"ეს სად ჩამოდის, ისევ გახარია ხომ არ ჰგონია პრემიერი? " - "ოცნების" გუნდის პასუხი ექსპრეზიდენტს - კვირის პალიტრა

"ეს სად ჩამოდის, ისევ გახარია ხომ არ ჰგონია პრემიერი? " - "ოცნების" გუნდის პასუხი ექსპრეზიდენტს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. ამის შესახებ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

"პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს - ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა - ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში!“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე ისაუბრა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე.

"ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ ცნობს. მე დავდივარ ყველგან მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მიღებენ ყველგან და არასდროს არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით,

რომელიც ჩემზეა აღძრული საქართველოში. უკვე ესაა ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, მაგრამ მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაინთავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში",- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას უპასუხეს მმართველი გუნდიდან.

ველოდებით, ველოდებით, ჩამოვიდეს,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა

ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ ზოგადად წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი ალბათ, მაინც უნიკალურია. დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს ეს საჩუქარი, რაც გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა", - აღნიშნა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

თანაგუნდელებზე მეტად გამოხატული უმორით შეხვდა ექსპრეზიდენტის განცხადებას მამუკა მდინარაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

"ეს სად ჩამოდის, ისევ გახარია ხომ არ ჰგონია პრემიერი?"