"ყოველთვის მითქვამს, თუ დასჭირდა თემირლანის საქმეს, პოლიტიკაში კი არა, ჯოჯოხეთშიც წავალ" - კვირის პალიტრა

"ყოველთვის მითქვამს, თუ დასჭირდა თემირლანის საქმეს, პოლიტიკაში კი არა, ჯოჯოხეთშიც წავალ"

"ძალიან ღირსეული პარტიაა "ნაციონალური მოძრაობა"

მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება. იგი სოფელ დუისის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ამბობს, რომ მას ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა აქვს.

- ბატონო მალხაზ, რატომ გადაწყვიტეთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა?

- ჩემი ოჯახის ტრაგედიის შემდეგ მე სულ აქტიური ვარ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება და სისტემა მართვის სადავეებს ჩამოშორდეს, როგორმე ხელისუფლებაში ხალხზე მზრუნველი მთავრობა მოვიდეს. ხეობაში ადამიანებს ღიად უჭირთ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. რამდენიმე ადამიანთან მოლაპარაკებაც მქონდა, კენჭი ეყარათ, როგორც ოპოზიციის კანდიდატებს და მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. მეც მქონდა შემოთავაზება, დამოუკიდებლადაც მეყარა კენჭი, მაგრამ არ მინდოდა, ჩემი სახელი პოლიტიკასთან დაკავშირებულიყო, ამიტომ უარი ვთქვი. საბოლოოდ, გამოჩნდა ხეობაში ახალგაზრდა ენერგიული ბიჭი, ვითომ დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს. ჩემთან შეთანხმებაც ჰქონდა, დავუჭერდი მხარს და ისიც საბოლოოდ ოპოზიციას დაუჭერდა მხარს, მაგრამ ამასობაში სუსმა ისიც გაშიფრა. საინიციატივო ჯგუფის შექმნის ვადებიც ამოიწურა. ძალიან ღირსეული პარტიაა "ნაციონალური მოძრაობა". ჩემთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ცდილობს, როგორმე ეს მახინჯი სისტემა და ხელისუფლება სახლში გაუშვას და მე მათთან ვარ. ხეობაში ოპოზიციის მხრიდან კანდიდატი არ გამოჩნდა. ვერავინ გაბედა და იძულებული გავხდი, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად ჩემი კანდიდატურა დამეფიქსირებინა.

- დუისის მოსახლეობა როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?

- არის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ჩემი ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს, უმეტესობამ კი მოიწონა. ყველას თავისი ხედვა აქვს და ვერ დაუშლი. თავის დროზე, როცა "ქართული ოცნება" მოდიოდა ხელისუფლებაში, ბევრმა მათ მხარი დაუჭირა, რადგან ისეთი დაპირებები ჰქონდათ, ხალხმა მათი დაიჯერა. იქიდან შემორჩა ხეობაში მომხრეების პატარა პროცენტი მანამ სანამ არ გავედი ქუჩაში და არ დავიწყე ბრძოლა ამ მახინჯი სისტემის წინააღმდეგ. მერე ქისტი მოსახლეობაც მიხვდა ნელ-ნელა რა შეცდომებსაც უშვებდა "ქართული ოცნება". გაყალბებით მოიგეს წინა არჩევნები. ჩემი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ციფრებმა კიდევ წინ წამოიწია. ყველას თავისი აზრი აქვს და ვერ დაუშლი. მე დღეს იძულებული გავხდი, ჩავრთულიყავი პოლიტიკაში. ყოველთვის მითქვამს, თუ დასჭირდა თემირლანის საქმეს, პოლიტიკაში კი არა, ჯოჯოხეთშიც წავალ. ეს საქმე ბოლომდე მისაყვანი მაქვს და ბოლომდე მივიყვან იმ პატრიოტ ადამიანებთან ერთად. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მე მებრძვის მთელი მძლავრი მანქანა, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ღმერთის ძალაა საჭირო და იმ ღირსეული ადამიანების ბრძოლით მივაღწევთ ჩემს სამართალს და დანარჩენი, იმ უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების სამართალს. მარტო ჩემზე არ არის საუბარი. უამრავი ადამიანია უსამართლოდ დაჩაგრული და ზუსტად მათი კანდიდატი ვარ მე. ჩემთვის ერთია ქისტი და ქართველი, მე არ ვასხვავებ. გასაგებია, რელიგიით განსხვავებაა, მაგრამ სხვა განსხვავება არ არის. ჩვენ ვართ ამ კუთხის შვილები, აქ დაბადებულები, აქ გაზრდილები და ამ ქვეყანაზე შეგვტკივა გული.

