"საქართველოსთვის ტერორისტული და ნარკოტრაფიკის საფრთხე იზრდება..."' - კვირის პალიტრა

"საქართველოსთვის ტერორისტული და ნარკოტრაფიკის საფრთხე იზრდება..."'

"გამაოგნებელია ჩვენი პოლიტიკური კლასის დეგრადირების ხარისხი. ასეთივე მიდგომა აქვთ პანდემიისადმიც. მეჩვენება, რომ საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შარშანაც ასე არ მოხდა?"

გასულ კვირას პოლიტიკური პროცესის მთავარ თემად იქცა 2 ოქტომბერს ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხი. ინიციატივით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოვიდა.

"არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი არ არის წმინდად პოლიტიკური, ეს უფრო მეტად ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხია... თუ ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ გაუგებარია, რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში და რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე", - განაცხადა ლომჯარიამ და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს არჩევნების ჩატარების შემთხვევაში გაჩენილი საფრთხის შეფასებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ საკითხის წამოჭრა ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რადგან მათ არჩევნების წაგების ეშინიათ.

"არჩევნების გადადების იდეა ემსახურება არა ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქებას, არამედ დამარცხებისთვის განწირული ოპოზიციისთვის "მაშველი რგოლის" გადაგდებას", - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ხელისუფლება კი ამტკიცებს, არჩევნების გადადება ოპოზიციას აწყობსო, მაგრამ აშკარაა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ამ საკითხთან დაკავშირებით ერთნაირი პოზიცია არ აქვთ. მეტიც, ჩანს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" კი აზრთა სხვადასხვაობაა. მაგალითად, ომბუდსმენის ინიციატივაზე საუბრისას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ეპიდემიოლოგებისა და ექიმების პოზიცია და მთავარი გადაწყვეტილება სწორედ ამ პოზიციის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ. მელიასგან განსხვავებით, კატეგორიულია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია. მისი თქმით, 2 ოქტომბრის "რეფერენდუმის" გადადება არც კი უნდა განიხილებოდეს.

კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მზარდი სტატისტიკის ფონზე, როცა პაციენტებს კლინიკები ვეღარ იტევს, ისმის კითხვა: "ვის აძლევს ხელს არჩევნების გადადება - ხელისუფლებას, ოპოზიციას თუ საზოგადოებას?"

სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- მოდი, უფრო ზოგადად განვიხილოთ ეს საკითხი. ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ჩვენ, ყველა, ვიქეცით პოლიტიკური ძალების მძევლებად. ეს ძალები - ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში მყოფი - ცდილობენ, ყველაფერი სათავისოდ გამოიყენონ და საკუთარ ინტერესებს მოარგონ. გამაოგნებელია ჩვენი პოლიტიკური კლასის დეგრადირების ხარისხი. ასეთივე მიდგომა აქვთ პანდემიისადმიც. მეჩვენება, რომ საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შარშანაც ასე არ მოხდა? არჩევნებს შესწირეს სტაბილური ეპიდვითარება და არაერთი ადამიანის სიცოცხლე. იგივე ხდება ახლაც.

ასე გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში რატომ არ გამოცხადდა ლოკდაუნი? მხოლოდ იმიტომ, რომ ოქტომბერში არჩევნებია. ეს რომ არა, დარწმუნებული ვარ, სერიოზულ შეზღუდვებს დააწესებდნენ. გაიძახიან, მკაცრ შეზღუდვებს ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებსო, სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ - როგორმე არჩევნები მოიგონ. არის მეორე საკითხიც - ჩემი აზრით, არაკეთილსინდისიერად, მეტიც, ცინიკურად იყენებენ ანტივაქსერების სულისკვეთებას. ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას. გაჩნდა პოლიტიკური კასტა, რომელმაც პოპულარობა ეპიდემიოლოგებისა და ექიმების ლანძღვით მოიპოვა, არადა, ამ ქვეყანაში რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, ყველაფრის ფასად ცდილობს, მართოს ეს საშინელი პანდემია. გასაოცარია მედპერსონალის გმირობის ტოლფასი შრომა! ეს ხალხი, წელიწადზე მეტია, უკიდურესად დაძაბულ პირობებში მუშაობს და მათ დღედაღამ მადლობას უნდა ვუხდიდეთ, მაგრამ ხდება პირიქით - თითქოს ყველაფერი გატეხილ სარკეში ირეკლება.

