"აგვისტოს 5 დღე" პროპაგანდისტული ფილმია - კვირის პალიტრა

"აგვისტოს 5 დღე" პროპაგანდისტული ფილმია

მასში ხელისუფლების კარის ბიზნესმენის - კობა ნაყოფიას ფული ჩაიდო.

იგი სურათის პროდიუსერიც გახლდათ (ეს იყო შეცდომა - გამორთმეული ფულის ნაცვლად მიშამ ნაყოფიას, "ჯანდაბას, ითამაშე კინოთიო," რომ უთხრა).

მეორე პროდიუსერი კი პაპუნა დავითაიაა - მინისტრი კაცი.

ორივე სრული პროფანია კინოსაქმეში და ეს ფილმსაც შეეტყო. შევეცდები, ავხსნა, რატომ.

მისწრაფება, აკეთო ხალტურა, დაუძლეველია.  ჩვენ, მოქალაქენი, ვეძებთ  ფულის შოვნის ყველაზე იოლ ხერხებს. ჩვენ ყოველთვის გვინდა მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური ხეირის მიღება. წარმოიდგინეთ ჰოლივუდელი რეჟისორი, რომელსაც ბევრი ხარისხიანი ბლოკბასტერი აქვს გადაღებული. ოღონდ ის, რომ მისი ფილმები მაგარი იყო, პროდიუსერების დამსახურებაც გახლდათ. პროდიუსერი ის კაცია, რომელიც ზრუნავს ფილმის მომგებიანობაზე. სწორედ ის აძლევს მითითებებს რეჟისორს,  მას ეკისრება პასუხისმგებლობა ფილმის წარმატებაზე, ეს უკანასკნელი კი კომერციულ კინოში მხოლოდ გაყიდული ბილეთების რაოდენობით იზომება. "აგვისტოს 5 დღის" რეჟისორ ლენი ჰარლენის ძველი ფილმების პროდიუსერები იყვნენ მარიო კასარი ("ტერმინატორი", "ძირითადი ინსტინქტი") და ლორენს გორდონი ("მტაცებელი", "ბუგის ღამეები"). ისინი ძალიან ძლიერი პროდიუსერები არიან - თავიანთი საქმის პროფები. შესაბამისად, ჰარლენის ფილმებიც  კარგად გაკეთებულ ტრილერთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

მაგრამ უეცრად  ჰოლივუდის გაქექილ ტუსოვკაში გამოჩნდნენ ყოველგვარი გამოცდილების არმქონე პირები. ალბათ,  გინახავთ, როგორ გამოცოცხლდებიან ხოლმე რემონტის მკეთებელი მუშები, როცა ვინმე არიფს ჩაიგდებენ ხელში. ალბათ, ასეთივე ჟივილ-ხივილი ატყდა ამ „პროდიუსერების“ დანახვაზე. ნაყოფია ხომ იმითაც ბედნიერი იყო, რომ ჰოლივუდელ "სტარებს" შეხვდა. რა პროდიუსერობა უნდა გაეწიათ ან მას, ან დავითაიას? რა რეჟისორული სვლა ან სიუჟეტური პასაჟი უნდა განეხილათ კომპეტენტურად? ან რომელ მსახიობზე იტყოდნენ - ეს როლს არ შეესაბამებოდაო? ჰარლენმა და კამპანიამაც დაიკიდა ყველაფერი და ქართველ არიფებზე ფული გააკეთეს.

თავი დავანებოთ იმას, რომ ზოგადად პროპაგანდისტული ფილმების სიუჟეტი და დრამატურგია სწორხაზოვანი უნდა იყოს. მაგრამ ხომ უნდა იყოს ეს ოხერი დრამატურგია?! მაყურებელი ლოგიკურად  ხომ უნდა უკავშირებდეს ფილმის ეპიზოდებს ერთმანეთს, თანაგანცდის შეგრძნება ხომ უნდა უჩნდებოდეს? "აგვისტოს 5 დღეში" ეს არ ხდება. გამართული სიუჟეტი არ არსებობს. მაგალითად, არის სცენა, რომელშიც ბოროტი გმირი იარაღს მიუშვერს დადებით გმირს. ამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ბოროტს კლავს თავისიანი ოსი (ან კაზაკი) პატარა ბიჭუნა, რომელშიც, თურმე, კათარზისი მომხდარა, ოღონდ არ ჩანს, როდის მოხდა ეს უკანასკნელი. მეორე არანაკლებ საოცარი მომენტია, როცა დადებითებს:

ქართველ კაპიტანს, მის ჯარისკაცებს, სამოქალაქო პირებს, ამერიკელ ჟურნალისტებს გარშემო ოსების ბანდა შემოეხვევა. ოსები ტანკებზე ამხედრებულან. მთავარი ბოროტი ოსი  მრისხანედ უყურებს დადებითებს. იგი ამჩნევს ამერიკელ რეპორტიორს, რომელსაც მთელი ფილმი დასდევდა ვიდეოკამერის ჩიპის ხელში ჩასაგდებად (ამ ჩიპზე ბოროტის  მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებია აღბეჭდილი). ის უყურებს ქართველ კაპიტანს, რომლის ბიჭებმაც უამრავი მისი მეომარი დახოცეს. ყველა ელის, რომ აქ ახლა ხოცვა-ჟლეტა გაიმართება. უეცრად მთავარი ბოროტი დაღლილად ხელს ჩაიქნევს, გვეყო ამდენი სისხლის ღვრაო,“ჩაილაპარაკებს და ყველას -  ქართველ ჯარისკაცებსაც ჩიპიან-ავტომატებიანად გაუშვებს...

ცალკე აღსანიშნავია მსახიობების თამაში. გინახავთ თუ არა მეორე მსოფლიო ომის დროს გადაღებული ის საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმები, სადაც გერმანელები პირსისხლიან იდიოტებად არიან წარმოჩენილი?! ჰარლენის ნახელავი ამ დონეს არ სცილდება. ეს ყოველივე ძალიან უხეში პლაკატური პროპაგანდაა, რომელსაც აჭმევ მხოლოდ ისეთი ქვეყნის მცხოვრებელს, სადაც კინო ტომის შამანის ჯადოსნობა  ჰგონიათ. დასანანია, რომ ჰოლივუდელებმა ეს ქვეყანა ასეთად მიიჩნიეს. თუმცა  "აგვისტოს 5 დღის" "ფანტასტიკურ" პრემიერას თუ გავიხსენებთ, მათ ასეთ მოსაზრებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება.

შალვა რამიშვილი