"საქართველოში პოლიტიკური პროცესები დეგრადირებულია" - კვირის პალიტრა

"საქართველოში პოლიტიკური პროცესები დეგრადირებულია"

"მოსაზრება, რომ საქართველომ ბოლო წლებში რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესა, ილუზიაა. უბრალოდ, ორივე მხარე ვაჭრობს. ისეთი რეალობა გვაქვს, მტრისგანაც გვიწევს სარგებლის მიღება. ტურიზმს ვგულისხმობ. სხვა გზა არა გვაქვს, რუსი ტურისტების შემოსვლა ხელსაყრელია ეკონომიკურად..."

"კვირის პალიტრას" რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილი მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრება:

- რუსეთის განცხადება, რომ მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ, იმ ცინიზმის გაგრძელებაა, რასაც ამდენი წელია იმეორებს. მისი კონტექსტი ასეთია: ჩვენ უკან არ დავიხევთ, საქართველო მეორეხარისხოვან ქვეყნად მიგვაჩნია, მის პრეტენზიებს ანგარიშს არ გავუწევთ, ამიტომ ის მოცემულობა უნდა მიიღოს, რასაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდო. რუსეთი პეტრე I-ის, ან უფრო ადრე, მე-19 საუკუნეშიც, ეკატერინე II-ის დროინდელ დიპლომატიას აგრძელებს მეზობელ ქვეყნებსა და იმ სახელმწიფოებთან, ვისაც უფრო სუსტად თვლის. არასდროს მალავს ძალისმიერ განწყობას, მეტიც, ამით თავიც მოსწონს.

- ითქვა, რომ რუსეთის ეს განცხადება საქართველოდან გაგზავნილი წერილის პასუხი იყო, რომლის ავტორი "პატრიოტთა ალიანსია". - არ ვიცი, ვინ არიან წერილის მხარდამჭერები, მაგრამ ამ პარტიამ ხმების 3 პროცენტი აიღო და ქართველი ხალხის სახელით საუბარი ადეკვატური არ არის. რუსეთი საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობს, თითქოს საქართველოში ძლიერი საყრდენი აქვს - აი, ჰაერში კი არ ვიქნევთ მუშტებს, ქართველებს ჩვენთან ყოფნა სურთო. ასეთი აქტივობები კვებავს პრორუსულ განწყობებს... თავის დროზე ასეთი პოლიტიკის გატარება ნინო ბურჯანაძემაც სცადა, მაგრამ მერე თავი დაანება, რადგან ნახა, რომ რუსეთი ყოველთვის უკეთ იყენებს ასეთ გუნდს, ვიდრე პირიქით. ინაშვილი რუსეთს საქართველოს კი არა, თავისი პარტიის სასარგებლოდაც ვერ გამოიყენებს, რადგან ასეთია რუსეთის პოლიტიკა - გამოგწურავს და გადაგაგდებს... რუსეთი ისევ თავად წყვეტს, როდის გაგვიუქმებს ფრენებს, ბაზარს უნდა ჩაკეტავს, უნდა გახსნის, როცა მოინდომებს, ჯაშუშებს შემოგზავნის. გარდა ამისა, კულუარულად, მისთვის ჩვეული შანტაჟით, გარიგებული იყო მსოფლიო მოთამაშეებთან და საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის ემბარგო ჰქონდა დაწესებული, რაც ბოლო წლებში მოიხსნა. თუმცა ამ ეტაპზე სხვა რამეებს, მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობას ვერ ვცვლით. თუ რომელიმე ქვეყანას მისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ შესწევს, ან მას მხარს არ უჭერს ისეთი ძლიერი სახელმწიფო, ვინც რუსეთისგან დაიცავს, კრემლი ასეთ ქვეყანას კანონგარეშე აცხადებს და დევნის. იგივე სურდა საქართველოსთვისაც. უნდა შეგვშინებოდა და დავმალულიყავით, რათა სუსტ ადგილებში არ დაერტყა - ასეთია მისი პოლიტიკა.

ის მოსაზრება, რომ საქართველომ ბოლო წლებში რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესა, ილუზიაა. უბრალოდ, ორივე მხარე ვაჭრობს. სამწუხაროდ, ისეთი რეალობა გვაქვს, მტრისგანაც გვიწევს სარგებლის მიღება. ტურიზმს ვგულისხმობ. რუსეთში "კოვიდი" მძვინვარებს, მაგრამ რუს ტურისტებს მაინც გავუხსენით საზღვარი მაშინ, როცა საქართველოს თითქმის მთელმა მსოფლიომ ჩაუკეტა კარი, რადგან ჩვენთანაც ისეთივე მძიმე ეპიდვითარებაა, როგორიც რუსეთში. სხვა გზა არა გვაქვს, რუსი ტურისტების შემოსვლა ხელსაყრელია ეკონომიკურად. არადა, რაც უფრო მეტი რუსი ტურისტი გვსტუმრობს, საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, ისეთი განვითარებული ქვეყნებისთვის, როგორიც ბრიტანეთი, ამერიკა ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებია, ნაკლებად მიმზიდველი ხდება. ეს იწვნია თურქეთმაც. იქ, სადაც რუსი ტურისტები არიან, გარემო ნაკლებად კულტურული ხდება მათი ქცევის გამო, მათი ალკოჰოლის გადამეტებული სიყვარულისა თუ სხვა მიზეზების გამო.