პოლიტიკურ პარტიებს დავუბრუნდეთ... მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათმა დიდმა ნაწილმა საერთოდ დაკარგა ქვეყანასთან დამაკავშირებელი ძარღვი. მე თუ მკითხავთ, ასეთი პოლიტიკური პარტიების გარეშე გაცილებით უკეთ ვიცხოვრებდით.

ისევ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა თემას რომ დავუბრუნდეთ, შეიძლება ითქვას, მათ წინააღმდეგ თითქოს მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. ამ საკითხზე ბოლო ხანს ბევრს ვფიქრობ. სხვათა შორის, ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრიც გახდა სერიოზული თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ, რაც ექიმებს დაუჭირა მხარი. რთულია ამ აგრესიული გამოხდომების მიზეზების ზუსტად გარკვევა, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ასეთი ადამიანები არიან ყველგან, ყველა პოლიტიკური წყობის პირობებში. რადიკალური ჯგუფები თანამედროვე ევროპულ ქვეყნებშიც გვხვდებიან - მაგალითად, საფრანგეთში ე.წ. ყვითელი ჟილეტების მოძრაობა და ა.შ. ისინი სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობენ. მათი მოქმედება ჩვენ კარგად დავინახეთ 5-6 ივლისს, როდესაც აგრესია მიმართული იყო ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ, საბოლოოდ კი თავდასხმის ობიექტად მედიის წარმომადგენლები იქცნენ. ეს ჯგუფები ახლა აქტიურად ჩაერთვნენ ანტივაქსერულ მოძრაობაში და კვლავაც გამოირჩევიან აგრესიულობით, განსაკუთრებით - სოციალურ ქსელებში. მათ ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ ძალადობრივად გალაშქრება სურთ. ისინი ნებისმიერი ხელისუფლების დროს ასე მოიქცევიან, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, როგორია მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება, რადგან ისინი საბოლოოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიან, მას უთხრიან ძირს. დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების 2%-ს თუ შეადგენს, მაგრამ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან და ამიტომაც ვხედავთ მათ თუნდაც სოციალურ ქსელში ასე ხშირად. მათი ქცევა, ჩემი აზრით, გამოწვეულია არასრულფასოვნების კომპლექსით. ქვეცნობიერად თუ ცნობიერად მათი განცდა ასეთია: ვერაფერს ვაკეთებ, არაფერი გამომდის, ამაში კი დამნაშავე სახელმწიფოა.

როგორც უკვე ვთქვი, რადიკალური ჯგუფების აქტიურობას სჭირდება სახელმწიფოს ძალიან მკაცრი პასუხი, მაგალითად, ისეთი, როგორიც გაეცათ ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქტივისტებს საფრანგეთში, როდესაც 7000-მდე კაცი დააპატიმრეს.

რა მოხდა ჩვენთან? 5-6 ივლისის მოძალადეებიდან 10 კაცამდე თუ დაიჭირეს და საქმე ორგანიზატორების პასუხისგებამდე არც მისულა. სახელმწიფოს ამგვარი მოქმედება მათ არასახელმწიფოებრივ საქციელს უფრო წაახალისებს.

გასათვალისწინებელია ერთიც - ამგვარი ჯგუფების გამოყენებას მუდმივად ცდილობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები. ძირითადად, ეს ხალხია ის რეზერვი, რომელიც ჩვენში უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

სამწუხაროდ, ამგვარი რადიკალური ჯგუფების არსებობას ვერსად გავექცევით, მაგრამ, ვიმეორებ, მათ მოქმედებას ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს.

- საარჩევნო თემას დავუბრუნდეთ... ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პროცესი პასიურად მიმდინარეობს, რაზეც გავლენას, ბუნებრივია, ეპიდემიოლოგიური ვითარებაც ახდენს, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციის პასიურობა განსაკუთრებით უცნაურია... - ეს ბევრი მიზეზით შეიძლება აიხსნას. უპირველესად უნდა გავიხსენო ის ბოიკოტი, რომელიც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოაცხადა, რაც, ჩემი აზრით, დრამატული შეცდომა იყო. ოპოზიციას ჰყავდა და ჰყავს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ბოიკოტით მათ მხარდამჭერთა ნაწილი დაკარგეს. ეს განსაკუთრებით ეხება პატარა პარტიებს, რომელთაც სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ისედაც არ აქვთ საკმარისი რესურსი.

