"საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ქართული პოლიტიკის ერთერთ ვეტერანს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, 2 ოქტომბრის არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და თვალს ვადევნებთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიებს.

უკანასკნელი 30 წლის მანძილზე რა ტიპის საარჩევნო კამპანიები არ გვინახავს, მაგრამ ახლა რაც ხდება, მგონი ყოველგვარ მოლოდინსაც კი გადააჭარბა.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ არ მახსენდება არც ერთი არჩევნები, როცა რეგიონებში ამდენი დეპუტატობის კანდიდატი ოპოზიციიდან ხსნიდეს თავის კანდიდატურას. არც ის, რომ სახელისუფლებო გუნდი სპეცსამსახურებთან ამდენ დაახლოებულ ადამიანებს ასახელებდა დეპუტატობის კანდიდატებად. ოპოზიციის მტკიცებით მოსყიდვებისა და დაშანტაჯების ფაქტებიც საკმაოდ ბევრია.

იყო მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ბევრ რამეს უარყოფდა, ასეც მოხდა, მაგრამ აშკარად არადამაჯერებლად. თქვენ როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას? იმ თავისებურებებს, რითაც ეს პროცესი ხასიათდება?

- დავიწყებ იმით, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ერთერთი ყველაზე უცნაური არჩევნებია მთელ ჩვენს საარჩევნო ისტორიაში. დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა პოლიტიკური პარტიები კი არ აკონტროლებენ ძალოვან სტრუქტურებს, არამედ ფაქტობრივად ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ მმართველ გუნდს და ისინი აკომპლექტებენ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიებსაც და მერობის კანდიდატებსაც.

ვხედავთ, რომ მმართველი გუნდის დასახელებული კანდიდატების უმრავლესობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან, რომლებსაც არანაირი საერთო პოლიტიკურ პარტიებთან არ აქვთ.

ამგვარი ვითარება ლოგიკური გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, რასაც აწარმოებდა ბოლო პერიოდში "ქართული ოცნება". ამ პარტიიდან ფაქტიურად განდევნილი არიან იმ ადამიანების უდიდესი ნაწილი, ვინც დაიწყეს "ქართული ოცნება", მთელი ამ წლების განმავლობაში იყვნენ ამ პარტიაში, ყველაზე დიდი ბრძოლები გადაიტანეს თავის დროზე, მაგრამ შემდეგ მათი მთლიანი ჩანაცვლება მოხდა ყოფილი "ნაცმოძრაობის" წევრებით და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებით.

ანუ, ადამიანებით, რომლებსაც არც პოლიტიკური გამოცდილება აქვთ და არც ცოდნა იმის, თუ როგორ იურთიერთონ ადამიანებთან. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მმართველი გუნდის რეიტინგზე.

რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, მხედველობაში მაქვს საინფორმაციო სივრცეში ფაილების მოხვედრა, მოსმენებისა და თვალყურის დევნის მასშტაბია გასაოცარი, თუ არა, ეს რომ ხდებოდა, კარგა ხანია გასაგები იყო.

ამ ფაილების შემდეგ თუ რას წარმოადგენს ჩვენი ძალოვანი სისტემა ცხადზე უცხადესია. გაუგებარია რაში სჭირდება ჟურნალისტებისა და რესპოდენტების საუბარს მიყურადება, რადგან ამ საქმიანობას არანაირი აზრი არ აქვს. არადა, გროვდებოდა სრულიად არასაჭირო ინფორმაცია და ამაზე იხარჯება უამრავი დრო და რესურსი.

იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურებმა თავიანთი საქმე აკეთონ, ხდება რეალური მუშაობის ჩანაცვლება ასეთი ფსევდომუშაობით. სამწუხაროდ, საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო ერთი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, - რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ დაეყრდნობი ძალოვან სტრუქტურებს, მათ ბევრის უფლებასა და საშუალებას მისცემ, ამით მით მეტად ინფორმირებული და დაცული კი არ იქნები, არამედ მეტად იქნები სწორედ მათზე დამოკიდებული და მისი მძევალი გახდები.

ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან ეს ინფორმაცია ამ სტრუქტურებიდან ან ჟონავს, ან გამოგდება ხდება გარკვეული მიზნით. საქართველოში ყველა ხელისუფლება 2003-შიც და 2012 -შიც ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით შეიცვალა.

დღეს საქართველოში სამოქალაქო ხელისუფლება კი არ აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, არამედ ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ პოლიტიკური პარტიებს, მათ შორის მმართველ გუნდს. ასეა, რადგან სწორედ ისინი არიან სახელისუფლები გურდის წევრები.

- "ქართული ოცნების" ლიდერები ხშირად აცხადებენ, რომ ოპოზიცია სუსტია. უფრო ხშირად გვესმის, რომ მათ არაკონსტრუქციული ოპოზიცია ჰყავს. მოკლედ, ვერა და ვერ ვიღებთ მეტ-ნაკლებად გამართულ პოლიტიკურ სისტემას.

2 ოქტომბრის არჩევნებზე თბილისსა და რეგიონებში 664 მაჟორიტარი და თბილისსა და რეგიონებში პროპორციული სიით 1410 დეპუტატია ასარჩევი, მაგრამ თუ ამ პროცესში სუსი და შსს მართლაც იმ დოზითაა ჩართული, როგორც ამბობენ, ბევრი რამ მართლაც გაუგებარი ხდება.

გასაგებია, რომ საბჭოთა წარსულიდან მოვდივართ, მაგრამ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ რომელი მმართველი გუნდიც არ უნდა გვყავდეს ყველას მართვა საბჭოურ სისტემას და სსრკ-ს დროინდელ მმართველ პარტიას ემსგავსება?

- არ შეიძლება ისეთმა პარტიებმა შექმნან დემოკრატიული სისტემა, რომლებშიც არსებული ვითარებას, მხედველობაში მაქვს მათი შიდა პარტიული სტრუქტურა, დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ჩვენთან პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ ერთი კაცის, ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის კოოპერატივს, რომლებიც არიან პარტიის წევრების უფროსები, რომლებიც მათ სჭირდებათ გარკვეული პოლიტიკური წონისა და ძალის შესაძენად.

ფაქტიურად ეს რეალურად ძალაც არ არის, რადგან ბარიერის გამუდმებით დაწევამ გამოიწვია ის, რომ კიდევ უფრო დაქუცმაცდა პარტიები. იმ პარტიებმაც კი, ვინც 2-3% მიიღეს ხმების, ისინიც კი დაიყვნენ.

ამიტომაა რომ ახლა ყველა დაბალი ბარიერისთვის იბრძვის რომ შემდეგ 15-20 ათასი ხმა მიიღონ და ასე მოახერხონ პარლამენტში შესვლა. რაც უფრო სუსტია ქვეყანაში პარტიული სისტემა, ის უფრო მარტივად ექვემდებარება ძალოვანი სტრუქტურების კონტროლს.

დღეს ქვეყანაში დემოკრატიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების სისუსტე. ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე არც პოლიტიკური პროცესი და არც რეალური დემოკრატია არ არსებობს. ამიტომაცაა, რომ ჩვენში ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ პოლიტიკურ პარტიებს.

ეს რომ ასეა, ამისთვის საკმარისია გადავხედოთ პოლიტიკური პარტიების ლიდერშიფებს, რომელთა უმრავლესობა სწორედ რომ ყოფილი ძალოვანია. განაგრძეთ კითხვა