"ხელისუფლებისთვის დიდი თავსატეხია მიუკერძოებელი მედია" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებისთვის დიდი თავსატეხია მიუკერძოებელი მედია"

"ოპერაცია, რომელსაც ჰოლდინგში ატარებენ, საალყო შეტევას ჰგავს"

"1000 კაცის დასაქმება უზარმაზარი მიღწევაა თანამედროვე ბიზნესგარემოში"

"დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც ფიქრობენ,  რომ ობიექტური მედიასაშუალებები ხელს უშლიან ახალი ადამიანის, ახალი ქართველის ჩამოყალიბებაში. ამ მხრივ ჰოლდინგი "მედიაპალიტრა" ხელისუფლებისთვის პრობლემაა", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ქრისტიან-დემოკრატმა გიორგი თარგამაძემ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას:

- "მედიაპალიტრასთან" დაკავშირებული მოვლენების შესახებ ჩემი უცხოური ვიზიტის დროს შევიტყვე. გამაოცა იმ გულუბრყვილო სახეებმა და კომენტარებმა, მედიაჰოლდინგის ექვს დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში საგადასახადო სამსახურის ერთდროულად შესვლის თაობაზე რომ მოვისმინე. თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ფაქტი არ უნდა გავაზვიადოთ და პოლიტიკური შეფერილობა არ მივცეთ.

"მედიაპალიტრა" არ არის ჩვეულებრივი ბიზნესსუბიექტი, ეს არის მედიასუბიექტი, რომელიც მიუკერძოებელი აზრის, ინფორმაციის მოწოდების ერთ-ერთი მთავარი გარანტია როგორც საგაზეთო, ისე ინტერნეტშესაძლებლობებით. გულუბრყვილოები და სულელები უნდა ვიყოთ, რომ ამნეზია დაგვემართოს და დაგვავიწყდეს, რა ხდებოდა ქართულ მედიაში "ვარდების რევოლუციის" შემდგომ. იმას, რაც ბოლო წლებში ხდება, ქართული მედიის ისტორიის სამწუხარო ქრონოლოგიას ვუწოდებ.

ვინც მოწოდებებს აკეთებს, რეალური სურათი არ გააზვიადოთო, მინდა შევახსენო, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა სხვადასხვა მედიასაშუალება "ვარდების რევოლუციის" შემდგომ. რევოლუციიდანვე მალე დაიწყო ხელისუფლების გავლენაში მოქცეული ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა - რაკი "რუსთავი 2"-ზე კონტროლი დააწესეს, იქ სპეცრაზმის შევარდნა საჭირო აღარ იყო.

სხვა ტელევიზიებში შესვლა, ფინანსური შევიწროება ან დახურვა კი იმისათვის დასჭირდათ, რომ მათი სარედაქციო პოლიტიკა ვერ გააკონტროლეს. დაიხურა ტელეკომპანია "იბერია", "მეცხრე არხი", რომელიც მყარად იკავებდა ნიშას ტელემაუწყებლობაში გაწონასწორებული და ობიექტურ ინფორმაციაზე ორიენტირებული საინფორმაციო პოლიტიკით. ბოლოს იყო ტელეკომპანია "იმედი", რომელსაც რაც დაემართა, ყველამ ვიცით. ის, რაც რამდენჯერმე მოხდა, დიდი ალბათობით კიდევ შეიძლება მოხდეს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც  ხელისუფლებას გადემოკრატებისა არაფერი ეტყობა.

ამიტომ ვალდებულიც ვარ, ყველაზე ცუდ, პესიმისტურ ვერსიაზე ვიფიქრო და მაქსიმალურად ვეცადო, ის არ განხორციელდეს.

- ყველაზე ცუდ ვერსიაში რას გულისხმობთ?

- ჩვენი ხელისუფლებისათვის, რომელიც ავტორიტარულ გადახრებშია შემჩნეული, პრობლემა არ არის ე. წ. ოპოზიციური მედია, რომელსაც ეს კლიშე აქვს მიკრული და ყველაფერს აკეთებს, არ გასცდეს ოპოზიციურობის ჩარჩოებს, იყოს ყოველთვის სუბიექტური და მიკერძოებული. ასეთი მედია ხელისუფლებისთვის საშიში არ არის. ის ერთ კონკრეტულ ნიშაზე - ოპოზიციურ მაყურებელსა და მკითხველზე მუშაობს და ძირეულ გავლენას ვერ ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და პოლიტიკურ პროცესებზე.

