ამერიკიდან დანახული საქართველო - კვირის პალიტრა

ამერიკიდან დანახული საქართველო

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #23)

საცოდავი 1 ქულით "ნაწილობრივი" თავისუფლებისკენ

"ამერიკელები ვერა და ვერ "მიეჩვივნენ" ჩვენებურ "ზეწესრიგს"

ისევ თვალწინ მიდგას ბრუკლინის ხიდი, თავისუფლების ქანდაკება, აშშ-ის ნაციონალური კონსტიტუციის ცენტრი, სადაც პრეზიდენტების გამოსახულებების გვერდით პოლიტიკოსის ამპლუა წუთით მოვირგე. ასე უფრო ადვილია დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხის შეგრძნება, მისი აღქმა... მაგრამ ახლა საქართველოში ვარ. სამშობლო უფრო პოლარიზებული დამხვდა, საზოგადოება - დაშინებული და დათრგუნვილი...

აშშ-ის კონსტიტუცია, ლინკოლნის საინაუგურაციო სიტყვა, დამოუკიდებლობის დეკლარაცია და ბენჯამინ ფრანკლინის გამოსახულებიანი გერბი ხელში სასოებით მეჭირა, მინდოდა, კოლეგები გამეხარებინა. მაგრამ ზოგიერთი ნაცემი დამხვდა, მხოლოდ იმის გამო, რომ 26 მაისის ღამეს პროფესიული მოვალეობა პირნათლად შეასრულა! Aამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში კი მედიაჰოლდინგ "პალიტრის" 6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრუქტურაში შემოსავლების სამსახური შემოვიდა, რაც ბევრი უცხო ჟურნალისტისთვის "შემთხვევითი" სულაც არ გახლდათ.

"მედიაპალიტრას" სოლიდარობა თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გამოუცხადა.

ჟურნალისტებმა ჩვენგან დამოუკიდებლად გადაწყვიტეს, მოსულიყვნენ მედიაჰოლდინგ "პალიტრის" ოფისთან და მხარდაჭერა გამოეხატათ.

ისევ ამერიკა

არა, "რეფორმირებული" შემოსავლების  სამსახურის პატიოსნებასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, საკითხავია, რამდენად იქნება მისი დასკვნა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და ობიექტური?! "ფრიდომ ჰაუსის" დასკვნის საფუძველზე ვაცხადებ, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის მაღალი ინდექსით გამორჩეული ქვეყანა არა ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ყოველ წუთს გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს.

აშშ-დან წამოღებულ სპეციალურ რუკაზე მსოფლიოში მედიის თავისუფლების ხარისხია ასახული. ჩვენ ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოთა შორის ვართ. თუმცა, ეს სანუგეშო "ნაწილობრივიც" მხოლოდ ერთი საცოდავი ქულით არის გამყარებული. Uუფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი თავისუფლების ხარისხი 50 ქულითაა შეფასებული, 49 ქულის მიღების შემთხვევაში კი "არათავისუფალი სახელმწიფოს" იარლიყით ლიბიის, ეგვიპტის, ჩადის, იემენის,P პაკისტანისა და სომალის  გვერდით აღმოვჩნდებოდით.

ალბათ, ხვდებით, ამ ერთ ქულას, ისევე როგორც "რეფორმირებული" შემოსავლების სამსახურის პოლიტიკურ "დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას" წყალწაღებულივით რომ ვეჭიდები. საინტერესოა, რამდენ ქულას მოგვანიჭებენ "ფრიდომ ჰაუსის" შემდგომ ანგარიშებში?!

- როდის იყო მედიის თავისუფლების უკეთესი ხარისხი საქართველოში? - ვკითხეთ "ფრიდომ ჰაუსის" ვაშინგტონის ოფისის თანამშრომლებს. მასპინძელმა, ქორტნი რედშმა, ცოტა ხნით დაგვტოვა და მონაცემების გადასამოწმებლად გავიდა. "ვწუხვარ, უკეთესი შედეგი არასოდეს გქონიათ, არასდროს ყოფილხართ თავისუფალი", - გადაგვიწურა იმედი უკან დაბრუნებულმა.

პრეზიდენტის ტყავში!

