წაშლილი საზღვარი და გადარჩენილი აფხაზი გოგონა - კვირის პალიტრა

წაშლილი საზღვარი და გადარჩენილი აფხაზი გოგონა

ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ენგურისპირეთში სამხედრო ბაზებს აშენებს და მათ გარშემო  მავთულხლართებს ავლებს, აფხაზებს კი, ენგურის ხიდის გვერდის ავლით, მძიმე ავადმყოფები საქართველოში გადმოჰყავთ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან მშვიდობის პატარა დესპანად ამჯერად ხუთი წლის აფხაზი გოგონა - რენატა ბარციცი მოგვევლინა.

ერთი წლის წინ რენატას ადუღებული წყალი გადაესხა და გულმკერდი და კისერი დაეწვა. პაციენტს პირველი დახმარება გაგრაში აღმოუჩინეს, შემდეგ კრასნოდარშიც უმკურნალეს, მაგრამ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა და რენატას მშობლებმა მისი თბილისში წამოყვანა გადაწყვიტეს.

მათ იცოდნენ რამდენიმე წლის  წინ 15 წლის ოჩამჩირელი ქრისტინეს ავადმყოფობის გახმაურებული ისტორია.  მაშინ დამწვარი გოგონა სოხუმელი დევნილის, ლევან თოდუას დახმარებით თბილისში ჩამოიყვანეს, სადაც მოზარდს უნიკალური ოპერაცია გაუკეთეს (მკურნალობის ხარჯები მთლიანად  საქველმოქმედო ფონდმა "იავნანამ" დაფარა); ამ  ფაქტზე აფხაზური მედია დღემდე დუმს, მაგრამ ქართველების მიერ გადარჩენილი ქრისტინეს ამბავი ენგურიდან ფსოუმდე ყველა აფხაზმა იცის.

მაისის დასაწყისში დიმა და ესმა ბარციცები პატარა რენატასთან ერთად ენგურის ხიდს მოადგნენ. მათ წარმოდგენაში არსებული, ეგრეთ წოდებული "სახიფათო ზონა" რომ გაიარეს და თბილისის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში პირველი ღამე გაათენეს, ის რაღაც, აუხსნელი განცდა თანდათან გაქრა, ომის შვილებმა მხრებიდან თითქოს ტვირთი მოიხსნეს...

რეკონსტრუქციული განყოფილების გამგე,  გია სიმონიშვილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვესაუბრა:

"გოგონას კისრის წინა მხარეს ზედაპირზე ჰქონდა დამწვრობის ნაწიბური, რომელიც არ ხორცდებოდა და კისრის ფუნქციის შეზღუდვასაც იწვევდა.

რეკონსტრუქციული ოპერაციის შემდეგ ნაწიბური ამოიკვეთა და ჭრილობა გადანერგილი კანით დაიფარა. 16 წლის ასაკში კვლავ დასჭირდება ამ ადგილის კორექცია და რეკონსტრუქციული ოპერაცია გულმკერდის არეშიც".

გამოჯანმრთელებული რენატა და მისი მშობლები  მაშინ  გავიცანი, როდესაც  პარკში სეირნობდნენ. აფხაზურ ენაზე მოსაუბრენი რომ დავინახე, რამდენიმე წუთით გავხევდი, მერე გასაუბრება ვცადე. აქაურობას მათზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია!..

- გვეშინოდა აქეთ წამოსვლა, ვფიქრობდით, ვინ იცის, რას დაგვაწევენ ქართველებიო, მაგრამ როდესაც შვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ჩვენთვის, მშობლებისათვის, ენგურზე საზღვარი თითქოს წაიშალა. ქართველი ექიმების ყურადღებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გვიკვირდა, რომ უცხოდ არავის მივაჩნდით, - გვითხრა დიმამ და შემდეგ კარგა ხანს გაჩუმდა... მის მადლიერებით აღსავსე მზერაში ადვილად იკითხებოდა ის, რის თქმასაც თავს არიდებდა;

არ სურდა უბედურების სათავეზე - პოლიტიკაზე, ომზე, დაპირისპირებაზე საუბარი. თბილისში ყოფნისას დიმა და ესმა ბარციცებმა ბევრ, მათთვის საინტერესო კითხვაზე იპოვეს პასუხი. ქართულ გარემოცვაში ქვეცნობიერად იმსხვრეოდა მტრის ხატიც. ეს ომის შემდგომი პერიოდის, ე.წ. ცივი ომის სინდრომია, რომელსაც აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები დაატარებენ.

დიმა, ესმა და რენატა ბარციცების მიერ გადმოლახული ენგურის საზღვარი ომის შემდგომი თაობის შინაგანი ჯანყია. თაობისა, რომელსაც XXI საუკუნეში ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრება არ სურს და ვერც მის "გადამრჩენელ" რუს ხალხთან პოულობს საერთო ენას. იმედია, აფხაზები ხსნას საბოლოოდ ქართველებში იპოვიან...