"პოლიტზონდერები, ტელეზონდერები და მკვლელი ზონდერები" - კვირის პალიტრა

"პოლიტზონდერები, ტელეზონდერები და მკვლელი ზონდერები"

"რაც საქართველოსთვის ტრაგედიაა, საზეიმოა "ნაციონალური მოძრაობისთვის"

"კაცობრიობის ისტორიის კანონია, რომ ყველაზე დიდი უსამართლობა სამართლის სახელით ხდება"

"პროგრესულობის ზღვარი იქ გადის, სასაკლაოს წითელი ნოხი რომ გადააფარეს და იზეიმეს"

"28 მაისიდან საქართველოში ახალი რეალობა დაიწყო"

"დარწმუნებული ვარ, ხალხის გაათმაგებული მხარდაჭერა გექნებათ"

პოეტი დავით მაღრაძე, რომელიც 2011 წლის 8 მაისს შვეიცარიის კულტურის საერთაშორისო საზოგადოება "უნივესუმმა" საპატიო აკადემიკოსად აირჩია და კულტურის ელჩის უვადო სტატუსი მიანიჭა, "დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარეობას დატოვებს და 28 მაისის შემდეგ საქართველოში დამდგარი ახალი რეალობის საპასუხოდ მხოლოდ საკუთარი გვარითა და სახელით აპირებს მოქმედებას.

- ხელისუფლებაში დემოკრატიის სახელით მოსულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დემოკრატიას ბრძოლა გამოუცხადა. კაცობრიობის ისტორიის კანონია, რომ ყველაზე დიდი უსამართლობა სამართლის სახელით ხდება. დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა "ნაციონალური მოძრაობა" გადაემტერა დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს, რომლებიც სახელისუფლებო კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ. მათი გამოისობით ერთი ტელევიზიის მეპატრონე დღეს მიწაშია - ხელისუფლებამ მაროდიორული მეთოდებით მიიტაცა "იმედი". ტელეკომპანია "მზის" მეპატრონე ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის. "მეცხრე არხი" რისთვის და როგორ დაიხურა, ჩემთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, ქართველმა კარგი ტელევიზია დაკარგა.

7 აგვისტოს დაწყებული ომი მთელი საქართველოსთვის ტრაგედიაა, ხალხი დაიხოცა, ფუძიდან ოჯახები აიყარა და მიწა-წყალი დაიკარგა. საქართველოს მოსახლეობა ამას ადეკვატურად განიცდის. ერთადერთი, ვინც საქართველოში ამ დღეს ზეიმობს, "ნაციონალური მოძრაობაა". რაც საქართველოსთვის ტრაგედიაა, საზეიმოა "ნაციონალური მოძრაობისთვის".

როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა ხელისუფლებაში, რაკი ახალგაზრდები იყვნენ, შეიქმნა ილუზია, რომ ძველი თაობა მიდიოდა ხელისუფლებიდან და მოდიოდა ახალგაზრდა თაობა, რომელიც პროგრესის მატარებელი იქნებოდა. ამ პროგრესის მითისა და ილუზიის დასამარება იყო 26 მაისის აღნიშვნა. აღმოჩნდა, რომ მათი პროგრესულობის ზღვარი იქ გადის, სასაკლაოს წითელი ნოხი რომ გადააფარეს და იზეიმეს. 5 მაისს გამართულ ფილმის პრეზენტაციაზე კი შექმნეს ილუზია, თYითქოს მთელი საქართველო არტისტის ჩამოსვლას ზეიმობდა. რაც იმ დღეს რუსთაველზე ხდებოდა, პერიფერიულობის სინდრომის გამოვლინება იყო. ეს იყო ზოგადი ფოფინი, რამაც ჩემში გოგოლის "რევიზორის" ასოციაცია გამოწვია. ამ ხელისუფლების პროგრესულობის ზღვარი რეალურად პერიფერიულ აზროვნებაზე გავიდა. "ნაციონალური მოძAრაობა" გუშინდელ დღედ გადაიქცა, ხვალ კი გუშინწინდელი დღე გახდება.

- მაგრამ ეს ხელისუფლება, სულ მცირე, 2013 წლამდე იქნება.

- ფორმალურად შეიძლება იყოს, მაგრამ რეალურად აღარ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. საქართველო ზონდერქვეყნად გადაიქცა. ამ ფორმადაკარგულ ქვეყანაში არიან პოლიტზონდერები, ტელეზონდერები და მკვლელი ზონდერები. ამათი ილუზიური პროგრესულობა აღმოჩნდა უსუსური, პრიმიტიული დიქტატურა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა  დაირღვა, მიწა-წყალი დაიკარგა, ხალხი დაიხოცა, მაგრამ საქართველო სულიერად რომ გადარჩა, ამის მკაფიო გამოვლინება ჩემთვის 28 მაისი იყო, როდესაც ქართველი ხალხი არ გახდა "ნაციონალური მოძრაობის" სიბილწის თანაზიარი.

