"არ მგონია, სააკაშვილის ეს განცხადება მელიასთან შეთანხმებული ყოფილიყო, თუმცა არ გამოვრიცხავ, გუნდიდან ვიღაცებმა მას ტვინი აურიეს" - კვირის პალიტრა

"არ მგონია, სააკაშვილის ეს განცხადება მელიასთან შეთანხმებული ყოფილიყო, თუმცა არ გამოვრიცხავ, გუნდიდან ვიღაცებმა მას ტვინი აურიეს"

"სააკაშვილი თავისი აქტიურობით ის ზიანს აყენებს უფრო ოპოზიციურ ამოცანას, ვიდრე კარგი მოაქვს მისთვის"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საქართველოში ჩამოვა. მან მსგავსი პირობა არაერთხელ დადო, თუმცა ამ დრომდე ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ბევრი ამ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს და თვლის, რომ სიტყვას ის არც ამჯერად შეასრულებს.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- ყოველი არჩევნების წინ ერთი და იგივე განცხადებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი და ამიტომ რეალურად რას როგორ იზამს, ძნელი სათქმელია. ფაქტია, მას თავისი დაპირება არც ერთხელ არ შეუსრულებია, შესაბამისად, იმის საფუძველი, რომ ის აუცილებლად ჩამოვა, არ გვაქვს. მისი ეს განცხადება აზიანებს პოლიტიკურ პროცესს და მის პარტიასაც, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მიმართულია ორპოლუსიანობისკენ. შეიძლება ამით სააკაშვილი ახდენს საკუთარი ელექტორატის მობილიზებას, მაგრამ ნიუტონის კანონია - დაწოლა მეორე მხრიდან ანალოგიური ძალის დაწოლას იწვევს. თუ ის ახდენს თავისი ელექტორატის მობილიზებას, ეს თავისთავად იწვევს, აგრეთვე, მეორე პოლუსზე მობილიზებას. სამობილიზაციო რესურსი მის ოპონენტებს უფრო დიდი აქვთ და, შესაბამისად, საარჩევნო არითმეტიკით, ამ თავისი აქტიურობით ის ზიანს აყენებს უფრო ოპოზიციურ ამოცანას, ვიდრე კარგი მოაქვს მისთვის. მაგრამ ხომ ვერ აუკრძალავ? - ასეთი ადამიანია და ასე იქცევა. მას ვერ წარმოუდგენია პოლიტიკური ცვლილებები პირადი მონაწილეობის გარეშე. უნდა ჩამოვიდეს და თუ უნდა - არ ჩამოვიდეს, ეს საკითხი მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია.

- თუ ჩამოვიდა მას დააკავებენ და ამას პოლიტიკური ვითარების გამწვავება მოჰყვება? - რანაირად უნდა ჩამოვიდეს, არაფერს არ ცვლის მისი ჩამოსვლაც, ისეთი ცოტა დროა დარჩენილი. ცვლის მხოლოდ მისივე პარტიის საზიანოდ, იმიტომ, რომ სამობილიზაციო ელექტორატი, რომელსაც უნდა დღეს თავისუფალი არჩევნის გაკეთება, მაგრამ არ მოსწონს მიშა სააკაშვილი, ამ ელექტორატს თავისი განცხადებით ის უბიძგებს ისევ ხელისუფლების კლანჭებისკენ.

- გახარიას კონკურენციის ხომ არ შეეშინდა? - სისულელეა, ამ ეტაპზე გიორგი გახარია მისი კონკურენტი არ არის და თუ ეს ასეა, გახარიასთან ბრძოლით ოპოზიციური ამოცანა ზიანდება. თუ ის ასე ფიქრობს, ეს არის მისი პოლიტიკური შეცდომა, მეტი არაფერი.

თორნიკე შარაშენიძე, ექსპერტი: - მერამდენედ მოვისმინეთ სააკაშვილისგან ასეთი განცხადება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არცთუ რეალურია, თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა არჩევნების წინ და თუ არ გამოჩნდა, რომ მისი ჩამოსვლა დაამარცხებს "ქართულ ოცნებას". ჯერჯერობით ასეთი წინაპირობა არ ჩანს. სააკაშვილი ჭკვიანი პოლიტიკოსია და არ მგონია, ტყუილად თავი გადადოს, თუ არ ხდება ის, რომ ვიღაც-ვიღაცებმა მას ილუზიები შეუქმნეს და არ უთხრეს, ოღონდ შენ ჩამოდი და კარგად იქნება ყველაფერიო.

