"პირადად მე, გიორგი გახარიას მოვუწონე ეს ნაბიჯი, მიმაჩნია, რომ ლიდერი სწორედ ასე უნდა იქცეოდეს რთულ სიტუაციაში" - კვირის პალიტრა

"პირადად მე, გიორგი გახარიას მოვუწონე ეს ნაბიჯი, მიმაჩნია, რომ ლიდერი სწორედ ასე უნდა იქცეოდეს რთულ სიტუაციაში"

"იქნება შავი ფულიც, ადმინისტრაციული რესურსიც, მოსყიდვაც, დაშინებაც, ყველა აკრძალულ მეთოდს გამოიყენებს ახლა "ქართული ოცნება" და ეს იქნება ყველაზე შავი არჩევნები, იმისთვის, რომ მათ 40 პროცენტზე ზევით აიღონ და შეინარჩუნონ ძალაუფლება"

როგორც ცნობილია, ეკა ბესელიამ სამი თვის წინ "მართლმსაჯულების სახლი" დააფუძნა. მიზანი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა, მათ შორის - მოსამართლეების, ადვოკატების, პროკურორებისა და საჯარო მოხელეების. ახლა, ძირითადად, ამ საქმით არის დაკავებული და დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ მისი ყველაზე დიდი სურვილი ახდება და ქვეყანაში იქნება სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლო.

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, იურისტი ეკა ბესელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა თვალს ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. თუ იქნება ქართველი ამომრჩევლის აქტიურობა, დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" სასურველ შედეგს ვერ დადებს, ამიტომ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ის არც რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.

- ვფიქრობ, თბილისში მეორე ტური გარდაუვალი იქნება და გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ კახი კალაძეს ამოცანა გაურთულა. მართლა სერიოზული კონკურენცია იქნება. ბევრ ამომრჩეველს, რომელსაც უნდოდა ალტერნატიული კანდიდატი ყოფილიყო და არ უნდოდა არც "ქართული ოცნება" და არც 5 ნომერი, მათთვის გახარიას ეს ნაბიჯი ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა. დღეს ბევრი კანდიდატი იბრძვის თბილისის მერობისთვის. ძალიან ვგულშემატკივრობ ჩემს კოლეგას, ადვოკატ ზაზა ხატიაშვილს, მაგრამ არ ჩანს ტელევიზიებში, რადგან ამის შესაძლებლობა არ აქვს. მისთვის ძალიან რთული იქნება ამ კონკურენციაში შესვლა, მაგრამ ზაზა ხატიაშვილი ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატია. რაც შეეხება რეგიონებს, ვფიქრობ, საკრებულოებში მრავალპარტიული წარმომადგენლობა იქნება და რეალურად კოალიციური მმართველობის მოდელი ამ არჩევნების შედეგად შეიქმნება. არ იქნება ადვილი "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება. სხვადასხვა პარტია, სხვადასხვა კანდიდატი მისცემს იმის შესაძლებლობას ამომრჩეველს, რომ გააკეთოს სასურველი არჩევანი. ბევრი პარტია რომ იქნება წარმოდგენილი თვითმმართველობებში, ეს ცუდი არ იქნება.

- თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომ იბრძოლოს მერობისთვის?

- არ იყო მოულოდნელი. ლიდერი, რომელსაც აქვს დიდი ამბიცია და ემზადება სერიოზული შედეგებისთვის, მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. თუ ის ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, ეს სისუსტედ ჩაეთვლებოდა. რა თქმაუნდა, ძალიან დააზიანებდა პოლიტიკურად, თუმცა ამას მეორე რისკიც ახლავს, თუ ის ვერ გადავა მეორე ტურში, რა თქმა უნდა, ეს მისთვის პოლიტიკურად ძალიან დიდი დარტყმა იქნება. ასე რომ, გიორგი გახარიამ ძალიან საინტერესო გახადა თბილისის მერის არჩევნები და პირადად მე მას მოვუწონე ეს ნაბიჯი, მიმაჩნია ლიდერი სწორედ ასე უნდა იქცეოდეს რთულ სიტუაციაში.

