"საიქიოში გაგვყვება პასუხისმგებლობა" - კვირის პალიტრა

"საიქიოში გაგვყვება პასუხისმგებლობა"

"საზოგადოებაში შიშია დანერგილი, მაგრამ როდესაც შიში ღვივდება, მას ბოღმაც მოჰყვება"

"ქართული პარტიიდან" წამოსვლისას ლევან გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძისა და კახა მიქაიას განცხადებამ, "ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ხოლო რიგ შემთხვევაში, ბოლო პერიოდში არც ვმონაწილეობდით "ქართული პარტიის" არც ერთი იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის კურსს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, რათა მიღწეულ იქნეს საყოველთაო თანხმობა, რომელიც არსებული რეჟიმის დამარცხების გარანტიაა", - საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა, რომლებზე პასუხის მიღებაც ლევან გაჩეჩილაძისაგან ვცადეთ:

- "ქართული პარტია" განსხვავებული ადამიანების ერთობის წყალობით შეიქმნა, რომლის შემადგენლობა სამომავლოდ ამა თუ იმ ფორმით უნდა გაზრდილიყო. ძალიან კარგად და სწორად დაიწყო პარტიამ მუშაობა. არ გვქონდა ამოჩემებული რომელიმე კონკრეტული გზა - რევოლუციური თუ არჩევნების. როდესაც ავტოკრატიულ რეჟიმსა და ტირანიას ებრძვი, არჩევნები რომც მოიგო, რევოლუციური ცვლილებები უნდა გაატარო...

"ქართული პარტია" თავიდან ეროვნული თანხმობის დეკლარაციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და თქვენს გაზეთში დაიბეჭდა ჩემი პირველი წერილი, სათაურით "რა იყო". გპირდებოდით, რომ მოგაწოდებდით მეორე ნაწილსაც, სათაურით "რა იქნება", მაგრამ მისი გამოქვეყნებისგან თავი იმიტომ შევიკავე, რომ დავინახე, ეროვნული თანხმობის პრიორიტეტულობა როგორ ჩანაცვლდა ერთმანეთის გზების თუ პოლიტიკური სტატუსების დაწუნებით. პრიორიტეტული გახდა სხვასთან კონკურენცია.

ამან გამოიწვია ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა. დაქსაქსულობა შეუძლებელს ხდის ერთობას. მხოლოდ საერთო-სახალხო პროცესს შეუძლია ამ ტირანიის დამარცხება, ან კიდევ მიშაზე უარესი ურჩხული უნდა გახდე და ამით დაამარცხო. მასზე უარეს ურჩხულს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ და რომც ვხედავდე, ვერ გავყვები, რადგან უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ჩემთვის პრიორიტეტული ერთობა იყო და პარტიაში ეს პრიორიტეტულად არ მიაჩნდათ, ამიტომაც წამოვედი.

- მაგრამ გაერთიანება, როგორც წესი, ოპოზიციაში ვერ ხერხდება.

- რამდენჯერმე მოხერხდა და მაშინ ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები ფაქტობრივად მოვიგე, მაგრამ დასავლეთი არ იყო მზად, ხელი მოეწერა ცვლილებებზე. აღმოსავლეთის მოვლენების მერე დასავლეთში უკვე არის საამისო განწყობა, მაგრამ ამჯერად ქართველ საზოგადოებაში გაჩნდა ინდიფერენტულობა იმის გამო, რომ არ არსებობს საერთო-სახალხო ერთობის განცდა.

- როდესაც აქციაზე მიხვედით, გადაწყვეტილი გქონდათ, რომ თქვენი პარტნიორი მომავალში შეიძლება ბურჯანაძე ყოფილიყო?

- აქციაზე ნინო ბურჯანაძის გამო არ მოვსულვარ. იქ იყვნენ სიმართლისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ყველა ჩვენგანის საქმეს აკეთებდნენ. ნათქვამი მქონდა, როგორც კი დავრწმუნდები, რომ ამ ხალხს გვერდზე დგომა სჭირდება, მაშინვე მივალ-მეთქი. როდესაც ეს ნიშნები გაჩნდა, - მომიტინგეებს გაზი შეაფრქვიეს და ტელევიზიასთან რამდენიმე ლოკალური ჩხუბი მოხდა, მივედი. ვერ წარმოიდგენთ, რა ანთებული თვალებით მიყურებდა ხალხი. ნონა გაფრინდაშვილსა და რეზო ესაძეს ცრემლი მოადგათ.

მიუხედავად 26 მაისის ტრაგიკული დასასრულისა, დარბევამდე რომ ვუყურებდი ხალხს, ისეთი განცდა მქონდა, რომ იქ სამასი არაგველი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის მანქანა გვიახლოვდებოდა, ურყევად იდგნენ  ადამიანები, რომელთაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი.

ხელისუფლებამ ფსიქოლოგიურად დაამუშავა სპეცრაზმელები და გაუადვილა სისასტიკის ჩადენა. 26 მაისს მომიტინგეებისადმი ისეთი დამოკიდებულება ვნახე, რაც ფაშისტებს ჰქონდათ ებრაელებისადმი.

ის, რაც იმ ღამეს ხდებოდა, ძალიან ჰგავდა სიუჟეტს ფილმისა "შინდლერის სია". უკვე ბაბუა ვარ და ისეთი შემართება, რაც იქ მდგომ ხალხში ვნახე, ძალიან მეამაყება. გაიზრდებიან  ჩემი შვილიშვილები და მოვუყვები 26 მაისის ამბავს. მეტრაბახება, რომ იმ სისხლიან ღამეს გმირების გვერდით ვიდექი.

