"რუსეთი გვირტყამს ყველგან, სადაც შეუძლია და შიდა აგენტურის მეშვეობით ქვეყანაში ინარჩუნებს ქაოსურ ვითარებას"
12-08-2021
"რუსეთი გვირტყამს ყველგან, სადაც შეუძლია და შიდა აგენტურის მეშვეობით ქვეყანაში ინარჩუნებს ქაოსურ ვითარებას"
"რუსეთი ჩვენს შეცდომებს მოხერხებულად იყენებს, ზოგჯერ კი თავად ქმნის შეცდომების წინაპირობას და ჩვენც ამ შეცდომებს მორჩილად ვუშვებთ. ერთსა და იმავე ფოცხს რამდენჯერ უნდა დავადგათ ფეხი?! მაგრამ ჯიუტად მაინც ვადგამთ..."

როგორ უნდა გაუმკლავდეს ჩვენი სახელმწიფო გამოწვევებს, ამ თემაზე გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:­

- ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეში­ ვართ, რომელსაც მაღალი პოლიტიკური სეისმურობა ახასიათებს. უპირველესად, ეს არის ყარაბაღის მოვლენები, რომლებიც­ აქტიურ ფაზაშია... აქეთ აქტიურია თურქეთი, რომელიც ცდილობს მე-19 საუკუნის პოლიტიკური გავლენის დაბრუნებას,
რაც მეტ-ნაკლებად გამოსდის კიდეც. თურქეთი 100 წელი ამოვარდნილი იყო სამხეთ კავკასიის სივრციდან და ახლა დაბრუნდა სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში. ყარაბაღში თავისი წარმომადგენლობა აქვს, ცოტა ხანში აზერბაიჯანშიც ექნება. გარდა ამისა,­ ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს აზიაში, ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა - ვგულისხმობ სირიას. უფრო მნიშვნელოვანია ავღანეთი, საიდანაც ამერიკამ თავისი ძალები
გაიყვანა და, პრაქტიკულად, ნაღმზე დასვა მთელი ცენტრალური აზია. გარდა იმისა, რომ შეიძლება ჩვენკენ დევნილების ნაკადი წამოვიდეს, ასევე შეიძლება გააქტიურდეს პოლიტიკური ისლამი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი სწორედ საქართველო იქნება.

ნუ დაგვავიწყდება შავი ზღვის ფაქტორიც, რომელიც დაპირისპირების მთავარი ასპარეზი გახდა ნატოსა და რუსეთს შორის. პრაქტიკულად, შავი ზღვა დუღს ამ თვალსაზრისით, იმიტომ, რომ განუწყვეტლივ ხდება კონფლიქტები რუსულ სამხედრო და ამერიკულ ძალებს შორის. მართალია, ჯერჯერობით შეტაკებები არ მომხდარა, მაგრამ რაც იქ ხდება, ისიც მაღალი რისკის შემცველია.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, 30 წელია, ვერ მოვახერხეთ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტელიტის ჩამოყალიბება. ვერ მოვახერხეთ საზოგადოების გამთლიანება და მუდმივად დაპირისპირებული ვართ.

- შიდა დაძაბულობის უკან სხვა ქვეყნის ინტერესებს ხედავთ?
- რასაკვირველია, ეს ინსპირირ­ებულია­ გარედანაც. ზოგჯერ ამაში ჩვენი ზოგიერთი­ დასავლელი პარტნიორია ჩართული და ზოგჯერ - ჩვენი აგრესიული მეზობელი. ქართული პოლიტელიტის ძირითადმა ნაწილმა გამოავლინა თავისი უუნარობა. გამოჩნდა, რომ მათ არ სურთ სახელმწიფო ინტერესების გარშემო მობილიზაცია. სახელმწიფოს ინტერესები მეორე პლანზე გადადის. ქართული პოლიტელიტის დიდი ნაწილისთვის მთავარია საკუთარი თავი პოლიტიკაში, პოლიტიკური ამბიციები, საკუთარი მიზნები, სხვა ყველაფერი კი - ამომრჩევლის, საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები - მეორეულია. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, მთლად კატასტროფული სურათი­ შეიძლება­ დავინახოთ.