ამდენი წლის განმავლობაში რატომ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული რუს ტურისტებზე, მაგრამ სხვა გზა რუსეთმა თავისი პოლიტიკით ირიბად ჩაკეტა. მისი "დამსახურებაა", რომ საქართველოს არასტაბილური, ეკონომიკურად სუსტად განვითარებული ქვეყნის სახელი აქვს, უსაფრთხოებაც საეჭვო გახდა. რუსეთი საქართველოსთვის ასეთი იმიჯის შესაქმნელად არაფერს იშურებს.

- რუსეთის პარალელურად, ალბათ, საკუთარი "დამსახურებებიც" უნდა გვახსოვდეს... - რასაკვირველია, რუსეთს შიდა პროცესებით ძალიან ვეხმარებით მისთვის სასურველი რეალობის შექმნაში. ეს ითქმის როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზეც, რომელიც ისე იბრძვის ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რომ რა მოჰყვება ამას, არ ადარდებს. არც იმას ანიჭებენ მნიშვნელობას, თუ რა გზით შეცვლიან ხელისუფლებას. ხელისუფლების შეცვლის საპირწონედ ოპოზიცია საზოგადოებას უკეთეს ალტერნატივას უნდა სთავაზობდეს, მაგრამ მათი კრიტიკა იმდენად არადამაჯერებელია, რომ შედეგზეც აისახა. საქართველოში პოლიტიკური პროცესები დეგრადირებულია. ოპოზიციის ნაწილი ცდილობს რადიკალიზაციის ხარჯზე გაამწვავოს ვითარება და ასე შეცვალოს ხელისუფლება. მათი აზრით, დესტაბილიზაცია ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევს, რასაც ხელისუფლებით მეტი იმედგაცრუება და უნდობლობა მოჰყვება, მერე კი არჩევნები უნდა ჩატარდეს. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც - საზოგადოება კითხულობს, ვის მივცეთ ხმაო? გასაგებია, რომ ხელისუფლებას შეცდომები აქვს, მაგრამ რით დაგვარწმუნა ოპოზიციამ, რომ ის უკეთესად მართავს ქვეყანას?

ბოლო დროს მმართველმა გუნდმაც დაიწყო ამ გზით სიარული, მიშელის შეთანხმებიდან გასვლით განაცხადეს, კი ბატონო, გაგრძელდეს კონფრონტაცია, არავის არაფერს დავუთმობთ და არც კომპრომისზე წავალთო. ორივე მხარეს ჰგონია, როდესაც პოლიტიკური გარემო რადიკალური ხდება, ეს მათი გადარჩენის საწინდარია. არ ვიცი, ასეთ ვითარებაში რომელი ძალა გაიმარჯვებს, მაგრამ აშკარაა, ქვეყანა დამარცხდება. ასეთი გამარჯვება არც ერთს არ სჭირდება.

"ოცნებამ" ხელ-ფეხი გაიხსნა, არ სურთ ვალდებულებები ჰქონდეთ. დოკუმენტში ეწერა, სასამართლო რეფორმა ამ სახით არ უნდა გაგრძელდესო და მაინც გააგრძელეს. ვალდებულება მოიხსნეს, რომ 43%-ის მიღების შემთხვევაში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაეტარებინათ, და ამას არც მალავენ. კობახიძის ნათქვამიდან ისე გამოვიდა, თუ გვინდა, ჩავატარებთ, თუ არა, არაო... შეთანხმებიდან გასვლა სრულიად ულოგიკოდ დააბრალეს ოპოზიციას, რომელსაც თავისი ცოდვები აქვს.

"ნაცმოძრაობა" კრიზისშია. ბოლოდროინდელი ყველა გადაწყვეტილება სუსტი და არაადეკვატური იყო. უპირველეს პრობლემად ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანა გახადეს, შემდეგ, გადაიხდიდა თუ არა გირაოს. ახლა მერობის კანდიდატად დაასახელეს...

