"ყველას ეკითხებოდნენ, ქართველი ტყვეები გვყავს, მოსაკლავად არ გინდათო?" - კვირის პალიტრა

"ყველას ეკითხებოდნენ, ქართველი ტყვეები გვყავს, მოსაკლავად არ გინდათო?"

"ერთხელ უთქვამს, ეკლესიას ავაშენებთ და მის ეზოში დავიმარხებიო.  მშენებლობა კი დასრულდა, მაგრამ ბიძინას საფლავი დღემდე უცნობია"

რამდენიმე კვირის წინ, გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოფელ კარალეთის მკვიდრი, ეროვნებით ოსი ბიძინა ფარქაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულად გამოცხადდა. ბიძინა ქართველების გადარჩენას ცდილობდა და არ ეგონა, თუ ოსი მაროდიორები სწორედ იმის გამო მოკლავდნენ, რომ ოსი იყო. მომხდურებმა დასაჯეს როგორც ოსი ერის მოღალატე.

ბიძინას მამა, სულიკო ფარქაშვილი, ადრიანად გამოდის შინიდან და ჭიშკართან ჯდება, სახლშიც გვიან, დაბინდებისას შედის. მერე რა, რომ სასამართლომ ბიძინა ომში დაღუპულად ცნო. მამა ომის დროს გატაცებულ შვილს მაინც ელოდება.

ლეილა ბოლოთაშვილი, ფარქაშვილების მეზობელი: "ბიძინა ცხრა ქართველ ბიჭთან ერთად გაიტაცეს მაშინ, როდესაც რუსული ჯარი პირველად შემოვიდა სოფელში. ბიჭები ჩემს სახლთან ისხდნენ. შორიდან რამდენიმე სამხედრომ ქართულად გამოსძახა, მოგვეხმარეთო. ქართულის გაგონებაზე ბიჭები მყისვე წამოიშალნენ, იფიქრეს, ჩვენს ჯარისკაცებს რაღაც უჭირთო. 60 წლის მეზობელიც მათ გაჰყვა, მაგრამ ვითომ დახმარების მსურველთ უკან დაუბრუნებიათ, შენ არ გვჭირდებიო. გულმა რეჩხი მიყო და ბიჭების კვალს გავედევნე. დავინახე, როგორ დაუმიზნეს იარაღი და შეყარეს დახურულსაბარგულიან ავტომობილში. მას შემდეგ ბიძინას კვალი გაქრა.

სულიკო ფარქაშვილი: "გავეკიდე გამტაცებლებს, ველაპარაკე ხან ოსურად, ხან რუსულად, ქართულადაც, მაგრამ არც ერთ ენაზე არ ისმინეს ჩემი სიტყვა. სანამ სოფლიდან გავიდოდნენ, რუსი სერჟანტი გადმოხტა ტანკიდან და გამტაცებლებს უყვირა, სად მიგყავთ ეს ბიჭები, სოფელში დატოვეთო, მაგრამ არ ისმინეს. გაიქცნენ. რაღას ვიზამდი, როგორ ან სად გავეკიდებოდი".

KvirisPalitra.Geცხრა გატაცებულთაგან ექვსს გაუმართლა, ცხინვალისკენ მიმავალი შემთხვევით გზად გადააწყდნენ ტყვიაველ გლეხს, რომელიც "ჟიგულით" ცოლსა და ვაჟთან ერთად სახლის დასახედად მიდიოდა. ოსმა მაროდიორებმა სროლა აუტეხეს მანქანას, მგზავრებს გაქცევა მოუხერხებიათ. ამ ალიაქოთში დატყვევებულებსაც დაუხსნიათ თავი. სამნი მაინც დაიჭირეს. ბიძინას ყვირილი დაუწყია, რას ერჩით ამ ხალხს, რა გინდათ, ოსი ვარ და მე დამსაჯეთო. მოღალატეს ძახილით შეუგდიათ ავტომობილის სალონში, კიდევ ორი ტყვე, გაკოჭილი გოჩა და ზვიადი თურმე საბარგულში შეათრიეს".

ზვიად არჩუაძე, გატაცებულთაგან ერთ-ერთი: "გაზელის" მარკის მიკროავტობუსი, საბარგო ტრანსპორტად იყო გადაკეთებული და სალონისგან დახურული ტიხარი გვაშორებდა ბიძინას. მთელი გზა სცემდნენ იმის გამო, რომ ქართველებს იცავდა. ერთხელაც გამგმირავი ხმა გავიგონეთ და მერე სიჩუმე ჩამოვარდა. გზადაგზა, სადაც კი ოსურ-რუსული ჯარის ნაწილები იდგა, აჩერებდნენ და ყველას ეკითხებოდნენ, მანქანაში ქართველები გვყავს, მოსაკლავად არ გინდათო? ყველგან უარი რომ უთხრეს, ერთმა ღრიალი დაიწყო, მაშინ მე მოვკლავ, ამათი დედაცო. მაგრამ გაგვიმართლა, ჩვენი "გასაღების" იმედი რომ გადაეწურათ, ცხინვალში ჩვენს გამტაცებლებს ერთმა ჯარისკაცმა უთხრა, ამათ მე წავიყვანო. ბიძინა ჩვენ არ გამოგვაყოლეს. ჩვენი მხსნელი დედით ქართველი გამოდგა. იმ ღამეს სახლში წაგვიყვანა.

