"ოპოზიციას გამარჯვება არ უნდა!" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციას გამარჯვება არ უნდა!"

"კალაძე და გახარია პირველ და მეორე ადგილებზე რომ გავიდნენ, თუნდაც მეორე ტური იყოს, ასეთი კონფიგურაცია კატასტროფა იქნება"

გასულ კვირას პარტიის, "საქართველოსთვის", ლიდერმა გიორგი გახარიამ დედაქალაქის მერობის კანდიდატად თავისი კანდიდატურა წარადგინა.

"მე, ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში," - თქვა მან. ისიც გაირკვა, რომ გიორგი გახარიასა და კახა კალაძის შეხვედრა ამ ფაქტის გახმაურებამდე მერიაში გაიმართა.

"კალაძესთან მივედი მხოლოდ ერთი რამის გამო - გამეფრთხილებინა, რომ მე გავხდები მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის ბრძოლაში... ჩემთვის ეს არის პატივისცემა იმ წლების თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა. ეს ჩემი პრინციპია. მე ვთვლი, რომ სწორად გავაკეთე...","- ამბობს გახარია და დასძენს: "დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი "ქართული ოცნება" სულ უფრო ემსგავსება "ნაციონალურ მოძრაობას" და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა."

ვის რა შანსი აქვს ამ არჩევნებში და რას ელიან სხვა პოლიტიკური ლიდერები? ამ საკითხებზე "ახალი პოლიტიკური ცენტრი - "გირჩის" თავმჯდომარე, პარლამენტარი იაგო ხვიჩია გვესაუბრება.

- "ქართული ოცნება" რომ სხვებზე მეტ ხმას აიღებს, ამას კვლევები გვეუბნება, მაგრამ არ გვეუბნება, ეს საკმარისია თუ არა გამარჯვებისთვის. "ნაცმოძრაობაც" რომ აიღებს ხმებს, ცხადია, თუმცა ჯერ არ არის ნათელი, შეძლებს თუ არა, მაგალითად, თუნდაც გახარიას დამარცხებას. ასე რომ, თბილისში გიორგი გახარიას გამოჩენა შეიძლება კალაძის დასამარცხებელი ნაბიჯი კი არ იყოს, არამედ ეს იყოს ბიძინა ივანიშვილის მიერ თავის ორ კომპანიას შორის კონკურენციის მცდელობა, რათა "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" კი არ იყვნენ კონკურენტები, ორი "ქართული ოცნება": ერთი - მოქმედი და მეორე - ცოტა ხნის წინანდელი, იყოს ერთმანეთის კონკურენტი. ამიტომ ამ აჯაფსანდალში ვის რა შანსი აქვს, რთული სათქმელია.

- გახარიას პარტიის უკანაც ბიძინა ივანიშვილს ხედავთ? - "ქართული ოცნებაც" და გახარიაც ბიძინა ივანიშვილის პროდუქტებია და ის ამ ორ პროდუქტს შორის კონკურენციას ცდილობს, რაც ბიზნესში გავრცელებული წესია. ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენია და ეს ამბავი აქ გადმოიტანა. არც ეს არის რაღაც განსაკუთრებული. პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ამას ვერ ხვდება და გაუგებარ თამაშს თამაშობს.

- დიდი ხმაური გამოიწვია კალაძე-გახარიას შეხვედრაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ... - შეხვედრებში პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემა ის არის, რომ "ქართულ ოცნებას" არავისთან უნდა შეთანხმება და უნდათ, ერთპიროვნულად გააგრძელონ მართვა.

- არის მოსაზრება, რომ გახარიას გამარჯვების შემთხვევაში "ქართული ოცნება" შექმნის კოალიციას გახარიას პარტიასთან და ეს კეთდება, რათა ევროპას დაანახვონ, თითქოს ქვეყანაში არის დემოკრატია. - როგორც ვთქვი, ბიძინა ივანიშვილს უნდა, მის ორ კომპანიას შორის კონკურენცია იყოს. თუ შედეგად მიიღე გახარიასა და "ქართული ოცნების"კოალიცია, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში გეყოლება გუშინწინდელი "ქართული ოცნება" და "ქართული ოცნება". ოპოზიციამ ახლა სულ სხვა თამაში უნდა ითამაშოს უფრო მონდომებით და უნდა ეტყობოდეს, რომ გამარჯვება უნდა, რასაც მე ვერ ვხედავ.

- მაინც რაში ცდება დღეს ოპოზიცია?

- მათ გამარჯვება არ უნდათ! ახლა ბათუმში ვარ, მთავარი ოპოზიციური ძალის, "ნაცმოძრაობის" აჭარის ლიდერი ლევან ვარშალომიძე რამდენიმე თვეა უკრაინაში ისვენებს. ქუჩაში ადამიანებს ველაპარაკები და ვინც "ნაცმოძრაობის" მომხრეა, ისინიც კი მეუბნებიან, ამათ, მგონი, მოგება არ უნდათ, ქალაქშიც არ არიანო. ამავდროულად, შლიან მოლაპარაკებებს, რომლებიც შეიძლება ძალიან ბუნებრივი იყოს ამ პროცესში. ამიტომ მგონია, რომ ეს თამაში "ქართულ ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის შეთანხმებულია. შეიძლება ბანალური მიზეზითაც - "ნაცმოძრაობის" შიდა გაუგებრობის დასასრულებლად, რომ ნიკა მელია არ იყოს პოლიტიკური ძალა და მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს სათქმელი, მე არ ჩავერიე და ხომ ხედავთ, ჩემ გარეშე ფასი არ გაქვთო.

- ექსპერტები სხვაგვარად ფიქრობენ: მიიჩნევენ, რომ ვერც გახარია და ვერც კალაძე მელიას ამომრჩეველს ვერ წაართმევენ, რადგან მას თავისი ელექტორატი ჰყავს, რომელიც მუდმივად უჭერს მხარს. - წინა არჩევნებში ზაალ უდუმაშვილი იყო "ნაცმოძრაობის" კანდიდატი და კახა კალაძე და ალეკო ელისაშვილი ჰყავდა კონკურენტებად. პირველ ადგილზე გავიდა კალაძე, მეორეზე - ელისაშვილი და მესამეზე - უდუმაშვილი. ახლაც ამის გამეორებაა. კალაძე და გახარია პირველ და მეორე ადგილებზე რომ გავიდნენ, თუნდაც მეორე ტური იყოს, ასეთი კონფიგურაცია კატასტროფა იქნება. შეიძლება ეს, ერთი მხრივ, კარგიც იყოს ოპოზიციისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ მიხვდნენ, რომ ეს არ არის პოლიტიკა, თუმცა, ჩემი აზრით, ყველაფერი ამისთვის არ ხდება, ეს ხდება, რათა შემდეგი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილმა "ნაცმოძრაობაში" ძალა განიმტკიცოს.

გახარია სწორი მიმართულებით წავიდა. მისი შემოსვლა, ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯია. ის ხმებს, ძირითადად, წაართმევს "ქართულ ოცნებას", თუმცა ალაგ-ალაგ ოპოზიციის იმ ნაწილის ხმებიც შეიძლება მიითვისოს, რომელიც აქტიური არ არის და გამარჯვების სურვილს არ ავლენს.

ოპოზიციას არ უნდა გამარჯვებისთვის ბრძოლა, მე კი არ მინდა, მათ თამაშს ვთამაშობდე. მირჩევნია, საკუთარ თავს მივხედოთ, ჩვენი დასაყრდენი გვქონდეს სხვადასხვა ადგილას, რომ, მაგალითად, ზესტაფონში რამე რომ გაგვიჭირდეს, მთელი ინფრასტრუქტურა ერთდროულად ჩაერთოს ამის გამოსასწორებლად. რაც უფრო მეტი ადამიანი გვეყოლება საკრებულოში, მით მეტი იქნება წარმატების შანსი.

- ამბობენ, თუ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, საპროტესტო აქციები დაიწყებაო.. - როდესაც დავინახე ოპოზიციის უმოქმედობა და, ფაქტობრივად, საკუთარ კარში გოლის გატანის ცდები, მაშინ ეს მე ვთქვი და ჩემი ნათქვამი აიტაცეს "ქოცებმა". სიმართლე ის არის, რომ "ქართულ ოცნებას" ყველაფრის ფასად უნდა ძალაუფლების შენარჩუნება, საქართველოს დასავლური კურსისა და ღირებულებების საწინააღმდეგოდაც კი. სამწუხაროდ, "ნაცმოძრაობასაც" ერთპიროვნულად უნდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

15 არჩევნებია წაგებული "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" უაზრო ბრძოლაში და ახლაც იმავეს ვაკეთებთ. როგორც გითხარით, ეს არის "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" შეთანხმებული თამაში. რაც უფრო დიდხანს დავიჯერებთ, რომ ესენი არიან მთავარი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან, მით უფრო დიდხანს ვიქნებით ასე.

- "ნაცმოძრაობამ" ახლა მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს. ეს რამეს შეცვლის? - ხელი აქამდეც უნდა მოეწერათ, მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ "ნაცმოძრაობას" სწორი გადაწყვეტილებების მიღება რამდენიმე თვით აგვიანდება ხოლმე და სწორედ ამიტომ არ შეიძლება, ხალხი ამ პარტიის იმედად იყოს. შეიძლება ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე მართლაც ებრძოდნენ ერთმანეთს და ეს მათ დონეზე არ იყოს შეთანხმებული, მაგრამ მიშა სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი რომ შეთანხმებულად მოქმედებენ, ეჭვი არ მეპარება. ისინი ერთი მედლის ორი მხარეა. უნდა მოვრჩეთ ამ მედლის გორებას, რომელიც ხან ერთი მხრიდან დავარდება და ხან - მეორე მხრიდან. თუ წინ ვერ გავიხედავთ, ნუ ველოდებით, რომ ქვეყანაში ფუნდამენტურად რამე შეიცვლება. "კავკასიური ცარცის წრეა", რომელშიც ვტრიალებთ და საიდანაც ამ ორი ადამიანის გამო ვერ გამოვდივართ.

- როგორ ფიქრობთ, რიგგარეშე არჩევნების თემა ისევ წამოიწევს? - საკითხი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება დღის წესრიგში, მაგრამ განხორციელდება თუ არა, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პარლამენტში არიან ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებსაც რიგგარეშე არჩევნები არ აწყობთ, რადგან კარგად იციან, ახალ სიაში მათ აღარავინ ჩაწერს. ჩვენ გვჭირდება 2%-ის აღება და შეიძლება იქ "ნაცმოძრაობის" მთელი შემადგენლობის მესამედიც ვერ მოხვდეს, ამიტომ არავის აწყობს რიგგარეშე არჩევნები. ეს მხოლოდ სიტყვის მასალაა, რომ გაგლანძღონ, თითქოს შენ არ გინდა რიგგარეშე არჩევნები. შეიძლება რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამას ოპოზიციამ მიაღწია, არამედ იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო საკმარისი ხმები და სწორედ მას აწყობს რიგგარეშე არჩევნები.