"ერთი თვის წინ 200 მილიონზე თავად ღარიბაშვილმა რომ მოაწერა ხელი, ეს რა იყო? მაშინ ხომ დუღდა ეკონომიკა, როგორც გვეუბნებოდნენ. ეს არის წინაასარჩევნო რიტორიკა" - კვირის პალიტრა

"ერთი თვის წინ 200 მილიონზე თავად ღარიბაშვილმა რომ მოაწერა ხელი, ეს რა იყო? მაშინ ხომ დუღდა ეკონომიკა, როგორც გვეუბნებოდნენ. ეს არის წინაასარჩევნო რიტორიკა"

"მთავრობაში როგორ ცხოვრობენ, არ ვიცი, შეიძლება მათ აღარც სჭირდებათ ვალი და იქით აქვთ ფული გასაცემი და გასასესხებელი, მაგრამ ხალხს რომ სჭირდება, ეს ფაქტია"

ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა "ქართული ოცნების" ოფისთან აქციით გააპროტესტეს "სირცხვილიას" წევრებმა. ხელისუფლების ნაბიჯს უკვე ორი დღეა, აკრიტიკებენ ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მწვავე შეფასებები თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საქართველომ ვერ შეძლო, სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. თავად ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ მათი მხრიდან სწორი ნაბიჯია გადადგმული.

"ეკონომიკას ძალიან პოზიტიური დინამიკა აქვს, ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 12%-იანი ზრდაა, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა", - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. ამ ხმაურიან საკითხზე შეფასებები ექსპერტებს ვთხოვეთ.

გია ხუხაშვილი: - ხელისუფლება ყველაფერს უყურებს შიდა პოლიტიკურ ანუ წინაასაარჩევნო პრიზმაში. რასაც აკეთებენ, ეს ვირეშმაკობაა. მოიგონეს, ვითომ, ვალების გასტუმრების რეჟიმზე გადავიდნენ, არადა, რამდენიმე წლის განმავლობაში ლამის გააასმაგეს საგარეო ვალი. თურმე, ახლა ძალიან შეწუხდნენ. ეს არის ფარისევლობა, სხვა არაფერი. წინაასაარჩევნო გზავნილია, რომელიც განსაკუთრებით ბრიყვებისთვის არის მოგონილი, რომლებსაც არ შეუძლიათ, გაერკვნენ იმაში, თუ რა ხდება. ევროკავშირმა პირველმა გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება და თქვა, თუ არ იქნება შესრულებული შესაბამისი ვალდებულებები ხელისუფლების მხრიდან, მაშინ შეჩერდება დახმარებაო, ამ "ჭკვიანმა ბიჭებმა" კი, როგორც წინაასაარჩევნო გზავნილი, მოიგონეს, ჩვენ თვითონ ვამბობთ უარსო. რაც მთავარია, ნათელი მომავლის სახელით მარტივი, ერთუჯრედიანი გზავნილი ჩამოაყალიბეს და ახლა ჯიუტად ყველა ამას იმეორებს, თუ ვინმე დაიჯერებს, დაიჯერებს. ასეთი რეალობაა, სამწუხაროდ, ძალიან დამაჯერებლად, შეკრული კოპებით, სახელმწიფო ინტერესებით დამძიმებული ხალხი, ვითომ, ლაპარაკობს და თავიანთი ტროლების მეშვეობით ავრცელებენ, თითქოს, ევროკავშირი ამ ფულის სანაცვლოდ სასამართლოზე კონტროლს ითხოვდაო. ამ ცინიკური, სახელმწიფოებრივად დამანგრეველი გზავნილებით კი საარჩევნო შედეგის მიღება უნდათ, მეტი არაფერი.

- რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ასეთი დამოკიდებულება? - იმედი მაქვს, ხელისუფლება შეიცვლება და ამიტომ ცუდს არ მოუტანს მათი ნაბიჯები. თუ ეს ხელისუფლება დარჩა და ამ განწყობით იქნა, ეს დამანგრეველი იქნება და ჩათვალეთ, ეს ნიშნავს ქვეყნისთვის ორიენტაციის შეცვლას. იმიტომ, რომ ასეთი გზავნილებით, ასეთი რიტორიკით, ბუნებრივია, ჩვენ აბსოლუტურად უცხო სხეული ვართ დასავლეთისთვის. იმის ილუზია, რომ ჩვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია ქვეყნის ნავიგაცია ამ ურთულეს სამყაროში, არ უნდა გვქონდეს. ერთადერთი ალტერნატივა გვრჩება და - ეს არის რუსეთი, მეტი არაფერი.

- პრემიერ- მინისტრი ამბობს, ეს იყო სესხი და ჩვენ სესხზე ვთქვით უარიო... - 10 მილიარდი სესხი აკრიფო და მერე 75 მილიონზე უარი თქვა და დაიწყო იმაზე ლაპარაკი, სესხის აღება როგორ შეიძლება, ძველი უნდა დავფაროო, ეს ფარისევლობაა, აბა რაა. მათ არაფერზე უარი არ უთქვამთ და არც იტყოდნენ უარს, უბრალოდ, წინაასაარჩევნოდ დასჭირდათ ასე ილაპარაკონ, როგორც კი არჩევნებს გადააგორებენ, მერე, ბოდიში და, ისევ ერთ ადგილზე აკოცებენ იმ ევროპას. წინასაარჩევნო რიტორიკის ნაწილია ეს და არანაირი შინაარსი არ უნდა ვეძებოთ ამ განცხადებებში.

- ოპონენტებმა ისიც თქვეს, ეს ქვეყნის კურსის შეცვლისკენ სვლა არისო... - ჩვენი ხელისუფლება არც პრორუსულია და არც პროდასავლური. მას აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის, როგორც დასჭირდებათ, ისე მოიქცევიან. ძალაუფლების შენარჩუნებას თუ დასჭირდება, რომ იძახონ, გაუმარჯოს ნატოს, დაიძახებენ - ნატოს გაუმარჯოსო, თუ დასჭირდება, - გაუმარჯოს წითელ არმიასო, - იმას დაიძახებენ. ამ რიტორიკით, რა რიტორიკითაც დღეს მივდივართ, წითელ არმიაშია მათი გზავნილები და აბსოლუტურად შეუსაბამოა ევროპასთან.

- პროცენტიან ვალებზე უარის თქმა რატომ აღიქმება ასე? - დიდი ბოდიში და, რამდენი აკრიფეს აქამდე? ეს ხომ წინასაარჩევნო ტრიუკია. ერთი თვის წინ 200 მილიონზე თავად ირაკლი ღარიბაშვილმა რომ მოაწერა ხელი, ეს რა იყო? მაშინ ხომ დუღდა ეკონომიკა, როგორც გვეუბნებოდნენ. სისულელეა ეს ყველაფერი, ეს არის წინაასარჩევნო რიტორიკა.

