დგას თუ არა ანტივაქსერული კამპანიის უკან რუსეთი?! - კვირის პალიტრა

დგას თუ არა ანტივაქსერული კამპანიის უკან რუსეთი?!

"საზოგადოების დიდი ნაწილისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ისედაც მიუღებელია, მაგრამ ეს ხალხი იმასაც მშვენივრად ხვდება, ამ ორი პარტიის დაპირისპირება როგორი ხელოვნურია. ეს ამომრჩეველს უკვე ძალიან აღიზიანებს"

საქართველოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მეოთხე ტალღის პიკი ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს, თუმცა აშკარაა, რომ ქვეყანაში სამედიცინო შესაძლებლობა - როგორც საწოლფონდი, ასევე მედპერსონალის რესურსი - ამოწურვის პირასაა. კოვიდვითარების მართვა სულ უფრო რთულდება. მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებისა, რომ შეზღუდვები აღარ იქნებოდა, ახალი რეგულაციების დაწესება გარდაუვალი გახდა. რატომ მივიდა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე? ამის სხვადასხვა მიზეზი სახელდება, მაგრამ უმთავრესი მაინც ის არის, რომ პანდემიასთან ბრძოლა, ფაქტობრივად, პოლიტიკის მძევლად იქცა.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.

- ფაქტია, პანდემიური ვითარების მართვა მარტივი სხვაგანაც არსად ყოფილა, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას სხვა ტიპის მიდგომები რომ გამოეყენებინა, ამ მდგომარეობამდე, ალბათ, არ მივიდოდით. პროცესების მართვაში მეტი თანამიმდევრულობა იყო საჭირო. ყურად უნდა ეღოთ საერთაშორისო გამოცდილება და გაეთვალისწინებინათ აქაური სპეციალისტების რეკომენდაციებიც.

შეიძლებოდა არ ყოფილიყო მასშტაბური შეზღუდვები, მაგრამ ის მცირე რეგულაციები - პირბადის ტარება იქნებოდა თუ დისტანციის დაცვა - მკაცრად რომ გაკონტროლებულიყო, უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული თვალსაზრისით, ხელისუფლებას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, რადგან ეკონომიკური ვითარება იყო ძალიან რთული და ყველაფრის ისევ ჩაკეტვა უფრო მძიმე ვითარებაში ჩაგვყრიდა. მოკლედ, ძალიან გაუჭირდათ ოქროს შუალედის პოვნა, რომ ერთი მხრივ, სწორად ემართათ პანდემიური პროცესი და მეორე მხრივ, ეკონომიკის ვარდნაც თავიდან აერიდებინათ.

წინა პრემიერის - გიორგი გახარიას დროს, აქცენტი კეთდებოდა პანდემიის მართვაზე და ეკონომიკა, განსაკუთრებით - ტურიზმის სფერო, ძალიან დაზარალდა. ახლა ეკონომიკაზე გაკეთდა აქცენტი და ვხედავთ, რაც ხდება. ოქროს შუალედის პოვნა ვერ მოხერხდა, რამაც განაპირობა ის, რომ დღეში საშუალოდ 50 ადამიანს ვკარგავთ, რაც დიდი ტრაგედიაა.

ხელისუფლება განსაკუთრებით გასაკრიტიკებელია იმიტომაც, რომ ვაქცინაციის პროცესი დაიგეგმა და წარიმართა არასწორად.

ახლა სადაც ვმუშაობ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის ფოიეში, დაიწყეს ვაქცინაციის სივრცეების მოწყობა. იგივე ხდება სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებშიც. აქამდეც შეიძლებოდა ამის გაკეთება, დროულად რომ მოხერხებულიყო ვაქცინების შემოტანა.

- თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანია ჩვენში ვაქცინაციის წინააღმდეგი, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ პროცესის პოპულარიზაციისთვის ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა... - გეთანხმებით, ამ მიმართულებითაც ბევრი შეცდომაა დაშვებული. რაც შეეხება საზოგადოებას, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნაწილს ჯერაც ვერ შეუგნია ამ ვირუსისგან მომდინარე საფრთხე. რატომღაც ფიქრობენ, რომ ეს მათ არ შეეხებათ,

ნაწილი კი მიზანმიმართულად ეწევა ანტივაქსერულ პროპაგანდას. ეს ხალხი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილის გადამტანები არიან. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, არღვევს რა, დაწესებულ რეგულაციებს

და არ ეშვება ხალხმრავალი ქორწილებისა თუ ქელეხების გადახდას. მოკლედ, დღეს შექმნილი ვითარების მიზეზებს შორის მნიშვნელოვანი წილი ხელისუფლების შეცდომებზე და საზოგადოების დიდი ნაწილის უპასუხისმგებლობაზე მოდის.

