შეეხება თბილისის საგარეო კურატორებსაც, რომლებმაც რეალობისგან მოწყვეტილი თეზისების დაშტამპვის ნაცვლად, თბილისს სტიმული უნდა მისცენ სოხუმსა და ცხინვალთან თანასწორუფლებიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგისთვის. სხვათა შორის, ამ განცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვიზა მისცა ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხს... - ეს არის მათრახისა და თაფლაკვერის კლასიკური პოლიტიკა. ერთი მხრიდან კბილებს გვაჩვენებენ და მეორე მხრიდან გვეფერებიან. იმასაც გვაჩვენებენ, კიდევ უარესი რაღაცები შეიძლება დაგმართოთო. სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი გადამწყვეტ შეტევაზე გადმოვიდა. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ ჩვენი სხვა სისუსტეების გამოყენება-გააქტიურებასაც შეეცდება. ეს მოხდება პროვოკაციებით კომპაქტურად ჩასახლებული ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით, ერთმორწმუნეობის თემის თუ სასაზღვრო საკითხების გააქტიურებითა თუ კიდევ სხვა პრობლემების გენერაციით. მოკლედ, რუსეთის მავნებლურ მოქმედებას არაერთი მიმართულებით ველი. სამწუხაროდ, კრემლს ხელთ ბევრი ინსტრუმენტი აქვს. შეიძლება დღევანდელი ხელისუფლება ისეთ ვითარებაში ჩააყენონ, როგორიც ერეკლე მეფეს შეუქმნეს. ფაქტობრივად, რუსეთს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ საქართველოს აიძულოს ტრაქტატი-2-ის დადება - ანუ ჯერ უამრავი პრობლემა შეგვიქმნას და მერე მოგვარება შემოგვთავაზოს. ასეთ ვითარებაში დასავლეთის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რაზეც ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო ხელისუფლება ლამის უარს ამბობს.

- კულტურის სამინისტროს გარშემო სკანდალები არ წყდება მას შემდეგ, რაც მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. ჯერ იყო და, ლიტერატურული კონკურსის "ლიტერას" ჟიურიში სამინისტროს წარმომადგენელი შეიყვანეს, რის შემდეგაც მონაწილეობაზე ავტორების დიდმა უმრავლესობამ უარი თქვა, შედეგად კონკურსი ჩაიშალა. მომდევნო დღეებში კი "მწერალთა აკადემიის" წევრების სახელით გამოქვეყნდა თეა წულუკიანისთვის განკუთვნილი ღია წერილი, რომელშიც ავტორები "ლიტერას" ორგანიზატორ "მწერალთა სახლს" მიწასთან ასწორებენ. წერილმა ბევრს კომუნისტური კოლექტიური წერილები გაახსენა. საინტერესოა ისიც, რომ მოგვიანებით "ხელმომწერთა" ნაწილმა თქვა, რომ მიმართვის შესახებ არაფერი იცოდნენ. - სამწუხაროდ, ისტორია ხშირად მეორდება, რასაც ხშირად ხელისუფალი აძლევს ხოლმე ბიძგს. ასეთი შინაგანი აგრესია, ბოღმა იშვიათად გვინახავს, რაც ამ წერილშია ჩატეული. მსგავსი რამ ხშირად ხელმოცარულ ადამიანებში იბუდებს. ასეთები ელოდებიან მომენტს, როდესაც მათი დრო დადგება. ასე ხდებოდა ადრეც, როდესაც სახელოვნებო წრეები სხვადასხვა ხელისუფლების პარანოიდულ განწყობებს უწყობდნენ ხელს. არ ვამბობ, რომ 1937 წელი დაგვიდგა. საბედნიეროდ, ეს ვერაფრით განმეორდება, მაგრამ მსგავსება, შეიძლება პაროდიულიც კი, აშკარად ჩანს. რაც მოხდა, ამის აქტუალიზაციას ახდენს ის ხელისუფლება, რომელმაც იგივე გააკეთა მედიის მიმართულებითაც, როდესაც საზოგადოების ერთი ჯგუფის აგრესია მედიის წარმომადგენლებისკენ მიმართა. ახლა იგივე ხდება სახელოვნებო წრეებშიც. წულუკიანი რომ არ იყოს კულტურის მინისტრი, ბუნებრივია, ასეთი წერილი არ შეიქმნებოდა. მოკლედ, ეს ხელისუფლება საზოგადოების დაყოფა-დანაწევრებასა და ერთმანეთზე გადაკიდებას უწყობს ხელს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თუ მიმართვის ხელმომწერთა ნაწილმა მართლა არაფერი იცოდა და მათი ხელმოწერები გააყალბეს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

ამ ყველაფერზე ლაპარაკისას არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის ფაქტორი. დღეს ექსპანსია ტანკებით კი არ ხდება, სისტემურად მიმდინარეობს, კულტურაში იქნება ეს, მმართველობით სისტემაში თუ სხვაგან... რაც ძალიან სახიფათო პროცესია, დღეს ჩვენ ვართ საქართველოს მომავლის განსაზღვრის აქტიურ ფაზაში, ჩვენი არჩევანი კი ასეთია: დასავლეთი ან რუსეთი...