"ქორწილებს იხდი, მართავ კონცერტებს, დადიხარ კლუბებში და ცეკვავ, რა დროს ცეკვაა, რა გემღერება, ამდენი ადამიანი გეღუპება ყოველდღე" - კვირის პალიტრა

"ქორწილებს იხდი, მართავ კონცერტებს, დადიხარ კლუბებში და ცეკვავ, რა დროს ცეკვაა, რა გემღერება, ამდენი ადამიანი გეღუპება ყოველდღე"

"მკაცრად ვთქვი, ვინც აუცრელია, ჩემს სახლში ვერ შემოვა. არც ამხანაგი, არც ნათესავი და არც მეზობელი"

იმ ფონზე, როცა ჩვენს გვერდით ბევრი ადამიანი ჯერ ისევ ფიქრობს, გაიკეთოს თუ არა აცრა, მათ გასაგონად მუდმივად ისმის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მოწოდებები, რომ ფიქრის დრო აღარ არის. ამ მძიმე ვითარებაში, როცა ყოველდღიურად ამდენი ადამიანი იღუპება, ერთადერთი გამოსავალი აცრის გაკეთებაა, რათა დავიცვათ საკუთარი და სხვების სიცოცხლე.

ყოფილმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ ერთ-ერთმა პირველმა გაიკეთა თვეების წინ აცრა. ამბობს, რომ მის სახლში აუცრელი ადამიანი ვერ შევა. ქალბატონი გუგული ადამიანებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

- ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვაქცინა გაიკეთა. "ფაიზერით" ავიცერი, ასევე, აცრილია ჩემი ოჯახის ყველა წევრი, ბავშვების გარდა. ძალიან მიკვირს, ვაქცინაციის წინააღმდეგი რომ არიან, მეცნიერებმა იმუშავეს, გააკეთეს ვაქცინა, მადლობა ღმერთს, რომ არის საშუალება, რომელიც ადამიანებს სიკვდილისგან იცავს. ეს მეცნიერების უზარმაზარი დამსახურებაა და მართლა გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც უარს ამბობს აცრაზე. კაცობრიობის ისტორიამ აჩვენა, ასეთი ეპიდემიები მხოლოდ ვაქცინებით არის დამარცხებული. ჩვენ ვიცით ეს დაავადებები: შავი ჭირი, ისპანკა, წითელა, ჩუტყვავილა და სხვადასხვა, რომელიც თანდათან დამარცხდა. ვაქცინაციაა ყველაზე მთავარი ამ მოცემულ მომენტში და, ალბათ, გამოიგონებენ შემდეგ ამის წინააღმდეგ წამალსაც. დღეს, როცა არსებობს ვაქცინა, მართლა არ ვიცი, როგორ უნდა თქვა ამაზე უარი. როცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავიკეთოთ ვაქცინა და ამისთვის ყველას მადლობა უნდა ვუთხრათ, იმიტომ, რომ უამრავი ღარიბი ქვეყანაა, რომელსაც სანატრელი აქვს დღეს ვაქცინაცია, ეს ადვილად მისაღწევი არ არის. განსაკუთრებით, საქართველოში მოსახლეობა პრივილეგირებულია - რომელიც გინდა, ის აირჩიე, გაქვს არჩევნის საშუალება. ასე არ ხდება სხვა ქვეყნებში, რა ვაქცინაცც აქვს ქვეყანას, იმას უკეთებს ყველას. ძალიან მიკვირს იმ სამედიცინო პერსონალის, დღემდე აუცრელი რომ დადის. ეს არის პროფესიის ღალატი. მაშინ ის უნდა წავიდეს პროფესიიდან. თუკი შენ არ გჯერა მედიცინის მიღწევების, როგორ შეიძლება მუშაობდე სამედიცინო სფეროში? იმავეს მასწავლებლებზე ვამბობ, უნდა აიცრან, რადგან შეიძლება მიიღონ და გაავრცელონ ვირუსი ბავშვებზე. ამდენ ბავშვთან გაქვს საქმე და არ იცრები? ესეც ხომ ვალდებულებაა. როცა ემსახურები ბევრ ადამიანს, უნდა დაიცვა წესები, რომ ნაკლებად გადამდები იყოს დაავადება. მარტო იმაზე არ არის საუბარი, გადამდებია თუ არა, ვთქვათ, ის ხალხი, რომელიც ემსახურება სხვას და აუცრელია, გახდა ყველა ავად - ეს ხომ გამოიწვევს კოლაფსს? ვალდებული ხარ, გაიკეთო აცრა, რომ იყო უსაფრთხოდ და შენი სამუშაო მოვალეობა შეასრულო.

მართლა ვერანაირად ვერ გავუგებ იმ ადამიანს, რომელიც აცრის მოწინააღმდეგეა. თუკი არის სამედიცინო უკუჩვენება და შენი აცრა არ შეიძლება, ეს სხვა ამბავია. ძალიან ელემენტარული ადამიანური პასუხისმგებლობაა, გაიკეთე ნიღაბი, რად უნდა ამას ათ უმაღლესში ჩაბარება? ელემენტარული წესები უნდა დაიცვა. გაიკეთე ნიღაბი, მთელი დღე ერთი და იგივე ნიღაბი ნუ გიკეთია, გამოიცვალე რამდენჯერმე, 15 თეთრი ჯდება, დაიცავი დისტანცია, დაიბანე ხშირად ხელი და გაიკეთე ვაქცინა. ეს არის სულ. სამარცხვინოა, ამაზე რომ გვიწევს საუბარი. დღეში როცა 50 კაცი გიკვდება ქვეყანაში, როგორ შეიძლება სხვანაირად იფიქრო? შეიძლება ეს ციფრი კვირაში 1000-მდე ავიდეს. ასეთ ვითარებაში როგორ აწყობ ქორწილს, შეკრებებს, კონცერტებს? როგორ შეიძლება ასეთი რამე დაუშვა ადამიანმა, თუ საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს, ელემენტრულად, პატივს სცემ. ხანდახან სიმწრით მეცინება ამაზე. გადახედეთ სტატისტიკას, კლინიკებში მყოფი ბევრი ფეხმძიმე საკუთარ ქორწილში დაავადდა ამ ვირუსით. ადამიანები ზღვაზე გარბიან. 2 წელია, ზღვაზე არ ვყოფილვარ. რა მოხდა, ამის გამო რამე საშინელება დამემართა თუ რა, სულ არ წავალ ბატონო იმ ზღვაზე. ან გაგიგიათ, ადამიანები ერთმანეთს შენიშვნას აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, გაიკეთე ნიღაბიო? როცა ხედავ, ადამიანი ნიღბის გარეშე დადის, უნდა უთხრა, გაიკეთოს. შენ არ გეშინია, მე მეშინია. არ მინდა შენგან მივიღო ეს ვირუსი, ეს არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. ეს არ არის ინდივიდის საქმე, მინდა გავიკეთებ და მინდა არა, ასე არ ხდება. ეს არ არის პოლიტიკური არჩევანი, რომ თქვა, მინდა მივცემ ხმას, მინდა არ მივცემო. ეს არის ვალდებულება, შენ ხარ ვალდებული გაიკეთო, რათა სხვას არ მოუტანო ზიანი და საკუთარ თავის ზიანიც არის აქ. რატომ არის დღეს ასეთი საშინელი მდგომარეობა, რატომ იღუპება ამდენი ადამიანი? როდესაც ბევრი ადამიანია საავადმყოფოში, სამედიცინო პერსონალი ისეთი ინტენსივობითაც ვეღარ ზრუნავს თითოეულ პაციენტზე, აღარ ყოფნის რესურსი, ჟანგბადი და ა.შ. არ ვარ საველე ჰოსპიტლების მომხრე, ჯერ ერთი, ასე ადვილი არ არის ამის შექმნა, ამას ლოჯისტიკა სჭირდება და კარგი გაკეთება უნდა. მარტო დასაწოლზე ხომ არ არის საქმე! სამედიცინო პერსონალი ხომ გჭირდება? საიდან უნდა მოიყვანო ამდენი ექიმი და ექთანი?

- მაშინ ამ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

- მოვახდენდი ყველა სამედიცინო დაწესებულების მობილიზაციას. კოსმეტიკური ოპერაციებიც კი ტარდება ახლა საქართველოში. ყველა ეს დაწესებულება, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს, გავაკეთებდი მის მობილიზაციას. იქ მომუშავე მედპერსონალს შევთავაზებდი მოკლე კურსებს, რომ შემდეგ ემუშავათ კოვიდით დაავადებულ ადამიანებთან. ჩვენ საკმაოდ ბევრი საწოლ-ფონდი გვაქვს, რადგან ქვეყანაში გვაქვს უამრავი სამედიცინო დაწესებულება და ეს რესურსი უნდა გამოიყენონ. ხომ შეიძლება ერთი თვე უარი ვთქვათ გეგმიურ ოპერაციებზე და ეს მერე გავიკეთოთ? აქ სასწრაფო და გადაუდებელ ოპერაციებზე არ არის ლაპარაკი, ამას უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი. მეც მაწუხებს თვალი, მაგრამ ახლა არ მივდივარ კლინიკაში, ჯერ შემიძლია ასე ვიყო და ის საწოლები სხვამ გამოიყენოს. ომზე უფრო უარესი რამე ხდება დღეს. სროლის დროს რამეს შეაფარებ თავს და აქ ყველგან არის უკვე მოდებული. თუ ომის დროს აქვს სახელმწიფოს მობილიზების უფლება, ახლაც უნდა ჰქონდეს ყველა ფონდის, კერძოა თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ეს არის, ფაქტობრივად, გენოციდი და გენოციდს ვუწყობთ საკუთარ თავს და სხვას იმით, რომ არ ვიკეთებთ პირბადეს, არ ვიცავთ დისტანციას, არ ვიცრებით. ასეთი უპასუხისმგებლობა საზოგადოებისგან ძალიან ძნელად წარმომედგინა.

- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ დაესწრო ოლიმპიური ჩემპიონისთვის გაშლილ სუფრას, სადაც ბევრი ადამიანი იყო, თქვენ რას ეტყოდით მას?

- ეს არის ჩვენი ზოგადი მენტალობის ასახვა, მენტალობაა ასეთი, მერე რა. ჩვენ რომ ვიყოთ ის საზოგადოება, რომელიც ყველას ყველაფერზე სთხოვს პასუხს, მაშინ სხვა ამბავია და ჩვენ არ ვართ ასეთი საზოგადოება, იმიტომ რომ არის საქციელი, რომელიც ვიღაცას მოსწონს, მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრს არ მოსწონს. ასეთ მაღალ სტანდარტებზე ჩვენ ნუ გავდივართ, ელემენტარული დავიცვათ, ჯობია, გვიკეთოთ პირდბადე ყველამ და დავიცვათ დისტანცია.

- იგივე ვითარება იყო ბათუმში, როცა კონცერტი ჩატარდა და უამრავი ადამიანი დაესწრო ამას და ვნახეთ ამსხველი კადრები... - კონცერტი როგორ უნდა ჩაატარო ან როგორ უნდა შეგერგოს იქიდან მიღებული თანხა, როცა იცი, რომ იმ კონცერტის შემდეგ დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება და უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვლება? არ ვიცი, ეს როგორ უნდა დაუშვა. ყოჩაღ იმას, ვინც კონცერტი გააუქმა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება.