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები იმდენად გამრუდდა, შესაძლოა რომელიღაც პოზიციაზე სრულიად არაადეკვატური პირი აირჩიონ. ამის მაგალითია თუნდაც "ოცნების" კანდიდატები. მთავარია იმ პარტიას წარმოადგენდეს, თორემ არავის აინტერესებს, გამოადგება თუ არა რეგიონს... "ნაცმოძრაობაც" ასეა. მელიას ისეთი ბექგრაუნდი და გამოცდილება არა აქვს, მთელი ენერგია თბილისის მერობას დაუთმოს და თან იმ პარტიის თავმჯდომარე იყოს, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა სურს. ასეთ შემთხვევაში მის წინაშე სრულიად სხვა პასუხისმგებლობები დადგება. მაგალითად, როგორც კი კალაძე თბილისის მერი გახდა, პოლიტიკას, ფაქტობრივად, ჩამოშორდა. ამიტომაც აქვს მაღალი რეიტინგი... მელიას აწყობს კი პარტიული პასუხისმგებლობის მოხსნა და ქალაქის მართვაზე გადართვა? მაშინ პარტიაში შემცვლელი უნდა ჰყავდეს, ისეთი კადრი, რომ მელიას პოლიტიკიდან წასვლით პარტია უარეს დღეში არ ჩავარდება. ასეთი კადრი კი არა ჰყავთ.

- სხვა პარტიებზე რას იტყვით? - ვერაფერს. ხელისუფლებას ძალიან უმართლებს, რადგან "ნაციონალები" შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. სხვა პოლიტიკური ძალები არსებობენ, მაგრამ უფრო სუსტები არიან, ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ. ვერ ვიტყვი, რომ გიორგი ვაშაძის პარტია ან "ლელო" უშვებს შეცდომებს, მათი დისკურსი სწორია, მაგრამ პოლიტიკური ამინდს ვერ ქმნიან. ამ ბოლო დროს წამოიწია თუ წამოსწიეს გიორგი გახარიას ფიგურა. მან აჩვენა, რომ პოლიტიკური გამოცდილება აქვს, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. მეორე მხრივ, დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერის გამოცდილება არ ჰქონია და უცნობია, გუნდის შექმნას შეძლებს თუ არა, მაგრამ "ოცნებას" ხმებს წაართმევს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. აი, "ნაციონალებს" ვერ წაართმევს. მისი ელექტორატი მიშას არ უღალატებს. ისინი საფრანგეთში შემორჩენილ ბონაპარტისტებს მაგონებენ. ნაპოლეონი რამდენი ხნის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მის იდეებს დღემდე ჰყავს მხარდამჭერები.

- ხელისუფლების შეცდომები ახსენეთ. არსებობს საფრთხე, რომ მმართველი გუნდი საგარეო ვექტორს ცვლის?

- საფრთხე ჯერ არ არსებობს, რადგან საზოგადოების 70-80% ევროპასა და ნატოს ირჩევს... "ალტინფო" და სხვა ალტერნატიული ძალები, რომელთაც თავიანთი პოზიციის საჯაროდ გამოხატვის უფლება მისცეს, არა მგონია, საგარეო კურსის შეცვლაზე გავლენას ახდენდნენ. თავის მხრივ, არც ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, მათ გამოხატვის თავისუფლება წაართვას... რაც შეეხება მათ სოციალურ აქტივობას, ტროლებს, რომელთაც რაღაც პროექტის ფარგლებში რუსეთის სპეცსამსახურები აფინანსებენ, ხელისუფლებამ უნდა კეთილინებოს და გაანეიტრალოს. შესაძლოა ასეთ ძალებს პარტიული ბრძოლისთვის იყენებენ, რაც ძალზე სარისკო თამაშია. არა მგონია, ხელისუფლებაში კურსის შეცვლით იყვნენ დაინტერესებული, თუნდაც იმიტომ, რომ დასავლეთი არ არის ისეთი მიამიტი, ამის შესაძლებლობა ასე მარტივად მისცეს.

სხვა თემაა, პროცესების შენელება, რაც შესაძლოა "ოცნებაში" კრიზისითაც იყოს განპირობებული. შეიძლება დასავლეთი სურდეთ, მაგრამ, იმავდროულად, სურდეთ ქვეყნის ისე მართვა, როგორც აზერბაიჯანში, ანუ ერთპიროვნულად და ერთპარტიულად... შედარებით ზომიერი განცხადებებით გამოირჩეოდა არჩილ თალაკვაძე, მაგრამ მოაშორეს და მის ნაცვლად ოპოზიციაზე ცინიკური და მკვახე განცხადებებით გამორჩეული კობახიძე "მიუშვეს". ამ დროს კი საქართველოს გარეთ ისეთი პროცესები ვითარდება, ხელოვნური თუ ბუნებრივი მუხრუჭების დრო არ არის.