რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო ავღანეთში "თალიბანის" გამარჯვების შემდგომ... - კვირის პალიტრა

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო ავღანეთში "თალიბანის" გამარჯვების შემდგომ...

"ავღანელი ხალხი სულ ომობს, ამის მეტი არაფერი უკეთებია. ისინი მეომრები არიან და არც არასოდეს შეიცვლებიან. ახლა ლაპარაკია იმაზე, ვინ და საით მიმართავს ამ საომარ ძალას"

ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანის" პოლიტიკური ბიუროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირასთან" განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია, თალიბებმა მიაღწიეს "საკუთარი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას" და მომავალი სახელმწიფო წყობის ფორმას უახლოეს ხანში განსაზღვრავენ. მისივე თქმით, თალიბებს არ სჯერათ, რომ უცხოელი სამხედროები შეძლებენ ავღანეთში შეუმდგარი ექსპერიმენტის გამეორებას. "თალიბანი" ხელისუფლებაში მოსვლის მერე თუ გაჩერდება ავღანეთის ტერიტორიაზე და არ დაიწყებს ისლამის გატანას სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ტაჯიკეთსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში, მაშინ ეს პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს. ჯერჯერობით თალიბების მიზანი არ არის მსოფლიოში ისლამური წესრიგის დამყარება, მათი მიზანია ავღანეთში დაამყარონ წესრიგი", - გვეუბნება ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხების ექსპერტი იოსებ ზაალიშვილი:

- ავღანეთის ხელისუფლებაში მოვიდა "თალიბანი". მან 1996 წელსაც ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. აშშ-მაც ცნო მისი ხელისუფლება (იმხანად უილიამ (ბილ) კლინტონი იყო პრეზიდენტი). ანალოგიური პროცესია ახლაც, აშშ-ის მთავრობაში ისევ დემოკრატები არიან, ისევ ოლბრაიტის ხაზია და ისევ ცნეს "თალიბანის" ხელისუფლება.

მაშინ სხვა რეალობა იყო, "თალიბანი" უფრო ამერიკის პარტნიორად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, დღეს აღმოჩნდა, რომ ის რუსეთის პარტნიორია, რომელსაც დიდძალი იარაღი აქვს მიყიდული "თალიბანისთვის". ამასთან, ერთადერთი საელჩო, რომელმაც "თალიბანის" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არ დატოვა ქაბული, რუსეთის საელჩოა. პოლიტიკა ისეთი რამ არის, ვინც გუშინ შენი მტერი იყო, დღეს შესაძლოა მეგობარი გახდეს. ახლა ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო მშვიდობისმოყვარე გამოვა და ვის უფრო უყვარს ავღანელი ხალხი.

სინამდვილეში, ყველამ კარგად ვიცით, რაც ხდება ავღანეთში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებთან ერთად ოპიუმის მთავარი მწარმოებელია. ახლა, როდესაც "თალიბანი" მოვიდა ხელისუფლებაში, ოპიუმი უფრო გაძვირდება მსოფლიო ბაზარზე. თუ აქამდე ნებისმიერს შეეძლო პატარა ფაბრიკა გაეხსნა, ჰქონოდა პლანტაცია, ახლა ოპიუმის წარმოების სახელმწიფო მონოპოლიზაცია ხდება. ოპიუმი, პრაქტიკულად, როგორც ბიტკოინები, ვალუტაა, შავი ვალუტა, თან აღურიცხავი, ვინაიდან მსოფლიოში ნარკოტიკების მოხმარება დღეს დიდია.