- ლელა წურწუმიას კრიტიკას მისი მეუღლის კომენტარი მოჰყვა, მან თქვა ჩვენც გვყავს ოჯახები და რჩენა გვჭირდებაო... - ეს არ არის პასუხი. არ არის ასე, ბატონო. ისეთი გაჭირვებული მომღერალი არ არის, რომ ლუკმაპური უჭირდეს, საჭმელი შეუძლიათ ჭამონ და სხვა დანარჩენს თავი დავანებოთ ამ ვითარებაში. როგორ გეკადრებათ, ომები იყო და "პაიოკები" იყო - ადამიანებს 200 გრამი პური ეკუთვნოდა და გაძლეს... ესეც ომია.

- ხელისუფლებას აქვს რამე ბერკეტი, ვინც არ იცრება, მასზე რომ იმოქმედოს? - უნდა იყოს მკაცრი ნაბიჯები. ჯარიმების მოხსნა იყო ძალიან ცუდი, არასწორად მიმაჩნია. ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა დააჯარიმო დამრღვევი და არ უნდა აპატიო დარღვევა. უნდა გადაახდევინო დაკისრებული ჯარიმა და არა ის, რომ გააუქმო გამოწერილი ჯარიმა. რეალური ჯარიმები დააკისრე და იქვე გადაახდევინე. ძალიან მკაცრად უნდა მოექცე. მე, მაგალითად არც ერთ აუცრელ პედაგოგს, არ შევუშვებდი კლასში. ერთი თვე უხელფასოში გავუშვებდი და ვეტყოდი, დაჯექი და იფიქრე, თუ აიცრები, მოხვალ უკან, თუ არა, იყავი სახლში. ეს გააკეთა მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ და ქალაქმა ევროპაში, ამერიკაში. უკვე აუცილებელია რამდენიმე კატეგორიის პროფესიის ადამიანებისთვის აცრა. ნუ ვიქნებით ჩვენ უფრო დემოკრატიულები. ჩვენ უფრო ვიცავთ ადამიანის უფლებებს? ადამიანის უფლებების დაცვა ის არის, შეუქმნა უსაფრთხო გარემო ადამიანებს, ეს კი თხოულობს აცრას. მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ვაქცინა, ხელისუფლებას მადლობა რომ შემოიტანა ამ ქვეყანაში ყველანაირი ვაქცინა და, ამასთან ერთად, მაგრად უნდა მოსთხოვო მოსახლეობას ყველა რეგულაციის შესრულება. არ უნდა ჰქონდეს ვიღაცას უფლება, დაიკიდოს ჩემი ჯანმრთელობა, როდესაც არ იკეთებს ნიღაბს და არ იცავს დისტანციას. ქორწილებს იხდი, მართავ კონცერტებს, დადიხარ კლუბებში და ცეკვავ, რა დროს ცეკვაა, რა გემღერება, ამდენი ადამიანი გეღუპება ყოველდღე და გლოვის დღეები უნდა იყოს ქვეყანაში. ძალიან პატივს ვცემ ყველა დაღუპულს, ვინც ავღანეთში და სხვა ცხელ წერტილებში დაიღუპა, ორი ჯარისკაცის სიკვდილზე გლოვის დღე ცხადდებოდა ქვეყანაში და ეს სწორია, დღესაც, როცა დღეში 50-ზე მეტი გარდაცვლილი გყავს, არ უნდა გამოაცხადო გლოვის დღეები? 6000 ადამიანია უკვე გარდაცვლილი, საშუალოდ, დღეში 40 კაცი იღუპება, ეს კატასტროფაა, რა შეხვედრები გვინდა ამ დროს, თუ აუცილებელია, ონლაინ საუბრები უნდა იყოს, ან ძალიან აუცილებლობის შემთხვევაში, 5 კაცზე მეტი არ უნდა შეიკრიბოს. იქაც ყველა ზედმიწევნით უნდა იცავდეს წესებს. რაც ხდებოდა წურწუმიას კონცერტზე, ეს საშინელება იყო. ამდენი ხალხი და - არავის ეკეთა პირბადე. თუ უნდათ რომ ქვეყანა გაანადგურონ, მე არ მინდა. ამიტომ ვალდებულნი ვართ, ძალიან მაგრად მოვთხოვოთ იმ ადამიანს, ვინც არ იცავს, დაიცვას წესები. არანაირი ადამიანის უფლებების დარღვევა, რა ადამიანის უფლებებზეა საუბარი, როდესაც შენ ხარ საფრთხე. როცა ხარ აცრილი, შენ არ იკავებ საწოლ-ფონდს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის სიცოცხლეს უფრო სჭირდება დახმარება და გადაარჩენ.