ალბათ, მეტი "ობიექტურობისთვის" კარგი იქნება, სულ ორი წუთით ხელისუფლების ტყავშიც ვიგრძნო თავი! მხოლოდ ორი წუთით (იმედია, ეს ცუდ ჩვევად არ მექცევა). მოკლედ, ასეთი კითხვებიც უნდა დავსვა: "რა ქნას სახელმწიფომ? არ უნდა შეამოწმოს მედიაორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა? Aარ უნდა გაათავისუფლოს ქალაქის ცენტრალური ქუჩები საგაზეთო სტელაჟებისა და "კრიკუნებისგან"? არ უნდა გაყაროს წიხლით აბეზარი გარე მოვაჭრეები, რომლებიც არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად თავისას არ იშლიან? ისინი ხომ ყველაზე მაგარ ქალაქს აუშნოებენ?

აი, ნიუ-იორკში კი ეს ნებადართულია!

ნიუ-იორკის ცენტრალურ უბნებში თვალში მოგხვდებათ დახლები, სავაჭროდ გამოტანილი ჟურნალ-გაზეთები, ჩანთები, ფურჩალები თუ მაქმანები... ჩანს, აქ "ვერ აქტიურობენ" წესრიგის დამცველები! Aაბა, ჩვენთან გაბედოს ვინმემ იგივე, ან ჯარიმა არ ასცდება, ან თავში ჩატყაპუნება! განა ეს მიღწევა არ არის?!

აბა, სცადეთ და ორი წუთით წარმოიდგინეთ, გაზეთების ყუთები თბილისის ცენტრალურ უბნებში ან სულაც გაზეთების გამყიდველი უნიფორმიანი ბიჭები, "კრიკუნები". გეთანხმებით, ამის წარმოდგენა ძნელია! აი, ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს ან სხვა ცენტრალურ ქუჩებში ეს ჩვეულებრივი ამბავია.

რას ვიზამთ, ამერიკელები ვერა და ვერ "მიეჩვივნენ" ჩვენებურ "ზეწესრიგს", მაგრამ ზოგის ბამბა მაინც ოქროზე მეტად ჩხრიალებს!

დასასრულ, შეგახსენებთ ციტატას მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ამერიკული გამოსვლიდან:

"კიევის, კიშინიოვის, მინსკის ქუჩებში ადამიანები ჩვენზე ლაპარაკობენ. მათ აინტერესებთ, მართალია, რომ გზაზე ავტოინსპექცია აღარ გაჩერებთ? მართალია, რომ მართვის მოწმობას სამ წუთში იღებთ? მართალია, რომ გადასახადებს ელექტრონულად იხდით და აღარავინ გლანძღავთ და აღარ ირღვევა კანონი?!"

ჩვენ კი ამ დროს პოლიციელთა ძალის გადამეტების დამადასტურებელ ფაქტებს ვაჩვენებთ, დაღუპულებისა და დაკარგულების შესახებ ცნობებს ვახმაურებთ, უფრო მეტიც, დაკარგულების საპოვნელად ცხელი ხაზი გვაქვს გახსნილი.

ისღა დაგვრჩენია, ცოდვების მოსატევებლად ასჯერ მაინც ვთქვათ - პოლიქრონიონ!

ტრამპის საეჭვო რეპუტაცია

გახსოვთ, ალბათ, დონალდ ტრამპმა მიხეილ სააკაშვილს მსოფლიოს კერპი უწოდა და განაცხადა: "ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პარტნიორი ჰყავს. საქართველო არის პირველი რეფორმატორი მსოფლიოში ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს მსოფლიო ბანკის მონაცემებია. მსოფლიო ბანკის მაჩვენებლების თანახმად, საქართველო პირველობს ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივაც ცენტრალურ  და აღმოსავლეთ ევროპაში", - განაცხადა მან. არადა, ფილადელფიის საზოგადოებრივ ტელერადიომაუწყებლობაში ვიზიტისას ტრამპის ხსენებამ მასპინძლების ღიმილი გამოიწვია.

"ტრამპი მაინცდამაინც არ არის კარგი მაგალითი!" - გვითხრეს და მის საეჭვო რეპუტაციაზე მიგვანიშნეს.

სხვათა შორის, საქართველოში კორუფციაზეც ილაპარაკეს, რაც მათი აზრით ინვესტიციებს ხელს შეუშლის. იგივე საკითხი "ფრიდომ ჰაუსის" ნიუ-იორკის ოფისშიც განვიხილეთ და თურმე ნუ იტყვით, კორუფციის ინდექსის მაჩვენებელი იგივე ყოფილა, რაც 2003  წლის "ვარდების რევოლუციამდე" იყო.