სამაგიეროდ, ხელისუფლებისთვის დიდი თავსატეხია მიუკერძოებელი მედია, ისეთი, როგორიც მედიაჰოლდინგი "პალიტრაა", რომელიც ოპერატიული და დაბალანსებული ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვანი წყაროა. შესაძლოა ვინმემ სუბიექტურობა დამწამოს, მაგრამ ციფრები თავად მეტყველებს. შეგვიძლია შევადაროთ "კვირის პალიტრისა" და სხვა გაზეთების ტირაჟი, ან "ინტერპრესნიუსისა" და ინტერნეტტელევიზია "პალიტრა ტვ"-ის მომხმარებელთა რაოდენობა სხვას. ყველაფერი ეს ხელისუფლებისთვის ციფრობრივად გამოხატული "საფრთხეა".

საქართველოს ოცწლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში "მედიაპალიტრა", ფაქტობრივად, ერთადერთი მედიასაშუალებაა, რომელიც შედგა როგორც მედიაბიზნესი. საქართველოში მსხვილი მედიაჰოლდინგების არსებობა ყოველთვის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდებოდა. არაჯანსაღ გარემოში მხოლოდ აუდიტორიასა და მის ინტერესებზე, მხოლოდ საბაზრო და სარეკლამო ბაზარზე ორიენტირებით შეუძლებელი იყო მედიის არსებობა. შეიძლება ითქვას, რომ "მედიაპალიტრა" ერთადერთი მსხვილი, რენტაბელური ბიზნესმედიასუბიექტია,  რომელიც არა მარტო წარმატებულად საქმიანობს მედიაბაზარზე, არამედ შეძლო თავისი ბიზნესის გამრავალფეროვნებაც. რამდენადაც ვიცი, მას ათასი კაცი ჰყავს დასაქმებული.

ეს უზარმაზარი ციფრია თანამედროვე ბიზნესგარემოში. "მედიაპალიტრა" არის დამოუკიდებელი ბიზნესი, რომელმაც უარი არ თქვა პრინციპებზე, არ აჰყვა პოლიტიკურ მოდას (როდესაც მოდური იყო რადიკალიზმი ან ხელისუფლებასთან ზედმეტი სიახლოვე), შეინარჩუნა თანამიმდევრულობა,  ჟურნალისტური პრინციპებისადმი,  მკითხველისა და აუდიტორიისადმი ერთგულება. "პალიტრის" აუდიტორია დღითი დღე იზრდება და ეს არის კიდევ ერთი დამატებითი ე.წ. საფრთხე იმ პოლიტიკურ ვითარებაში, როგორიც დღეს  საქართველოშია.

ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ მისთვის სახიფათო მედიასუბიექტი მინიმუმ დაასუსტოს,  მაქსიმუმ კი თავის გავლენაში მოაქციოს ან სულაც გაანადგუროს. პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით შეიძლება სწორედ ის დროა შერჩეული, როდესაც მათი გათვლებით მაქსიმალური შედეგების მიღწევა შეიძლება.

- რას გულისხმობთ?

- 26 მაისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ საზოგადოებაში შემცირდა წინააღმდეგობის უნარი,  ხალხის დიდ ნაწილში ნიჰილიზმია პოლიტიკური აქტივობის მიმართ. ამავე დროს მოდის ზაფხული, როდესაც ძნელია რაიმე ტიპის საზოგადოებრივი აქტივობის ორგანიზება. თუკი ხელისუფლებაში განზრახული აქვთ, რომ "მედიაპალიტრას" ჭკუა ასწავლონ,  შეიძლება რომელიმე ავადმყოფურად მოაზროვნე თავში დაიბადა  იდეა, ახლა არის ყველაზე კარგი დრო, რადგან ყველაზე ნაკლები პოლიტიკური ფასის გადახდა მოგვიწევს და წინააღმდეგობაც ნაკლები იქნებაო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, იმედია, ხელისუფლებას ჭკუა მთლიანად არ დაუკარგავს. "მედიაპალიტრისადმი" გამოხატული სოლიდარობა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის დაინტერესება მეტყველებს იმაზე,  რამდენად ფასეულია ის პრინციპები, რასაც წლების განმავლობაში "კვირის პალიტრა" ემსახურება. დადგა დრო, რომ საზოგადოებამ, ყველამ, ვინც დავალებული ვართ "მედიაპალიტრით" (იმით, რომ ამ პოლარიზებულ, რადიკალიზებულ  გარემოში  მიუკერძოებელი მედიასაშუალებით ვიღებთ სანდო ინფორმაციას, გამოგვაქვს დასკვნა და საზოგადოებად  ვგრძნობთ თავს) სამადლობელი სიტყვა ვუთხრათ და ვალი გადავუხადოთ, ჩვენი სოლიდარობით მხარი დავუჭიროთ და დავიცვათ "მედიაპალიტრა".

