ვისი მეგობარია ვანუატუ? - კვირის პალიტრა

ვისი მეგობარია ვანუატუ?

მახსოვს, ვანუატუ ჩემს "კვირის ფიქრებში" ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვახსენე. არ იფიქროთ, წინასწარმეტყველური ნიჭით ვარ დაჯილდოებული, ან გულმა მიგრძნო რამე. უბრალოდ, შარშან, პირველად რომ პოლიციის დღე აღნიშნეს, "კვირის ფიქრებში" ერთ თავს სწორედ "ვანუატუ" დავარქვი და დავწერე: "ვანუატუ სახელმწიფოა წყნარ ოკეანეში, მაგრამ ეს სახელი, ვფიქრობ, უფრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუხდებოდა. ალბათ, ახსნა-განმარტება არ სჭირდება, რატომ".

მას შემდეგ ერთმა წელმა განვლო. ჩვენი ვანუატუ ისევ ვანუატობს, წყნარ ოკეანეში ჩაკარგულმა ქვეყანამ კი ჩვენც და აფხაზებსაც მაგარი ოინი გვიქნა: თავიდან აფხაზებს რაღაც გაურკვეველ დოკუმენტზე მოუწერეს ხელი, რამაც ჩვენს მეგობარ სეპარატისტებს უსაზღვრო და განუზომელი სიხარული მოჰგვარა - წყნარი ოკეანის ვანუატუმ, აგერ, თქვენს ჯიბრზე გვაღიარაო.

გამოვიდნენ ქართველი პოლიტიკოსები და ლანძღეს ვანუატუ. ერთმა დეპუტატმა დაცინვით ისიც კი თქვა, მაგ ქვეყნის საქციელზე კომენტარს მაშინ გავაკეთებ, როდესაც რუკაზე ვიპოვიო. რამდენიმე დღეში ვანუატუს ელჩი გაეროში გამოვიდა და - რა აღიარება, ჩვენ საქართველოსთან ვაპირებთ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას და ამ ქვეყნის სუვერენიტეტსაც ვცნობთო. იქვე მოგვასმენინეს საქართველოს ელჩის, კახა ლომაიას კომენტარიც, რომელიც ამბობდა, რომ ვანუატუ ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოა. მოკლედ, ქვეყანა, რომელსაც წინადღეს ჩვენი პოლიტიკოსები მწარედ დასცინოდნენ, უცებ მეგობარი აღმოჩნდა (აქედან მორალი: ნუ დასცინი სხვას, ემანდ, მეგობარი არ გამოდგეს).

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დღეს ვანუატუ თავიანთი მეგობარი ჰგონიათ აფხაზებსაც. მათ არ სურთ, დაიჯერონ ვანუატუს ელჩის განცხადება. ის კი არა, აფხაზეთის ერთ-ერთ სამკერვალო ფაბრიკაში მეგობრის პატივისცემის ნიშნად ვანუატუს დროშაც კი შეკერეს. ჩვენები ახლა უკვე აფხაზებს დასცინიან, ჯერ წესიერად გაეგოთ და მერე ელაპარაკათო.

სინამდვილეში ვისი მეგობარია ვანუატუ? The New York Times-ს მოვუსმინოთ: "როგორც მრავალი ჯუჯა სახელმწიფო, ვანუატუც იძულებულია, საკუთარი ბიუჯეტი ორიგინალური ხერხებით შეავსოს. ერთ-ერთ ასეთი ხერხი აუღიარებელ ქვეყნებთან მეგობრობაა. 2004 წელს ვანუატუმ ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი ტაივანის დამოუკიდებლობა აღიარა. ერთი თვის შემდეგ ვანუატუმ უარყო საკუთარი გადაწყვეტილება და კვლავ ოფიციალური პეკინის მხარე დაიჭირა". მგონი, გასაგებია, ვისი მეგობარია ვანუატუ, უფრო სწორად - რისი. ჩვენ ის ვიკითხოთ, ვისი მეგობარია ქართული ვანუატუ. თუ ესეც ნათელია?

KvirisPalitra.Geენდი, რენი, შერონი და ქართველები

მართალია, ამ ამბიდან კვირაზე ერთი დღით მეტი გავიდა, მაგრამ მაშინ გასაგები მიზეზების გამო მასზე დაწერა ვერ მოვასწარი. "აგვისტოს ხუთი დღის" პრემიერაზე მოგახსენებთ - მანამდე არნახულსა და არგაგონილზე! ალბათ, ამიტომაც ვიქცეოდით იმ დღეს ქართველები უნახავებივით. ეს სიტყვა ჩვენს საქციელს ყველაზე უკეთ შეეფერება. განსაკუთრებით შერონ სტოუნმა გაგვაგიჟა და ჭკუიდან გადაგვიყვანა. ვარსკვლავს ფასი მაშინ აქვს, როდესაც კაშკაშებს. რომ მეგონა, ქალბატონი სტოუნი საკუთარი თავისა და პუტინის მეტს აღარავის ახსოვს-მეთქი, ასე არ ყოფილა. ქართულ ტელევიზიებს იგი ძალიან ჰყვარებიათ (ან შეაყვარეს).

