"მერე უკვირთ, რატომ აგებენ არჩევნებს..." - კვირის პალიტრა

"მერე უკვირთ, რატომ აგებენ არჩევნებს..."

"ხელისუფლებას ხელს აძლევს არჩევნების ახლა ჩატარება - აქვს ადმინისტრაციული რესურსი და ხედავს, რომ ოპოზიცია აშკარად მოუმზადებელია..."

როგორ მუშაობენ პოლიტიკოსები ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად და რომელი პოლიტიკური ძალა როგორ გამოიყურება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე? რა საფრთხეს ან პირიქით, ხელსაყრელ შესაძლებლობას შეიცავს საქართველოსთვის ავღანეთის მმართველობაში "თალიბანის" დაბრუნება? - ამ საკითხებზე პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრა:

- არ მიკვირს, ოპოზიციის წინააღმდეგობრივი განცხადებები არჩევნების ჩატარება-არჩატარებაზე, "ნაცმოძრაობაც" კი აირია - ჯერ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, გადავიტანოთო, მაგრამ შემდეგ სააკაშვილმა დაწერა სოცქსელის თავის გვერდზე, არავითარ შემთხვევაშიო.

ოპოზიცია ხან ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ხან კი დანიშნულის გადატანას. ეს ამომრჩეველს აბნევს. არადა, არჩევნების თარიღზე კარგი კამპანიის აგორება შეეძლოთ, რადგან ეს ინიციატივა სახალხო დამცველისგან, აპოლიტიკური ფიგურისგან წამოვიდა, ქვეყანაში კი ეპიდვითარება უმძიმესია, ამის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი ასეთ პოზიციას გაგებით შეხვდებოდა. შემდეგ, რადგან სააკაშვილმა უარი თქვა და მასზე გავლენიანი ლიდერი ოპოზიციაში არ არსებობს, თავადაც აღშფოთდნენ, არა, არ გადავიტანთო. ასეთი განცხადებები არათანამიმდევრულობაზე მიუთითებს, რაც ოპოზიციის ისედაც შელახულ იმიჯს უფრო აზიანებს.

ხელისუფლებას ხელს აძლევს არჩევნების ახლა ჩატარება, რადგან ჯერ ერთი, აქვს ადმინისტრაციული რესურსი და მეორე - ხედავს, რომ ოპოზიცია აშკარად მოუმზადებელია, ამდენი ხანი უაზროდ გააცდინეს... ეტყობა, ეს ოპოზიციამ თავადაც გაიაზრა და არჩევნების გადატანაზე დაიწყეს ლაპარაკი. წინ თვითმმართველობის არჩევნებია, არადა, არ ჩანს მათი აქტიურობა, რეგიონის მოსახლეობის პრობლემებზე საუბარი. მერე უკვირთ, რომ არჩევნებს აგებენ. მმართველი პარტიის მაქინაციები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ცნობილია, მაგრამ თუ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა კარგად იმუშავებს, მისი დამარცხება მარტივი არ იქნება... ამის მაგალითი კარგად აჩვენა თავის დროზე გრიგოლ ვაშაძემ, როცა საპრეზიდენტო კამპანიისას რეგიონები მოიარა და კინაღამ დაამარცხა არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ამხელა ძალა უმაგრებდა ზურგს. თუ რეგიონში არ ივლი, ხალხის პრობლემებით არ დაინტერესდები და შემდეგ წაგებას ხელისუფლებას დააბრალებ, არავინ გამოვა შენს მხარდასაჭერად.

- მმართველი გუნდი "ნაციონალების" კვალდაკვალ გიორგი გახარიას კრიტიკაზეც გადაერთო. მისგან საფრთხეს გრძნობენ? - ღარიბაშვილს ახასიათებს თანამდებობისთვის შეუფერებელი გამოსვლები. უფრო საინტერესო ის არის, გახარიას რატომ მიუქსიეს მმართველი გუნდი. ღარიბაშვილის გარდა, შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ ირაკლი კობახიძე და მისი კალიბრის პოლიტიკოსები.

შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილების შექმნა სურთ, თითქოს გახარია ძლიერი ოპოზიციური ძალაა, ამით ოპოზიციას წაართმევს ხმებს, "ოცნებისას" კი ვერ წაიღებს. მგონი, წაუგებელი თამაშია, თორემ რა კარგი ან ცუდი თვისებები ჰქონდა გახარიას, "ოცნებაში" ყველამ კარგად იცოდა და ხმა არ ამოუღიათ. პირიქით, აქებდნენ და ადიდებდნენ.

ამასთან, ახალი ფიგურები არც ამჟამად გამოკვეთილან. ვნახოთ, არჩევნებში როგორ შედეგს მიიღებს. როცა ასპარეზზე გამოვიდნენ, 3%-იანი რეიტინგი ჰქონდათ. ვფიქრობ, გახარია 10%-ს მაინც ელოდება.