- რა პროცესებს გამოიწვევს მსოფლიოში "თალიბანის" ხელისუფლებაში მოსვლა? - "თალიბანი" თუ გაჩერდება ავღანეთის ტერიტორიაზე და არ დაიწყებს ისლამის გატანას სხვა ტერიტორიაზე, მაგალითად, ტაჯიკეთსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში, მაშინ ეს პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს. საქართველოში ავღანეთი ქვეყანა ჰგონიათ, სინამდვილეში კი ტერიტორიაა, სადაც ცხოვრობს მრავალი ტომი, რომელთაც ერთადერთი რამ - ისლამი აერთიანებს. ავღანეთში სხვადასხვა ჯიშის ხალხი და სხვადასხვა ენაა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ჩამოყალიბდეს რაღაც ისლამური წარმონაქმნი (ეს არ იქნება ისეთი, როგორიცაა ისლამური სახელმწიფო სირიასა და ერაყში). თუ გავითვალისწინებთ, რომ "თალიბანს" ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა აშშ-თან, დასავლეთთან, ახლა კი რუსეთთან, გარკვეულწილად, დასავლეთი ხარკს გადაუხდის რუსეთს, ისლამი აქეთ მხარეს რომ არ გადმოვიდეს, ანუ აგრესიული ფორმა არ მიიღოს. თუცა ისლამი რადიკალური ყველა ვარიანტში გახდება.

ავღანელი ხალხი თავისი არსებობის განმავლობაში სულ ომობს, ამის მეტი არაფერი უკეთებია. ისინი მეომრები არიან და არც არასოდეს შეიცვლებიან. ახლა ლაპარაკია იმაზე, ვინ მოახერხებს და საით მიმართავს ამ საომარ ძალას. თუ რუსები შეძლებენ და მიმართავენ დასავლეთისკენ, სამხრეთ საზღვრებზე პრობლემები შეექმნებათ. ამას რუსები, სავარაუდოდ, ვერც მოახერხებენ, ვინაიდან არა აქვთ ფინანსური რესურსი. გასათვალისწინებელია ირანის ფაქტორიც - ირანსა და "თალიბანს" კარგი ურთიერთობა აქვთ, რაც დადასტურდა კიდეც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს, და რა გასაკვირია, თურქეთთანაც ჰქონდეთ... დღეს თურქეთი და ირანი პარტნიორები არიან. აქედან გამომდინარე, აზიის კონტინენტზე კიდევ ერთი დიდი პრობლემა შეიქმნება. ნათქვამია, "რასაც დასთეს, იმას მოიმკიო", ავღანეთს რაც სურდა, ის რეალობა შეიქმნა.

ამერიკისთვის "თალიბანი" პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან საერთოდ სხვა კონტინენტზეა. ის, სავარაუდოდ, ცნობს "თალიბანის" ხელისუფლებას და მოუწოდებს ადამიანის უფლებების დაცვისკენ. სანქციებს ვერ დაუწესებს. მას აქვს წერტილოვანი განადგურების საშუალებები, მაგრამ რატომ უნდა გაანადგუროს, ჯერ კარგად არიან ერთმანეთთან. პრობლემა აქვთ რუსეთს და მეტ-ნაკლებად ევროპას, ვინაიდან ავღანელი დევნილები იქით წავლენ.

- საქართველო რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს? სავარაუდოდ, შეეცდებიან ჩვენი ტერიტორიის ნარკოტრასად გამოყენებას, ან დევნილების ნაკადი თუ გახდება პრობლემა? - არა მგონია, დევნილები საქართველოსკენ წამოვიდნენ, იმიტომ, რომ მანამდე აზერბაიჯანია და, სავარაუდოდ, იქ წავლენ, ან თურქეთისკენ. საქართველოსთვის პრობლემა ნარკოტრასაა. თუ ავღანელებმა შეძლეს რუსეთთან შეთანხმება, თქვენ ნარკოტიკი გაგვატარებინეთ და ჩვენ ტაჯიკეთში არ შევალთო, შეიძლება რუსეთი დათანხმდეს. საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტრაფიკის ნაწილი, რა თქმა უნდა, იქნება... ავღანეთი ოპიუმის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია მსოფლიოში, სულ ამისთვის არის ომი. იქ არაფერი ხარობს ოპიუმის ყაყაჩოსა და მარიხუანას გარდა.

თალიბები თან მეომრები არიან, თან პოლიტიკოსებად, ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. ისინი 1978 წლიდან ომობენ, აქვთ პოლიტიკური კავშირები. საზოგადოდ, ისლამური სწავლების პრობლემა ის არის, როდესაც რაღაცას აღწევენ, მერე რაღაცის გავრცელებასაც იწყებენ. ავღანეთში ხომ ბევრი ტაჯიკი ცხოვრობს და ტაჯიკეთს დიდი სიამოვნებით შეიერთებენ. მათთვის ტაჯიკეთი იგივეა, რაც ჩვენთვის დაახლოებით ტაო-კლარჯეთი. ასე რომ, წინ "მხიარული" ცხოვრება გველის.

- როგორც ამბობთ, მათი მიზანი არ არის მსოფლიოში ისლამური წესრიგის დამყარება...

- მათი მიზანია ავღანეთში დაამყარონ ისლამური წესრიგი, თუმცა ავღანეთად რას ჩათვლიან, ეს სხვა საკითხია. ავღანეთი მხოლოდ ტერიტორიაა. მათ აქვთ რაღაც-რაღაცებზე პრეტენზია, მაგრამ სანამ არ მოძლიერდებიან, ამას არ გააკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ახლა ქაბული სხვადასხვა ქვეყნის კონსულტანტებით, ანუ დაზვერვის წარმომადგენლებითაა სავსე და ისინი, ალბათ, ეტყვიან თალიბებს, რა უნდა გააკეთონ. 1997 წელს ასევე იყო სავსე ჩეჩნეთიც უცხოელი კონსულტანტებით, რომლებიც კარნახობდნენ, ახლა ასე გავაკეთოთ, ახლა ისე მოვიქცეთო. ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება ავღანეთში დაახლოებით ერთ წელიწადს. მერე ისევ აირევა ყველაფერი...

- ითქვა, რომ შესაძლოა ჩრდილო კავკასია "თალიბანის" იმპორტის სივრცე გახდეს. ჩვენთანაც გააქტიურდნენ ისლამისტები? - თუ საქართველო ხელს შეუშლის ნარკო, იარაღისა და ჯიჰადისტების ტრაფიკს, პრობლემებს შეგვიქმნიან. ხელს თუ არ შევუშლით, მაშინაც შეგვექმნება პრობლემები სხვა ქვეყნებისგან, მაგალითად, რუსეთისგან, რომელიც იტყვის, ჯიჰადისტები საქართველოდან ჩრდილო კავკასიაში შედიანო; ან პრობლემა შეგვექმნება ამერიკელებისგან, რომლებიც იტყვიან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ავღანეთიდან გადის ნარკოტიკები, ამდენი ფული გვაქვს გადახდილი საქართველოს გაძლიერებისთვის, თქვენ კი არაფერს აკეთებთო. ხომ ნახეთ, ბაიდენმა რა განაცხადა, ამერიკას მილიარდის იარაღი ჰქონდა ავღანეთის მთავრობისთვის მიცემული, ავღანელებს კი ერთი ტყვია არ გაუსვრიათ და ამერიკელი ჯარისკაცები მანდ რატომ უნდა დაიხოცონო - ანუ ბაიდენმა ავღანეთის მთავრობას დააკისრა პასუხისმგებლობა. ასევე დააკისრებს პასუხისმგებლობას ჩვენს მთავრობას...

თალიბებმა ისლამური წესრიგი რომ დაამყარონ ავღანეთში, ეს გავლენას იქონიებს აზერბაიჯანზე, ირანზე, პაკისტანზე... იგივე მოვლენები დაიწყება პაკისტანში, იგივე მოხდება თურქეთში, რადიკალები წამოყოფენ თავს და ა.შ.