"ქართველი მეომრების სისხლის ფასად მაშინ ძალიან ბევრი ბინძური გარიგება მოხდა"
"ქართველი მეომრების სისხლის ფასად მაშინ ძალიან ბევრი ბინძური გარიგება მოხდა"
"რაც მან იარაღის შემოტანასთან დაკავშირებით ჩაიდინა, არის დანაშაული და უპირველესად ამის გამოა დასასჯელი. პროკურატურას ამ საკითხთან დაკავშირებით მასალების მოპოვება არ გაუჭირდებოდა, მტკიცებულება უამრავი იქნება, ყველაფერი ზედაპირზე დევს, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც დიდი პოლიტიკური თემატური გარიგება შედგა"

უზენაესმა სასამართლომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი­ თანხის გაფლანგვისათვის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო. დადგინდა, რომ 2008 წლის 10 იანვარს თავდაცვის
ყოფილმა მინისტრმა თავისი მეგობრის, ო.შ.-ს, და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხის გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა­ ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ბრძანება. მანვე თავისთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროს ა.ნ.-ს, სიტყვიერად დაავალა კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ,
სასწრაფოდ, შემოწმების გარეშე იმ დღესვე გაფორმება. ეს დავალება შესრულდა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, ა.ნ.-მ იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შეთავაზებული მომსახურების საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შესაბამის დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად და საბანკო და სხვა სახის გარანტიების მოთხოვნის გარეშე, ასევე "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის არარსებობის მიუხედავად, იმავე დღეს, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმური საბრძოლო მომზადების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685.000 ევროს ოდენობით, საიდანაც, კეზერაშვილის დავალებით, 5.060.000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, თუმცა ამის სანაცვლოდ კომპანიას ვალდებულება არ შეუსრულებია - სამხედრო წვრთნები არ ჩატარებულა.

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელი 2012 წლის 29 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა. საბოლოოდ ყოფილ თავდაცვის მინისტრს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და წლით და 6 თვით დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ უწყება აგრძელებს გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი, დანაშაულებრივად გაფლანგული, საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხული თანხის მოძიების, უკანონოდ დაუფლებული თანხის საბოლოო მესაკუთრეების დადგენისა და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულის" 51%-იანი წილის მფლობელი განაჩენს "ფეისბუკზე" გამოეხმაურა. ის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს ბრძოლას.

"...უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში. თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს - მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საქმე ამგვარად შემოატრიალოს. ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დამაშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემ მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად, თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში", - წერს დავით კეზერაშვილი.


მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - კეზერაშვილმა რაც თქვა, ღიმილს იწვევს. ის ბრალდება, რის გამოც მას 10 წელი მიუსაჯეს, სხვა დანაშაულებთან შედარებით მეასეხარისხოვანია. 2014 წლის თებერვალში მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს უფრო მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც "იმედის" წილის მითვისებას ეხება. ჯოზეფ ქეი ჩიოდა, რომ კეზერაშვილმა­ "იმედის" წილი გადააფორმებინა პანამურ ოფშორში, რომელიც მასვე ეკუთვნის და 10 მილიონ დოლარს დაჰპირდა. თანხა გიგი უგულავას უნდა გადაეხადა, მაგრამ არ გადაუხადა. ქეის რამდენად კეთილსინდისიერად ეკუთვნოდა კომპანია, ეს სხვა საკითხია... კეზერაშვილს უამრავი დანაშაული­ აქვს ჩადენილი იარაღით ვაჭრობასა თუ გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით - არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ან საიდან დავიწყო.

