"ჩვენი მიზანი მშვიდობის დამყარებაა და ამ მიზანს მთელ მსოფლიოში ვემსახურებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მიზანი მშვიდობის დამყარებაა და ამ მიზანს მთელ მსოფლიოში ვემსახურებით"

გასულ კვირას საქართველოს მშვიდობის კორპუსის ევროპის, აზიისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის დეპარტამენტის დირექტორი ეწვია. მომხიბლავი ქალბატონი ელენ ლოუმენი მშვიდობისთვის "სტაჟიანი" მებრძოლია და ახალგაზრდობის მიუხედავად, საქმიანობა უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოასწრო. მათ შორის იყო ჩინეთის, ტაილანდის, მონღოლეთის სამშვიდობო მისიების ხელმძღვანელი და აქტივისტი.

"მშვიდობის კორპუსი" ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც წელს ორმოცდაათი წელი შეუსრულდა. მთელ მსოფლიოში მშვიდობისთვის მებრძოლ მოხალისეთა გაერთიანებას მარტივი, მაგრამ ამასთან, საკმაოდ საინტერესო და ქმედითი კონცეფცია აქვს: ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავება, ინდივიდუალური თუ ჯგუფური გაცვლითი პროგრამების მეშვეობით განათლებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გავრცელება, ცხადია, ყველაზე უკეთ შეუწყობს ხელს მშვიდობის მდგრადობას, ვიდრე პოლიტიკოსთა შეხვედრების გაუთავებელი რაუნდები და ჩინოვნიკური ბიუროკრატია (თუმცა, ცხადია, არც უამისობა იქნება).

- "მედიაპალიტრის" სახელით გილოცავთ 50 წლის იუბილეს და წარმატებას გისურვებთ. თქვენს ორგანიზაციას ძალიან დიდი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში, მასშტაბური პროექტებიც განუხორციელებია. რა მიზნები და გეგმები გაქვთ საქართველოში და საზოგადოდ, რეგიონში?

- დიდი მადლობა. ჩვენ რეგიონის სამ ქვეყანაში ვმუშაობთ: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. საქართველოში ორი ძირითადი პროგრამა გვაქვს: ინგლისურ ენაში განათლება და ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების სწავლება. როგორც იცით, წელს ჩვენი ორგანიზაციის 50 წლის იუბილეა და ჩამოვედი საქართველოში, რაკიღა თქვენს აქ მიმდინარე პროგრამებს წარმატების გამო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

- სიმბოლურია, რომ თქვენს ორგანიზაციას "მშვიდობის კორპუსი" ჰქვია და მისი ძირითადი საქმიანობა ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობაა. როგორც ჩანს, მშვიდობის დამყარებისთვის ეს საუკეთესო საშუალებაა?

- არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ. ჩვენი მიზანი მშვიდობის დამყარებაა და ამ მიზანს  მთელ მსოფლიოში ვემსახურებით. ჩვენი საქმიანობა სამ ძირითად საკითხს ეხება: ტექნიკური მხარდაჭერა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თვითონვე მოითხოვენ ამას - როგორიც არის, მაგალითად, ინგლისური ენის სწავლება; ეს არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამერიკული კულტურის გაცნობა და ასევე კულტურის გაცნობა მათთვის, რომლებიც ამერიკიდან ამ ქვეყანაში ჩადიან. მშვიდობის კორპუსი მიიჩნევს, რომ ეს გეგმა ძალიან კარგად მუშაობს და მართლაც, ეს არის ძალიან ქმედითი საშუალება მშვიდობისა და მეგობრობის განმტკიცებისთვის მთელ მსოფლიოში.