ცალკე "ნაციონალური მოძრაობაც" უამრავ შეცდომას უშვებს, განსაკუთრებით - რევოლუციური რიტორიკით და სულ ქუჩის აქციებზე ლაპარაკით. ხალხს უნდა სიმშვიდე, სტაბილურობა. დღეს ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად არეულობის შიში აფრთხობს, "ნაცმოძრაობა" კი რადიკალური განცხადებებით სწორედ ამ შიშს ამძაფრებს...

დღეს პოლიტიკურ სპექტრში გამონაკლისია გიორგი გახარია. ის სწორად იქცევა, როდესაც პოლიტიკურ არენაზე დამკვიდრებულ ნეგატიურ დღის წესრიგს არ უერთდება და ცდილობს, პოზიტიური ნარატივი შემოიტანოს.

ჩემი აზრით, ოქტომბრის არჩევნებში ის ძალიან საინტერესო შედეგებს გვაჩვენებს. ასევე საინტერესო იქნება, ვის დაასახელებს თბილისის მერობის კანდიდატად. ცხადია და ყველა აღიარებს, რომ კახა კალაძე რეიტინგული ფიგურაა. მოგვწონს თუ არა, მას გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. გახარიას კანდიდატმა შეიძლება ვერც გაიმარჯვოს, მაგრამ ვინ იქნება ეს ადამიანი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აჩვენებს, რა ჰუმანური რესურსი აქვს გახარიას პოლიტიკურ ძალას. "ქართული ოცნების" ყოფილი ჩინოსნები, რომლებიც მასთან გადავიდნენ, ახალ კადრებად ვერ ჩაითვლებიან. ისინი მაინც ერთ "ქვაბში მოხარშული" ხალხია. საინტერესოა, აქვს თუ არა გახარიას ამ ქვაბის გარეთ კადრების მოძიების რესურსი, პოლიტიკაში ახალი და საინტერესო ადამიანების მოყვანის შნო.

- როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი ცდილობს, გიორგი გახარია ჩვენში დამკვიდრებულ ლანძღვა-გინების კორიანტელში ჩაითრიონ. "რა თქმა უნდა, ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე და მეტსაც ვიტყვი, გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ. ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე", - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა წინამორბედზე მარტვილში ყოფნისას... - ნამდვილად ძალიან ცდილობენ, რაც ჯერჯერობით არ გამოსდით და გახარიას მხრიდან ეს სწორი პოზიციაა, ღარიბაშვილის ამდაგვარი განცხადებები კი "ქართული ოცნების" წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს. ასეთი დაპირისპირება ადამიანთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ მათი მთავრობის პირველი პირი იყო, სიბეცეა.

ზუსტად ასევე არასწორად იქცევა "ნაციონალური მოძრაობა", როდესაც მას ბიძინა ივანიშვილის მეორე პროექტად მოიხსენიებს. რაც უფრო გალანძღავენ, დამერწმუნეთ, მით უკეთესი გახარიასთვის, მით უფრო, რომ ის ამგვარი ლექსიკით არავის პასუხობს.

ხალხი ამ ლანძღვა-გინებას, წლებია, უსმენს და ყელში აქვს ამოსული. აღარავის უნდა ამის მოსმენა. ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ, რა ელის მათ სოციალურ მდგომარეობას.

ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს ორი პარტიის ორთაბრძოლად ქცეული პოლიტიკური თამაში და გამოჩნდეს ძალა, რომელიც მესამე პოლიტიკურ ცენტრად იქცევა, ვნახოთ, ამის პერსპექტივა გახარიას ნამდვილად აქვს.

- კიევში ვიზიტისას ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელმაც ამ შეხვედრის შემდეგ "ტვიტერში" დაწერა: "მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით - რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით". მოგეხსენებათ, ამ შეთანხმებიდან "ქართული ოცნება" ერთპიროვნულად გავიდა. აქედან გამომდინარე, რას ნიშნავს მიშელის განცხადება? შესაძლოა ქვეყანას მართლაც შეუწყდეს ფინანსური დახმარება და დაუწესდეს სანქციები იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" 43%-იან მხარდაჭერას ვერ მიიღებს და ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს? - მეეჭვება, ეს მოხდეს. სანქციების დაწესებას ნაკლებად ველი, მით უფრო, რომ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარებას აპირებენ.

"ქართულ ოცნებას" 43%-იანი მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა, რომ არ გამოჩენილიყო გიორგი გახარია. "ქართულ ოცნებას" ხმები მხოლოდ მან შეიძლება გაუყოს. გიორგი გახარიას, როგორც ჩანს, კარგა ხნით ადრე უნდოდა "ოცნებიდან" წასვლა, ამიტომ პარტიულ თუ სახელისუფლებო სტრუქტურებში საკმარისად შეიყვანა თავისი ხალხი. თუ ის მოახერხებს და მომავალ არჩევნებში ორნიშნა მხარდაჭერას მოიპოვებს, მას კიდევ არაერთი მოქმედი ჩინოსანი თუ "ოცნების" მხარდამჭერი შეუერთდება. ჩასაძირავად განწირული გემიდან ვინ გარბის პირველად, ხომ იცით... არ არის გამორიცხული, მან საპარლამენტო უმრავლესობის დაშლაც მოახერხოს, რის შემდეგაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელი იქნება.

თუ "ქართულმა ოცნებამ" ხმების 43% მიიღო და გახარიასაც შთამბეჭდავი მხარდაჭერა არ აღმოაჩნდა, მაშინ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის.

გახარიას ხელშია მისი პოლიტიკური წარმატება... მოგეხსენებათ, ჩვენი ამომრჩევლის დიდი რაოდენობა ბოლოდროინდელ არჩევნებზე საერთოდ არ მიდიოდა. ახლა "ოცნება" ცდილობს, ელექტორატის ეს ნაწილი კვლავ არ გააქტიურდეს... ვნახოთ, როგორ მოახერხებს გახარია "ოცნებისთვის" ამაში ხელის შეშლას და მხარდამჭერთა მობილიზებას.

- მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქაბული აიღეს, ავღანეთს "თალიბანი" აკონტროლებს, რაც როგორც ამ ქვეყანას, ისე მთელ რეგიონსა და მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. რამდენიმე დღის წინ მასშტაბური ტერაქტი მოხდა ქაბულის აეროპორტში, საიდანაც ქვეყნიდან გაქცევას ათასობით ავღანელი ცდილობს. მსხვერპლი დიდია, ტერაქტზე პასუხისმგებლობა კი "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, რომლის წევრობის ბრალდებითაც საქართველოში გასულ კვირას პანკისის ხუთი მცხოვრები დააკავეს... - ფაქტია, რომ "თალიბანის" დაბრუნების შემდეგ სხვა ტერორისტული ორგანიზაციებიც გამოიღვიძებენ, შესაბამისად, მსოფლიოში და მათ შორის - ჩვენს რეგიონშიც, ტერორისტული რისკი გაიზრდება.

საშინელებაა, რაც ავღანეთში მოხდა. ეს არის დიდი ტრაგედია. მხოლოდ ტერაქტს არ ვგულისხმობ, რომელიც თვითონ თალიბებისთვისაც საზიანო იყო. ავღანეთში "თალიბანის" რეჟიმის დაბრუნებაა საშინელება.

თავის დროზე მოჯაჰედები ამერიკელებმა შექმნეს ავღანეთში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად. ერთ-ერთი პირველი, ვინც გაწვრთნეს და დააფინანსეს, იყო უსამა ბინ ლადენი. "ისლამური სახელმწიფოც" იმ ჯგუფების საფუძველზე შეიქმნა, რომელთაც ამერიკელები ამარაგებდნენ ფულითა და იარაღით ბაშარ ასადის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასე რომ, ამერიკის წინდაუხედავი და გაუთვლელი ნაბიჯების შედეგია ეს ყველაფერი. კონკრეტულ მომენტში სჭირდებათ და დგამენ რაღაც ნაბიჯს ისე, რომ არ ფიქრობენ, 10 წლის შემდეგ ეს რა შედეგს მოიტანს.

თალიბების მოძრაობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოძრაობაა ისლამურ სამყაროში. ახლა, ალბათ, სახელმწიფოს აშენებას ეცდებიან, მაგრამ ეს სახელმწიფო გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე ირანი. ეს იქნება არნახულად სასტიკი ისლამური რეჟიმი, სადაც შარიათის ყველა მუხლი იქნება დაცული. მოკლედ, საქმე გვაქვს საშინელ რეგრესთან, რაც რეგიონზე დიდ გავლენას მოახდენს. ავღანეთში "თალიბანის" გამარჯვებამ ყველა ტერორისტული ორგანიზაცია გაააქტიურა, პირველ რიგში კი "ისლამური სახელმწიფო". მადლობა ღმერთს, რომ ავღანეთს არ ვესაზღვრებით და პირდაპირი საფრთხე ახლა არ გვემუქრება, მაგრამ როგორც ტერორისტული, ასევე ნარკოტრაფიკის საფრთხე საქართველოსთვის იზრდება.