ჩვენ უნდა დავეყრდნოთ "ვიკილიქსში" გამოქვეყნებულ წერილებს, რომელთა ავტორები არიან ცალკე - ჰილარი კლინტონი, ცალკე - ჯონ ტეფტი, რომლებიც იარაღით ვაჭრობასთან კავშირში ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას და მთავარი ფიგურანტი კეზერაშვილია. საერთაშორისო სამართალდამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ წამოსწიეს კეზერაშვილის წინააღმდეგ დევნის საკითხი, მაგრამ ყველაფერი ჩაიფარცხა. იარაღით საერთაშორისო ვაჭრობა ისეთი რთული თემაა, რომ ამას ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში გავლენიანი ჩინოვნიკები მფარველობენ. თუ კონკრეტული პირის დანაშაული მეტისმეტად შემაწუხებელ ფაქტორად არ იქცა, ყველაფერი კეთდება, რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს.

მხოლოდ რამდენიმე ამბავი ვიცი - ებრაელი მილიარდერის, გაიდმაკის, იარაღით მოვაჭრის, და რუსი ეროვნების ბუტის შესახებ. მხოლოდ ეს ადამიანები დაისაჯნენ იარაღით საერთაშორისო ვაჭრობისთვის, სხვები სხვადასხვა საშუალებით გამოძვრნენ. "ვიკილიქსის" მასალებითაც ჩანს, რომ კეზერაშვილი ფართო ქსელში მონაწილეობდა, კოლუმბიური, პარტიზანული ჯგუფებით დაწყებული, ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა სახელმწიფოთი დამთავრებული. იარაღით მოვაჭრე რუსი ბუტი ვახსენე... მას ოფისი დუბაიში ჰქონდა, ძირითადად, იქიდან იმართებოდა ქსელი. კეზერაშვილს ამ ოფისთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, შუამავალი კი იყო ვინმე ნინუა. 2007 წელს კეზერაშვილს ებრაული მხარე ედავებოდა, რომ ნეთანიაჰუს ნდობით აღჭურვილი პირის, სორიანოს, მეშვეობით შეიძინა სამი ვერტმფრენი და საქართველოში ჩამოიტანა, რაც გამჭვირვალე სქემით კი არ მოხდა, არამედ ფულის გათეთრებისა და გარკვეული ფინანსური გარიგების შედეგად. მაშინ ისრაელში ამის გამო დიდი სკანდალი აგორდა. მეორე სკანდალიც მის სახელს უკავშირდება. საქმე ეხება იმას, თუ როგორ შეიძინა ბულგარულ იარაღის ფირმა "არსენალში" იარაღი და როგორ "გადააგდო" ისინი 100 მილიონ დოლარში, როცა თავდაცვის მინისტრი იყო. ეს ოპერაცია ხორციელდებოდა ოფშორის მეშვეობით, არა - პირდაპირი მიყიდვის გზით, არადა, თუ სახელმწიფოს რეპუტაცია შერყეული არ აქვს, მას შეუძლია ეს იარაღი ოფიციალურად შეიძინოს, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლება და კეზერაშვილი ამას აკეთებდნენ ოფშორის მეშვეობით. ოფშორში ირიცხებოდა ბიუჯეტის თანხა და ამ თანხით ყიდულობდნენ იარაღს. სწორედ მაშინ "გადააგდეს" ბულგარელები და დიდი სკანდალიც აგორდა. ამერიკელმა ჟურნალისტმა კამენსმა თავის დროზე ვრცელი სტატია მიუძღვნა კეზერაშვილის იარაღით ვაჭრობას და, საერთოდ, იარაღის საერთაშორისო ვაჭრობაში ქართული მხარის დანაშაულებრივ ქმედებებს. ბულგარელებთან, რუმინელებთან, სერბებთან ოფშორული სქემებით იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული ფაქტებიც დაასახელა.
მთავარი კი აქ უკრაინასა და საქართველოს შორის იარაღით ვაჭრობის ამბავია, რომელშიც უზარმაზარი ფული გაკეთდა და ეს 2008 წლის ომთან არის დაკავშირებული.

