სად მივყავართ საიდუმლო გვირაბებს

"თურქების გადახურული სახურავიდან რეზიდენციაში წვიმა ჩადის"

ავლაბრის რეზიდენცია 800 მილიონი დოლარი დაჯდა

რეზიდენციის გუმბათისთვის განკუთვნილი თითო ტყვიაგაუმტარი მინის ფასი 56 ათასი დოლარია


პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა  ქართულმა ოპოზიციამ ყბადაღებულ თემად აქცია, - ამისთანა ღარიბ-ღატაკ ქვეყანას რაში სჭირდება თეთრ სახლზე სამჯერ დიდი რეზიდენციაო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა  სააკაშვილს რეზიდენციაში შესასვლელი გზაც გადაუკეტეს, მაგრამ, ჩანს, პრეზიდენტი საკნებიანი გზით სარგებლობასა და "სირცხვილის დერეფნებში" სიარულს არ აპირებს. ჩვენი წყაროს თქმით, რეზიდენციასთან მისასვლელი გზები მიწისქვეშეთში გადის. ექსკლუზიური ინფორმაცია
პრეზიდენტის რეზიდენციის საიდუმლო გვირაბებზე, საუნებსა და უნიკალურ ბაღებზე კონფიდენციალობის დაცვის პირობით მოგვაწოდეს.

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია დღეისთვის დაახლოებით 800 მილიონი დოლარი დაჯდა. მშენებლობა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და, როგორც ამბობენ, ხარჯი მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. მშენებლობაზე მომუშავე პირთა ინფორმაციით, რეზიდენციაში ამჟამად ქართველებისა და უცხოელების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.
ქართველებს, როგორც წესი, უცხოელ მუშებზე ოთხჯერ ნაკლებ ხელფასს უხდიან. უკვე გაკეთებულია უნიკალური ბაღი, რამდენიმე მარმარილოს საუნა. რეზიდენციის გუმბათისთვის განკუთვნილი თითოO ტყვიაგაუმტარი მინის ფასი კი 56 ათასი დოლარია. გუმბათს 12 მინა ამშვენებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია საუკეთესო, მაღალანაზღაურებადი სპეციალისტების მეთვალყურეობითა და მონაწილეობით შენდება, პირველივე გაწვიმებისთანავე შენობაში წყალი ჩავიდა(!).

თავდაპირველად სახურავს ეგრეთ წოდებული "კახელების ბრიგადა" აკეთებდა, მოგვიანებით კახელებს რატომღაც კვალიფიკაცია  დაუწუნეს და რეზიდენციის გადახურვა "მაღალკვალიფიცირებულ" თურქებს მიანდეს. ეტყობა, პრეზიდენტს შარშანდელი აეროპორტის ამბავი გადაავიწყდა და ახლა წვიმის მოსვლის შემდეგ პრეზიდენტის დაცვა ავტომატების ნაცვლად ტაშტებით არის შეიარაღებული, - როგორც იქ მომუშავე ქართველებმა გვითხრეს, თურქების გადახურულ ნაწილში ისე წვიმს, როგორც ქუჩაში!

