"არავინ დაისჯება და მით უმეტეს - ობიექტურობისათვის" - კვირის პალიტრა

"არავინ დაისჯება და მით უმეტეს - ობიექტურობისათვის"

"მედიაპალიტრის" 6 სხვადასხვა კომპანიაში საგადასახადო სამსახურის ერთდროული შემოსვლა ჩვენმა კოლეგებმა და პოლიტიკოსების ნაწილმა 26 მაისს მომხდარი ამბების ობიექტურ გაშუქებას დააბრალეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა იმის ახსნაც სცადა, თუ რატომ გახდა "მედიაპალიტრა" საგადასახადო სამსახურის ყურადღების ობიექტი:

- მედიასახლში საგადასახადო სამსახურის შემოსვლის თაობაზე ყველაზე სწორი პოზიცია თავად  "მედიაპალიტრამ" დაიკავა და გავრცელებულ განცხადებაში სწორი შეფასება გააკეთა. თუ არ ვცდები, ფრანკლინის სიტყვებია, ამ ქვეყანაზე ორი რამ არის, რაც არ აგცდება, სიკვდილი და გადასახადიო. გადასახადის გადახდა ჩვეულებრივი რამ არის და როდესაც საგადასახადო სამსახური სადმე შედის, ამას თან ახლავს შესაბამისი პროცედურებიც. ჩვენ ვცდილობთ საგადასახადო კოდექსი და პროცედურები გავაიოლოთ და რაც შეიძლება ნაკლები წნეხი იყოს ბიზნესზე. თუ არ ვცდები, "კვირის პალიტრის" ჰოლდინგი ბოლო ათი წელია არ შემოწმებულა.

- ვერ დაგეთანხმებით, 6 კომპანიიდან ზოგიერთი მხოლოდ 2-3 წელია რაც არსებობს. როგორც ითქვა, შესამოწმებელ ობიექტებს კომპიუტერული პროგრამა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არჩევს და როგორ მოხდა, რომ "მედიაპალიტრის" სხვადასხვა დროს დაფუძნებული ექვსი შპს ერთდროულად აღმოჩნდა შესამოწმებელთა ნუსხაში?

- ჯობს ეს ფინანსთა სამინისტროს ჰკითხოთ. მთავარია, რომ "მედიაპალიტრაში" არ შეფერხებულა გამოცემების ბეჭდვა, არ შეჰქმნია პრობლემები სააგენტოს, რადიოსა და ინტერნეტტელევიზიას.

მე, რომელიც საგადასახადო კოდექსს კარგად ვიცნობ, დაინტერესებული ვიქნებოდი, რომ ასეთი ფინანსური რევიზია  ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს.

თქვენ იმდენად სერიოზული მედიაჰოლდინგი გაქვთ, რომ ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგში გექნებათ. მე ამ შემოწმებაში საშიშროებას ვერ ვხედავ.

- თქვენ არ მიპასუხეთ კითხვაზე, რომელიც ბევრმა დასვა. კერძოდ, როგორ მოხდა, რომ კომპიუტერულმა პროგრამამ "შემთხვევით" შეარჩია "მედიაპალიტრას" დაქვემდებარებული ექვსი ობიექტი.

- ასეთი კომპიუტერული პროგრამა მართლაც არსებობს და მიუხედავად იმ პირებისადმი ჩემი პატივისცემისა, ვინც ეს ეჭვი გამოთქვა, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი უსაფუძვლო ეჭვი გაჩნდა. ადრე თუ გვიან, "მედიაპალიტრა" ხომ უნდა შემოწმებულიყო, რა მნიშვნელობა აქვს, როდის დაიწყებოდა?

- საგადასახადო სამსახური "მედიაპალიტრის" ორგანიზაციებში 26 მაისიდან ათი დღის შემდეგ შევიდა, ძალიან მალე მას შემდეგ, რაც "პალიტრა ტვ-მ" 26 მაისის ღამის მოვლენების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

- არანაკლები ვიდეოკადრები გაავრცელეს სხვა ტელევიზიებმა,  26 მაისის შეფასებისას "კვირის პალიტრა" ბევრად ზომიერი და დაბალანსებული იყო, ვიდრე სხვა გამოცემები თუ ტელევიზიები.

- ვგონებ, ობიექტურობისა და დაბალანსებულობისთვის მედიასაშუალება არ უნდა ისჯებოდეს.

- გარწმუნებთ, რომ არავინ დაისჯება და მით უმეტეს - ობიექტურობისათვის. "მედიაპალიტრა" სერიოზული კომპანიაა, ვიცნობ მის ხელმძღვანელებს და მჯერა, რომ ყველა საბუთი წესრიგში იქნება. ორი წელია მოქმედებს კანონი "ფინანსური შეთანხმების" შესახებ. თუ კომპანიას აქვს დავალიანება, საგადასახადოსთან წინადადებით შედის და შეიძლება შედარებით ნაკლებ თანხაზე შეთანხმება. ეს არ არის ქვეყანა, სადაც საგამომცემლო სახლს ხელი შეეშლება.