- კახა კალაძის და გიორგი გახარიას შეხვედრაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თქვენ როგორ შეაფასებთ მის ამ ნაბიჯს?

- გახარიამ თავად თქვა, რომ ეს იყო მისი მხრიდან შეცდომა, თუმცა ჰქონდა ძალიან ადამიანური გათვლა. იმ ადამიანთან, ვისთანაც ჰქონდა პირადი, კარგი ურთიერთობა, ამ ურთიერთობას უფრთხილდებოდა და შეატყობინა წინასწარ თავისი გადაწყვეტილება. მაგრამ მან დაინახა, რომ დღეს "ქართული ოცნების" სპიკერები ვინც არიან, იმათ არ იციან არც სიტყვის ფასი, არც დანდობა, არც შენახვა რაიმე საიდუმლოების, ინფორმაციის და, საერთოდ, ყველაფერს კადრულობენ. მან ეს თავად დაინახა და მიხვდა, რომ არ იმსახურებდა მისგან ამ ნაბიჯის გადადგმას. მე ეს უფრო ადრე დავინახე, ეს ის გუნდია, რომელმაც არ იცის საკუთარი თანაგუნდელის ფასი, პოლიტიკური ეთიკის სტანდარტი, არ იცის ადამიანური ურთიერთობები, აბიჯებენ ყველა ზღვარს, ყველაფერს კადრულობენ, ამიტომაც ვფიქრობ, ეს შეხვედრა შეცდომა იყო და არ იყო მისი მხრიდან გამართლებული ეს ნაბიჯი, რაც აღიარა კიდეც სატელევიზიო ეთერში და თქვა, რომ შეცდომა დაუშვა. მისი ეს ნაბიჯი გახარიას კი არ ახასიათებს ცუდად, ცუდად ახასიათებს მმართველ პარტიას, რომელსაც შეუძლია იჭორაოს და ათასი რამ იკადროს. არასანდო შთაბეჭდილებას ტოვებენ ისინი. როგორ შეიძლება ვინმე ენდოს მათ საქმეში, ამ ქვეყნის მართვაში ან ადამიანურ ურთიერთობაში.

- თქვენი აზრით, ხმები როგორ გადანაწილდება ამ არჩევნებზე? ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ გახარია ხმებს ვერ წაართმევს ნიკა მელიას და ის უდავოდ იქნება მეორე ტურში. როგორ ფიქრობთ, გახარია პატარა პარტიებს ხომ არ დააზარალებს?

- პირველ რიგში, "ქართული ოცნების" ამომრჩევლის ნაწილს წაიყვანს, ნეიტრალური ამომრჩეველიც მიჰყავს გახარიას, ასევე - "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებული ამომრჩეველიც. ეს არის მისი მთავარი დასაყრდენი ელექტორალურად და მას შეუძლია მიიმხროს ის კატეგორია, რომელიც ეძებდა ახალ ალტერნატივას. ეს არის შანსი მისთვის, ვფიქრობ, ამ შანსს გამოიყენებს. სამი ძირითადი, სერიოზული კანდიდატი უპირისპირდება ერთმანეთს და სხვა კანდიდატებიც არიან, რომლებიც ხმების რაღაც პროცენტს წაიღებენ. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს, დაველოდოთ, საინტერესო არჩევნები იქნება. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, ამას აუცილებლად გამოიყენებს "ქართული ოცნება". იქნება შავი ფულიც, ადმინისტრაციული რესურსიც, მოსყიდვაც, დაშინებაც, ყველა აკრძალულ მეთოდს გამოიყენებს ახლა "ქართული ოცნება" და ეს იქნება ყველაზე შავი არჩევნები, იმისთვის, რომ მათ 40 პროცენტზე ზევით აიღონ და შეინარჩუნონ ძალაუფლება, რადგან იციან, ეს არ მოხდება კანონიერად, ეს მოხდება უკანონოდ და ამისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ. ვნახოთ, მაინც ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობის აქტიურობაზე.