მას შემდეგ, რაც უცხოელებმა საუნები გააკეთეს და პარკებით გაამშვენიერეს იქაურობა, ჯერი მიწისქვეშეთის ათვისებაზე მიდგა. კონფიდენციალური ინფორმაციით, ავლაბარი  პრეზიდენტმა რეზიდენციის ადგილად სწორედ იმიტომ აარჩია, რომ იქ ე.წ. ბერიას საიდუმლო გვირაბები ეგულებოდაო. სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა პრეზიდენტის რეზიდენცია შენდება, მეფის რუსეთის "ოხრანკა" იყო. მოგვიანებით იქ ქართული ავტოინსპექცია შეასახლეს. როგორც ერთმა უშიშროების ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაგვიმხილა, იქ საიდუმლო გვირაბები და მითU უმეტეს, ბერიასი არ ყოფილა. ასეთი გვირაბები, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციებში სამოქალაქო თავდაცვისთვის იყო განკუთვნილი, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და ჩელუსკინელების ხიდთან მდებარეობს. თუმცა ის, რომ რეზიდენციის ქვეშ მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმართულებით გამალებული მუშაობაა, საიდუმლო აღარ არის. რა კეთდება იქ, ქართველმა მუშებმა არ იციან. ერთ-ერთი ინფორმაციით,  რეზიდენციის ქვეშ ახალი გვირაბი გაჰყავთ და იქ მხოლოდ უცხოელები მუშაობენ, - მიწის ქვეშ სპეციალური ლიფტით ჩადიან, მერე კი მატარებელით გვირაბში შედიან. სად, რა მიმართUულებით შედის ან  სად გადის გვირაბი, არავინ იცის. როგორც ვარაუდობენ, გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო პრეზიდენტს საიდუმლო გვირაბებით მიმოსვლა აქვს გადაწყვეტილი. სწორედ ამ მიზნით შემოღობეს ნიკოლოზ ბარათაშვილის  ძეგლთან არსებული სკვერი. ოფიციალურად იქ სკვერის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, სინამდვილეში კი როგორც შევიტყვეთ, აქ პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსასვლელი ერთ-ერთი გვირაბი გადის. პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამავალი მეორე გვირაბი მეტროსადგურ "ავლაბრის" გვირაბს უნდა შეუერთდეს, საიდანაც  პრეზიდენტი მთელი ქალაქის მასშტაბით მიწისქვეშეთში გადაადგილებას შეუმჩნევლად მოახერხებს.

მეტროს ყოფილი თანამშრომელი: - ამ ხელისუფლების მოსვლამდე მეტრო სტრატეგიულ ობიექტად ითვლებოდა. ის მხოლოდ პრეზიდენტის გადაადგილების საშუალებად არ განიხილებოდა, ფორსმაჟორულ ვითარებაში ხალხისთვის იყო განკუთვნილი. შიგნითU ტუალეტები, საკვების მისაღები ოთახები, სასმელი წყალიც იყო, ახლა კი აღარაფერია. ნამდვილად ვიცი, რომ ავლაბრის რეზიდენციიდან გვირაბი "ავლაბრის" მეტროსადგურს უნდა მიუერთონ. სხვათა შორის, მერიამ გრიფით "საიდუმლოდ" ბიუჯეტიდან 400 მილიონი ლარი რეზიდენციის ქვეშ გვირაბების ასაშენებლად გამოყო. ადრე გვირაბი კანცელარიიდან ჩამოდიოდა თავისუფლების მოედანზე, მაგრამ ახლა ის მძიმე მდგომარეობაშია, ინგრევა და შიგ წყალი ჩადის. პარლამენტის შენობაც წყალშია და ქვემოთ იწევს.

მეტროს გვირაბებს კომუნისტების დროს სტრატეგიული დატვირთვა ჰქონდა, ახლა კი ხალხისთვის განკუთვნილი თავშესაფარი პრეზიდენტის მიწისქვეშეთში ვოიაჟის საშუალებად უნდა აქციონ. ასე ხომ უფრო ადვილი და შეუმჩნეველი იქნება პრეზიდენტის რესტორნებსა თუ სხვა ადგილებში ვოიაჟები? აბა, რისთვის სჭირდებათ ეს გვირაბი? საყურიანი უცხოელი მუშები დაიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას?