- ამ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუკის" ადმინისტრაციამ წაშალა რუსეთთან დაკავშირებული არაერთი გვერდი, რომლებიც მიზანმიმართულად ეწეოდნენ ანტივაქსერულ კამპანიას დასავლური ქვეყნების სოციალურ სივრცეში. საქართველოშიც კამპანიური ხასიათი აქვს ამგვარ პროპაგანდას. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს პროცესი ჩვენთანაც რუსეთიდან იმართება? - რუსეთი საქართველოში ისეთი ფართო ფრონტით მუშაობს და ისე ცდილობს ჩვენი საზოგადოების დაშლა-დაქუცმაცებას, ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა ყველაფრის სხვისთვის გადაბრალებაც არასწორი მგონია. ეს კონტრპროდუქტიულია და აჩენს სოციალური სიზარმაცის ფენომენს, როდესაც არ გინდა და არ შეგიძლია საკუთარი შეცდომებისა და პასუხისმგებლობის დანახვა. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ რუსეთში და არა მხოლოდ რუსეთში არსებობს მძლავრი ანტივაქსერული ჯგუფები. შესაბამისი კვლევა ვნახე და არანაკლები მდგომარეობაა სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით - აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში.

- მოგეხსენებათ, ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარება ძალას იკრებს. როგორ ფიქრობთ, შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია როგორ შეიძლება აისახოს მმართველი ძალის საარჩევნო შედეგზე? - მარტო ეს პრობლემა რომ იყოს გასათვალისწინებელი, კიდევ შეიძლებოდა რაიმე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ზოგადად შეიქმნა ისეთი ვითარება, რომელიც პოლიტიკურ პროცესს სრულად კლავს. დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ცხოვრების აბსოლუტურად მახინჯი წესი. ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, რომლებშიც პანდემიისადმი დამოკიდებულებაც შედის. მთავარი მაინც პოლიტიკური კულტურის უმდაბლესი დონეა, რაც უაღრესად უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე და ამიტომაც გვყავს პოლიტიკური ცხოვრებისადმი ნიჰილისტურად განწყობილი ამდენი ადამიანი.

წესით, წინასაარჩევნო პროცესი უკვე გახურებული უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება? "ქართული ოცნება" რაღაცას ცდილობს, ასევე - გიორგი გახარიას პარტიაც, მაგრამ სხვა პოლიტიკურ ძალებს რამეს ამჩნევთ?

საარჩევნო პროცესი, რომელიც წესით უნდა მიმდინარეობდეს - პოლიტიკოსები სოფელ-სოფელ დადიოდნენ, ამომრჩეველს ხვდებოდნენ, არსად ჩანს.

ოპოზიციიდან გახარიაა გამონაკლისი. მისი მდგომარეობაც გასაგებია - მან ახლახან შექმნა პარტია და ვალდებულიც არის, იაქტიუროს. მას საზოგადოებასთან ურთიერთობის უკეთესი პირობები აქვს, რადგან ახალი ძალაა და მისი და მისი ორგანიზაციის დაპირებები ჯერ გატესტილი არ არის, თუმცა გახარიასაც არ აქვს უპირობო წარმატების შანსი. მას, უბრალოდ, აქვს კარგი სასტარტო მდგომარეობა.

ჯერ კიდევ ველით გახარიასგან იმ მთავარ პოლიტიკურ სიახლეს, რაც მას დანარჩენი ოპოზიციისგან განასხვავებს...

- არ მიგაჩნიათ, რომ მისი განმასხვავებელი სწორედ ის არის, რომ იგი უკიდურესად რადიკალურ რიტორიკაში არ ჰყვება სხვა პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის - არც ყოფილ თანაგუნდელებს.. - კი, ეს შესაძლოა ჩაითვალოს სიახლედ, მაგრამ ამით რამდენად დააინტერესებს ამომრჩეველს და მიიქცევს მის ყურადღებას, ჯერ არ ვიცი, მით უფრო, რომ დღეს მოქალაქეთა უმრავლესობა, უპირველესად, სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვს, ასეთი ტიპის გზავნილებს კი ამომრჩეველი გახარიასაგან ჯერ ვერ ისმენს. ის, რომ კორექტულად იქცევა, კერძო პოლიტიკური ფიგურისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მეეჭვება, პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის გადამწყვეტი იყოს. თუმცა ამომრჩევლის ნაწილისთვის უკვე აუტანელია გაუთავებელი ორპოლუსიანი ლანძღვა-გინების მოსმენა. ამ ამომრჩევლისთვის გახარია, შესაძლოა, ოპტიმალური არჩევანი იყოს, რაც ჩანს კიდეც ბოლოდროინდელ გამოკითხვებში, მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოკითხვების მაინცდამაინც არ მჯერა. ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ არც ერთი ამ კვლევის შედეგები - არც "ქართული ოცნების" დაკვეთილის და არც უცხოური ორგანიზაციების მიერ ჩატარებულის - არ შეიძლება შეფასდეს, როგორც რეალობასთან ახლოს მდგომი, იმიტომ, რომ ძალიან პოლარიზებულია საზოგადოება. თუ ადრე ეს პოლარიზაცია ეფუძნებოდა პოლიტიკური პატიების მხარდაჭერას, ახლა საზოგადოება ასე იყოფა: ამომრჩეველი, რომელიც კვლავ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში და ისინი, ვინც საერთოდ უარს ამბობენ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და, საზოგადოდ, არჩევნებში მონაწილეობაზე.

- აშკარაა, "ქართული ოცნება" ძალიან ცდილობს, ეს საარჩევნო პროცესიც ისე წარმოაჩინოს და წარმართოს, როგორც ისევ ორი პოლუსის დაპირისპირება. გამოუვათ ამჯერად საზოგადოების კვლავ "ნაციონალური მოძრაობით" დაშინება? - საზოგადოების დიდი ნაწილისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ისედაც მიუღებელია, მაგრამ ეს ხალხი იმასაც მშვენივრად ხვდება, ამ ორი პარტიის დაპირისპირება როგორი ხელოვნურია. ეს ამომრჩეველს უკვე ძალიან აღიზიანებს. უაღრესად მაშფოთებს ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ის ფსიქოლოგიური ფონი და ნიჰილისტური განწყობა, რაც საზოგადოებაში არსებობს. თუ ეს მდგომარეობა არ შეიცვალა, თუ პოლიტიკურ პროცესს ახალი სისხლი არ გადაესხა, ძალიან რთული იქნება ქვეყნის მშენებლობის პროცესის გააქტიურება, მით უფრო, რომ ამის ხელის შემშლელი გარემოება სხვაც ბევრია.

- უმნიშვნელოვანესი იქნება, შეძლებს თუ არა მომავალ არჩევნებზე მმართველი ძალა ხმების 43%-ის აღებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა გადაწყვიტეს... რას ფიქრობთ, თუ "ქართულმა ოცნებამ" 43% ვერ მიიღო, მაგრამ ვადამდელი არჩევნები არ დანიშნა, ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში დააყენებს თუ არა ეჭვქვეშ მისი ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმურობას? - "ქართული ოცნება" იქნება თუ სხვა პოლიტიკური ძალა, მისი ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს, რომელსაც შეეძლება ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება. მოგვწონს თუ არა, დღეს ასეთი ძალა, "ქართული ოცნების" გარდა, არ ჩანს. მმართველ ძალაში ამას კარგად გრძნობენ და ცდილობენ ამით ისარგებლონ.

დასავლეთს დიდი არჩევანი არ აქვს - ან უნდა შეურიგდეს ჯერჯერობით ისევ "ქართული ოცნების" მმართველობას და მეტ-ნაკლებად სტაბილურ ვითარებას ქვეყანაში, სადაც მათ მნიშვნელოვანი ინტერესები აქვთ, ან აქ მუდმივად იქნება გაწევ-გამოწევა, არეულობა და სტაგნაცია, რაც ნამდვილად არ აწყობთ, რადგან ამ რეგიონში საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენია.

აშკარაა, რომ მიუხედავად ზოგიერთი ელჩის თუ უცხოელი პოლიტიკოსის განცხადებებისა, დასავლური ძალის ცენტრები ვითარებას სხვაგვარად უყურებენ და ვიდრე არ ჩანს ისეთი ახალი პოლიტიკური ძალა, რომელზე დაყრდნობაც შეეძლებათ, იძულებული არიან, შეეგუონ შექმნილ ვითარებას. ერთია ზეპირი განცხადებები და მეორეა, რა ხდება თუნდაც სამხედრო თანამშრომლობის ან რეგიონული პოლიტიკური ინტერესების თვალსაზრისით...

