"მელიას თავისი ექსკლუზიური ამომრჩეველი ჰყავს, ვერც კალაძე და ვერც გახარია ვერ გადადის მის სივრცეში, ამ ორს ერთმანეთში ექნებათ კონკურენცია" - კვირის პალიტრა

"მელიას თავისი ექსკლუზიური ამომრჩეველი ჰყავს, ვერც კალაძე და ვერც გახარია ვერ გადადის მის სივრცეში, ამ ორს ერთმანეთში ექნებათ კონკურენცია"

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ 1-ელ სექტემბერს მეტეხის ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი იქნება. "მე, ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში", - თქვა მან და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა პროპორციული სია და მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

ისიც ითქვა, რომ გიორგი გახარიას და კახა კალაძის შეხვედრა ამ ფაქტის გასაჯაროვებამდე მერიაში შედგა. ეს საკითხი დღეს პოლიტიკური პარტიების განხილვის საგანია. გახარია-კალაძის შეხვედრას ადასტურებს კახა კალაძე და მმართველი გუნდი. რა შანსები აქვს გიორგი გახარიას, ვის გაუწევს ის კონკურენციას, ამ საკითხზე ექსპერტები გვესაუბრებიან.

გია ხუხაშვილი:

- მთლიანი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, მოულოდნელი იყო, გარკვეულწილად, გახარიას ეს ნაბიჯი, მაგრამ ბოლო 10 დღის მანძილზე განვითარებული მოვლენების ბაზაზე მაინც ვთვლი, რომ ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც ჩანს, ძალაუფლების ბედი დღეს მაინც თბილისში წყდება, იმიტომ, რომ პოლიტიკური წონის მქონე სამი ადამიანი იყრის კენჭს ამ არჩევნებში. შესაბამისად, სიმძიმის ცენტრმა მთლიანად თბილისში გადმოინაცვლა, დიდი პროცესების ეპიცენტრია. ვთვლი, რომ ამ ფონზე ეს სწორი გადაწყვეტილებაა. შენ თუ გინდა, უმაღლეს ლიგაში ითამაშო, შესაბამისად, უმაღლეს ლიგაში უნდა ითამაშო. დავიწყოთ იმით, რომ მეორე ტური გარდაუვალია. შანსები გახარიასი იქიდან გამომდინარეა, როგორი კონკურენცია ექნება მას კახა კალაძესთან და არა - ნიკა მელიასთან. ნიკა მელიას თავისი ექსკლუზიური ამომრჩეველი ჰყავს, ვერც კალაძე და ვერც გახარია ვერ გადადის მის სივრცეში, მათ ერთმანეთში ექნებათ კონკურენცია. სახელისუფლებო რესურსი გარკვეულ უპირატესობას კალაძეს აძლევს, მაგრამ კვლევებით ჩანს, როგორც ლიდერი გახარია უსწრებს კალაძეს, თუნდაც "ქართული ოცნების" ელექტრორატშიც გახარია უსწრებს კალაძეს, უბრალოდ, აქ შემოდის სახელისუფლებო ადმინისტრაციული რესურსი, რისი იდენტიფიცირებაც ჭირს.

- ვინ იქნება მეორე ტურში?

- საკითხავია, თუ ვინ იქნება მეორე ტურში. ფაქტია, მელია გარანტირებულად იქნება მეორე ტურში, რადგან მას თავისი ელექტორატი ჰყავს. დანარჩენი ორი კანდიდატი ერთმანეთს ართმევს ელექტორატს და კალაძეს და გახარიას შორის როგორ გადანაწილდება სამობილიზაციო ელექტორატი, ეს გამოჩნდება, რადგან წინ გვაქვს საარჩევნო კამპანია. ვფიქრობ, დამეთანხმებით, უნარები პოლიტიკური პროცესის წარმართვის ბევრად უკეთესი აქვს გიორგი გახარიას. იგივე რიტორიკული და სხვა მონაცემები, ელექტორალური მასა შეიძლება "ქართულ ოცნებას" აძლევს ხმას, მაგრამ კრიტიკულად არის განწყობილი "ქართული ოცნების" ლიდერების მიმართ, ამიტომ ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლა იქნება პირველ ტურში. გახარია სერიოზული კონკურენტია კახი კალაძის, პირველ ტურში, ხოლო მეორე ტურში სხვა რაღაცაზე ვისაუბრებთ. მელიას მეორე ტურისთვის, ალბათ, საკმარისი ხმები ექნება, მისი ამომრჩევლისთვის ორივე კანდიდატი არის "ქოცი", ერთი აწმყოში და მეორე წარსულში, მითუმეტეს - 20 ივნისი და სხვა ფაქტორებიც არის აქ. ასე რომ, მელიას ელექტორატზე ვერც ერთი ვერ იმუშავებს. ეს, უბრალოდ, სიზიფეს შრომა იქნება. ცალსახაა, ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში პირველ ტურში.

- რა მიზანი აქვს გახარიას, სურს, "ქართული ოცნება" ჩამოაშოროს ხელისუფლებას?

- გახარია პოზიციონირებს ისე, რომ მას არ აქვს ნეგატიური ამოცანა, მისი ამოცანა ვიღაცის დამარცხება კი არა, მისი ამოცანაა, თავად გაიმარჯვოს. ის მუშაობს გამარჯვებისთვის და არა - ვიღაცის დამარცხებისთვის. ის არ შედის არანაირ პოლემიკაში არავისთან, არ პასუხობს შეურაცხყოფებზე და - ცილისწამებაზეც. ცდილობს, მშვიდობიანად იბრძოლოს, თუმცა არ მგონია, ბოლომდე მშვიდობიანად გამოუვიდეს, რადგან ბევრად უფრო ბინძური და ინტენსიური გახდება ეს კამპანია. ამას უნდა გაუძლოს, თუ გაუძლო, ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" სერიოზული პრობლემები აქვს.

- კალაძე ადასტურებს, რომ გახარიას ინიციატივით შეხვდა მას, ამაზე რას იტყვით?

- გახარიას არ დაუდასტურებია ეს შეხვედრა. გახარიასი უფრო მჯერა ამ შემთხვევაში, ვიდრე - კალაძის. ვვარაუდობ, რომ უფრო სატელეფონო საუბარი შედგა მათ შორის და ეს პოლიტიკაში ცივილიზებული ფორმაა, როდესაც შენ რაღაც ურთიერთობა გაქვს ადამიანთან, თუნდაც წარსულში, და თუ პოლიტიკურ ნაბიჯს დგამ, რაც მას უკავშირდება, შენ წინასწარ უთანხმებ მას, ეს კულტურული ფორმაა, თუმცა შეხვედრას ვერანაირად ვერ დავადასტურებ. შეიძლება ინტერპრეტირებული იქნა ეს სატელეფონო საუბარი, რასაც მერე კობახიძემ საერთოდ თავისი მახინჯი ფანტაზიები შეასხა, ეს ფანტაზია გაექცა შორს თავისი მდინარაძეებიანად და ამაზე კომენტარი როგორ გავაკეთო? ესენი არიან ცრუპენტელა ადამიანები, მათი სიტყვის ფასი კაპიკიც არ არის, იმდენჯერ არიან შემჩნეულები შეურაცხმყოფელ ცილისწამებაში.

- ასე კატეგორიულად გამორიცხავთ მათ შეხვედრას?

- რომც შეხვედროდა, არც ეს არის პრობლემა, დღისით, მზისით და თან, როგორც კალაძე ამბობს, მერიაში შედგა შეხვედრა, რა არის ამაში პრობლემა, არ მესმის, თუ გახარიას რამე სხვა უნდოდა, მაშინ მერიაში კი არ შეხვდებოდა.

- ყოფილი პრემიერ-მინისტრი რომ თბილისის მერობისთვის იბრძვის, ამაზე რას იტყვით? - როცა შენ ნაციონალურ ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, გარკვეულწილად თბილისის მერობა არის პრობლემა, მაგრამ ასეთი მოცემულობაა დღეს - თბილისში წყდება ძალაუფლების ბედი, სამი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურა - გახარია, კალაძე და მელია არიან კონკურენტები. ქვეყანაში უმაღლესი ლიგის არჩევნებია და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის მერი არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ფიგურა. მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები აღარ გვექნება, შესაბამისად, გადამწყვეტი არჩევნებია. ფაქტობრივად, თბილისის მერის არჩევნებზე წყდება დღეს საქართველოში ძალაუფლების ბედი. იძულებით არჩევანს აკეთებინებდნენ აქამდე იმ ხალხს, რომლებსაც არც "ქართული ოცნება" მოსწონს და არც "ნაციონალური მოძრაობა". კამპანიის მეშვეობით "ქართული ოცნება" აიძულებდა მათ, ხმა მათთვის მიეცა, ცუდსა და უარესს შორის არჩევნის წინაშე აყენებდა და იძულებით აძლევდა მერე ამომრჩეველი "ქართულ ოცნებას" ხმას, რადგან მუდმივად ისმოდა, მგელი მოდის, მგელი მოდის, მიშას დემონიზაციის ბაზაზე და მიშას დაბრუნებას ისევ ეს იყოსო, ამბობდა ხალხი. ამ ხალხს ახლა ალტერნატიული არჩევნის საშუალება აქვს, გაჩნდა ახალი შეთავაზება.

გია ნოდია:

- გიორგი გახარია არის პარტიის ლიდერი, რომელსაც მზარდი რეიტინგი აქვს და მას აქვს ამბიცია ხელისუფლებაში მოსვლის და დაასახელა თავისი კანდიდატურა ყველაზე მნიშვნელოვან პოსტზე, რომელიც ამ არჩევნებზე არსებობს. მისი ეს ნაბიჯი არის ბუნებრივი. არც ის მგონია პრობლემა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქალაქის მერად იყრის კენჭს. მაშინ ის იყო "ქართული ოცნების" ლიდერი და ახლა არის ოპოზიციაში, აბა, რა უნდა ქნას? თუ დავუჯერებთ კვლევებს, კახი კალაძეს და ნიკა მელიას უკეთესი შანსები აქვთ, ვიდრე - გახარიას.

რაც შეეხება შეხვედრას, ცოტა უცნაურია, კალაძე ამბობს, რომ შეხვედრა შედგა, გახარია ამბობს, რომ არ მომხდარა ეს შეხვედრა. ვიღაც, ალბათ, კალაძეს დაუჯერებს, ვიღაც - გახარიას. მე არ ვყოფილვარ იქ და დასკვნას ვერ გავაკეთებ. სიმართლე გითხრათ, მეორე ტურს ველი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მელია და კალაძე დარჩებიან მეორე ტურში, უფრო მეტი ალბათობა არის ამისი.

(სპეციალურად საიტისთვის)