- რას გულისხმობთ?
- თავის დროზე დიდი ეჭვი გამოიწვია თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებამ. 2007 წლის გადაწყვეტილებით, 2008 წლის ბიუჯეტი 400 მილიონის ნაცვლად 800 მილიონი გახდა. როგორც გაირკვა, ამ ფულის დიდი ნაწილი მოხმარდა უკრაინულ ორგანიზაციას, რომელიც ოფიციალურად უკრაინაში ვაჭრობს იარაღით. იარაღის დიდი ნაწილი, რომელიც იქ საქართველოსთვის შეიძინეს, მესამე ქვეყნებში მოხვდა. კამენსის წერილში წერია, რომ ეს იარაღი მოხვდა ირანსა და სირიაში. თუ გინდათ, თავი დავანებოთ იმას, ვინ რას წერს, ხომ ფაქტია, რომ საქართველოში შემოვიდა ცხრა ცალი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება და მათგან მხოლოდ ორი იყო ვარგისი. იმ ორმა მიიღო ბრძოლებში მონაწილეობა და შედეგიც ჰქონდა, მაგრამ დანარჩენი შვიდი არ ვარგოდა, მოძველებული იყო, თუმცა ისინიც გაფორმებული იყო, როგორც ახალი, უხინჯო. მერე გაირკვა, რომ კარგი ტექნიკა სხვა ქვეყნებში მოხვდა, მაგრამ ყველა ეს საქმე ჩაიფარცხა. კეზერაშვილი დღემდე არ დასჯილა, საქართველოში მისი შექმნილი ტელეკომპანიის ფუნქციონირება კი, მეჩვენება, რომ ვიღაცების გარიგების შედეგია.

- ამ ხელისუფლებასთან გარიგებას გულისხმობთ?
- თუ ხელისუფლებასთან არა, კონკრეტულ პიროვნებასთან მაინც, ან - საერთაშორისო სტრუქტურებთან. რაც მე ჩამოვთვალე, საერთაშორისო სამართლებრივი დევნის ფაქტორებია, მაგრამ არც სხვები იკლავენ თავს.
ფრანგულ სპეცსამსახურებსაც და ინტერპოლსაც საქმე ჰქონდათ აღძრული კეზერაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო, ამიტომ ვფიქრობ, საერთაშორისო იარაღის მაფია ეფექტურად მოქმედებს. "ვიკილიქსში" წერია, რომ კეზერაშვილის ერთ-ერთი მფარველი სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიაა. ამის არც უარყოფა და არც დადასტურება არ შემიძლია, მაგრამ ფაქტები ასეთია... ისიც ფაქტია, რომ კეზერაშვილი ყოველთვის იყო ხელისუფლების ხაზინადარი და ფულის მაკონტროლებელი. რომელ ოფშორში იყო შენახული პარტიის ფული, რომელ ანგარიშზე რა ფული იყო - ყველაფერი მან იცოდა. კეზერაშვილი დააპატიმრეს საფრანგეთში, მაგრამ საქართველოს პროკურატურამაც არაფერი გააკეთა, რომ ის საერთაშორისო სამართალში მიეცათ. აქედან გაიგზავნა, პრაქტიკულად, ფარატინა ქაღალდი. ისეთი მასალები, სიცილით დაიხოცნენ ფრანგები. კეზერაშვილი დღეს არის მილიარდერი, არადა, მახსოვს, როდესაც საკრებულოში იჯდა, ღარიბი ოჯახის შვილი იყო. ძალიან გამდიდრდა მოპარული ფულით. მის წინააღმდეგ ხუთი საქმე იყო აღძრული და აქამდე არ ყოფილა პოლიტიკური ნება, რომ დასჯილიყო. საერთაშორისო სტრუქტურები, მავანნი, ისე არიან ჩართული, არ გამოვრიც­ხავ, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა ხდებოდა, რომ განაჩენი არ დამდგარიყო. კეზერაშვილს, მის მომხრეებსა და მის მართულ ტელევიზიას შეუძლიათ ბევრი დამცინავი პასაჟი მოიყვანონ. ბოლო საქმეზე განაჩენი რომ დადგა, მერწმუნეთ, ეს საქმე დანარჩენებთან შედარებით ზღვაში წვეთია. "ვიკილიქსში" არის ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი იმის თაობაზეც, როგორი გაღიზიანებული არიან ებრაელი სამხედროები იმის გამო, რომ ტექნოლოგიურად მაღალი დონის იარაღი კეზერაშვილმა რუსეთს შეატოვა. მას პირდაპირ ახსენებენ. აგვისტოს ომის დროს თუნდაც სვანეთში რატომ არ შეიძლებოდა ამ იარაღის განადგურება და წინასწარ ზომების მიღება?! როგორც ჩანს, იქ სხვა სქემები მუშაობდა და სხვანაირი ტიპის მოლაპარაკება არსებობდა. ჯერ კიდევ ბევრი რამ საიდუმლოა, მაგრამ დაკვირვებული ადამიანი ამას ხვდება. საბოლოოდ ის ოპერაციები, რომლებიც განახორციელეს 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში, განსაკუთრებით - იარაღის ნაწილში, ძიების საგანი უნდა გახდეს. ჯერ ერთი, შემოტანილი უხარისხო იარაღის, მეორე - გამოუყენებელი იარაღის და მესამე - დატოვებული იარაღის თაობაზე.