- "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თქვა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გამარჯვებისთვის არ იბრძვის და დღემდე "ნაცმოძრაობას" ბიძინა ივანიშვილი ხელოვნურად აცოცხლებსო, თქვენც ასე თვლით? - ერთმანეთი მათ ძალიან სჭირდებათ. პირველ რიგში, "ქართულ ოცნებას" სჭირდება "ნაცმოძრაობა". ნახეთ, ალბათ, გიგი უგულავამ გამოაქვეყნა იმერეთში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატების სია და ვნახეთ, ვინც წარადგინა, ყველა "ნაცმოძრაობის" აქტივისტი იყო. დღეს რეალურად "ქართული ოცნება" არის "ნაციონალური მოძრაობა", ისინი ერთმანეთში არიან აზელილები და არეულები.

- არის მოსაზრება, თუ გახარია გავა არჩევნებში, მასთან ექნება კოალიცია "ქართულ ოცნებას" და ამით ევროპას დაანახებენ, რომ ქვეყანაში არის ოპოზიციური ძალაო, ამაზე რას იტყვით? - როგორ უნდა გააკეთონ კოალიცია გახარიასთან, მოღალატეს ეძახიან და საშინელი სიტყვებით ლანძღავენ. როგორ შეიძლება იმასთან, ვისაც მოღალატეს ეძახი, კოალიცია გქონდეს. რასაც ვუყურებთ, ეს არის ანომალია და არანორმალური ვითარება.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" ახლა რომ მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, ეს რას ემსახურებოდა? - ეს მათი მხრიდან პოლიტიკური სვლა იყო, რომლითაც აჩვენეს მმართველ პარტიას, რომ ხელოვნურად მოგონილი მიზეზია, რის გამოც შარლ მიშელის დოკუმენტის ვალდებულებებს არ ასრულებს "ქართული ოცნება". ფორმალურადაც ეს საფუძველი რომ მოესპო "ნაცმოძრაობას" და სალაპარაკო ჰქონოდათ მეტად, ამიტომ მოაწერა გვიან ხელი. მე მესმის თავიდან რატომ არ მოაწერეს ხელი, ამნისტიის აქტის ფორმის გამო, რომელიც მართლა იმსახურებდა კრიტიკას. ის დოკუმენტი ერთ სიბრტყეში აყენებდა დამნაშავესაც და დაზარალებულსაც, თუმცა ვინც ხელი მოაწერა და პარლამენტში შეიყვანეს, ყველა მოტყუებული აღმოჩნდა, იმიტომ, რომ არც სასამართლო რეფორმა გაატარეს, არც საარჩევნო რეფორმა და არც 41-პროცენტიან ბარიერზე თქვეს, რომ უკვე ძალაშია. მგონი, მოტყუებული დარჩა ახლა ოპოზიცია, იმიტომ, რომ ხელისუფლების მიზანი იყო, როგორმე პარლამენტში შეეყვანა ოპოზიცია და როგორმე ლეგიტიმაცია მიეცა ამ პარლამენტისთვის.

- "ქართული ოცნება" ამბობს, რომ არ შეასრულებს შარლ მიშელის დოკუმენტში ჩამოთვლილ ვალდებულებებს იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობამ" ხელი არ მოაწერა, ახლა ეს ხელმოწერა რამეს შეცვლის? - არ დაუბრუნდება "ქართული ოცნება" ამ დოკუმენტს. მაინც არ შეასრულებდა იქ ჩამოთვლილ ვალდებულებებს, აქ არაფერ შუაშია ხელის მოწერა, უბრალოდ, საბაბი იყო და მეტი არაფერი. ახლა მთავარია, საქართველოს ამომრჩეველი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე იქნება დამოკიდებული შემდეგი არჩევნების ბედი.

- სესხის აღების თემამაც გამოიწვია დიდი ხმაური, ბევრი თვლის, რომ მაინც არ აძლევდა ევროპა საქართველოს ამ სესხს, თქვენ როგორ ფიქრობთ? - ყველაფერი იყო ზუსტად ისე, როგორც ეს თქვეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. რეალური იყო ის, რომ ევროკავშირმა უარი უთხრა საქართველოს ამ დახმარებაზე იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ენდობიან. დაბალი პროცენტით და შეღავათიანი პირობით ფულს რომ მისცემ ადამიანს, იმედი უნდა გქონდეს, რომ ამას სწორად გამოიყენებს, არ ენდობიან და არ მისცეს. ეს არის სამწუხარო ამბავი, ნდობა არ დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლებამ და ის რეპუტაციულად ძალიან ცუდად გამოიყურება.

- ქალბატონო ეკა, თქვენს პარტიას თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატები წარდგენილი ჰყავს? - ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცალკე სია არ წარგვედგინა ამ არჩევნებზე და დავრეგისტრირდით, როგორც სააარჩევნო სუბიექტი, იმისთვის, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ, მივეხმაროთ ოპოზიციას ხმების მობილიზებაში. ჩვენი რამდენიმე კანდიდატი არის საერთო, შეთანხმებულ სიაში. მათ მხარს დავუჭერთ, ძირითადად, ქალები არიან. ცალკე სია არ გვაქვს. ჩვენი ამოცანა ზეპარტიული იქნება, ჩვენ ამ არჩევნებს ვუყურებთ, როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ რეფერენდუმს და ამიტომ მივეხმარებით ყველას, იმისთვის, რომ ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული და რეალური არჩევნების შედეგები აისახოს.

- რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? - მე, პირადად, არ ვაპირებდი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, როგორც გითხარით, კანდიდატები წარვადგინეთ, მაგრამ საერთო სიით, თან იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რომ ახალ ნომერსაც ვერ დაიმახსოვრებდა ამომრჩეველი. გარდა ამისა, ფინანსური რესურსიც არ გვქონდა, რომ არჩევნებს გავმკლავებოდით და ბევრი საჭიროება დაგვეძლია. რეალურად, ამის რესურსი ჩვენ არ გაგვაჩნდა და საჭიროდ ჩავთვალეთ, უფრო დიდი ამოცანისთვის გვებრძოლა და დავხმარებოდით საერთო ოპოზიციას იმისთვის, რომ მთლიანობაში ოპოზიციურმა კანდიდატებმა მიიღონ მეტი ხმა.

- ვინმეს ხომ არ შემოუთავაზებია კოალიცია? - რამდენიმე პარტიიდან იყო შემოთავაზება, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პირადად არ ვიღებდი.

- ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი გახარიასგანაც ხომ არ გქონდათ შემოთავაზება? - არა, კონკრეტული არანაირი საკითხი არ გაგვივლია. სხვა პარტიებისგან იყო, მაგრამ ვემზადები რიგგარეშე არჩევნებისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება.

- იმასაც ამბობენ, არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ისევ ქუჩში გამოვა აქციების ჩასატარებლად... - ეს დამოკიდებულია იმაზე, გაყალბდება თუ არა არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე. ახლა მართლა არაორდინარული ვითარებაა, ბევრი რამ შეიძლება იყოს სიურპრიზი. ბევრის მოლოდინი შეიძლება არ გამართლდეს. მე უფრო მგონია, მესამე არჩევნის მქონე ხმებს, ალბათ, გახარია გაუკეთებს მობილიზებას, თუმცა სხვა პარტიებსაც აქვს შანსი, შანსი აქვს ბევრ სხვა კანდიდატსაც. ცალკე კანდიდატების წარდგენა არ არის ცუდი იდეა, რადგან კოალიციური ტიპის მმართველობის მოდელი უნდა შეიქმნას ადგილობრივი არჩევნებით და ეს შეიძლება იყოს მოსამზადებელი ეტაპი.

- ცნობილია, რომ თქვენ შექმენით "მართლმსაჯულების სახლი", აქტიურად დაიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით? - მთელი ჩემი ძალები გადართულია ახლა აქეთკენ. "მართლმსაჯულების სახლმა" პირველ ივნისს დაიწყო ფუნქციონირება, სულ რაღაც, სამი თვეა. ახლა, პანდემიის პირობებში არ გვქონდა აქტივობა. პირველი ორი თვე კარგი სტარტით დავიწყეთ. იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მომავლის სახლია ეს. დღეს, როცა ყველა საუბრობს მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე, სწორედ ეს სახლი ეფუძნება მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების იდეას, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მხარდაჭერას, რაც "პირველ რიგში" ნიშნავს იმას, რომ მომზადდეს მომავალი, მაღალი რეპუტაციის მქონე, ახალი მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები. ეს არის ცენტრი, რომელიც მოამზადებს მომავალ პროფესიონალებს, რომლებმაც რეფორმის პროცესში უნდა შეცვალონ სისტემა, რომელიც წარსულისკენ გვექაჩება. პროექტის მხარდამჭერია ამერიკის განვითარების სააგენტო და ჩვენი ძალიან ძლიერი პარტნიორია. მოვიყვანე საუკეთესო ექსპერტები, როგორიც არის მინდია უგრეხელიძე, ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, კომუნიკაციის ექსპერტი დოდო შონავა, კრიმინალისტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობის კუთხით, თედო ჯაფარიძე, ამერიკელი ექსპერტებიც არიან ჩართულები და ძალიან მნიშვნელოვან ხარისხს აძლევს ამ სწავლის პროცესს. ეს არის პრაქტიკული ტრენინგცენტრი, აქ არის, მათ შორის, იურიდიული კლინიკა, სამართლებრივი ექსპერტიზა, კომპლექსური სერვისები, რომელიც სჭირდება მართლმსაჯულების სისტემას, აქ იქნება კანონპროექტებზე მუშაობაც, საინტერესო გეგემები მაქვს და მიდის ამაზე მუშაობა. იდეა მინდა ბოლომდე მივიყვანო და ამ იდეას ემსახურება სწორედ "მართლმსაჯულების სახლი".

- ექსპერტიზა ახსენეთ დ, თქვენთან შესაძლებელი იქნება დამოუკიდებელი ექსპერტიზების ჩატარებაც? - სამართლებრივი ექსპერტიზა შეგვიძლია ჩავატაროთ. ეს არის კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით სამართლებრივი პრობლემების შესწავლა, გადაწყვეტა. მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიასთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი და ამ აკადემიის პროფესიონალები გვინდა ასეთი ტიპის ექსპერტიზებში ჩავრთოთ, გამოვიყენოთ მათი კომპეტენცია და ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა იქნება. იქ არიან ძალიან გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, ყველა სფეროში და სასამართლო მეგობრის სტატუსით სპეციალური სამართლებრივი ექპერტიზები ჩატარდება, მათ შორის, დასკვნებიც მომზადება, რამაც უნდა გაზარდოს მართლმსაჯულების სისტემის შიგნით მტკიცებულებების ხარისხი. ეს არის ძალიან საინტერესო და საჭირო მიმართულება. ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა არის სასამართლო რეფორმა და ეს რეფორმა პროფესიონალი ადამიანების გარეშე არ ჩატარდება. ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო ასეთი ცენტრი გამეხსნა, აქამდე არ მეცალა ამისთვის, რადგან პარლამენტში ვიყავი და ახლა მაქვს დრო და ენერგია იმისთვის, რომ ამას დავუთმო. მე პოლიტიკაში წავედი იმიტომ, რომ არ იყო ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო. პოლიტიკას ვუყურებ, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების იდეის რეალიზებას. მე არასდროს მხიბლავდა პოლიტიკოსობა, ჩემთვის ეს იყო იძულებითი მოცემულობა, ეს იყო არენა, საიდანაც უნდა მებრძოლა ამ მიზნისთვის. ამიტომ, თუ დამჭირდება ამ იდეის ბოლომდე მიყვანისთვის ისევ ვიყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, ამისთვის არსებობს ჩემი პარტია "სამართლიანობისთვის" და ამ პარტიის პლატფორმიდან შემიძლია ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა, მაგრამ მთავარი არის იდეა, სწორედ პარტიაც და პოლიტიკაში ყოფნაც ემსახურება იდეას, მე არ მესმის საერთოდ იდეის გარეშე რატომ უნდა იყოს პოლიტიკაში ადამიანი. თუ საჭირო იქნება, გავაგრძელებ პოლიტიკურ აქტიურობას. ახლა "მართლმსაჯულების სახლს" უფრო მეტად ვჭირდები, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკას, მე ისედაც აქტიური ადამიანი ვარ და არასოდეს ვიხევ უკან. ლექციებს მეც ვკითხულობ, მიმყავს სპეციალური კურსი იურისტებისთვის, ადვოკატის პროფესიული ეთიკა და პრაქტიკული მასტერკლასები და ჩემთან ერთად არის ამერიკელი ექსპერტი, პროფესორი, ასევე, არიან სხვა სპეციალისტები. ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ მომავალ ადვოკატებს და პროფესიონალებს და ვფიქრობ, ესეც არის ერთგვარი შესაძლებლობა ჩემთვის, რომ აქ ვიპოვო ნიჭიერი იურისტები.

- იმ ფონზე, როცა უვადოდ უკვე დაინიშნა მოსაამართლეების დიდი ნაწილი, სასამართლო რეფორმა როგორ წარმოგიდგენიათ? - არსებობს ამის გეგმა და ჩემს კოლეგებს ვუზიარებ კიდეც, როგორ შეიძლება თავი დავაღწიოთ ამ მმართველობას და გავუშვათ ეს ადამიანები სასამართლოდან, ვინც წინა რეჟიმს ემსახურებოდა და ახლაც ემსახურება ამ რეჟიმს. ამის განხორციელებას სჭირდება დიდი პოლიტიკური ერთობა და ნება და ეს შეუძლებელი ნამდვილად არ არის.

- ვაქცინაციაზე რას ფიქრობთ, ალბათ, პანდემიამ შეცვალა თქვენი დღის რეჟიმიც... - ამ ვითარებამ ყველას დღის რეჟიმი შეცვალა. ბევრი პირადი შეხვედრა არ ტარდება, უმეტესად, ტარდება დისტანციურად, "ზუმით" საუბრები. ყველას ცხოვრება შეიცვალა და მათ შორის - ჩემიც. ახლა ყველა იძულებულები ვართ, ამ საერთო წესრიგში ვიყოთ. რაც შეეხება ვაქცინაციას, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კომპეტენტური და კვალიფიციური აქტიურობა, მათი კონკრეტული მაგალითები. ძალიან დაზარალდა ეს პროცესი, სამედიცინო სფეროს დიდი ნაწილი რომ არ იყო აცრილი, ამის გამო და ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ პროცესზე, მათ შორის - არასწორმა დამოკიდებულებებმაც. მე არ ვარ მომხრე, რომ ადამიანები იძულებითი არჩევნის წინაშე დავაყენოთ, არამედ - მათ უნდა მივცეთ გააზრებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. ეს მიმაჩნია სწორად, როგორც ადამიანის უფლებების დამცველს. გააზრებული, შეგნებული, დარწმუნებითი არჩევანი როცა ხდება, კიდევ უფრო უკეთესი იქნება ეს პროცესი და უკეთეს შედეგს მოგვიტანს, პატივი უნდა ვცეთ ამ მიდგომას. მე მხარს ვუჭერ ამ რეგულაციებს, წესების დაცვა აუცილებელია. მეც ვიცავ ყველა წესს და მიმაჩნია, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება ისე, რომ ზიანი არ მოვუტანოთ გვერდით მყოფ ადამიანებს.

(სპეციალურად საიტისთვის)