ერთმანეთის პირისპირ ისევ ორი ძალაა. "ოცნების" მთავარი ოპონენტი სააკაშვილია, რომელსაც საკმაოდ მაღალი ნეგატიური რეიტინგი აქვს... "ნაციონალები" კი ოპოზიციაში ისევ უალტერნატივო ძალაა. ბოლო არჩევნებშიც გამოჩნდა, რომ ყველა ოპოზიციური ძალა იძულებულია მასთან ითანამშრომლოს. შესაბამისად, ორ მთავარ პოლიტიკურ პარტიას სავსებით აწყობს ეს თამაში, სხვები კი ჯერ ალტერნატივას ვერ ქმნიან...

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "ქართულმა ოცნებამ" 43% ვერ აიღო? - ამ შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოებიდან წამოვა ძლიერი ზეწოლა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პარტიაში დაიწყოს განხეთქილება - "ოცნების" ნაწილი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიემხროს და მოითხოვოს კიდეც მიშელის დოკუმენტის შესრულება... რა გზას აირჩევენ ისინი, ცალკე იბრძოლებენ თუ ვინმეს შეუერთდებიან, ამის პროგნოზი ძნელია. რაც შეეხება ოპოზიციას, ამ რეალობით, რასაც ახლა წარმოადგენენ, ხალხის ქუჩაში გამოყვანის რესურსი არა აქვთ! შესაბამისად, თუ "ოცნებამ" 43% ვერ აიღო, ვრჩებით საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის იმედად...

- ერთი ვერსიით, გახარიაც ივანიშვილის პროექტია "ოცნების" საპირწონედ და ამ გუნდებს, როგორც ივანიშვილისთვის, ასევე ამომრჩევლისთვის თავიანთი უპირატესობის დამტკიცება მოუწევთ... - ეს ისედაც გასაგებია, ვინც ამომრჩევლის მეტ ქულას მოიპოვებს... მაგრამ "ოცნებას" ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსი აქვს. თუ გახარია ივანიშვილის პროექტია, არა მგონია, ეს შეჯიბრება სერიოზული იყოს, რადგან რესურსებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. გახარია უფრო ოპოზიციისთვის ხმების წართმევისკენ იქნება მიმართული... სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ ივანიშვილი რაღაც ზეთეორიების მოფიქრებისა და განხორციელების უნარს ფლობდეს.

- თუ "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და თანაც დამაჯერებლად, ეს საით წაიყვანს ქვეყანას? - ისევ იქ დავრჩებით, სადაც 9 წელია ვართ. ძალიან ნელი, კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ. თუ ხუთი წლის წინ მცირედი ეკონომიკური წინსვლა მაინც გვქონდა, პანდემიამ ძალიან დაგვარტყა.

დემოკრატიის განვითარებას უამრავი ფაქტორი უშლის ხელს: უპირველესად პოლარიზაცია, მეორე - მმართველ გუნდში ყველა ხელისუფლებას ებღაუჭება და მესამე - სიღარიბე. ღარიბ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება მარტივი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნების დღეს უპრობლემოდ შეიძლება გაიყიდოს, რადგან ღარიბია.

- საგარეო პოლიტიკაზეც გკითხავთ - რას შეცვლის საქართველოსთვის ავღანეთის სათავეში "თალიბანის" მოსვლა? - ავღანეთი ისევ ტერორიზმის ბუდე იქნება, მაგრამ "თალიბანის" სამიზნე საქართველო არ იქნება. ჯერ ერთი, ასე თუ ისე, ჩვენი ქვეყნისა და აქ არსებული საფრთხეების კვალობაზე სამართალდამცავები ნორმალურად მუშაობენ, მეორე - "თალიბანისთვის" საქართველოში ტერაქტის მოწყობა, თუ განსაკუთრებული მიზანი არა აქვს, უინტერესოა. ღმერთმა ყველა დაიფაროს და, თბილისში უფრო რეზონანსული იქნება ტერაქტი თუ ბრიუსელში? ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში? შესაბამისად, ევროპას ნამდვილად მოემატა თავსატეხი, რადგან ლტოლვილთა მიგრაცია გარდაუვალია, მაგრამ მას სირიის მაგალითზე გამოცდილება უკვე აქვს. ავღანელი ლტოლვილების შეფარება იოლი არ იქნება, რადგან შეიძლება მათში ტერორისტებიც გამოერიონ.

- საქართველოშიც გაისმა მოწოდებები ავღანელი ლტოლვილების შეფარების შესახებ... - რაც ძალზე არაგონივრულია. ისედაც გაჭირვებული სახელმწიფო ვართ. გასაგებია, რომ კეთილი საქმის გაკეთება გვსურს, მაგრამ უარესი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. თუნდაც ფარული ტერორისტების შეფარება უმძიმესი შედეგის წინაშე დაგვაყენებს.