ქართველი მეომრების სისხლის ფასად მაშინ ძალიან ბევრი ბინძური გარიგება მოხდა. ამაში არიან ყველაზე მეტად დამნაშავე მაშინდელი ხელისუფლება და დავით კეზერაშვილი. ხანდახან მეჩვენება, რომ ქართული თემიდა ისეთ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას, რომლებიც მთავარი არ არის, მაგალითად, სააკაშვილის პიჯაკების საქმე და შეგნებულად თუ შეუგნებლად მთავარი ბრალდებები ყურადღების მიღმა რჩება.

- თვლით, რომ ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობა მოაგვარა?
- პოლიტიკაში არსებობს თემატური შეთანხმების ფორმატი. მიუხედავად მტრობისა და დაპირისპირებისა, შეიძლება შეთანხმდე, მოილაპარაკო, მაგრამ მერე მოლაპარაკების პირობები უნდა დაიცვა. შეიძლება კეზერაშვილსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზეც იყოს ამგვარი შეთანხმება - ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, იმიტომ, რომ ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, მაგრამ თუ სიტყვას დებ, უნდა შეასრულო. ასრულებს თუ არა კეზერაშვილი ამ სიტყვას, ვერ გეტყვით. მისი მნიშვნელოვანი საქმეები რომ ამოეწიათ და იმის გამო რაღაც მიესაჯათ, კიდევ გავიგებდი, მაგრამ ახლა ისეთ საქმეზე განუსაზღვრეს სასჯელი, რომელიც ვერ გადაფარავს იმ ყველაფერს, რაზეც ვილაპარაკე. ადამიანებს, სამწუხაროდ, ნიუანსები დიდხანს არ ახსოვთ, ამიტომ მედიის მოვალეობაა, საზოგადოებას მუდმივად შეახსენოს მისი საქმეები. როგორც ის ამბობს, თუ ჯიბის სასამართლოზე მიდგა საქმე, მაშინ თქვას, რომ ეს არის ჰილარის სოციალური ქსელი, ჯონ ტეფტის სოცქსელი და აშ. და იმათ მოჰკითხოს. ინფორმაციის მთავარი წყარო ესენი არიან, ასევე ისრაელის, საფრანგეთის, საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა და ამ ქვეყნების ჟურნალისტთა კორპუსი. კონკრეტული სახელები და გვარები, მისამართები და კონკრეტული ფაქტები სახელდებოდა ამ სქემებზე. რაც მან იარაღის შემოტანასთან დაკავშირებით ჩაიდინა, არის დანაშაული და უპირველესად ამის გამოა დასასჯელი. იმაშიც დარწმუნებული ვარ, პროკურატურას ამ საკითხთან დაკავშირებით მასალების მოპოვება არ გაუჭირდებოდა. მტკიცებულება უამრავი იქნება, ყველაფერი ზედაპირზე დევს, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც დიდი პოლიტიკური თემატური გარიგება შედგა.

- ბატონო მამუკა, უკრაინაში მეგის ქარდავა დააკავეს. პროკურატურა ამბობს, რომ მისი ექსტრადირება იგეგმება. რას იტყვით ამ დაკავებაზე? ხომ არ უკავშირდება ეს მიმდინარე არჩევნებს და, როგორც ამბობენ, მართლაც ხომ არ არის შეთანხმებული უკრაინასთან?
- როგორც ვიცი, მის დაკავებაზე გადაწყვეტილება აგვისტოში მიიღეს, მაგრამ მეგის ქარდავა საავადმყოფოში დაწვა, რომ ამ გზით ექსტრადირებისთვის თავი აერი­დებინა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი ადვოკატი აპელირებდა, რომ მას განაცხადი ჰქონდა შეტანილი უკრაინაში პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად. რატომ შეიტანეს ეს განაცხადი ბოლო წუთს, ჩემთვის უცნობია, მაგრამ ეს კითხვებს ბადებს. როგორც ვიცი, უკრაინის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ ჩართული და ის ჰოსპიტლიდან წამოიყვანეს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს რომ ჰკითხო, ყველაფერი ღარიბაშვილის ვიზიტისა და ზელენსკისთან მისი მოლაპარაკების შედეგია.
ვერ გეტყვით, ასეა თუ არა. შეიძლება ეს რამენაირად არჩევნებთანაც იყოს დაკავშირებული, მაგრამ ჩემთვის და მისი ქმედებებით დაზარალებული ადამიანებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია, სამართლის აღსრულებას ითხოვენ, სულერთია, მეგის ქარდავას დაკავება არჩევნებთან არის დაკავშირებული თუ არა. ჩემთვის მთავარია ფაქტი და არა - თარიღი.

ვინ არის დავით კეზერაშვილი?


დავით კეზერაშვილი "ნაციონალური მოძრობის" მმართველობის დროს მაღალჩინოსანი იყო. 2004 წლიდან ფინანსური პოლიციის უფროსად მუშაობდა, 2006 წელს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა და 2008 წლის დეკემბრამდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, მის წინააღმდეგ პროკურატურაში ხუთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალდებები ფულის გათეთრებას, თანხის გაფლანგვას, კორუფციას, 7 ნოემბრისა და "იმედის" საქმეებს უკავ­შირდებოდა, თუმცა უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე არც ერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოუტანიათ.

"ინტერპოლმა" კეზერაშვილის წითელი ცირკულარით ძებნა 2013 წლის 14 ნოემბერს გამოაცხადა. მოგვიანებით, 2015 წელს, ის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურამ დავით კეზერაშვილის ექსტრადიცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან ორჯერ მოითხოვა, თუმცა არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2013 წელს წერდა, კეზერაშვილი საქართველოში თავის აქტივებს ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობდა, რაც ართულებს ბენეფიციარ მესაკუთრეთა ვინაობისა და საკუთრებაში მომხდარი ცვლილებების დადგენას, რადგან ეს მონაცემები საჯარო რეესტრის დოკუმენტებში, შესაძლოა, არც აისახოს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" 2011 წლის ანგარიშში - "საქართველოს სარეკლამო ბაზარი," აღნიშნულია, რომ საქართველოს სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, კეზერაშვილის სიძე დიმიტრი ჩიქოვანი საქართველოში მისი ბიზნესის ერთ-ერთი ნომინალური მმართველი იყო. 2012 წლის იანვარში ჩიქოვანი გახდა დირექტორი "ფოთი ტერმინალ ჰოლდინგისა", რომელიც ფოთის პორტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი. სწორედ აქ გამოიკვეთა ფოთის პორტთან დაკავშირებული კეზერაშვილის ინტერესები. 2011 წელს კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ "გალფის" მესაკუთრე იყო. 2012 წლის ნოემბერში "სან პეტროლეუმ ჯორჯიამ" განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ამ კომპანიის ყველა აქცია დათმო. 2012 წლის ივლისამდე კეზერაშვილი შპს "უნიგრუპსაც" ფლობდა, რომელიც "ლუკოილის" პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი იყო.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, კეზერაშვილის აქტივების უმეტესობა რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა შეიძინა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ კეზერაშვილს საქართველოში დღემდე აქვს ბიზნესი და გარკვეულ პირებთან ურთიერთობაც - მოგვარებული.