არ დარჩა სფერო, სადაც არ შეუძლია დაგვარტყას და არ დაურტყამს რუსეთს, როგორც პირდაპირ, ასევე პოლიტიკურად - სახელმწიფო არხების ბლოკირება, სავაჭრო ემბარგოს გამოცხადება... გვირტყამს ყველგან, სადაც შეუძლია და შიდა აგენტურის მეშვეობით ქვეყანაში ინარჩუნებს ქაოსურ ვითარებას. ჩვენც ვუწყობთ ხელს არა მარტო რუსეთს, არამედ სხვებსაც, ვინც ამ საქმით არიან დაკავებული. ავიღოთ ერთი ფაქტი: რუსეთს ხელს არ აძლევს, საქართველოში ენერგეტიკა განვითარდეს, რადგან მერე აღარ ვიქნებით დამოკიდებული რუსეთის ენერგოსისტემაზე და მისთვის ეს წამგებიანია. ამიტომ მათი თამაში გასაგებია, მაგრამ სრულიად გაუგებარი და ალოგიკურია ჩვენი თამაში. რაკი კონტრღონისძიებებს არ ვახორციელებთ, შედეგი ეფექტიანი ვერასოდეს იქნება. მაგალითად მოვიყვანოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მართალია, არ შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ძალებით აღვადგინოთ და ვერც ჩვენი პარტნიორები ახერხებენ, ამაში აქტიურად დაგვეხმარონ, მაგრამ თვითონაც არ გვაქვს ისეთი სისტემა, რომ ეს მომავალში მაინც შევძლოთ. გინდ სახელისუფლებო, გინდ საზოგადოებრივ და გინდაც იდეოლოგიურ დონეზე რომ დაგვარტყას რუსეთმა, ამასთან შებრძოლება არ შეგვიძლია.

- ამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა. რიონის ხეობაში ჰესის აშენებას ბევრი­ ადამიანი ეწინააღმდეგება­ და ამ აქციების უკანაც რუსეთს ხედავთ?
- მე არ შემიძლია ღიად ვილაპარაკო რიონის მცველებზე, რადგან ამ ადამიანების ერთ ნაწილს ვიცნობ, როგორც მამულის გულუბრყვილო დამცველებს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან, რომლებიც მათ მხარს უჭერენ და აქეზებენ, ნამდვილად ვხედავ რუსეთს. იმიტომ კი არა, რომ ისინი ბრიყვები არიან და არ იციან, რასთან გვაქვს საქმე... რიონის მცველებს აქვთ კონკრეტული ამოცანა. ეს სწორია თუ არასწორი, სხვა საკითხია, მაგრამ მათი მხარდამჭერი ზოგიერთი ორგანიზაციის ქმედებას დავალების ხასიათი აქვს და ეს დავალება მოდის რუსეთიდან.
აშკარაა, რუსეთი ჩვენს შეცდომებს მოხერხებულად იყენებს, ზოგჯერ კი თავად ქმნის შეცდომების წინაპირობას და ჩვენც ამ შეცდომებს მორჩილად ვუშვებთ. ერთსა და იმავე ფოცხს რამდენჯერ უნდა დავადგათ ფეხი?! მაგრამ ჯიუტად მაინც ვადგამთ...

- რუსეთის მთავარი მიზანია, მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, რომ თავად ვთქვათ უარი დასავლეთის ვექტორზე?
- არამარტო უარი ვთქვათ... მათ უნდათ, საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერ შედგეს, იყოს სუსტი, ყოველთვის მეფობდეს ქაოსი. პუტინმა გავლენა გააძლიერა სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც, მაგრამ კრემლში კარგად იციან, თუ საქართველომ საბოლოოდ დააღწია თავი ორმოს და დასავლეთში გაასწრო, ეს იქნება მოსკოვის დიდი გეოპოლიტიკური მარცხი. რუსეთს საქართველოზე­ მეტად აინტერესებს სამხრეთკავკასიური პოლიტიკური სივრცე. პუტინმა გასაგებად თქვა, საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ სივრცეში თავისი­ გავლენა აღადგინოსო, ისევე, როგორც თურქეთის ინტერესია, ოსმალეთის იმპერიის გავლენა დაიბრუნოს და აკონტრო­ლოს, ბალკანეთი იქნება თუ კავკასია. თურქე­თიც ამას ამბობს და რუსეთიც. ჩვენ რას ვამბობთ? ვართ გასუ­სული და ვცდილ­ობთ, არც მწვადი დავწვათ და არც შამფ­ური. მე არ ვამბობ, რომ ვინმეს იქით დავესხათ თავს - ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, მაგრამ მოხდენილი მანევრის საშუალება მაინც ხომ გვაქვს?! ისეთი რამ გავაკეთოთ, რასაც აკეთებს ზოგიერთი პატარა ქვეყანა, მაგალითად, ისრაელი.