ავღანეთიდან გამოსვლა ბაიდენის ადმინისტრაციის ძალზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან იქ ყოფნა ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებდა, რადგან ძალიან დიდ რესურსს ხარჯავდა, თანაც უაზროდ. საერთოდ, აჯობებდა არც შესულიყო, გამოსვლის ფორმა კი კატასტროფული იყო და მის ავტორიტეტს მძიმედ დაარტყა. თუმცა პერსპექტივაში მოგებული დარჩება, რადგან ეს იყო ყველაზე უაზრო და ხარჯიანი ომი მის ისტორიაში.

ერაყსა და ავღანეთში ომები რომ არა, მეტი რესურსი გადმონაწილდებოდა საქართველოზე და ამერიკას საქართველოს სახით ბევრად წინ წასული, რეგიონში სტაბილური სახელმწიფო ეყოლებოდა.

- ითქვა, რომ "თალიბანის" ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი რუსეთი იყო, თუმცა ბოლო დღეებში კრემლმაც დაიწყო დიპლომატიური სამსახურების გამოყვანა. - ვერ დავეთანხმები მათ, ვინც თვლის, რომ რუსეთი "თალიბანის" პირდაპირ მხარდამჭერია, რადგან მისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ისლამური ტერორიზმია. ერთადერთი, ვინც თავის დროზე ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა აღიარა, ავღანეთი იყო, მაშინ ქვეყანას "თალიბანი" მართავდა. ასე რომ, მათი თანამშრომლობა ძნელი დასაჯერებელია. უბრალოდ, სიტუაციის დალაგება სცადეს, რადგან მტრული "თალიბანი" მათთვის დიდი პრობლემაა. ავღანეთში ხომ უზბეკები და ტაჯიკები ცხოვრობენ და შეიძლება თალიბებმა ამ ორ შუააზიურ ქვეყანას დაადგან თვალი. იქვეა რუსეთიც, რომელსაც ამ ქვეყნებიდან უამრავი შრომითი მიგრანტი ჰყავს. ასევე ვერ დავეთანხმები ირანთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, რადგან ის უკვე შიიტური სახელმწიფოა და სუნიტური დაჯგუფებები გულზე სულაც არ ეხატება. თუმცა შესაძლოა ზოგიერთ რადიკალურ ორგანიზაციასთან ტაქტიკურად თანამშრომლობდეს.

ასე რომ, რუსი დიპლომატების ავღანეთში დატოვება "თალიბანთან" ურთიერთობის დალაგების სუსტი ცდა იყო, მაგრამ ისტორია ვინც კარგად იცის, ისიც ეცოდინება, რომ "თალიბანთან" ურთიერთობის მოგვარება ადვილი არაა. ავღანეთი ძალზე რთული ქვეყანაა. იქ მომხდურები, უცხოები სასტიკად არ უყვართ. ვფიქრობ, რუსები და ინგლისელები უკეთ იცნობენ ავღანეთს, ვიდრე ამერიკელები.

გარდა ამისა, ავღანეთი მეზობელი ქვეყნებისთვის კომფორტული ქვეყანა არასდროს ყოფილა და არც იქნება. ამერიკამ იქიდან გამოსვლით თავსატეხი გადააბარა რუსეთსა და ჩინეთს. პეკინს - ნაკლებად, რადგან მასთან ძალიან მცირემონაკვეთიანი საერთო საზღვარი აქვს. ავღანელების ექსპანსიისთვის უზბეკეთი და ტაჯიკეთი ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე ჩინეთი. ასე რომ, ახლა ავღანეთის საფრთხის პირისპირ რუსეთი დარჩა.

- ზოგიერთი მოსაზრებით, თითქოს ამ პროცესებმა დაგვანახა, რომ ამერიკა არ არის სანდო პარტნიორი - მან ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობა თალიბებს შეატოვა... - მსგავსი შეფასებები მეც მომისმენია, მაგრამ ძალიან არასწორი პარალელია. ჯერ ერთი, არ შეიძლება წითელი ხაზის გავლება "თალიბანსა" და ავღანელებს შორის, რადგან, როგორც გაირკვა, ავღანელთა დიდი ნაწილი მათ მხარს უჭერდა. ეს გამოჩნდა კიდეც - ბევრი ქალაქი უბრძოლველად ჩააბარეს "თალიბანს". ჰოდა, რატომ უნდა დახარჯოს ამერიკამ ამხელა რესურსი იმ ქვეყნისთვის, რომელიც "თალიბანს" უჭერს მხარს და დემოკრატია, ადამიანის უფლებები, განვითარება და ცივილიზაცია სულ არ აინტერესებს. ვნახოთ, რას იზამს მასუდის წინააღმდეგობრივი მოძრაობა. თუმცა "თალიბანმა", რომელიც 20 წლის წინ თითქმის გააქრეს, ამხელა რამ შეძლო და არა მგონია, მას ვინმე მოერიოს...