"იქმნება ხელშეუხებელთა კასტა" - კვირის პალიტრა

"იქმნება ხელშეუხებელთა კასტა"

"დემოკრატიის საბურველში გახვეული ბანდიტიზმი უნდა დასრულდეს"

"ხელისუფლება სოციალურ აფეთქებას ელოდება და თავს იზღვევს"

"26 მაისს დატრიალებული უბედურების თანამონაწილეები არიან ბაქრაძეც და თორდიაც"

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, აქვს ინფორმაცია, რომ 36 პატიმარს აიძულებენ, ჩვენებები მისცენ ე. წ. შეთქმულებასთან, სახელმწიფო გადატრიალებასა და ბურჯანაძის ესკორტთან დაკავშირებულ ეპიზოდზე. ცაგარეიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს იზოლატორში მყოფი პატიმრების მონახულების თხოვნით მიმართა, რაზეც დადებითი პასუხი ვერ მიიღო. ვინ არიან ეს პატიმრები და რა ინფორმაცია აქვს მათზე გიორგი ცაგარეიშვილს, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- 29 მაისს "სახალხო კრებიდან" ბაკურ ბაკურაძე დამიკავშირდა და მთხოვა, ყურადღება მიმექცია რუსთავის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორისთვის, სადაც შეფიცულები, ბურჯანაძის დაცვის წევრები და აქციის სხვა მონაწილეები გადაიყვანეს. როგორც ბაკურაძემ მითხრა, მათ აიძულებდნენ გამოძიებისთვის ისეთი ჩვენებები მიეცათ, რაც ბურჯანაძის ესკორტის გაქცევის ეპიზოდს ისე მოჰფენდა ნათელს, როგორც ბატონ მერაბიშვილს უნდა. როდესაც ასეთი გაჭირვებაა, ერთმანეთისგან არ ვასხვავებ ბურჯანაძის, ალასანიასა და გაჩეჩილაძის მომხრეებს, თორემ ქალბატონი ნინოს ნამოქმედარი ნამდვილად არ მომწონს და ბევრ რამეში ვამტყუნებ.

ეს ამბავი ირაკლი ალასანიას რომ ვაცნობე, მითხრა, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ იზოლატორში შემეღწია. დავით ბაქრაძეს მივმართე, რომ თბილისის და რუსთავის იზოლატორებში შეშვების ნება დაერთო. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-17 მუხლის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია ციხეში შესვლის უფლება მისცეს ნებისმიერ დეპუტატს, მაგრამ უარი მივიღე. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ბაქრაძე უარს ამბობს ჩემთვის საპატიმროში შესვლის ნებართვის მოცემაზე. როგორც გავიგე, ბაქრაძეს ჩემი წერილი ლაშა თორდიასთვის გადაუცია.

ამ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე ვერ წყვეტს და კომიტეტის თავმჯდომარე გადაწყვეტს? იქ შესვლა-გამოსვლა არც კალმახელიძის გადასაწყვეტია და არც ბაქრაძის, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი კონსტიტუციით ქვეყნის მეორე პირია. იქნებ ჰქონდა კიდეც სურვილი, რომ შევეშვი, მაგრამ უფლებას არ აძლევენ. ეტყობა, დაწესებული აქვს ჩარჩო, რომელსაც ვერ გასცდება. თუ ხელისუფლება გონიერია, სწორედ ჩემნაირი ადამიანი უნდა შეუშვას ციხეში. იქნებ ვიტყუები ან ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია ყალბია? თუ ციხე ია-ვარდით არის მოფენილი და პატიმრები ბუმბულებზე წვანან, გამოვალ და ვიტყვი.

თუ არ მენდობოდნენ, ეკა ხერხეულიძე ან ვინმე თავისიანი გამოეყოლებინათ. დაველაპარაკებოდი დაკავებულებს და გავიგებდი, რაც აინტერესებს მათ ოჯახებსა და საზოგადოებას. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელში საკანონმდებლო ორგანო ფაქტობრივად არ არსებობს. Aპირები, რომლებიც ხელს მიშლიან სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებაში, ხელს აფარებენ დამნაშავეებს, რომელთაც ხალხი დახოცეს.   26 მაისს დატრიალებული უბედურების თანამონაწილეები არიან ბაქრაძეც და თორდიაც. მართალია, არც ხელკეტებით დარბოდნენ და არც რეზინის ტყვიებს ისროდნენ, მაგრამ მათი საქციელი უარესია, რადგან სადისტებსა და მკვლელებს უმაგრებენ ზურგს. 26 მაისს მომხდარი უბედურების მორალური მხარდაჭერა ყველაზე დიდი დანაშაულია ერისა და საზოგადოების წინაშე. სულ გვამებზე უნდა იარონ, საქართველოში ცხოვრება არ უნდათ?