მსოფლიოსთვის ახლა ავღანური თემა ისეთი მნიშვნელოვანია, რომ იმაზე, ვინ მოაწერა მიშელის დოკუმენტს ხელი, ვინ - არა, ვინ გავიდა შეთანხმებიდან და ვინ დარჩა, ყურადღება მხოლოდ საჯარო განცხადებებისას გამახვილდება და არა - პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. ოპოზიცია სანქციების დაწესებას ელოდება, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი სანქციები არ იქნება, მაგრამ თუ დასავლეთმა აქ დაინახა პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი, მაშინ "ქართულ ოცნებას" მიშელის დოკუმენტს აუცილებლად გაუხსენებენ.

- ავღანეთი ახსენეთ და თალიბები ყოველდღიურად ქვეყნის ტერიტორიის სულ უფრო და უფრო დიდ ნაწილს იკავებენ... - ისე ჩანს, რომ ისინი ავღანეთის ტერიტორიის 90%-ს დაიკავებენ, მით უფრო მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა მასობრივად დაიწყეს იარაღის დაყრა. ისინი ან თალიბების მხარეს გადადიან, ან გარბიან...

აღმოჩნდა, რომ თალიბები ძალიან კარგად არიან მომზადებული, საკუთარ იდეოლოგიაში მასობრივად ჰყავთ ჩათრეული ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის - ჩრდილოეთით მცხოვრები ტაჯიკები, უზბეკები და სხვები, რომელთა გამოყენებას დაიწყებენ ცენტრალურ აზიაში თავიანთი იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. მათთვის პრობლემად შეიძლება იქცნენ ჩრდილოეთით მცხოვრები თურქმენული ტომები და შიიტური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი თურქეთზეა ორიენტირებული, მეორე კი - ირანზე.

დიდი ალბათობით, ავღანეთის მთელი ეს ქაოსი დასრულდება სახელმწიფოს შექმნით, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობენ, "ავღანეთის ისლამური იმარატი" ერქმევა. ეს ნაღმი აუცილებლად იმუშავებს დასავლეთის წინააღმდეგ. დიდი ალბათობით, უკვე ძალიან მალე აფეთქდება ცენტრალური აზია. "თალიბანის" მოძრაობის ვექტორი ასევე იქნება ანტირუსული და, ალბათ, ანტიჩინურიც და ეს რეალობა მსოფლიოს წინაშე მალე შეიქმნება.

ეს არის ტაქტიკური სურათი. სტრატეგიულ სურათში კიდევ ერთი პუნქტი შედის, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის გამოყენებას.

პოლიტიკური ისლამის მთავარი გზავნილი არის მთელ მსოფლიოში ისლამური წესრიგის დამყარება, თან იმ ტიპის წესრიგისა, რომელსაც თვითონ მისდევენ, ანუ რადიკალური ისლამის. აქედან გამომდინარე, მათთვის ყველა მეზობელი მტერია, თუმცა განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ პაკისტანთან და სპარსეთის ყურის ზოგიერთ ქვეყანასთან, მაგალითად, ყატართან.

დარწმუნებული ვარ, კავკასია აუცილებლად გახდება მათი იდეოლოგიის იმპორტის სივრცე, განსაკუთრებით - ჩრდილოეთი კავკასია. აქ აუცილებლად გააქტიურდებიან პოლიტიკური ისლამის ის რგოლები, რომლებიც უკვე არსებობს, მათ შორის - საქართველოშიც. ეს არის ჩვენთვის მთავარი საფრთხე. მეორე გამოწვევად შეიძლება გვექცეს დევნილთა ნაკადი. სირია უფრო შორს არის ჩვენგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, სირიიდან ლტოლვილების გარკვეული ნაკადი ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მესამე საფრთხე - ეს არის ნარკოტრაფიკი. ეს იქნება "თალიბანის" ხელისუფლების უმთავრესი შემოსავალი. ჩვენ ავღანეთს არ ვესაზღვრებით და ეს კარგია, მაგრამ სუსტი სახელმწიფო გვაქვს, რის გამოც ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას აქამდეც ცდილობდნენ და კვლავაც შეეცდებიან. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.