- როცა აცრა გაიკეთეთ, შიშის მომენტი გქონდათ? - ცოტა შფოთვის განცდა ყოველთვის მაქვს, სისხლის ანალიზის აღების დროსაც. თვალები სულ დახუჭული მაქვს, უბრალოდ, ვიცი რომ რაღაცას აკეთებენ ვენაში. შფოთვა მქონდა, მაგრამ ვიცოდი, ეს იყო საჭირო და მომეცა იმის საშუალება, რომ მუდმივი შიშის ქვეშ არ ვარ. შეიძლება დაგემართოს, მაგრამ იცი, გადარჩები, ერთმა მეგობარმა დაწერა, გვიცავს კუბოსგან. ძალიან უნდა გამკაცრდეს ყველაფერი. აუცრელი არ უნდა იყოს არავინ. იმ მაღაზიაში არ შევალ, თუ არ მეცოდინება, რომ იქ ყველა აცრილია, ასეთი რამე უნდა გავაკეთოთ, თორემ გენოციდი გარდაუვალია.

- არჩევნები ახლოვდება, ამ ვითარებაში უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები? - არჩევნები გვერდზე დარჩება და ყველაფერი, თუ ხალხი წესებს არ დაიცავს. შენ შეიძლება საარჩევნო კამპანია ჩაატარო ონლაინ, ბუკლეტებს დაურიგებ ადამიანებს, ტელევიზიით გამოხვალ და იქიდან ეტყვი შენს სათქმელს. "ქართულმა ოცნებამ" თქვა, ძალიან დავიცავ რეგულაციებსო და თუ დაიცავს, მაშინ ასეთი დაცვით შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ ტაშფანდურის გულისთვის ღონისძიება მიუღებლად მიმაჩნია. როცა აუცილებელია, პარტიებისთვის ჩატარდეს, მაგრამ დაცული უნდა იყოს ყველა წესი, უფრო მეტი უნდა იმუშავო. მე თუ მკითხავ, ესეც მინიმუმამდე უნდა დაიყვანო.

- თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების დარწმუნება გიწევთ, რომ აიცრან? - ხანდახან მიწევს შინაურების, ნათესავის დარწმუნება, რომ გაიკეთონ. მე, მაგალითად, ძალიან მკაცრად ვთქვი უკვე და ყველამ იცის, ვინც აუცრელია, ის ჩემთან, სახლში ვერ შემოვა. ეს დამთავრებული ამბავია, არც ამხანაგი, არც ნათესავი და არც მეზობელი. ამ სიტყვას ვასრულებთ. ჩემმა მეგობარმა შემომჩივლა, მეზობელია აუცრელი, ყველგან დადის და მერე შემოდის ჩემთანაცო, ასეთ ადამიანს უნდა აუკრძალო და პირდაპირ უნდა უთხრა, ჩემთან ვერ შემოხვალ თუ არ აიცრებიო.

- გითქვამთ ეს ფრაზა ვინმესთვის? - მე არსად არ მივდივარ, ფაქტობრივად, სახლში ვარ და რისი გაკეთებაც ტელეფონით და ონლაინ შეიძლება, იმას ისე ვაკეთებ. ყველამ იცის, ვინც აცრილი არ არის, რომ ჩვენთან ვერ მოვა, ასეთი პრინციპი გვაქვს და ეს პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას, თორემ გენოციდი წინ გვაქვს, ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი ხომ არაფერი არ არის!

(სპეციალურად საიტისთვის)