პირველ რიგში, პანკისის ხეობაში არსებული სიტუაცია უნდა შეიცვალოს. დღეს ეს ხეობა მთლიანად კონტროლდება ძალოვანი სტრუქტურების მიერ. გასაქანს არ აძლევენ მოსახლეობას. აქ მოსახლეობის 70 პროცენტს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ემუქრებიან, მოქალაქეობას გაგიუქმებთო, სოციალურად დაუცველს კი დახმარების მოხსნით ემუქრებიან. ხალხი დაშინებულია. ყოველ ჯერზე იმის ილუზიას ქმნის დღევანდელი მახინჯი სისტემა და სტრუქტურები, უშიშროება და სუსი, ვითომ ხეობაში არიან ადამიანები, რომლებიც ტერორიზმს უკავშირდებიან. რამდენიმე დღის წინაც იგივე მოხდა. არადა, თვითონ ჰყავთ ადამიანები "დავერბოვკებული". ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მიჰყავთ დასაკითხად და იქ "ავერბოვკებენ", მერე უშვებენ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. უნდათ, ეს ახალგაზრდები საარჩევნოდ და, ასევე, სხვა საქმეებში გამოიყენონ. ასეთი ვითომ ოპერაციებით კი ცდილობენ დასავლეთს დაანახონ, თითქოს, ხეობაში არიან ასეთი ადამიანები. ამ გზით ფულის მოზიდვაც ხდება. საბოლოოდ, ხომ უნდა აღმოვფხვრათ ხეობიდან ეს ყველაფერი, ყველაზე მიუღებელ სისასტიკეს ჩადიან მოსახლეობის მიმართ.

- 5 ადამიანი დააკავეს რამდენიმე დღის წინ "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით, თვლით, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ?

- ხუთივე ისეთი ბავშვია შერჩეული, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ და არც განათლება აქვთ. ზოგს მამა არ ჰყავს, ზოგს საერთოდ არც ერთი მშობელი. ასეთი ადამიანები ამოარჩიეს ქისტებში, იციან, მათი ოჯახებიდან ვერავინ გამოვა ქუჩაში, ვერ იყვირებს და ვერ გააპროტესტებს მათ დაკავებას. მხოლოდ მე ვარ მთელ ხეობაში, რომელიც ამ თემაზე ხმამაღლა ვსაუბრობ და ჟურნალისტებს ყოველთვის ვპასუხობ. გაუსაძლისია და უბედურებაა, რომ ასეთი ადამიანები არიან დღეს ხელისუფლების და სუსის მსხვერპლები. რა უნდა დაგვაჯერონ, რომ სადღაც კავშირი ჰქონდათო? ეს ტყუილია. ან ისლამური სახელმწიფოს შექმნაზე რომ საუბრობენ, რა ხანია, დაიშალა და დაინგრა, ყველა მოკლეს. ახლა უნდათ ეს გაუნათლებელი ახალგაზრდები შეწირონ? ამაზე დუმილი არ შეიძლება.

- ამბობთ, რომ მათ განათლება არ აქვთ, ხომ შეიძლება ასეთ ადამიანებს ტერორისტული ჯგუფები იყენებდნენ?

- რა კავშირი, რისი კავშირი. არ გაუვა ეს ამ ხელისუფლებას. მათ იყენებს ბინძური სუსი, რომ დასავლეთს დაანახონ, თითქოს რაღაცას ებრძვიან, ეს დიდი ფულია მაგათთვის. ასევე, რუსებს დაანახონ, ჩვენ თქვენთვის ნიადაგს ვამზადებთ პანკისის ხეობაშიო. დააკვირდით, ხატიაშვილი, მარგოშვილი, მაჩალიკაშვილი, ბოლოთაშვილი, ქავთარაშვილი - მეტი გვარი კი არ არის ხეობაში. თითო გვარიდან თითო ადამიანია აყვანილი, რომ მერე ევაჭრონ ხეობაში ამ გვარების წარმომადგენლებს და უთხრან, არჩევნებში ამდენ ხმებს მოიტანთ და თუ გინდათ, მათ გამოვუშვებთო. ვინ რა ჩაწერა, ყველაფერი ხომ იცოდნენ, სამუშაოზე თურქეთში რომ წავიდნენ, ესეც იცოდნენ და გამოიყენეს ყველაფერი. ეს ხალხი უნდათ გამოიყენონ, ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს. გინდა ვიყო პოლიტიკაში, გინდ - არა, მე ამ ბრძოლაში ყოველთვის წინა ხაზზე ვიქნები და ხეობაში იმ ნაძირლებს ხალხის დატერორება არ გამოუვა.

- ფიქრობთ, რომ ახლა ხელისუფლება თქვენ დაგიპირისპირდებათ და ხალხს დააშინებს?

- ამას ველოდები. სუსს იმდენი ენის მიმტანი და "ნასეტკა" ჰყავს შემოშვებული ხეობაში, ზოგი ტურისტის სახელით მოდის, ზოგი სხვა სახელით. როგორც კი გაჟღერდა მაჩალიკაშვილთან კავშირი, მაშინვე დაიწყეს მოქმედება. როგორც ზემოთ უკვე გითხარით, იმ ახალგაზრდა ბიჭს კენჭი უნდა ეყარა, როგორც კი მე შემხვდა, მეორე დღესვე წაიყვანეს უშიშროებაში, მაჩალიკაშვილს რატომ შეხვდიო, დააშინეს და გამოუშვეს. მე პირველი დღიდან ვებრძვი ამ სახელმწიფოს და პოლიტაში ჩართვა, ეს არის ჩემი ბრძოლის ნაწილი. მე ჩემს პრინციპებს არ ვუღალატებ არასდროს. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ, ღმერთის ნებით, გამარჯვება იქნება.

(სპეციალურად საიტისთვის)