ბესიკ ალადაშვილი (უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი): - პრეზიდენტის რეზიდენციის ქვეშ გვირაბები რომ შენდება, ამაში მიუღებელი არაფერია, მეტიც, საჭიროც არის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეზიდენციის ქვეშ მიწისქვეშა მართვის ცენტრი შენდება. ფორსმაჟორულ ვითარებაში, მაგალითად, ომის დროს ხელისუფლების ზოგიერთი სტრუქტურა ასეთ ადგილებში განთავსდება და სახელმწიფოს მართვას ამ ობიექტებიდან იწყებენ. სტალინს კუიბიშევში ჰქონდა უზარმაზარი ციტადელები, ახლა  იქ მუზეუმია, ჩერჩილსაც ჰქონდა... ყველა პრეზიდენტს აქვს მიწისქვეშა რეზიდენცია და გვირაბები. ეს სულაც არ არის გასაქცევი გზა და საშუალება, მთავარია, ვინ როგორ გამოიყენებს. შესაძლოა, ეს იყოს უმოკლესი გზა ფორსმაჟორულ ვითარებაში მართვის ცენტრთან დასაკავშირებლად. ცენტრი უნდა შედგებოდეს სპეციალური სამუშაო ოთახებისგან, რომელთაც გამართული ინფრასტრუქტურა ექნება. თუ ის გვირაბები საიდუმლო გადაადგილების საშუალებაა, ნორმალურ ქვეყანაში ესეც  მისაღები და ნორმალური მოვლენაა. ასეთი ობიექტები მხოლოდ პრეზიდენტის რეზიდენციას კი არა, ყველა დაწესებულებას უნდა ჰქონდეს. საბჭოთა კავშირში სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები ყველა ორგანიზაციას ჰქონდა. ხომ დავინახეთ, რა მოხდა შარშან ზაფხულში საქართველოში? ღმერთმა გვიხსნა, რომ მასირებული დაბომბვა არ დაიწყო, თორემ ხალხი ვერსად შეაფარებდა თავს. სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები მხოლოდ დაბომბვებისას არ არის მნიშვნელოვანი. ის საჭიროა ინფექციური ეპიდემიების, ატომური დაბომბვებისა და კატასტროფების დროსაც.

ასეთი ობიექტების განადგურება დანაშაულია ქვეყნის წინაშე. ჩვენთან ეს ობიექტები გაიყიდა ან განადგურდა.

- ჩვენი ინფორმაციით, საიდუმლო გვირაბების მშენებლობაზე უცხოელები მუშაობენ. მსოფლიო პრაქტიკაში როგორ არის, უცხოელ სპეციალისტებს უფრო ენდობიან?

- ასეთი ობიექტის მშენებლობაზე უცხოელების მუშაობა რამდენად გამართლებულია, არ ვიცი. ქართველი მშენებლები არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში გვირაბების მშენებლობის უბადლო სპეციალისტებად ითვლებოდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. ერთ მაგალითს მოვიყვან. 1978 წელს მოსკოვში ამერიკის საელჩოს მშენებლობა დაიწყეს. იქ სულ ამერიკელები მუშაობდნენ, სამშენებლო მასალებსაც კი არ ყიდულობდნენ რუსეთში, ფინეთიდან ჩამოჰქონდათ, ფარული მოსმენებისა და ინფორმაციის გადინებისაგან თავი რომ დაეზღვიათ. ადგა კა-გე-ბე და ფინეთში იმ სამშენებლო ფირმებში შეგზავნა თავისი ხალხი. ისე მოაწყვეს, რომ ფინურ სამშენებლო ფილებში  ჩაამონტაჟეს მოსასმენი აპარატურა. შვიდსართულიანი შენობა რომ დამთავრდა, იქ საელჩოს ერთი დღე არ უმუშავია, - ამერიკის უსაფრთხოების სამსახურმა შენობა შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ შენობა ერთი დიდი "ჟუჩოკი" იყო. ამერიკელებმა 6 სართული დაშალეს და 400 მილიონი დოლარი იზარალეს. ამიტომ ასეთი მშენებლობების დროს მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებები. რეზიდენციის აშენება ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა. ვიცით, ვინ არიან ის უცხოელი სპეციალისტები? თუ ამ გვირაბების მშენებლობის  უსაფრთხოება ზედმიწევნით არ არის დაცული, მაშინ მაგ რეზიდენციის მშენებლობას, იქ ცხოვრებასა და მუშაობას აზრი არა აქვს. სხვათა შორის, საქართველოში საელჩოს რომ აშენებდნენ, ამერიკელებმა სულ თავიანთი მუშახელი ამუშავეს, საელჩოს ტერიტორიაზე სპეციალური საამქრო გააკეთეს, ქვიშა მოჰქონდათ და ბეტონსაც თვითონ ასხამდნენ. ყველაფერი ამერიკიდან შემოტანილი და ათასჯერ შემოწმებული იყო.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები