"სინამდვილეში სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაა "ოცნების" მთავარი კოზირი" - კვირის პალიტრა

"სინამდვილეში სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაა "ოცნების" მთავარი კოზირი"

"თუ ვინმეს შარდში რომელიღაც ქიმიური ნივთიერება აღმოაჩნდება, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება"

"გირჩის" ლიდერ ვახტანგ მეგრელიშვილთან ინტერვიუ კახა კალაძის ინიციატივის შეფასებით დავიწყეთ, რომელმაც მერობის ყველა კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა და თავად უკვე ჩააბარა კიდეც ტესტი.

- ეს არის ან სრული პოპულიზმი, ან კონკურენტის წინააღმდეგ პერსონალურად გადადგმული ნაბიჯი. ჭორები ვრცელდება, გახარიას მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლაში ამის გამოყენება არასწორი მგონია.

- ვთქვათ, ერთ-ერთ მერობის კანდიდატს ნარკოტიკების მოხმარება დაუდასტურდა, ეს პრობლემა იქნება? - ეს ადამიანების აღქმაზეა დამოკიდებული. ვიღაცას, მაგალითად, აცრის ეშინია, ვიღაცას - მოჩვენებების. ნარკოტიკების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მრავალათწლეულიანი პროპაგანდის შედეგია...

სამი ძირითადი კანდიდატიდან მე არც ერთის შესახებ არ მსმენია, რომ ნარკოტიკების გადაჭარბებით მომხმარებელია. შეიძლება იყოს ერთეული შემთხვევა, რომლითაც კალაძეს სურს, ჩირქი მოსცხოს რომელიმე მოწინააღმდეგეს, მაგრამ ეს თავად კალაძეს აყენებს ჩრდილს ნორმალური ადამიანის თვალში. თუმცა მათ თვალში, ვისაც ეს სიგიჟეები მოსწონს, შეიძლება კალაძის რეიტინგი გაიზარდოს კიდეც.

ჩემთვის სულ სხვა რამეს აქვს მნიშვნელობა. მაინტერესებს, როგორი შეხედულება აქვთ ამა თუ იმ საკითხზე და შეუძლიათ თუ არა თავიანთი შეხედულებების დაცვა. ჩემთვის ეს განსაზღვრავს, ვინ არის კარგი ადამიანი, ვინ - ცუდი, ვინ არის კარგი პოლიტიკოსი, ვინ - ცუდი. თუ ვინმეს შარდში რომელიღაც ქიმიური ნივთიერება აღმოაჩნდება, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

- გახარია მერობის კანდიდატად მისაღებად მიგაჩნიათ? - თუ მოხერხდა და ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ივანიშვილთან ახლოს მდგომი პოლიტიკური ძალებისგან დაკომპლექტდა, გახარია პოლიტიკურ სიტუაციას უკეთ გააკონტროლებს. მე მგონი, "ოცნებიდან" გახარიას წასვლის მიზანიც ეს იყო. თუ მას მართლაც უნდოდა, მთავარი ოპოზიციური ძალის ტიტულისთვის "ნაცმოძრაობას" შესჭიდებოდა, ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი სწორედ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება იყო. მე არ მჯერა, რომ გახარია სააკაშვილთან თანამშრომლობს და ივანიშვილს ებრძვის.

- სააკაშვილი კვლავ გვპირდება ჩამოსვლას. - კაცმა 17-ჯერ თქვა ჩამოვალო და არც ერთხელ არ შეასრულა, მას როგორ უნდა დაუჯერო?! შეიძლება ჩამოვიდეს, ან არ ჩამოვიდეს... სინამდვილეში სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაა "ოცნების" ძალა და მთავარი კოზირი, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ იყენებს, როგორც საკუთარი ამომრჩევლების მობილიზაციის მთავარ საშუალებას.

- როგორი არჩევნები გველოდება წინ? ყველაფერი მშვიდ გარემოში ჩაივლის? - ჯერჯერობით დიდ კატაკლიზმებს არ ველოდები, თუმცა თუ გავიხსენებთ, კრიზისების შექმნის როგორი პოტენციალი აქვთ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას", ყველაფერი მოსალოდნელია. მე მთავარ პრობლემად მიმაჩნია, მოვიფიქროთ ამომრჩევლისთვის მიზეზი, რატომ უნდა წავიდეს ამ არჩევნებზე. ამ არჩევნების მნიშვნელობა ამომრჩეველს ადეკვატურად გააზრებული არა აქვს და ამ გაუგებრობამ შეიძლება მოულოდნელი შედეგების წინაშე დაგვაყენოს.

ჩვენ ვხვდებით, რომ ის მიზეზები, რომელთაც ჩვენი კოლეგები ასახელებენ, რომ თითქოს ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ან თუ ახლა გავიმარჯვებთ, ქვეყანაში უცებ ყველაფერი შეიცვლება, ამომრჩევლისთვის მისაღები არ არის.

ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ შეიძლება, "პორშეს" ან "ტესლას" გათამაშებამ ადამიანებს მოტივაცია გაუჩინოს, რომ არჩევნებზე მოვიდნენ.

- "პორშე" და "ტესლა" საიდან? - ჩვენ ვათამაშებთ. ჩვენ საბიუჯეტო ფულს პარტიული მიზნებისთვის არ ვიყენებთ. შარშან დავპირდით, რომ პირველი "პორშე" გათამაშდება 2 ოქტომბრის არჩევნებამდე, შემდეგი საჩუქრები კი იქნება 2024 წლამდე, ვიდრე "გირჩი" სრულად მიიღებს თავის საბიუჯეტო დაფინანსებას - 3,5 მილიონს.

- მოგების პირობა როგორია? - მოგების პირობაა, რომ ადამიანი არჩევნებზე უნდა იყოს ნამყოფი და იქ "სელფი" გადაიღოს.

- გათამაშება როგორ ხდება? - ლატარიის პრინციპით.

- დოლურაში ყრით ყველას მონაცემს? - კი ბატონო. აგერ, ჩვენი ოფისის წინ დგას ახლა და არჩევნების შემდეგ, დაპირებისამებრ, გავაგრძელებთ "ტესლას" მოდელების გათამაშებას. გარდა ამისა, ვცდილობთ, ჩვენი ორგანიზაცია გავაფართოოთ. ოფისი ჯერ გვაქვს მხოლოდ პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მაგრამ გვინდა პირველად გავხდეთ რეგიონული ბიუროკრატიის ნაწილი და სხვადასხვა საკრებულოშიც გვყავდეს წარმომადგენელი. ეს ჩვენი პარტიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რითიც შეიძლება დავაინტერესოთ მხარდამჭერები.

იმ ნეიტრალური ადამიანებისთვის კი, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, წავიდნენ თუ არა არჩევნებზე, გადამწყვეტია მესიჯი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ამ არჩევნების ბედი. თუ მოვიფიქრეთ შესაფერისი მესიჯი იმ ადამიანებისთვის, ვინც არცერთი პარტიის მხარდამჭერი არ არის და ისინიც მივლენ არჩევნებზე, ეს, ზოგადად, საარჩევნო სურათს შეცვლის.