კვირას ვინც ტელევიზორს ჩართავდა, იფიქრებდა, საქართველომ, ალბათ, ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა და ამ ამბავს ზეიმობსო. არადა, სინამდვილეში დეიდა შერონის, ძია ენდის და ბატონი რენის ჩამოსვლა გვიხაროდა. ასევე გვიხაროდა, რომ, როგორც იქნა, ჰოლივუდში, მართალია, ქართული ფულით, მაგრამ  საქართველოზე ფილმი გადავაღებინეთ.

ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართველი ჟურნალისტები ისე იყვნენ ამ ამბით აღფრთოვანებული, ვიფიქრე, ახლა ვიღაც იტყვის: რუსეთთან ომი მარტო იმისთვის ღირდა, რომ ჰოლივუდში ეს ფილმი გადაეღოთ და საქართველოში შერონი, ენდი და რენი ჩამოსულიყვნენო. მადლობა ღმერთს, ასეთი რამ არავის უთქვამს, მაგრამ ამ ყოველივეს შემხედვარე ერთმა უცხოურმა გამოცემამ დაწერა: "პრემიერაზე მისულ აუდიტორიაზე ფილმმა, როგორც ჩანს, სხვადასხვაგვარი შთაბეჭდილება დატოვა. ერთნი განცვიფრებული იყვნენ იმით, რომ  ქართულ მთავრობას უნარი აქვს ყველაფერი, მათ შორის - ომიც კი შოუბიზნესად აქციოს".

იმედს ვიტოვებ

ზუსტად არ მახსოვს, მგონი ადრეც დავწერე: ორი წლის წინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ცენზურის გამო წამოვედი, დიდხანს ვფიქრობდი, სად გამეგრძელებინა კარიერა. "მედიაპალიტრა" დიდი ფიქრის შემდეგ და ერთი ნიშნით შევარჩიე: ამ ჰოლდინგის უკან არც სახელისუფლებო და არც რომელიმე ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური ინტერესი არ იდგა. არც მაშინ და არც დღეს საქართველოში ისეთი მედიასაშუალება, რომლის უკან პოლიტიკური ინტერესი არ დგას, ბევრი არ არის და მათ შორის "პალიტრას" გამორჩეული ადგილი უჭირავს. ეს არის იშვიათი მედიაბიზნესი საქართველოში, ანუ აქ ტრიალებს ფული, რომელიც მედიაბიზნესით არის ნაშოვნი და არ არის, როგორც ხშირად ხდება საქართველოში - პოლიტიკური, ან როგორც ხშირად ხდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში - ოლიგარქის. ამ დღეებში ქართველი ჟურნალისტები უკრაინაში გახლდით.

იქ მედიის დიდ ნაწილს სწორედ ოლიგარქები ფლობენ და იქაური მედიაექსპერტები შექმნილ სიტუაციას საშინელს უწოდებენ. მიზეზი მარტივია: ოლიგარქი, რომელსაც ფული სხვადასხვა უკანონო თუ კანონიერი გზით აქვს ნაშოვნი და მისთვის მედია მხოლოდ ფუფუნების საგანი ან მანიპულაციის საშუალებაა, ადვილად ამბობს უარს პრინციპების ერთგულებაზე, ექცევა ხელისუფლების გავლენის ქვეშ და სინდისის ქენჯნის გარეშე იყენებს საკუთარ მედიასაშუალებას პოლიტიკური მიზნით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ქვეყანაში იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც ფულს საკუთარი მედიასაშუალებების კარგი მუშაობით შოულობენ.

ალბათ, ხვდებით, ეს საუბარი რისთვისაც წამოვიწყე.  მე სულაც არ ვარ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩულის დადების მომხრე -  საგადასახადომ ყველანაირი ბიზნესი უნდა შეამოწმოს და როგორც მიხეილ მაჭავარიანმა ბრძანა, არ უნდა არსებობდეს ხელშეუხებელი ბიზნესი, მაგრამ დამეთანხმებით, როდესაც მედიასახლის ერთდროულად ექვს სხვადასხვა შპს-ში შედიან და თან ეს 26 მაისის მოვლენების გაშუქებიდან რამდენიმე დღეში ხდება, ეჭვი ჩნდება. სწორედ ამიტომ ვუყურებთ მიმდინარე პროცესებს ეჭვის თვალით, სწორედ ამიტომ გვიცხადებენ კოლეგები მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას კარგად ესმის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რამდენად აუცილებელია მედიის სუფთა, მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობად ქცევა!