"ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს ორი მახინჯი სისტემის დაპირისპირება" - კვირის პალიტრა

"ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს ორი მახინჯი სისტემის დაპირისპირება"

"ქართულ ოცნებას" ერთადერთი იარაღი - მე თუ არ ვიქნები, მაშინ მიხეილ სააკაშვილი მოვა - გახარიამ გამოაცალა ხელიდან და ვფიქრობ, თავისდა უნებურად, სწორედ ის გახდა საშუალება, ბოლოს და ბოლოს, ორპოლუსიანობა დაინგრეს"

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას გამოჩენამ პოლიტიკური ველი შეცვალა და კონკურენცია სერიოზული იქნება. რას შეცვლის გიორგი გახარიას გამოჩენა და ვის რა შანსი აქვს ამ არჩევნებში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ყოფილი პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი გვესაუბრება:

- მძიმე რეალობა შეიქმნა. ადამიანებს ცუდსა და უარესს შორის უწევთ არჩევა. "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" აბსოლუტურად დაცლილია მორალური ფასეულობებისგან, აღარც რესურსი აქვთ, მხოლოდ მავნებლობენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან უპერსპექტივობის შენარჩუნებაში, ქვეყნის განვითარების შეფერხებაში. საზოგადოება გახლეჩილია ამ ორ არჩევანს შორის და იმის შიშით, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს, მხარს უჭერენ არაპროგრესულ, კორუფციის ჭაობში ჩაფლულ "ქართულ ოცნებას", რომელსაც არანაირი პერსპექტივა, არანაირი რესურსი არ აქვს, არც - ინტელექტუალური, არც - მორალური. ოღონდ ის ავადმყოფი არ დაბრუნდეს ქვეყანაში და ამომრჩეველი მზად არის, ხმა მისცეს ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, ან უსულო, უპრინციპო ახალგაზრდების ჯგუფს. როგორ შეიძლება ადამიანები ასეთი დეგრადირებული, ასეთი უპრინციპონი იყვნენ და მატერიალური კეთილდღეობისთვის ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ! არადა, პარლამენტში უმრავლესობა ასეთია. ან საკრებულოში რა ხალხი ჰყავთ, ან ახლა რა ხალხი წარადგინეს! სად პოულობს "ოცნება" ამ ადამიანებს!

- გახარიას გამოჩენა რას შეცვლის?

- იმედი მაქვს, თვითმმართველობა მაინც განსხვავებული იქნება.

გაჩნდა პერსპექტივა იმ ადამიანებისთვის, ვინც ხელფეხშეკრული იყო და არ იცოდა, ხმა ვისთვის მიეცა. გახარიას გამოჩენამ რეალობა აბსოლუტურად შეცვალა და დღეს "ქართულ ოცნებას" აღარ ექნება საშუალება, გაათამაშოს ის კოზირი, რომელსაც ამდენი წელია, ათამაშებს, თუ მე არ მომცემ ხმას, "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება, რადგან სხვა ალტერნატივა არ არისო.

ეს გზა ჩაიკეტა და იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მძიმეა ქვეყანაში გამეფებული კორუფცია, უიმედობა, უპერსპექტივობა, "ქართული ოცნების" მორალური გახრწნა და დეგრადირება, დღეს ალტერნატივა არსებობს. ვფიქრობ, მათ თავისუფლად შეუძლიათ, აირჩიონ გახარია, ან სულაც - ანა დოლიძე. სხვა პოლიტიკურ პარტიებში ვერ ვხედავ სერიოზულ ალტერნატივას, რომლისთვისაც ხმის მიცემა ღირდეს.

"ქართულ ოცნებას" ერთადერთი Uიარაღი - მე თუ არ ვიქნები, მაშინ მიხეილ სააკაშვილი მოვა - გახარიამ გამოაცალა ხელიდან და ვფიქრობ, თავისდა უნებურად, სწორედ ის გახდა საშუალება, ბოლოს და ბოლოს, ორპოლუსიანობა დაინგრეს. გახარიამ, უნდა თუ არა, იმხელა თამასა დაუწესა საკუთარ თავს, ამ თამასის ოდნავ დაწევაც კი მას დიდ პოლიტიკურ პრობლემას შეუქმნის. მან განაცხადა, რომ ერთვება ბრძოლაში ამ ორი პოლუსის დასანგრევად, ეს კი ნიშნავს, რომ მოუწევს ბრძოლა სააკაშვილისა და ივანიშვილის სისტემის წინააღმდეგ. ჩემნაირი ადამიანებისთვის დღევანდელი რეალობა ძალიან მძიმეა და ბრძოლის იარაღი სწორედ გახარია ხდება. რთული საყურებელია, წლების განმავლობაში დროს რომ ვკარგავთ ამ ორი ძალის ვითომ დაპირისპირებაში.