ეს ქართველი ჟურნალისტებისთვის მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების პროპაგანდა, რომელიც "ტრანსფარენს ინტერნეიშენელმა" განაცხადა, - არც ერთ სხვა ქვეყანას ისეთი პროგრესისთვის არ მიუღწევია კორუფციასთან ბრძოლაში, როგორც საქართველოსო, - მაინცდამაინც კარგად ინტერპრეტირებული ვერ გამოდგა.

მხარდასაჭერი წერილები ამერიკიდან

"ძვირფასო ეკა სამწუხაროდ, არა გვაქვს მარტივი პასუხი თქვენს კითხვებზე, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, მედიაკომპანია კერძოა თუ საზოგადოებრივი.

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო კანონმდებლობას, უფლებამოსილია შეასრულოს აუდიტი თავისივე სააგენტოს მანდატის ფარგლებში. თუმც დავძენთ, რომ ამას ყოველთვის აქვს თავისი წინა პირობა და ახლავს წინასწარი გაფრთხილება.

ამ შემთხვევაში, რომ ვიყოთ კორექტულები, ეს სცილდება ჩვენი ცოდნის ფარგლებს, რადგან შეეხება სახელმწიფო რგოლების უფლებებს.

საუკეთესო სურვილებით კორტნი".

"ძვირფასო ეკა სამწუხაროდ, არა გვაქვს მარტივი პასუხი თქვენს კითხვებზე, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, მედიაკომპანია კერძოა თუ საზოგადოებრივი.

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო კანონმდებლობას, უფლებამოსილია შეასრულოს აუდიტი თავისივე სააგენტოს მანდატის ფარგლებში. თუმც დავძენთ, რომ ამას ყოველთვის აქვს თავისი წინა პირობა და ახლავს წინასწარი გაფრთხილება.

ამ შემთხვევაში, რომ ვიყოთ კორექტულები, ეს სცილდება ჩვენი ცოდნის ფარგლებს, რადგან შეეხება სახელმწიფო რგოლების უფლებებს.

საუკეთესო სურვილებით კორტნი".

"სალამი ეკა მე შევიტყვე იმ რევიზიის შესახებ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს თქვენს ორგანიზაციას ეხებოდა. ხვალვე დავეკითხები Kკევინ გოლდბერგს (იურისტს) და მისი პასუხის მიღებისთანავე დაგიკავშირდებით, თუ რა შეიძლება თქვენთვის და ვის შეიძლება დაგაკავშიროთ.

საუკეთესო სურვილებით ეიჩ ჯეი კუმინსი, ჟურნალისტების

საერთაშორისო ცენტრი"

"ამ პასუხის მომზადება ვთხოვე ჩემს კოლეგა ჯონ ფლემინგს.პრესის თავისუფლება თითოეული ამერიკელისთვის ფუნდამენტური კანონია. პირველი ცვლილება აშშ-ის კონსტიტუციაში კრძალავს ნებისმიერი კანონის მიღებას, რომელიც არღვევს რელიგიის, სიტყვის, პრესის, მშვიდობიანი აქციების (შეკრებების) თავისუფლებას, ასევე სამთავრობო დონეზე საჩივრების დაუკმაყოფილებლობას. უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ცვლილება ეხება არა მარტო ფედერალურ მთავრობას, არამედ ნებისმიერ ადგილობრივ თვითმმართველობასაც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობა გამორიცხავს ნებისმიერი საგამომცემლო საქმიანობისთვის, სიტყვისა და ახალი ამბების გავრცელებისთვის ხელის შეშლას ნებისმიერი მიზეზით, რადგან პრესის თავისუფლება გარანტირებულია ჩვენი კონსტიტუციით.

მთავრობა უფლებამოსილია ამა თუ იმ კომპანიისა და მასობრივ საშუალებათა ორგანიზაციის შემოწმებაზე იმ დადგენილი კანონების თანახმად, რომელიც არეგულირებს ვაჭრობას, პროცედურებს, საგადასახადო კოდექსის დაცვას, ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი კანონების შესრულებას. Nთუმცა, ნებისმიერი საკითხის გამოძიება, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის, არ არის საკმარისი მთავრობისთვის იმისთვის, რომ არ დაემორჩილოს კანონში შეტანილ პირველ ცვლილებას, რაც ზემოთ მოგახსენეთ (პრესის თავისუფლების გარანტიასთან დაკავშირებით).

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მიშელ ნეილანდი"