- რა უნდა გააკეთონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, რომ ეს საფრთხეები ავიცილოთ?
- უპირველესად საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ქვეყნის ინტერესებს უნდა ანაცვალონ. მერე უნდა შეიქმნას შესაბამისი ცენტრები, უწყებები, რომლებიც გააანა­ლიზებენ პროცესებს, უნდა განვსაზღვროთ ზუსტი ორიენტირი და ამის შესაბამისად შეიქმნას საინიციატივო პაკეტები, როგორც სამეზობლო რეგიონულ პოლიტიკაში, ისე - გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, რაც მთავარია, უპირველესად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებთან დაკავშირებით. ვერასოდეს შევქმნით სახელმწიფოს, თუ არ გვექნება იდეოლოგია და სანამ ეს არ მოხდება, მანამდე ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში.

- მოვისმინეთ, რა შეფასებები მოჰყვა შარლ მიშელის დოკუმენტზე უარს. საბოლოოდ ხომ არ დაგვაზარალებს ეს ნაბიჯი?
- მიშელის დოკუმენტი არის ერთი ეპიზოდი. მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო,­ ამას დრო გვიჩვენებს. ჩემთვის მოულოდ­ნელი იყო, რაც მოხდა. ეს ამბავი ჩაივლის, მაგრამ როცა ქვეყანა იდეის გარეშე­ ცხოვრობს, ეს ნამდვილად არ ჩაივლის. რა შედეგები მოჰყვება მიშელის დოკუმენტის ანულირებას? ნერვიულობა და შეშფოთება მოჰყვა, შეიძლება სანქციებიც მოჰყვეს, მაგრამ ეს ვითარებას არ შეცვლის. საქართველო ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეშია, მხარეებს აუცილებლად სჭირდებათ, ან მათ მიმართ კეთილგანწობილი პოლიტიკური­ გუნდი იყოს ქვეყანაში, ან ისეთი მაინც, რომელ­თანაც თავისი გაუვათ. ვგულისხმობ მესამე ძალებს - რუსეთი იქნება, დასავლეთი თუ სხვა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის­, რომ დაპირისპირებულ მხარეებს,­ რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე ებრ­ძვიან ერთმანეთს, არა მარტო თა­ვიანთი სიტყვა გაუვიდეთ, ძალიან მყარადაც იგრძნონ თავი.

- თვითმმართველობის არჩევნები მოდის. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ჩააბარებს ამ გამოცდას და კითხვებს არ დატოვებს?
- გამოცდა ჩაბარდება, რადგან ოპოზიცია სუსტია და ერთმანეთს ებრძვის, არადა­ ერთი უჯრედიდან გამრავლდნენ. ბევრი ნაბიჯით, რომლებიც გადადგეს, საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანეს. ეს ნაბიჯებიც გადადგეს იმიტომ, რომ მათი "პატრონები" ასე ითხოვდნენ. საზოგადოების უმრავლესობისთვის ასეთი ოპოზიცია მიუღებელია. რაც შეეხება გახარიასა და მის გუნდს, შეიძლება ისინი უფრო წარმატებულიც იყვნენ.

- IRI-ს კვლევის შედეგები ბევრმა გააპროტესტა და თქვა, რომ მათ არ ენდობა...
- ქართულ პოლიტიკაში ასეა: ვისაც ეს შედეგები ხელს აძლევს, ამბობს, რომ ასეთია რეალობა, ვისაც ხელს არ აძლევს, ამბობს, ხელოვნურად შექმნილიაო. არაერთი შემთხვევა იყო ჩვენს უახლეს ისტორიაში, როცა IRI-ს და ნებისმიერი ასეთი ორგანიზაციის კვლევა რეალობას იყო აცდენილი. რაც შეეხება ახალი კვლევის შედეგებს,­ რომელთა მიხედვით სამი პოლიტიკური ძალა ლიდერობს, ვფიქრობ, ამას გამართლება აქვს. დღეს საზოგადოება გზის გასაყარზეა. ერთი მხრივ, ის კრიტიკულად უყურებს ხელისუფლების ნაბიჯებს, მეორე მხრივ, ცუდი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციის, კერძოდ, "ნაცმოძრაობის" მიმართ და იმედი გაუჩნდა გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალისადმი, თუმცა ეს იმედიც ორჭოფულია. ერთი შეხედვით, მართლაც შეიძლება ეს შედეგები საზოგადოების დამოკიდებულებას გამოხატავდეს. ჩვენც გვაქვს საშუალება, კვლევები ჩავატაროთ და ისიც ვიცით, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი პოლიტიკის მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი. მე ვერ ვხედავ ასეთ განსხვავებას პირველ და მეორე ოპოზიციურ ძალებს შორის. ყველანაირ კვლევაში "ნაცმოძრაობა" მეორე ადგილზეა, დანარჩენი ოპოზიცია კი - ძალიან უკან. ჩემთვის ეს ციფრები არარეალისტურია.