- მაშინ რატომ ამბობს, ყველა არჩევნების წინ ჩამოვდივარო, ეს არ აზარალებს მის პარტიას და თავად მას, როგორც პოლიტიკოსს? - დაუთვალეს მას ასეთი შინაარსის განცხადება და 16- ჯერ აქვს გაკეთებული მსგავსი განცხადება, თუმცა ფაქტია, თავისი ამომრჩევლის ერთგვარ არმიას მაინც ინარჩუნებს. რაც უნდა თქვას, ამ კაცისადმი ფანატიკური ერთგულება ამომრჩევლების დიდ ნაწილს მაინც უნარჩუნდება, ამიტომაც ფიქრობს, რატომაც არა, რაც უნდა ვილაპარაკო, მაინც რჩება ეს არმია.

ოპოზიციას, ფაქტობრივად, არანაირი საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებია რეგიონებში, ოპოზიცია დაქსაქსულია, "ქართულ ოცნებას" აქვს უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი. პლუს - ადგილობრივი არჩევნებია და, შესაბამისად, მმართველ პარტიას დიდი უპირატესობა აქვს, იმიტომ, რომ ხალხის დიდი ნაწილი, ელემენტარულად, არჩევნებზე არ წავა. ამ სიტუაციაში მან რა უნდა ქნას? მით უმეტეს, არ არის 2003 წელი, როცა შეიძლებოდა მსგავსი რაღაცის გაკეთება. სხვა ქვეყანაა უკვე. ამიტომ ვამბობ, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, არ მგონია, ის ჩამოვიდეს. თუ ჩამოვიდა, ესე იგი, მას ვიღაცამ ტვინი აუბნია და უთხრა, ოღონდ შენ ჩამოდი და მთელი ქართველი ერი თუ არა, ნახევარი მაინც მოსახლეობის, დაგხვდება აეროპორტში და დააჭერინებს თავს. ასე რომ არ იქნება, ეს ხომ ყველამ ვიცით.

- სააკაშვილმა თქვა, ვიცოდი რა მოჰყვებოდა უკრაინაში ჩემს ჩასვლას, მაგრამ მაინც ჩავედიო. - იქ შედიოდა ხმელეთით, პოლონეთიდან გადავიდა, აქ საინტერესოა, როგორ უნდა ჩამოვიდეს ხმელეთით. თურქეთიდან გადმოვა? თუ რას აპირებს, ასე მარტივად არ არის საქმე.

- ამბობენ, არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ისევ ქუჩაში გამოვა და ისევ დაიწყება საპროტესტო აქციები, ამის მოლოდინი გაქვთ? - მოლოდინი მაქვს, რომ გამოვლენ ქუჩაში და იმის მოლოდინიც მაქვს, რომ აქედან არაფერი გამოვა. შარშან ვნახეთ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, თან უფრო მაღალი იყო პოლიტიკური ტემპერატურა, რადგან იყო საპარლამენტო არჩევნები. ადგილობრვი არჩევნების დროს გადატრიალებული ქვეყანა, პირადად, არსად მინახავს.

- იმას რით ხსნით, რომ აქტიური საარჩევნო კამპანია არ აქვს ოპოზიციას? - მე მგონი, ფულიც გამოელიათ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პლუს ის, რომ არ აქვთ იმედი, რაიმე შეიცვალოს ამ არჩევნებით. აქედან გამომდინარეა, რომ მათი ქმედება არ ცდება ხმამაღალ განცხადებებს და მუშტის ქნევას - ეს ამით აიხსნება.

- ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ, რომ ამ ორმა ძალამ შეინარჩუნოს გავლენები, ამაზე რას იტყვით? - შეთანხმებულად - არა, მაგრამ ამ ეტაპზე, უბრალოდ, მიშას აწყობს, რომ, მინიმუმ, შენარჩუნდეს მთავარ ოპოზიციურ ძალად "ნაციონალური მოძრაობა". ამ მინიმუმზე მუშაობს ჯერჯერობით და ბიძინას აწყობს, რომ სააკაშვილი გამოიყენოს როგორც ბუა - რატომაც არა?

- თქვენი აზრით, სააკაშვილის ეს განცხადება მელიასთან ან გუნდთან შეთანხმებული იქნებოდა? - არ მგონია, მელიასთან შეთანხმებული ყოფილიყო, თუმცა არ გამოვრიცხავ, გუნდიდან ვიღაცებმა მას ტვინი აურიეს. მელია საკმაოდ რეალისტურად უყურებს იმას, რაც ხდება საქართველოში.

(სპეციალურად საიტისთვის)