თავად განსაჯეთ, რამდენად საფუძვლიანია ჩვენი ეჭვი და რამდენად დამაჯერებელი არგუმენტი, რომ შემთხვევითი შერჩევით ლოტოტრონმა ერთდროულად მაინცდამაინც ის ექვსი ორგანიზაცია ამოარჩია, რომელიც "პალიტრაში" შედის. არ მინდა მითითება, მაგრამ გამგები გაიგებს, რომ საქართველოში მრავლად არის მედიასაშუალება, რომელთაც არც თავის შენახვა შეუძლიათ, არც დიდი აუდიტორია ჰყავთ და მიუხედავად ამისა, მაინც არსებობენ.

ამ მედიასუბიექტების ინვესტირება სრულიად გაურკვეველი წყაროებით გრძელდება და ფიქრად არავის მოსვლია, იქ "გეგმურ შემოწმებაზე" შესულიყო. არაფერს ვამბობ გახმაურებულ ფაქტებზე, რამდენიმე სატელევიზიო საშუალების მსხვილ დავალიანებას რომ უკავშირდება. არადა, დავალიანების მეათასედის არსებობის შემთხვევაში სხვა ბიზნესსუბიექტების ხელმძღვანელები უმკაცრესად დაისაჯნენ. მათი ნაწილი ან საქართველოდან  არის გაქცეული, ან მთელი ქონება დაკარგა, ან ციხეშია(!).

საქართველოში სტერილური გარემო და კანონთან ყველა თანასწორი რომ იყოს, ზოგიერთი მედიასაშუალება აგრესიული პოლიტიკური ბრძოლის იარაღს არ წარმოადგენდეს და სასამართლოს ვენდობოდეთ, მეც მშვიდად ვიქნებოდი, მედიაჰოლდინგის თანამშრომლებიც  და საზოგადოებაც. ეს რომ ასე არ არის, ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ ყველა რესურსის გამოყენება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ არ განვითარდეს ის ცუდი სცენარი, რაც ზემოთ მოგახსენეთ.

მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებსა და  ამ ხელისუფლების კვერის დამკვრელ  ექსპერტებს,  როდესაც ამბობენ, "კვირის პალიტრაში", "პალიტრა ტვ-ში", რადიო "პალიტრასა" და "ინტერპრესნიუსში" ხომ არ შესულა საგადასახადო,  სტამბასა და საწყობებში შევიდნენო, "მედიაპალიტრის" მმართველმა ბირთვმა ბიზნესის იმდაგვარად დივერსიფიცირება მოახერხა, რომ საინფორმაციო საშუალებების მიერ მოტანილ ფულზე არ იყოს დამოკიდებული, რაც სრულიად არასაკმარისია. რაც უნდა დიდი ტირაჟი ჰქონდეს ამ მხრივ მართლაც ჩემპიონ "კვირის პალიტრას" და ბევრი მომხმარებელი ჰყავდეს "ინტერპრესნიუსსა" და "პალიტრა ტვ"-ს, გულუბრყვილობა იქნებოდა ფიქრი, რომ მხოლოდ მომხმარებლის სიმრავლითა და სარეკლამო შემოსავლებით არსებობენ.

სასტამბო საქმის განვითარებამ, წიგნების გამოცემამ და გამავრცელებელი კომპანიის გამართულმა მუშაობამ გადააქცია "მედიაპალიტრა" წარმატებულ ბიზნესად. ეს არის რთული მექანიზმი, რომლის ამ არასტაბილურ გარემოში აწყობას უზარმაზარი ენერგია, დრო და ნერვები დასჭირდა. Aნაცვლად იმისა, ხელისუფლება გვერდში ამოუდგეს ასეთ ბიზნესს და წაახალისოს, პირიქით არის. როგორ შეიძლება მედიაბიზნესი ისე განიხილო, როგორც რომელიმე სავაჭრო ცენტრის ჯიხური. მიუღებელია "მედიაპალიტრასთან" ასეთი დამოკიდებულება. მიმდინარე კვირას "პალიტრის" საკითხზე პარლამენტში სერიოზული საუბრები გვექნება.  ჩემი უცხოეთში ვიზიტისას საუბრის ერთ-ერთი თემა "პალიტრაც" იყო და სამწუხაროდ, ის ჯდებოდა ბოლო დროს საქართველოში განვითარებული არასახარბიელო მოვლენების კონტექსტში.

