ოჯახის წევრები დაკარგულთა დაბრუნებას ელოდებიან - კვირის პალიტრა

ოჯახის წევრები დაკარგულთა დაბრუნებას ელოდებიან

გასულ კვირას სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 26 მაისის აქციის იმ მონაწილეების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლებიც  დაკარგულებად ითვლებოდნენ. ზოგიერთი ოჯახს დაუბრუნდა, ნაწილი კი იზოლატორებში აღმოჩნდა.

როგორც შევიტყვეთ, არიან ისეთებიც, რომელთა ადგილსამყოფელი  დღემდე უცნობია.  "ოჯახის წევრები დაკარგულთა დაბრუნებას ელოდებიან. კატეგორიულად თავს არიდებენ პრესასთან ურთიერთობას, რადგან ფიქრობენ, ეს მათ მდგომარეობას გაართულებს, ამიტომ  მათ გვარებს მათი ნებართვის გარეშე ვერ დავასახელებ", - განაცხადა უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ.

26 მაისის დარბევის შემდეგ  საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" არაერთმა მოქალაქემ მიმართა, ისინი დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებდნენ. ჩვენ მათ ხელახლა დავუკავშირდით და შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთს, ირაკლი კვარაცხელიას,  ჩოხატაურის იზოლატორში ერთთვიანი ადმინისტრაციული სასჯელი აქვს მისჯილი. ლანჩხუთელი ნონა მურვანიძის თქმით, მისი მეუღლეც ჩოხატაურის იზოლატორში ყოფილა. "როგორც მეუბნებიან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მე დარწმუნებული არა ვარ", - აცხადებს ნონა მურვანიძე.

Nნონა სვანიძე, აქციის მონაწილის დეიდა: "ინტერპრესნიუსს" ჩემი დისშვილის დაკარგვის გამო დავუკავშირდი. საბედნიეროდ,  ის  მეორე Dდღესვე დაბრუნდა. იმ ღამეს ყოფილ პიონერთა სასახლეში ჰყოლიათ დატყვევებული, მერე კი პოლიციის სამმართველოში გადაუყვანიათ. იზოლატორში ასამდე კაცი ჰყოლიათ, ბიჭი ნაცემი დაბრუნდა,  ეტყობა, თავგადაკლული აქტივისტი არ იყო და ამიტომაც გაათავისუფლეს".

ნაპოვნია დემურ მანაგაძეც, რომელიც 30 მაისამდე გაუჩინარებულად ითვლებოდა. ის გლდანის მე-8 საპყრობილეში აღმოჩნდა. "შსს-ს სიაში  მისი გვარი არ იყო. ამიტომ იზოლატორში პოვნის იმედიც გადაწურული გვქონდა. საბედნიეროდ, ნაცემი არ არის", - ამბობენ მანაგაძის ოჯახის წევრები.

როგორც დავადგინეთ, ზურაბ მაყაშვილიც იზოლატორშია. ისიც აქამდე  დაკარგულად ითვლებოდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაკარგულის ადგილსამყოფელი გაირკვა, ბევრის ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში მტკვარმა ორი კაცის ცხედარი გამორიყა - ერთის ვინაობა დაუდგენელია, ხოლო მეორე 59 წლის ოთარ პაპავაა. მდინარე მტკვარმა რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლამდე უცნობი ქალიშვილის ცხედარიც გამორიყა.  გარეგანი დათვალიერებით გარდაცვლილს მცირედი დაზიანებები აღენიშნებოდა.

ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მომიტინგეების გაუჩინარებას დაუკავშირა, მაგრამ ეჭვის გასამყარებლად ჯერჯერობით არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ გამორიყული ცხედრები სწორედ 26 მაისის დარბევის მსხვერპლია. სამაგიეროდ, საინფორმაციო სააგენტო "საქინფორმი" სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე იუწყება, რომ მცხეთის ერთ-ერთი ხიდის ქვეშ იპოვეს  ხელბორკილდადებული ოთხი მოქალაქის ცხედარი. ჩვენ ვცადეთ ამ ინფორმაციის გადამოწმება ადგილობრივ მოსახლეობასთან, მცხეთელებს ამგვარი არაფერი სმენიათ.

ოფიციალური სტრუქტურები დაკარგულად  არც ერთ მოქალაქეს არ განიხილავს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, მიეწოდებინა ინფორმაცია 26 მაისის არასანქცირებული მიტინგის დაშლის დროს დაკარგული მოქალაქეების შესახებ, მაგრამ სამინისტროში არც ერთი განცხადება არ შესულა. განცხადებებით არ მიუმართავთ არც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

მანანა კობახიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი": "არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის არავის მიუმართავს ოჯახის წევრის გაუჩინარების ცნობით.  ვინც იზოლატორში არ აღმოჩნდა, ჩანს, პატრონებმა მათ ადგილსამყოფელს მიაგნეს.  გვამებს კი მტკვარი თითქმის ყოველდღე რიყავს, მაგრამ უკავშირდება თუ არა ეს 26 მაისის ღამის მოვლენებს, ვერ გეტყვით."