ჩვენ იმაშიც დავრწმუნდით, რომ არც კალაძეს და არც მელიას არაფრის უნარი არ გააჩნიათ. ერთი ივანიშვილის ხელისბიჭია, მეორე - სააკაშვილის. ახლა გახარია უპირისპირდება არა მელიასა და კალაძეს, არამედ - ივანიშვილსა და სააკაშვილს. რამდენ ხმასაც აიღებს კალაძე, იქნება ივანიშვილის ხმები, რასაც მელია აიღებს - სააკაშვილის, ხოლო რასაც გახარია აიღებს, ეს იქნება გახარიას ხმები.

ჩემთვის მიუღებელია "ოცნების" მმართველობის სტილი. მეც ვიყავი პარტიაში, მაგრამ არ შევეგუე, გავაპროტესტე, ვამხილე და ვთქვი, რომ ვითარება შესაცვლელია ლეგიტიმურად და არა ისეთი პროცესებით ან შიდა გადატრიალებით, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს. იყო შანსი გუნდში ისეთი კონფლიქტის გაჩენისა, რომელიც საბოლოოდ დაამარცხებდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობას, მაგრამ ქვეყანას ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა და ამიტომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი. ჯერ უნდა ამხილო სისტემა და მერე ლეგიტიმურად აჯობო, ხელისუფლების ცვლილებების ერთადერთი სწორი გზა კი არჩევნებია. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტი გაფუჭდება, ვიდრე გაკეთდება. ხელისუფლების ცვლილება ყოველთვის უნდა იყოს ლეგიტიმური და ეს ბრძოლა დასაწყებია, თუკი გვინდა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თუ გვინდა სახელმწიფო იმართებოდეს ინსტიტუტებით და ადამიანებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები. ეს ყველაფერი დღეს მოშლილია. გახარიას გამოჩენის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს ახალი დიდი ელექტორალური გაერთიანება და თუ ყველაფერი სწორად წარიმართება, ის გაიმარჯვებს, მერე კი გახსნის დიდ სივრცეს სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც შეუერთდებიან ამ ბრძოლას, რომ ბოლოს და ბოლოს, დასრულდეს ორი მახინჯი სისტემის დაპირისპირება.

თვითმმართველობის არჩევნები არის იმ დიდი პროცესის მოსამზადებელი აქტი, რომელიც არჩევნების შემდეგ დაიწყება და რომელიც ამ ორი მახინჯი, ბოროტი, ანტისახელმწიფოებრივი სისტემისგან გაათავისუფლებს ქვეყანას. ორივე ერთმანეთზე უარესია, მაგრამ "ნაცმოძრაობა" უფრო საძაგელია! რამდენი წელიც უნდა გავიდეს, მათი ბოროტება დაუსჯელი არ დარჩება - ეს უნდა იცოდნენ! ამ წლების განმავლობაში სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილი აცოცხლებდა, მისი წიაღიდან გამოსულ ხალხს გზას უხსნიდა. "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მისი პროექტი იყო და კუბლაშვილის საშუალებით ფინანსდებოდა; ასევე - გიორგი ვაშაძე, რომელსაც სპონსორად ვანო ჩხარტიშვილი მიუჩინა; ან ბოკერიას გუნდი, რომელსაც დავით კეზერაშვილი ინახავდა; კეზერაშვილს საშუალება მისცა, საქართველოში დღემდე დაუბრკოლებლად ჰქონოდა ყველა ბიზნესი. მათ, ვინც "ნაცმოძრაობის" წიაღიდან გამოვიდა, ივანიშვილმა სპონსორი უშოვა და ეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ფონზე თვითონ ძლიერი ყოფილიყო. ბოკერია რომ ხელისუფლებას ვერასოდეს წაართმევს, ეს კარგად იცის; ვერც ვაშაძე; კობა ნაყოფია დღემდე ფულს შოულობს ბოლნისის ოქროს საბადოდან... ეს ადამიანები არ განიცდიან ფინანსურ კრიზისს. მათ ამ გზებით ასულდგმულებს და როცა პრობლემა ექმნებათ, ცდილობს, გააცოცხლოს. ეს ყველაფერი ივანიშვილმა ჩაიდინა და ამის გამო მან პასუხი უნდა აგოს.