მიმდინარე კვირას საქართველოში ჩამოდიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდი, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და ყველა ამ შეხვედრაზე ვაპირებ "მედიაპალიტრასთან" დაკავშირებული საკითხების მწვავედ განხილვას.

იმედია საქართველოს ხელისუფლება მზად აღმოჩნდება იმისათვის, რომ ქართველ საზოგადოებასა და უცხოელ პარტნიორებს დამაჯერებელი პასუხები გასცეს, გაანეიტრალოს, განმუხტოს დაძაბულობა მედიაჰოლდინგთან და  ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს, მედიასახლის თანამშრომლებს მშვიდ გარემოში საქმიანობის, ჩვენ კი ობიექტური ინფორმაციის მიღებისა და აზრთა გაცვლის შესაძლებლობა მოგვეცეს.

- მიხეილ მაჭავარიანმა ჩემთან საუბრისას დაადასტურა, რომ "პალიტრა" ობიექტური და დაბალანსებულია. თუმც იქვე დასძინა, ეს ჰოლდინგი ათი წელია არ შემოწმებულა და უნდა შემოწმდესო.

- ბატონი მაჭავარიანი გამოცდილი პოლიტიკოსია და როდესაც სჭირდება, შეუძლია ქოთანს ყური სასურველ მხარეს მოაბას. თუკი "კვირის პალიტრა" ასეთი ნდობით სარგებლობს ხელისუფლებაში, მას, ვისაც ენდობი, არ შეიძლება ასე მოექცე. საგადასახადო სამსახური ჰოლდინგის რომელიმე ერთ სტრუქტურაში რომ შესულიყო, არა მგონია, "მედიაპალიტრას" კითხვები გასჩენოდა. ვიცნობ მის ხელმძღვანელებს და ვიცი, რა კანონმორჩილი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არიან. ოპერაცია, რომელსაც ჰოლდინგში ატარებენ, საალყო შეტევას ჰგავს. როდესაც ერთდროულად ექვს ორგანიზაციაში შედიან, ეს მორალურად არაჯანსაღ გარემოსა და ისეთ პრობლემას ქმნის, რაც აისახება მედიაჰოლდინგის მუშაობასა და საზოგადოების განწყობაზე.

- მინდა ე.წ. "რვიანზეც" გკითხოთ. ამბობენ, რომ "რვიანში" განხეთქილებაა, პოლიტიკური აქტიურობის ფორმებზე ვერ თანხმდებით.

- ეს გაზვიადებული შეფასებაა. "რვიანმა" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში და მივიდა იმ ეტაპამდე, რომლის იქითაც სხვა ტიპის სამუშაოა ჩასატარებელი, სხვა ფორმატით, სხვა შემადგენლობითა და სხვა მეთოდებით. იყო ეტაპი, როდესაც მნიშვნელოვანი იყო  რვა პოლიტიკურ პარტიას ერთობლივი პოზიცია შეენარჩუნებინა და ეს მოხერხდა.

ახლა მივედით ეტაპამდე, როდესაც საზოგადოებამ უნდა გამოხატოს პოზიცია და იაქტიუროს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიები არ უნდა შეიზღუდონ, თუნდაც განსხვავებული მიდგომა ჰქონდეთ პოლიტიკური აქტივობის საკითხში. საგანგაშო არ არის, თუ "თავისუფალ დემოკრატებსა" და "ახალ მემარჯვენეებს" განსხვავებულად წარმოუდგენიათ საკუთარი აქტიურობა. რომელიმე ტაქტიკური მონახაზის კლიშედ ჩამოყალიბების წინააღმდეგი ვარ. ჩემთვის ბრძოლის ყველა ის ფორმაა მისაღები,  რომელიც კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გასცდება და ცვლილებებს მშვიდობიანად მოგვიტანს.

- მაისის ბოლოს ხელისუფლებას უნდა წარმოედგინა პასუხი ოპოზიციის წინადადებებზე, რაც არ გააკეთა. გამოდის, მოლაპარაკება ჩიხშია?

- მაისის ტრაგიკული მოვლენების გამო ძალიან გართულდა საარჩევნო გარემოზე დიალოგის გაგრძელება. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს თემა კვლავ აქტუალური გახდება და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწევთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.  თუ ვინმეს ჰგონია, 26 მაისის მერე საქართველოში ვინმემ გაიმარჯვა, მორალურად ინვალიდია. ყელყელაობა, გალახული ან დამცირებული ადამიანებისთვის ზემოდან გადახედვა დღეს უადგილოა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პოლიტიკოსებისაგან, რომელთაც 26 მაისის აქციაზე პასუხისმგებლობა აიღეს, სრულიად განსხვავებული მიდგომა მაქვს.