- ამას წინათ ინგა გრიგოლიამ გაიხსენა საგადასახადო სამსახურის შესვლა "რუსთავი 2"-ში და თქვენი მაშინდელი განცხადება, რომ ეს იყო  მედიაზე ზეწოლა. ახლა რა შეიცვალა?

- მაშინ "რუსთავი 2-ში" შესვლის მოტივაცია სხვა იყო. იქ ინვენტარიზაციისთვის არავინ შესულა.

- მაშ, რისთვის შევიდნენ?

- საგადასახადოს შესვლას ტელეკომპანიის დახურვა უნდა მოჰყოლოდა. ეს მოხდა 2001 წელს, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია რადიკალიზაციისაკენ მიდიოდა. იქმნებოდა ტელეკომპანია "იმედი". კარგად მახსოვს, "იმედის" მესვეურებს რატომაც ჰქონდათ გადაწყვეტილი ტელეკომპანიის შექმნა. ის "რუსთავის 2"-ის ალტერნატივა უნდა ყოფილიყო. ამ დროს შეიქმნა ტელეკომპანია "მზეც", რომელიც ბადრი პატარკაციშვილმა დააფინანსა. მაშინ ხელისუფლებას "რუსთავის 2-ის" დახურვა უნდოდა. დღეს ხელისუფლებას ეს მოტივაცია არა აქვს.

- ანუ თქვენივე ლექსიკას რომ მივყვეთ, ხელისუფლებას არ უნდა "მედიაპალიტრის" დახურვა?

- არა, ბატონო, და ღმერთმა დაიფაროს, თუ რაიმე დარღვევა აღმოჩნდა, უამრავი გზა არის პრობლემის გადასაჭრელად. "მედიაპალიტრაში" ინტერნეტტელევიზია, საიტი, სააგენტო და რადიო მუშაობს და ორშაბათს "კვირის პალიტრაც" გამოვა ისევე, როგორც სხვა გაზეთები.

- მაგრამ წარმოიდგინეთ მედიასახლის იმ თანამშრომლების მუშაობის პირობები, რომელთაც თავზე საგადასახადოს თანამშრომლები ადგანან.

- ყველას ასე ადგანან თავზე და ასეთივე განცდა აქვთ სხვა საწარმოებში.

- მათ, ვინც "მედიაპალიტრის" მხარდასაჭერი აქცია გამართეს, ზუსტად ზეწოლის ეჭვი აქვთ.

- ამ აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა.  თუ ეს ხალხი "მედიაპალიტრის" გვერდით დგომას გამოხატავდა, არც ჩვენ ვართ "მედიაპალიტრის" წინააღმდეგი.

- "მედიაპალიტრის" მხარდასაჭერად არ მოსულან ხელისუფლების წარმომადგენლები.

- საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებიც არ მოსულან მედიაჰოლდინგის დასახურად, ისინი საქმის გასაკეთებლად მოვიდნენ.  რატომ ვლაპარაკობთ წინასწარ სავარაუდო პრობლემებზე?

- "მედიაპალიტრის" ხელმძღვანელობა კი არის საკუთარ თავში დარწმუნებული, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხშირად გაუთვალისწინებელი რამეებიც ხდება ხოლმე, განსაკუთრებით კი მედიასივრცესთან დაკავშირებული.

- მერწმუნეთ, "პალიტრისთვის" პრობლემების შექმნა არავის უნდა.

მე მაქვს იმის ფუფუნება, რომ ინტერვიუ მას მივცე, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი და მსიამოვნებს ინტერვიუ მივცე "კვირის პალიტრას", რადგან ვიცი, ის დაიბეჭდება დაბალანსებულ გაზეთში, სადაც ასახული იქნება როგორც ჩემი, ისე ჩემი ოპონენტების პოზიცია.

ინტერნეტშიც ინფორმაციას, ძირითადად, "ინტერპრესნიუსიდან" ვიღებ. როდესაც 26 მაისს დაღუპულებზე ვლაპარაკობდი, შეცდომით  ერთი ადამიანი ვახსენე და "პალიტრა ტვ"-ის ჟურნალისტმა ისე გააკეთა სიუჟეტი, კომენტარი არ მთხოვა. გავნაწყენდი "პალიტრა ტვ-ზე", მაგრამ ისევე თქვენი სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მეშვეობით დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და არავისთვის მიგრძნობინებია, რომ მეწყინა. პირველად თქვენთან ვამბობ ამას. ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი და ოპოზიური მედიაც.

- "პალიტრას" როგორ მედიას მიაკუთვნებთ?

- "კვირის პალიტრა" ობიექტური და დაბალანსებული გაზეთია. იმავეს ვიტყვი თქვენს სხვა გამოცემებსა და სააგენტოზე.