ვთვლი, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თავისი რესურსი ამოწურა, იმიტომ, რომ არასწორი გზა აირჩია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. ოპოზიციის ტაქტიკა მიუღებელია მათი უმრავლესობისთვისაც კი, ვინც "ოცნების" კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებს. მუდმივად დაძაბულობის შექმნა, სტრესული ვითარების ხელშეწყობა და აგრესია პოლიტიკაში ყოველთვის მოიტანს უკუშედეგს და სწორედ ეს შედეგი მოუტანა ოპოზიციურ ძალებსაც, განსაკუთრებით მათ, ვინც მოქცეულია "ნაცმოძრაობის" ფრთის ქვეშ. ბევრი ოპოზიციური ძალა, რომელიც "ნაცმოძრაობიდან" დისტანცირებას ცდილობდა, დღეს იძულებულია, მაინც მისი დღის წესრიგით იმოქმედოს. გახარია რომ "ოცნებას" ართმევს ხმებს, აშკარაა, მაგრამ ის ხმებს ართმევს ოპოზიციასაც, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს აგრესია მოჰბეზრდა...

- ზურაბიშვილის განცხადებაც მოვისმინეთ. ის უკმაყოფილოა მიშელის დოკუმენტის გაუქმებით. პრეზიდენტი ხელისუფლებას გაემიჯნა?
- ეს არ არის გამიჯვნა. მან თავისი აზრი გამოხატა. ის იყო ამ შეთანხმების გარანტორი. დანიელსონი და ჩვენი პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ და სწორედ ის იყო ამ დოკუმენტზე პასუხისმგებელი. ის სხვა პოლიტიკური კულტურით არის გაზრდილი და მისთვის ძალიან მძიმეა, რომ პასუხისმგებლობა აიღო და მისი განხორციელება ვერ შეძლო... განცხადებაზე­ უარი ითქვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. მმართველი გუნდის ნაწილმა ასეთი სვლა აირჩია, რათა სამაგიერო გადაეხადა "ნაცმოძრაობისთვის", რომელმაც ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. სხვა მიზეზიც არსებობდა - მმართველი ძალისთვის მიუღებელი იყო ის მოთხოვნები, რომელთაც მათ დასავლეთი უყენებდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.
ჟორა გაბრიჭიძე
12 აგვისტო 2021 18:56
ბატონო მამუკა, ჭკვიან კაცად და ბევრი საქმის კარგ მცოდნედ მიმაჩნიხარ, ამიტომ კარგად იცი, რომ რუსეთი ეს ის ქვეყანაა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას "მოყვრადაც რომ ეყოფა და მტრადაც". ამიტომ გაუგებარია რატომ ვცდილობთ, რომ მაინც და მაინც მტრად გვყავდეს? გაგიგია ალბათ რატომ მეგობრობს მდიდარი მეზობელი ღარიბთან, იმიტომ, რომ იმსახუროს. ასეა ევროპა და ამერიკა ჩვენთან მიმართებაში. ჩვენ ორივეს გვახსოვს მოსკოვის ხელისუფლება. მოსკოვი არ აძლევდა თავს იმის ნახევრის უფლებას ჩვენს მიმართ, რასაც ევროპა და ამერიკა აძლევს. ამ შედეგზე თუ გავიდოდით ეს რომ მერაბის და ზვიადს სცოდნოდათ (მხედველობაში მაქვს ჩვენი მონური დამოკიდებულება დასავლეთისადმი) ავტომატით დაიცავდნენ კომუნისტურ წყობილებას.
123
12 აგვისტო 2021 17:10
ევროპა ხომ გულში გიხუტებს
Oto
12 აგვისტო 2021 17:07
Es politikosebi mogalateebi arian,saxelmwipoebriobas dafakvargvinebeb amat istoria sheapasebs rogotc gamyidvlebs da eris mogalatebss,ycelapers zaan kargad xvdebian saxelmwipos pundamets urtyamen tanamedrove shadimanebiii

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?