მიუხედავად რეპრესიებისა, მკვლელობებისა, ადამიანების გატაცებისა და ცდუნებისა, ქართველმა საზოგადოებამ გადაარჩინა თავისი ღირსება. ამის მკაფიო დადასტურება იყო ხალხის გამოსვლა რუსთაველზე 28 მაისს. ამ დღეს გარდატეხა მოხდა და ამ დღიდან მოყოლებული დღითი დღე ძლიერი გახდება ქართველი საზოგადოება და უფრო უსუსური და უმწეო კი შიშველ დიქტატურაზე გადასული პრიმიტიული "ნაციონალური მოძრაობა". როგორც ზეთი არ შეერევა წყალს, ისე ვერ შეერევა "ნაციონალური მოძრაობა" ქართველ ხალხს.

მარადიული თემაა მეორეების რევანში პირველებზე, რაც საქართველოში უფრო მკაფიოდ არის გამოხატული. მეორეები ყოველთვის ელოდებიან და მხარს უჭერენ ისეთ ხელისუფალს, რომელიც პირველებს შეურაცხყოფას მიაყენებს. მდაბიური, პერიფერიული სინდრომით დაავადებული, საკუთარი უნიჭობით გაბოროტებული ხალხი ყველა დროშია, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, გვახსოვს მარადიული სტრიქონი, რომელიც ილია ჭავჭავაძემ თქვა, "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა". საბედნიეროდ, ამ გაბოროტებული ხალხის ამარა არ რჩება საქართველო, ილიაც ჩვენთან არის. ის არის იმ მოსახლეობასთან, რომელიც ამდენ სისასტიკესა და ცდუნებაში ღირსებას არ კარგავს და მძიმე დღეების მერე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ უწერია გადაშენება.

უკვე ახალი რეალობა, ახალი იმედი და გამოწვევებია. მე, როგორც ერთი მოქალაქე, ლექსის მწერალი კაცი, ვიმოქმედებ ჩემი გვარისა და სახელის ანაბარად. საზოგადოებრივი ორგანიზაციები პოლიტიკური ლიდერების მიმართ სიმპათიების მიხედვით დალაგდნენ, რაც ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ამიტომ მინდა, როგორც ერთმა თავისუფალმა მოქალაქემ, თავისუფალმა ყოველგვარი პარტიულობისა და საზოგადოებრივი დატვირთვისაგან, ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში ჩემი სიტყვითა და ფიქრით მივიღო მონაწილეობა.

- ანუ ტოვებთ "დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარეობას?

- "დაიცავი საქართველო" მარტო მე არ დამიფუძნებია. მას ჰყავს სხვა დამფუძნებლებიც. მას უჩემოდაც  შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. იმ უბედურების საპირწონედ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" სახით დაატყდა თავს საქართველოს, აუცილებელია სამოქალაქო თანხმობა და საზოგადოებრივი ფრონტის გაშლა.

ჩემს მეგობრებთან ერთად დავწერე ფასეულობათა სისტემა, თუ რისთვის ღირს სახელმწიფოს არსებობა. მას ერთადერთი დანიშნულება აქვს, ემსახუროს სამშობლოს.

არ ვფიქრობ, რომ ის, რაც დავწერე, სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ რომ ღირს ჩვენი საზოგადოების განსჯის საგნად იქცეს, მჯერა. ღირებულებათა სისტემას  "შემოქმედებითი კონსერვატიზმი" დავარქვი, სადაც ჩამოვაყალიბეთ, თუ რისთვის ღირს ბრძოლა და რა არ გვეთმობა. მე, როგორც ამ პროექტის ინიციატორი, თავისუფალი უნდა ვიყო პარტიული მიკერძოებულობისა და ორგანიზაციული კუთვნილებისგან. აი, ამით ვპასუხობ 28 მაისის შემდეგ დაწყებულ ახალ გამოწვევებს.

28 მაისს ახალი სინდრომიც გამოიკვეთა მაშინ, როდესაც "კვირის პალიტრის" ჰოლდინგს შეუტია "ნაციონალურმა მოძრაობამ" (რაც უნდა შეაფერადონ, ასეა). ხედავთ, როგორი სოლიდარობა გამოუცხადეს თქვენს მედიასახლს და აი, ეს არის ჩემი სიტყვების დასტური, რომ 28 მაისიდან საქართველოში ახალი რეალობა დაიწყო. ეს არის საზოგადოების გამარჯვება "ნაციონალურ მოძრაობაზე". ამ ხელისუფლებას არც დამოუკიდებელი ადამიანი უნდა და არც დამოუკიდებელი მედია. დარწმუნებული ვარ, ხალხის გაათმაგებული მხარდაჭერა გექნებათ.