"კალოშებით ხელისუფლებაში მოსულმა ამდენი მილიონი რომ იშოვა, პარადოქსია"

მირიან ნიკოლაძე, იურისტი:
- კეზერაშვილის საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საჯარო მოხელე ხდება ოფიციალური მილიარდერი.­ ეს ფული საიდან აქვს? თავისთავად ცხადია, მინისტრობისა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმ ვაჟკაცთან ერთად იშოვა, რომელიც დღეს საქართველოში ბრუნდება (გულისხმობს მიხეილ სააკაშვილს - ავტ.). ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ იმის თქმა, რომ კეზერაშვილები და უგულავები დასაჭერი არ არიან, სასაცილოა. როდესაც ის ფინანსური პოლიციის შეფი იყო, მარტო იქ ათასობით ისეთი საქმე იყო აღძრული, ალალ-მართალი ხალხი იძულებული გახდა, ფინანსები დაეთმო და ხელი მოეწერა საკუთარ გაბანკროტებაზე. და ამ უწყების ხელმძღვანელი ამაში გარეული არ იყო? საქართველოში 30 წელია, ასეა: მოდიან, ხდებიან საჯარო მოხელეები, მერე კი ხდებიან "ბიზნესმენები". ლამის სოციალურად დაუცველთა სიაში იყო ხალხი და უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე 10 და 20 მილიონი აქვთ.

უგულავას მაგალითი ავიღოთ - 2007 წელს უკვალოდ გაქრა 126 მილიონი ლარი. ინფორმაცია გვქონდა და მოვითხოვეთ დასაბუთება, რაში დაიხარჯა­ ეს თანხა. იცით, რა მომწერეს? გრიფი "საიდუმლო" ადევსო, თანხა კი ხუთი მიმართულებით არის დახარჯულიო... დიდი მოთქმა-მოთქმა იყო იარაღით ვაჭრობაზე, ქრთამის აღებაზე, უკრაინიდან ეთილის სპირტის შემოტანაზე და ასე შემდეგ. მაშინ შეგეძლო განუსაზღვრელი ძალაუფლება გქონოდა, არავინ არაფერში შეგზღუდავდა, ოღონდ იმათიანი ყოფილიყავი. მერე იყო პარტიის ე.წ. ობშჩიაკები, სადაც უნდა წასულიყო ხალხისგან ნაძარცვი ფული. იქ იყო ვიღაცების პირადი ანგარიშებიც... სამწუხაროდ, ტენდენცია არ იცვლება. ყველაზე დიდი მაფიოზები ვინც იყვნენ, აქამდე დაუსჯელები არიან. ვიღაცები დაიჭირეს თვალის ასახვევად, მერე კი მოაგვარეს ურთიერთობა და თემაც დაიხურა.

კალოშებით ხელისუფლებაში მოსულმა ადამიანმა რომ ამდენი მილიონი იშოვა­, პარადოქსია. უამრავ დანაშაულზე შეიძლება ამ ხალხისთვის პასუხის მოთხოვნა და ხელისუფლების ბრალეულობა ის არის, რომ მაიმუნური ბრალდებებით გამოაქვთ განაჩენი...

jora
19 სექტემბერი 2021 19:10
საბავშო ბაღის ბავშვები რომლებსაც ავტომატის ჭერა უხარიათ.
ვაი
15 სექტემბერი 2021 11:19
ისე არიან შეირაღებულნი თითქოსდა მტერთან მიდიან საბრძოლველად, ვაი თქვენს პატრონს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები