"მეტეოროლოგი ხარ, ბიჭო?!" - კვირის პალიტრა

"მეტეოროლოგი ხარ, ბიჭო?!"

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია დიპლომატიურ სამსახურში მიდის. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შევიდა წინადადება კონსტანტინე გამსახურდიას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში (ITUU) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად წარდგენის შესახებ.

ამას რომ გაიგებ, ძნელია, არ გაგახსენდეს თემურ ბაბლუანის ფილმი "ბეღურების გადაფრენა." გახსოვთ, ალბათ, კაცი, მთელი გზა ოპერის მომღერლობას რომ იჩემებს, ბოლოს "მალიარი" აღმოჩნდება! რისი თქმაც მინდა, სათაურიდანაც გასაგებია. ისე, კარგი იქნება, თუკი ყველა, ვინც საქართველოში პოლიტიკოსობას იჩემებს, გამსახურდიასავით  დროზე  გაგვაგებინებს, ვინ არის სინამდვილეში...

KvirisPalitra.Geამის დასაცავიც გავხდით

აფხაზეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა სავარაუდო კანდიდატმა ალექსანდრე ანქვაბმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემას ინტერვიუ მისცა. სხვა მრავალ საკითხთან ერთად ამ ინტერვიუში მან ქართველების შელახულ ღირსებაზეც ილაპარაკა. "მე ცხრა წელი ვიმუშავე თბილისში, როდესაც პირველი მდივანი შევარდნაძე იყო, - უთხრა ანქვაბმა რუს ჟურნალისტს, - და ვიცი, ქართველი საზოგადოების მენტალიტეტი.

როდესაც ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიან აქციაზე გამოვიდნენ, ხელკეტებს ფეხებსა და თავში ურტყამენ, როგორც ეს ახლახან მოხდა, ეს ყველა მოქალაქის ღირსებას ამცირებს. ჩვენთან ასეთი რამ არასდროს მომხდარა. და რისთვის მიიღეს ეს "გადამჭრელი ზომები"?  - აღლუმისთვის, ანუ პროპაგანდისტული მიზნებისთვის."

აი, ანქვაბს რომ ამის თქმის საშუალებას მივცემთ, მეტის ღირსი ვართ ქართველები!

დაიშალა თუ გაიშალა?

ქართულ პოლიტიკაში დაშლის თემა ყოველთვის აქტუალური იყო. ვინ მოთვლის, რამდენი გაერთიანება, ალიანსი თუ ბლოკი შექმნილა და მერე დაშლილა. დაშლილა იმიტომ, რომ, როგორც დიდი ედუარდი იტყოდა, ზოგი ცუდი ცემენტით იყო ნაგები, ზოგსაც  საერთოდ არ ჰქონდა ცემენტი. მერე აქტუალური გახდა გაშლის თემა. პირველად ვინ ახსენა ეს სიტყვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან დაკავშირებით, აღარ მახსოვს, თუმცა დასაშლელად განწირული გაერთიანებების, ალიანსების, ბლოკების თუ "აგურების" მესვეურები აცხადებდნენ, რომ კი არ დავიშალეთ,   გავიშალეთო. თქვენ იცით, რომ ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ერთი წესი არსებობს: მასში არაფერი იცვლება. ისტორია, ყოველ წელიწადს თუ არა, ყოველ საარჩევნო ციკლში მაინც მეორდება.

ასეა გაერთიანებების, ალიანსების, ბლოკების თუ "აგურების"  შემთხვევაშიც. ბოლო ალიანსი, რომელსაც ასეც ერქვა - "ალიანსი", ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიშალა და მალევე წარმოიქმნა ახალი გაერთიანება, ე. წ. "ოპოზიციური რვიანი", რომელსაც წინამორბედებისგან ის განასხვავებდა, რომ მას თავად მისი შემადგენელი სუბიექტებიც კი არ უწოდებდნენ გაერთიანებას. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ რვიანში შემავალი სუბიექტები ამბობდნენ, ეს არც გაერთიანებაა,  არც ალიანსი, არც ბლოკი და არც "აგურიო", ის დაშლის პირას მაინც მივიდა. როგორც უკვე გითხარით, ქართულ პოლიტიკაში ასე ხდება - პოლიტიკური გაერთიანების, ალიანსის, ბლოკისა თუ "აგურის" დაშლას წინ გაშლა უძღვის.

ჰოდა, "ოპოზიციური რვიანიც", მიუხედავად იმისა, რომ არც გაერთიანებაა, არც ალიანსი, არც ბლოკი და არც - აგური, წინა კვირას მაინც გაიშალა. გადაწყვიტეს, ხელისუფლებას იმ ერთადერთ საკითხზე, რომელიც გვაერთიანებდა, ცალ-ცალკე, ანუ როგორც თავად უწოდებენ, "ინდივიდუალურ რეჟიმში" დაველაპარაკებითო. ბუნებრივია, იტყვით, თუ მათ ერთადერთი საკითხი აერთიანებდათ და იმ საკითხზეც ხელისუფლებასთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს იწყებენ, დაშლილან და ეგ არისო, მაგრამ - არა! ჯერ დაშლის ფაქტს ვერ დავადასტურებთ, რადგან თავად ამბობენ, არ დავშლილვართო. ნუ, მაშინ გაშლილან და ეგაა.

KvirisPalitra.Ge"აი, ვის დავუღუპივართ!"

გეცოდინებათ, არის ასეთი, სააკაშვილის მეგობარი რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა. როდესაც იგი საქართველოში ჩამოდის, მეგობარი ბევრ საინტერესო რამეს უყვება ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა, რუსეთში დაბრუნებულმა ლატინინამ კი ამ მონაყოლზე წერილი "გამოაცხო" და ჩვენთვისაც საინტერესო რამდენიმე ფაქტის შესახებ უამბო მკითხველს. ასე, მაგალითად, მას მოუყვნენ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ კახა ბენდუქიძის კაბინეტში ეროსი კიწმარიშვილი შევიდა, მაგიდაზე საწარმოების სია დაუდო და უთხრა: ვარდების რევოლუციაში შეტანილი წვლილის სანაცვლოდ ეს ობიექტები მე უნდა გადმომცეთო. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრი ადამიანი მოიძებნება, ვინც კიწმარიშვილზე ამ ამბავს დაიჯერებს. ჰოდა, თუ ამას დაიჯერებთ, მაშინ ლატინინას მიერ მოთხრობილი მეორე ამბავიც უნდა ირწმუნოთ: როგორც რუსი ჟურნალისტი ჰყვება, არჩევის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტი სააკაშვილმა სწორედ მოსკოვში დაგეგმა.

"სააკაშვილისთვის რუსეთთან ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ პუტინთან შეხვედრის წინ ილოცა კიდეც. შეხვედრა მშვენივრად დასრულდა, პუტინმა ითხოვა: "თქვენ სახელმწიფო უშიშროების ბრწყინვალე მინისტრი გყავთ, ხაბურძანია, არ შეცვალოთ ისო". სააკაშვილი მოსკოვიდან დაბრუნდა და ერთ კვირაში ხაბურძანია გაათავისუფლა. უბრალოდ, იმიტომ, რომ ბატონი ხაბურძანია ახალი საქართველოს კონცეფციაში არ მოიაზრებოდა, მაგრამ კრემლი გაცოფდა: "მან ჩვენი მეგობარი მოხსნა, ესე იგი, ის ჩვენი მტერიაო!  პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვის თქმით, სწორედ ხაბურძანიას მოხსნის შემდეგ მოეწერა ხელი საქართველოსთან ბრძოლის პირველ საიდუმლო ბრძანებას.

ძლივს არ მივხვდი, რა ყოფილა ყველა ჩვენი უბედურების სათავე? უფრო სწორად, ვინ - ხაბურძანია. აი, ვის დავუღუპივართ. არადა, ვერც იმას იტყვი, შეესრულებინა ამ სააკაშვილს პუტინის თხოვნა და არ მოეხსნაო. როგორია შენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მეთაური შენს უშიშროების მინისტრზე გეუბნება, კარგი კაცია და არ მოხსნაო. ეს იგივეა, ცივი ომის დროს, მაგალითად, ანდროპოვს რომ ეთქვა თავისი ამერიკელი კოლეგისთვის, თქვენი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი ჩვენი მეგობარია და ხელი არ ახლოთო. პრინციპში, ამერიკა ამ საკითხს მარტივად გადაწყვეტდა - მოხსნიდნენ კი არა, იმ საცოდავს ციხის კედლებსაც ახეხვინებდნენ და საბჭოთა კავშირი ფეხებსაც ვერ მოსჭამდა, ჩვენ კი კინაღამ ხაბურძანიას მიგვაყოლეს ზედ.

P.S. სააკაშვილის გადაწყვეტილება კი არის გასაგები, მაგრამ ერთი დეტალი მაინც ბუნდოვანი რჩება. ყველასთვის ცნობილია, რომ ხაბურძანია, რომელიც შევარდნაძის უშიშროების მინისტრი იყო, ვარდების რევოლუციის დროს რევოლუციონერებს უჭერდა მხარს, სწორედ ამიტომ შეინარჩუნა თავდაპირველად პოსტი. ჰოდა, ახლა ყველაზე საინტერესო სწორედ ესაა: - ამას საკუთარი ნებით აკეთებდა, თუ რუსი მეგობრის რჩევით?