მე "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ვიყავი და ვიცი, შიგნით რა ხდება, პარტია როგორ იმართება.

როცა მივხვდი, ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და მხოლოდ იმისთვის უნდა დავრჩენილიყავი "ქართულ ოცნებაში", რომ პირადი სარგებელი მიმეღო,O წამოვედი. სხვა ნაბიჯების გადადგმაც შეგვეძლო, მაგრამ ეს ქვეყანას დააზარალებდა და ამიტომ ჩვენ რთული გზა ავირჩიეთ, ამასობაში კი დრო დაიკარგა.

ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ "ქართული ოცნებაც" და "ნაცმოძრაობაც" პოლიტიკური ველიდან ჩამოსაშორებელია.

- არის მოსაზრება, რომ გახარია კოალიციას შექმნის "ქართულ ოცნებასთან" და ეს ყველაფერი კეთდება მსოფლიოსთვის თვალის ასახვევად, თითქოს დემოკრატიაა ქვეყანაში... - მე ჯერჯერობით ვერ ვრწმუნდები, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია. თუ ადამიანები ამაში დარწმუნდებიან, ის ხმებს ვერ აიღებს. მერწმუნეთ, თუ გახარია ალღოს აუღებს მიმდინარე პროცესებს, საპარლამენტო არჩევნებში უკეთეს შედეგს მიაღწევს.

Eეს არჩევნები არის სააკაშვილს, ივანიშვილსა და გახარიას შორის ბრძოლა. დიდ მოთამაშეებზე ვსაუბრობ და ეს არ ნიშნავს, რომ სხვებს ვაკნინებ.

მე არ მაინტერესებს მერის არჩევნები, მე მაინტერესებს, როგორ განაწილდება ხმები საკრებულოში. თუU "ოცნება" არ დაიწყებს განაწილებას "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ, მას უმრავლესობა ვერ ეყოლება და ეს ფეოდალური მმართველობის დასასრულის დასაწყისი იქნება. მე მაინტერესებს ამ ქვეყანაში როგორ მუშაობს ინსტიტუტები. თუ გვექნება სამართლიანი სასამართლო, კანონიერი პარლამენტი, ყველაფერი მოხდება კონსტიტუციის შესაბამისად, მაშინ ვერც ივანიშვილი და ვერც სააკაშვილი ამ ქვეყანას ზიანს ვერ მიაყენებენ. მთავარია, კანონი კანონობდეს. თუ სამართლიანი სასამართლო იარსებებს, მაშინ არც პოლიტიკური პოლიციისა თუ პროკურატურის შემეშინდება, რადგან მეცოდინება, რომ სასამართლოში ვიპოვი სამართალს. მე ამ სისტემის დასანგრევად ვიბრძვი.

თუ გახარია კარგად გაიაზრებს, რა როლის მორგება მოუწევს, შედეგს უდავოდ მიიღებს. ის წაართმევს ხმებს "ქართულ ოცნებას" და იმათ ხმებსაც წამოიღებს, ვინც "ნაცმოძრაობას" ხმას იმიტომ აძლევდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა სურდა.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, "ქართულმა ოცნებამ" რაც უნდა იბაქიბუქოს, იმ შედეგს თუ ვერ მიიღებს, რაც უნდა მიეღო, პროცესები სხვანაირად წარიმართება და ეს შეიძლება ვადამდელი არჩევნების საფუძველიც გახდეს. თუ "ქართული ოცნება" არჩევნებს არ გააყალბებს, მას ბევრ ქალაქში მოუწევს უმრავლესობის დაკარგვა. ეს იქნება ხელისუფლების გაყოფის პირველი ეტაპი და ვადამდელი არჩევნების საფუძველიც.