"იმედი მაქვს, აპოკალიფსი არ დაიწყება" - კვირის პალიტრა

"იმედი მაქვს, აპოკალიფსი არ დაიწყება"

ამ სტატიაში შევეცდები ჩემი ჰოლდინგის ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტის განცდები გადმოგცეთ:

მოსვლა პირველი: 7 ივნისს, დაახლოებით 16 საათსა და 40 წუთზე, რედაქციის მისაღებში რესპონდენტთან შესახვედრად ჩავედი. რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი დაცვის თანამშრომლებს ხმამაღალი ტონით ელაპარაკებოდა, შემოსავლების სამსახურიდან ვართ, ფინანსურ დირექტორს დადგენილება უნდა გადავცეთო.

უკმაყოფილო ჩანდნენ, რომ სარეგისტრაციო აღრიცხვის გარეშე არ გაატარეს და სხვა სტუმრებივით მცირე ხანს შეაყოვნეს. პირველად "დელეგაციის ლიდერი" შემოუშვეს, დანარჩენების შემოსვლას აღრიცხვის გამო მცირე პაუზა დასჭირდა. ამათ არ უშვებთო? მწყრალად იკითხა "ლიდერმა".

ამას ყურადღებას არც მივაქცევდი, რომ არა მისი შეშფოთებული სახე და აგრესიულობა. ვერაფრით გავიგე, რაში სჭირდებოდა ერთ ფურცელზე დაწერილი დადგენილების გადაცემას "დელეგაცია" და მბრძანებლური ტონი? თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს ელექტრონული ან სულაც ჩვეულებრივი ფოსტით ვისარგებლოთ და ყველა წერილისა და ფურცლის გადასაცემად ერთმანეთთან შესახვედრად არ ვირბინოთ... რატომღაც 2007 წელს ტელეკომპანია "იმედში" ძალისა და უფლების დემონსტრირება გამახსენდა. მერე ჩემი თავი იატაკზე პირქვე გართხმულიც წარმოვიდგინე და არ დაგიმალავთ, ზურგს უკან მდგომი ნინძასსამოსიანი, ნიღბიან-ხელკეტიანი სპეცრაზმელის წარმოდგენაზე გამაჟრჟოლა. ჰო, შემეშინდა კიდეც, მეც ადამიანი ვარ.

მეორედ მოსვლის წინ: მეორე დღეს გაირკვა, რომ "ჯადოსნურ" ლოტოტრონს რატომღაც ერთდროულად ამოუყრია "მედიაპალიტრის" საგამომცემლო სახლის ექვსი დამოუკიდებელი შპს-ს საიდენტიფიკაციო კოდი. ცხადია, ჯეკპოტი არ მოგვიგია. ლაპარაკია შემოსავლების სამსახურის ლოტოტრონზე, რომელიც თურმე დროდადრო გეგმური შემოწმების მიზნით "იძლევა რჩევებს", აი, აქ შედით და საქმეს გადახედეთო. ასეთ ლოტოტრონთან "შეხვედრის" იღბალი რომ მომცა ერთ-ერთი პოპულარული ლატარიის თამაშში, ტუზიც დამეცემოდა და ძაღლიც არ დაჰყეფდა ჩემს ბედს. ჰო, ბედზე ამ დღეებში ბევრს ვფიქრობ. მაგალითად, იმაზე, როგორია ჟურნალისტის ბედი სახელმწიფოში, სადაც საზედამხედველო სამსახურები წერილების გადასაგზავნად თანამედროვე ტექნოლოგიებს არ ცნობენ და კანონით მინიჭებული უფლებით პირადი შეხვედრისას გაგრძნობინებენ, რომ ძალაც მეტი აქვთ და უფლებაც.

არ მითხრათ, აზვიადებო. მეორე დღეს შევიტყვე, რომ 7 ივნისს მხოლოდ პირველი მოსვლა ყოფილა, რამდენიმე დღეში კი დაიწყება მეორედ მოსვლა, - ანუ "მედიაპალიტრის" შპს-ებში ინვენტარიზაციის დასრულების შემდგომ საგადასახადო სამსახური შემოვა და ორგანიზაციის ფინანსური ოპერაციების კანონიერებას შეისწავლის. ნეტავ საწყობების დაულუქავად არ შეიძლებოდა დაეწყოთ მუშაობა, რომ არ ამკვიატებოდა ფიქრი, ნეტავ ოთხშაბათს გამოვა გაზეთი "ყველა სიახლე" და ხუთშაბათს ჟურნალი "გზა"? არ გამჩენოდა ეჭვი, რაღა ერთდროულად ჩვენს ექვს ორგანიზაციაში და რატომ მაინცდამაინც ახლა? 26 მაისის ამბები ხომ ჯერაც არ მიმცხრალა და ჩვენს ჟურნალისტებს ისევ ახსოვთ დაუმსახურებლად მოხვედრილი ხელკეტების გემო და დამტვრეული სამუშაო აპარატურა.

ცნობილი "მუხამბაზის" არ იყოს, "თვალს გავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარო", აი, ასე მჭირს ახლა - ძილშიც და ღვიძილშიც თავს მახსენებენ მაკონტროლებელი სუბიექტები. მე რომც დამავიწყდეს, ამის უფლებას არ მაძლევს ნაცნობ-ახლობელ-რესპონდენტთა სატელეფონო ზარები და კითხვა - როგორ ხართ, რა გჭირთ (ანუ მე კი არა, "პალიტრას" გულისხმობენ)? იციან, რასაც ნიშნავს კერძო ბიზნესის სახელმწიფოსგან კონტროლი(?!) და ამიტომაც შფოთავენ. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და თავს უფლებას არ მივცემ, ეჭვი მომერიოს.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: მეთორმეტე წელია აქ ვმუშაობ. განა იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხელფასი მაქვს და იოლი შრომა მჭირდება გასამრჯელოს მოსაპოვებლად? არა, იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში არასდროს მქონია ჟურნალისტური ღირსების დაკარგვის საშიშროება. არასდროს მიგრძნია შიში, რომ რედკოლეგია გადაწყვეტს, ვისთვის საამებლად რა უნდა დავწერო და არ მაფრთხილებენ, ამას უნდა ვაწყენინოთ და იმას მივეფეროთო. ასე რომ, ვიმეორებ, ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, "მედიაპალიტრაში" საგადასახადო თუ მაკონტროლებელი ორგანოების პირველი და მეორე შემოსვლა აპოკალიფსით არ დასრულდება და მალე ყველანი ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ უფლება გვაქვს, როგორც ყველა ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყანაში, საერთაშორისოდ აღიარებული უფლებებით ვისარგებლოთ.