ვახტანგ ძაბირაძე: - განცხადება, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არანაირი არგუმენტი არ არის. რეალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მოსახლეობის იმდენად მძიმე და იმდენად რთულია, იმაზე ლაპარაკი, რომ სესხი არ გვჭირდება, წარმოუდგენელია. ან თუ შევხედავთ, დოლარის კურსი როგორ გარბის... არანაირ არგუმენტს არ წარმოადგენს არც ის, რომ ვალების გასტუმრებას იწყებენ. ვალების გასტუმრებას ყოველთვის ვიწყებდით, რადგან იძულებული ხარ, ეს გააკეთო - როცა ვალს გაძლევენ, ის უნდა გაისტუმრო. თავისი ვალდებულებები აქვს ქვეყანას და ამ ვალდებულებების შესრულება აუცილებელია. გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევაა, როცა გადავადება ხდება, მსესხებელთან შეთანხმებით, სხვაგვარად, იძულებული ხარ, ვალი გადაიხადო. 75 მილიონი ევრო ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა საქართველოსთვის. მე არ ვიცი, რამდენია საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი თანხების დროს პროცენტი იმდენად მცირეა და ისეა დროში გაწელილი, ჩათვალეთ, პროცენტი ნულის ტოლია. ამიტომ არგუმენტები არც სოციალური, არც ეკონომიკური, რომ ვალი აღარ გვინდა, აღარ არსებობს. მთავრობაში როგორ ცხოვრობენ, მე არ ვიცი, შეიძლება მათ აღარც სჭირდებათ ვალი და იქით აქვთ ფული გასაცემი და გასასესხებელი, მაგრამ ხალხს რომ სჭირდება, ეს ფაქტია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ორი რეალობა იყო - ერთ რეალობაში ხელისუფლება ცხოვრობდა და მეორე რეალობაში - ქვეყანა და ხალხი. იმ რეალობაში, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ეს ფული რომ იყოს რომელიმე კერძო სტრუქტურიდან აღებული სესხი, არც არაფერი იქნებოდა, მაგრამ ამას აქვს თავისი პოლიტიკური შემადგენელიც და სწორედ ეს არის ის განცხადებები, რაც გაკეთდა ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. სესხს გაძლევენ იმისთვის, რომ, ფაქტობრივად, გეხმარებიან, ეს გრანტია, ამიტომ ამას აქვს პოლიტიკური დატვირთვაც, როდესაც შენ უარს ამბობ ამ სესხზე, ნიშნავს რომ უარს ამბობ იმ პოლიტიკურ ვალდებულებებზეც, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას პარტნიორების მიმართ. ზოგადად, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ევროკავშირს, ვგულისხმობ მთლიანად დასავლეთს და უარს ამბობ მხოლოდ პოლიტიკური მოტივით და არა - სხვა რაიმე ფაქტორით. როდესაც უმრავლესობა იწყებს ლაპარაკს, რომ მათ შეასრულეს ყველანაირი პირობა, ეს საოცარი განცხადებებია - გამოდის, ევროკავშირმა არ იცის, რა პირობებით გასცა სესხი და შეასრულეს თუ არა ვალდებულებები. მახსოვს, სააკაშვილმა ერთხელ განაცხადა, ევროკავშირი მოსკოვი არ არის, როგორც გვინდა ისე გავაკეთებთო, მაგრამ ეს განცხადებები იყო, მაგრამ ახლა "ქართულმა ოცნებამ" ნაბიჯი გადადგა და ეს არის პრობლემა. ერთი მხრივ, რომ ამბობ ევროკავშირისკენ მიდიხარ და მეორე მხრივ - აკეთებ მის საწინააღმდეგო მოქმედებებს და საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამ, ეს არის დანაშაული. ძალიან მარტივად ჩანს, ეს ნაბიჯი არის იქითკენ მიმართული რომ შეჩერდეს დემოკრატიული ნაბიჯები და შეინარჩუნონ ძალაუფლება. ეს კი რომელ ქვეყანას აძლევს ხელს, სხვა თემაა.

- რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეს ნაბიჯები? - არა მგონია, ამ ეტაპზე რაღაც გადამჭრელი ზომები იქნეს მიღებული. რახან ასეთი ნაბიჯი გადავდგით, კარს მოგვიჯახუნებენ და გამოგვაგდებენო, არ მგონია, მაგრამ ამას უყურადღებოდ ნამდვილად არ დატოვებენ. ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ "ქართული ოცნებისთვის" და, ზოგადად, მთავრობისადმი დასავლეთის პოზიციები შეიცვალოს, უფრო კრიტიკული და უფრო მომთხოვნი გახდეს და უფრო სხვა ზომებზე დაიწყოს საუბარი, რაც ხელისუფლებას დააფიქრებს.

რაც გააკეთა ხელისუფლებამ, ახლა გააკეთა იმისთვის, რომ თავისი ძალაუფლება შეინარჩუნოს, აქ ხომ ქვეყანაზე ლაპარაკი არ არის. სამწუხაროა, ამ ქვეყანაში მთავრობა არ მახსოვს, რომელიც ქვეყანაზე და ხალხზე ფიქრობდა. სულ ყველა ცდილობდა, ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ამ ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა გარდამტეხი რეფორმა, რომ მართლა დემოკრატიული ინსტიტუტი ჩამოყალიბებულიყო.

(სპეციალურად საიტისთვის)