- ალბათ, უნდათ და ამიტომაც შემოვიდა პარლამენტში ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების წარმომადგენელზე, პოლიციელზე ან მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა ან მათი საკუთრების დაზიანება შეიძლება უვადო პატიმრობითაც კი დაისაჯოს.

- ცვლილებები შეეხება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონსაც. ხელისუფლების წარმომადგენელზე, პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმისთვის ახალი კანონპროექტი 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ასე რომ, იქმნება ხელშეუხებელთა კასტა. შეიძLლება ხელისუფლება საზოგადოების მეტ აქტიურობას და მეტიც, სოციალურ აფეთქებას ელოდება და თავს იზღვევს. ხელისუფლებას, რომელიც ხორცის ფასს 20 ლარამდე სწევს, თავში ტვინის მაგივრად ნაცარი უნდა ეყაროს, რადგან ხალხს შიმშილისთვის სწირავს.

როდესაც პროტესტი კუჭზე გადის, ადამიანი არანორმალური ხდება და რაგინდ მკაცრი კანონებიც უნდა დააწესოს ხელისუფლებამ, ვერაფერი უშველის. აქ სოციალური აფეთქება სამოქალაქო ომში გადაიზრდება და მას პოლიტიკური მოტივი კი არა, შიმშილი ექნება საფუძვლად... ასეთი მმართველობა, დემოკრატიის საბურველით შემოსილი ბანდიტიზმი უნდა დასრულდეს. ეს ხელისუფლება დარბევიდან დარბევამდე ცხოვრობს. რა კოდექსებიც უნდა მიიღონ, ხალხი მაინც არ გაჩერდება.

- მაგრამ იცვლება აქციების ჩატარების წესი. რიგ დაწესებულებებთან მიახლოების რადიუსიც იზღუდება.

- რაც უნდა აუკრძალონ ადმინისტრაციულ შენობებთან მისვლა და აქციის ჩატარება, ხალხი მაინც მივა, თანაც ძალიან სტიქიურად. მიტინგი და მანიფესტაცია ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც საერთაშორისო სამართლითაც არის გარანტირებული. Aარავინ გააპარპაშებს სააკაშვილს ისე, რომ სახლიდან გამოსვლის შეგვეშინდეს.

ეს დაჭიმული ძაფი სადღაც გაწყდება. "თავისუფალ დემოკრატებს" ეს არ გვინდა, რადგან ძალზე რთულ პროცესებში გადაგვიძახებს, საიდანაც ვინ როგორი დანაკარგით გამოვა, ვერავინ განსაზღვრავს. ახალ კანონპროექტში წერია, რომ იმ ადგილას, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ვაჭრობენ, გადაადგილდებიან, ბიზნესი აქვთ და ერთობიან, არ შეიძლება აქციის ჩატარებაო. აბა, სად შეიძლება? სად არის თბილისში ისეთი ადგილი, სადაც არ მუშაობენ, არ ვაჭრობენ და არა აქვთ ბიზნესი? ასეთი ადგილი სასაფლაო ან იპოდრომია, სადაც ცხენებიც აღარ არიან.

ამ ხელისუფლებას უნდა მოუსავლეთში გაგვისტუმროს და გვეუბნება, იქ იყვირეთ, რამდენიც გინდათ, იჩხავლეთ. მთავარია, ყვირილი მე არ გავიგონო და არ შემეხოთო. თავის დროზე, ეს ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო, მაგრამ ახლა ისევ შემოიტანეს პარლამენტში და თან ისეთი რამეები დაუმატეს, ისევ ძველი სჯობდა. ხელისუფლება ვერ ჩაკლავს თავისუფლების წყურვილს და ქართველი ხალხის სწრაფვას დემოკრატიისაკენ. სააკაშვილზე უარესი დიქტატორები გამქრალან ძველი თოვლივით.