დედამისიც გავიცანით. თვითონ მხსნელი თურმე შვიდ წლამდე მეღვრიკისში იზრდებოდა. ძალიან უყვარდა ქართველები. ცდილობდა ვინმე ნაცნობი ან ახლობელი გამოენახა, ხშირად გვეკითხებოდა, მეღვრიკისელს ვის იცნობთო. როგორც დედამისმა გვითხრა, 23 წლის ყოფილა. დიდი და კეთილი გული კი ჰქონდა იმ გასახარებელს. თუ ჩემი ძალით ვერ გაგიყვანთ ცხინვალიდან, მაშინ მილიციას უნდა ჩავაბარო თქვენი თავი, შესაძლოა, იქაც გცემონ, მაგრამ არ მოგკლავენ და ერთ დღესაც სახლში ცოცხლები დაბრუნდებითო. მაინც ყველაფერი იღონა, რომ სახლამდე მოვეყვანეთ."

ზვიადი და გოჩა რომ მშვიდობით დაბრუნდნენ, ფარქაშვილების ოჯახსაც გაუჩნდა ბიძინას დაბრუნების იმედი, მაგრამ უკვე მესამე წელი მიილია ამაოდ. უგზო-უკვლოდ გამქრალი კაცის ვერც გვამი ნახეს და ვერც მისი სიკვდილის თვითმხილველი.

სულიკო ფარქაშვილი: "მე ცხინვალში არ მიმესვლება, რომ შვილის გვამი მოვძებნო, აქედან კი ვერავინ დამეხმარა. აAმას წინათ ჩემი მეორე ვაჟი "წითელმა ჯვარმა" დაიბარა, გვეგონა, გვეტყოდნენ, დაღუპულს მივაგენითო, მაგრამ ესეც მორიგი გასართობი მიწვევა აღმოჩნდა. "წითელი ჯვარი" დროდადრო შეხვედრებს მართავს ჩვენისთანა სვეგამწარებულებთან. ალბათ, კეთილი ჩანაფიქრი აქვთ, უნდათ როგორმე შეგვიმსუბუქონ დარდი, მაგრამ გასართობი კინოფილმების ჩვენება და პირის გასაგრილებლად მორთმეული წვენები გაუბედურებულ გულს ვერ აგრილებს. ჩვენ დაღუპულების ცხედრების მოძიება გვინდა.

მოხუცი ვარ, სიარულიც მიჭირს. ჩემი მეორე ვაჟი ავღანეთის ომში დაინვალიდდა, უმუშევარია,  მეც მის კმაყოფაზე ვარ. ძალიან გვიჭირს,  ვისაც ომში დაეღუპა ოჯახის წევრი, დაეხმარნენ.

გორის გამგეობაში რომ მივედი, მითხრეს, შენ ოსი ხარ და რა დახმარებას ითხოვო? გამიკვირდა,  რა პასუხია ეს? მე საქართველოს მოქალაქე ვარ, რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ეროვნებას, მიცდია ღალატი, სადმე გავქცეულვარ? ჩემმა შვილმა საქართველოსა და ქართველებს შესწირა თავი. ოსურიც კი არ იცოდა. ჩემი ცოლი ქართველი იყო, იმის სისხლს მაინც არ უნდა გაუწიონ ანგარიში?"

"კვირის პალიტრა" გორის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, კახა ტოლიაშვილს დაუკავშირდა და სთხოვა, განემარტა, რის საფუძველზე უთხრეს სულიკო ფარქაშვილს დახმარებაზე უარი.

კახა ტოლიაშვილი: "ასეთი რამ არ  ყოფილა. რა გვარი მითხარით? როგორ კადრულობს მაგას? რაც შეეხება დახმარებას, თუ სასამართლომ ომში დაღუპულად ცნო მისი შვილი, მიიღებს დახმარებას".

სატელეფონო ზარის შემდეგ ფარქაშვილების ოჯახი  სოფლის ხელისუფლებამ მოინახულა და შეატყობინა, რომ "უფროსობა" ნაწყენია(?!). კანონის თანახმად, ფარქაშვილებს მას შემდეგ, რაც ბიძინა დაღუპულად გამოცხადდა, დახმარება ეკუთვნით, რადგან ოჯახის წევრი ომში დაკარგეს. მათ, როგორც ბუფერულ ზონაში მცხოვრებთ, უფლება ჰქონდათ, სარეაბილიტაციო პროექტებითაც  ესარგებლათ. თუმცა,  სახლების სარეაბილიტაციოდ შემოწმება რომ ჩაატარეს, ფარქაშვილების სახლი სიძველით დაზიანებულად მიიჩნიეს და  სახურავის შეკეთებაზეც უარი უთხრეს(?!).

P.S. ბიძინა ფარქაშვილმა სოფელში ძველი ეკლესია აღადგინა. ერთხელ უთქვამს, ავაშენებთ და მის ეზოში დავიმარხებიო. შემოსწყრომიან მეზობლები, რა დროს სიკვდილიაო. ახლა კი ამბობენ, ეტყობა, გული უგრძნობდა ავსო. სოფლის ეკლესიის აღდგენა კი დაუსრულებია, მაგრამ ბიძინას საფლავი დღემდე უცნობია.