ბოლო ოთხი წელია არც ერთი დარბევა არ გამომიტოვებია. ჩემი მეგობრები ხუმრობენ, შენ და გია სულ ნაცემები ჩანხართ ტელევიზორშიო. 7 ნოემბერს ორჯერ გავილახე, 6 მაისს ორი ტყვია მომხვდა თავში. 6 მაისის წლისთავზე რკინიგზაზე შუაგულ ჩხუბში აღმოვჩნდი და კარგად მიმბერტყეს. 26 მაისსაც დაახლოებით ასეთ რამეს ველოდებოდი, მაგრამ ასეთ სისასტიკეს ვერ წარმოვიდგენდი. თითოეულ მათგანს, ვინც იმ ღამეს რუსთაველის პროსპექტზე იდგა, სიკვდილი დაანახეს საკუთარი თვალით. არა მგონია, ეს ხალხის შესაშინებლად გააკეთეს, კიდევ გამოსვლა არ გაბედონო. ვფიქრობ, ეს სისასტიკე ხელისუფლების შიშის გამოხატულება იყო.

- 300 კაცის შეეშინდათ, როდესაც ამ ხელისუფლებამ 200-ათასიან მიტინგებს გაუძლო?

- რუსთაველზე ისეთი ვაჟკაცური მუხტი იყო, ამის ყოველთვის ეშინია ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებას კარგად ვიცნობ, უმეტესობა ძალიან მშიშარაა. ისინი ამ შიშს საკუთარ გონებაში აშენებენ და არაადეკვატურ, მოდელირებულ სიუჟეტებს წარმოიდგენენ. როგორც "ქრონიკა" დაამოდელირეს, ისევე დაამოდელირეს, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ხალხის პროტესტს. თავად დაამოდელირეს სახელმწიფო გადატრიალება.  სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა წარმოიდგინეს, რომ სკამებს კარგავდნენ და ეს მოდელირება გახდა იმ ხორცსაკეპი მანქანის ამუშავების მიზეზი.

საქართველოს ისტორია არც ჩვენით იწყება და არც მთავრდება, მაგრამ თუ ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა ამ რეჟიმის დამხობა, საიქიოში გაგვყვება პასუხისმგებლობა, მოგვეკითხება, სად იყავით, ასე რომ უყურებდით ეროვნული ფასეულობების ნგრევასო.  ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი შვილების,  შვილიშვილებისა და საქართველოს ისტორიის წინაშე, რომელიც  ახლა იწერება. იმ უსამართლობის გაძლება, რაც დღეს ტრიალებს,  შეუძლებელია. საზოგადოებაში შიშია დანერგილი, მაგრამ როდესაც შიში ღვივდება, მას ბოღმაც მოჰყვება.

ჯამს, სადაც ბოღმა გროვდება, საზღვარი აქვს და თუ ამ საზღვარს გადავიდა, ადამიანს ისეთი განცდა ეუფლება, როგორიც 26 მაისის ღამეს დავინახე რუსთაველზე. იმ ღამეს მეც მომხვდა ხელკეტები. ერთ კაცზე დაახლოებით ათი დამრბევი მოდიოდა. სპეცრაზმელები ყვიროდნენ, სამშობლოს გამყიდველებო, ქვეყნის მტრებოო. გიას კოჭი აქვს დაშავებული, გვერდები დაჟეჟილი და ერთი ნეკნი - გაბზარული, ბიძინა გეგიძეს კი მუხლი აღარ უმუშავებს, საოპერაციო აქვს.

მე ღამე თხრილში გავატარე, დილის რვის ნახევარზე კი სამი კორდონი ისე გამოვიარე, არავის გავუჩერებივარ. ქუდი მეხურა, მეგობრები მეფარებოდნენ, კედლებს მიყენებდნენ, რომ ძნელად დავენახე ვინმეს. იმ ღამეს ჩემი შვილებიც გაილახნენ, მაგრამ იქ რომ არ ვყოფილიყავი, ძნელი იქნებოდა ჩემს შვილებთან ავტორიტეტი შემენარჩუნებინა. იქ არყოფნას თავს არ ვაპატიებდი.

- ამის შემდეგ სად იქნებით?

- მიმაჩნია, რომ უნდა შედგეს ოპოზიციური სპექტრის საქართველოს ნაკრები, რომელიც ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდება. არანაირი ამბიცია არა მაქვს, არც რამეს თავმჯდომარეობაზე, არც სიის პირველნომრობაზე და არც კანდიდატობაზე. რა ადგილსაც ხალხი მომიჩენს და რაზეც შევთანხმდებით, ის იქნება ჩემი არეალი.

დღეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ იარებს ვიშუშებ. 26 მაისის დანაშაულებრივ მოვლენებს სასწრაფოდ რეაგირება სჭირდება. დიდი ოპოზიციური თანხმობის მისაღწევად უახლოეს მომავალში ყველა ოპოზიციურ ლიდერს შევხვდები.

მინდა "მედიაპალიტრაში" საგადასახადო სამსახურის მოულოდნელ შემოსვლასაც შევეხო. სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ბოკერია, ადეიშვილი სხედან და ამბობენ, ადამიანების დახოცვა გაგვივიდა და ახლა უკვე სხვა ყველაფერი გაგვივა. აბა, ჩამოვწეროთ ჩვენი სისტემის მთავარი პრობლემებიო და სათავეში დაწერენ მედიაჰოლდინგ "პალიტრას". Aახლა ისეთი დროა, "მედიაპალიტრის" დაზარალება, აკრძალვა და ჩამოწერა გაგვივაო და დასახეს მიზანმიმართული ქმედებები. ვიცნობ ამ ჰოლდინგის დამფუძნებლებს და მის ასეთ იოლ დალაშქვრას გამოვრიცხავ. ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით.