"მიხეილ სააკაშვილს ნიცშეანური ახირება აქვს - "მე მსურს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს ნიცშეანური ახირება აქვს - "მე მსურს"

"კოკომ მთელი საქართველოს წინაშე თქვა, მაინტერესებს გაეროს ფინანსები და არ მაინტერესებს საქართველოო"

"26 მაისს საქართველოს ხელისუფლება აუჯანყდა თავის ხალხს, ერს"

"ამინდის ბიუროს ცნობებს ლამაზი გოგონები აცხადებენ და კოკოც თუ შეითავსებდა ამას, არ მეგონა"

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო კულუარებში კონსტანტინე გამსახურდიას ვიცესპიკერობას უწინასწარმეტყველებდნენ, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდა - ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად. ამ ფაქტთან და ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლს, უზენაესი საბჭოს დეპუტატს, თემურ ქორიძეს მივმართეთ:

- ჩემთვის სამწუხაროა, რომ ბატონი კონსტანტინე აქამდე დაეშვა. რამდენჯერმე თქვენს გაზეთში გამოვხატე აზრი იმის შესახებ, რომ კოკო დეგრადირებული ჩამოვიდა ევროპიდან და ჩემდა სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

20-25 წლის წინ უმცროს კონსტანტინეს მე წარმოვიდგენდი საქართველოს მომავალ პრეზიდენტად, მაგრამ ისეთი დეგრადირება განიცადა, რომ გაოგნებული ვარ.

როგორც ჩანს, მას პიროვნული სტატუსი არ გააჩნია. მე ვწუხვარ და ვტირი ამის გამო, რადგან ის ჩემი მეგობრის შვილია და აქამდე როგორ შეიძლებოდა დაშვებულიყო, როგორ შეიძლება ასეთი ხარბი, გაუმაძღარი ყოფილიყო კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსი.

გენეტიკური კოდიდან გამომდინარე ამ კაცს უფრო დიდი მისია ჰქონდა საქართველოში. ის ჩვეულებრივი ობივატელი აღმოჩნდა, საქართველოში ჩამოვიდა იმისათვის, რომ პოზიცია გაემყარებინა და სასტარტო სიტუაცია შეექმნა იმისათვის, რათა წასულიყო შვეიცარიაში (იქ არის ამ ორგანიზაციის ოფისი, სადაც კოკო გაამწესეს), კონსტანტინე გამსახურდიამ ამ ნაბიჯით უარი თქვა თავის ქართველობაზე და იქცა ცუდ ევროპელად.

- რატომ მიიჩნევთ კონსტანტინე გამსახურდიას დიპლომატიურ სამსახურში წასვლას სამარცხვინოდ?

- სრული გაუგებრობაა მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე.  ეს არის გარიგება ხელისუფლებასთან. კონსტანტინე გამსახურდიამ მთელი საქართველოს წინაშე თქვა, მაინტერესებს გაეროს ფინანსები და არ მაინტერესებს საქართველოო. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ზვიად გამსახურდიას შვილი თურმე მოწოდებული ყოფილა მეტეოროლოგიური სამსახურისთვის. Aამინდის ბიუროს ცნობებს ლამაზი გოგონები აცხადებენ ხოლმე და კოკოც თუ შეითავსებდა ამას, ნამდვილად არ მეგონა.

- როდესაც პარლამენტში შევიდა, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებები უნდა გამოვიძიოო.

- ფაქტობრივად, ამ კომისიამ ვერაფერი გაარკვია. დააყენა ბუღი და მტვერი და კიდევ ერთი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოსთვის წამებული კაცის ხსოვნას. ყველაზე საშინელი მთელ ამ ამბავში ის არის, რომ ზვიად გამსახურდიას შვილმა მამის სახელით ისპეკულანტა. ყველაზე მეტად ამ პრობლემის  მორალური მხარე მაინტერესებს, თორემ საპარლამენტო კომისია რომ ვერაფერს დაადგენდა, თავიდანვე ცხადი იყო. როგორ დაეცა კოკო გამსახურდია ფულისთვის, ამქვეყნიური ნეტარებისთვის, რომ გარიგებაზე წავიდა ხელისუფლებასთან. რაც მან აუწყა ქართველ საზოგადოებას, მიუთითებს იმას, რომ ეს ადამიანი ყოველთვის სპეკულირებდა მამის ძვლებით.

კოკო ყოველთვის გარიგებული იყო ხელისუფლებასთან. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, რამდენჯერ ჩავიდა შვეიცარიაში მიშა სააკაშვილი კოკოსთან, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ საქართველოში დაბრუნებული კოკო გამსახურდია ასე გაუცხოებული, გადაგვარებული და დეგრადირებული იქნებოდა.

- სააკაშვილთან ურთიერთობა რატომ ნიშნავდა მამის გზის ღალატს?

- სააკაშვილი და ზვიად გამსახურდია კარდინალურად განსხვავებული ფენომენებია. ზვიად გამსახურდია წინასწარვე განზრახული ზვარაკი იყო სამშობლოსათვის. მას ბრძოლა არ დაუწყია იმისათვის, რომ პიარკამპანია ეწარმოებინა და წარმატებისთვის მიეღწია ტელეეკრანზე. მიხეილ სააკაშვილისთვის კი საქართველო ასპარეზია შოუბიზნესისთვის და ამაში ყოველდღე ვრწმუნდებით. ვწუხვარ, რომ არიან ისეთი დაბნეული და გაოგნებული ადამიანები (მაგალითად, როგორიცაა ჩემი ძვირფასი უფროსი მეგობარი გოგი ოჩიაური), რომლებიც ბავშვივით აღტაცებული არიან იმით, რაც საქართველოში ხდება.

გოგი ოჩიაური იმასაც არ ფიქრობს, როდესაც სააკაშვილი დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ზეიმობდა, თვით გოგი ოჩიაური, დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი კაციც, არ მიიწვიეს იმ აღლუმზე. მიიწვიეს რეჯებ ჟორდანია, ნოე რამიშვილის ოჯახის წევრები, რომელთაც ქართულიც კი არ იციან და საქართველო არ აინტერესებთ.

გოგი გეგეჭკორს ერთი საოცარი სტრიქონი აქვს - "გარდაცვლილთან მეგობრობა იოლია". მათ ურჩევნიათ მეგობრად გარდაცვლილი ნოე ჟორდანია და არ უნდათ ცოცხალი გოგი ოჩიაური.  თუ ბატონი გოგი ოჩიაური, ჩემი უფროსი მეგობარი და უსაყვარლესი კაცი, ამით მაინც მოეგება გონს თავის ქალიშვილ ხათუნასთან ერთად და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, ამ ფაქტს მივესალმები.

ასევე კარგად ვიცნობ ეკა ხერხეულიძესა და ნუგზარ წიკლაურს. ეკა პატარა გოგონა იყო, როდესაც დარბოდა ჩვენ შორის და ერთხანს მოწაფეც უნდა ყოფილიყო ჩემი, მაგრამ ეს ბავშვი გონებრივად ვერ განვითარდა. სამწუხაროდ, ეს სამი მეცადინეობის შემდეგ შევატყვე და ვერ შევძელი, ყოფილიყო ჩემი აბიტურიენტი. მაგრამ ეტყობა, დღევანდელი პარლამენტისთვის გონებრივად საკმარისად განვითარებულია.

ნუგზარ წიკლაური უნიჭიერესი ბიჭი იყო. ლიტერატურის ინსტიტუტში მოჰქონდათ მოსწავლეთა სასახლიდან ბავშვების ოლიმპიადის ნამუშევრები და ზვიად გამსახურდიაც ეცნობოდა იმ ნამუშევრებს, რომელთაც გვარები არ ეწერა. ერთხელ მოიტანეს არაჩვეულებრივი თხზულება. მთელ ინსტიტუტში დავრბოდი და ვყვიროდი, ეს რა წავიკითხე-მეთქი. ვეძებდი ამ ბავშვს და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მივედი. ჩემ წინაშე იდგა დახვეწილი ახალგაზრდა რომანტიკული გარეგნობით. მერე გავიგე, რომ ჩემი ძვირფასი მეგობრის, მამუკა წიკლაურის შვილი ყოფილა.

- ამ ნიჭიერ კაცსაც უწუნებთ საქციელს?

- ძალაუფლება რყვნის, მაგრამ აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის და ოდესღაც რომანტიკული ახალგაზრდა  დღეს აბსოლუტურად გაირყვნა.  მას უნდა სწყინდეს, რომ მისი ინტელექტი დაცემული და განადგურებულია.

- თქვენ მაშინ იყავით ხელისუფლებაში, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ის, რაც 21-25 მაისს ხდებოდა თბილისში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო?

-  26 მაისი გაცილებით მწარე დღეა საქართველოსთვის, ვიდრე 1989 წლის 9 აპრილი იყო, რადგან 26 მაისს საქართველოს ხელისუფლება აუჯანყდა თავის ხალხს, ერს. ხელისუფლებამ დააპირისპირა ჯარი ხალხთან.  ხელისუფლება აღმოჩნდა აგრესორი, ტირანი, რომელმაც განიზრახა დაეთრგუნა, დაეჩაგრა, მიწასთან გაესწორებინა ქართული სულიერება, თავისუფლებისაკენ ქართველის სწრაფვა. 1989 წელს რუსების აქცია თამაშად მეჩვენება ამასთან.

ჩვენ ამ დღეებში  კიდევ ერთხელ გადავეშვით შუა საუკუნეებში, როდესაც ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებული კლანი კბილებით, საცეცებით, იარაღით ცდილობდა ძალაუფლების შენარჩუნებას. მიხეილ სააკაშვილს არ გააჩნია უნარი "არას" თქმისა. ის არის ხელოვნური ზეადამიანი, რომელსაც ნიცშეანური ახირება აქვს - "მე მსურს". ის ვერასოდეს მიაღწევს იმას,  რომ "მე მსურს" განახორციელოს საქართველოში, რადგან ყოველთვის დაუპირისპირდება ქართველი ერის "არა!". შემოდგომაზე მთელ ამ ლაზღანდარობას, ორჭოფობას, ოცწლიან იდიოტობას წერტილი დაესმება.

ქართველი კაცი დაძახებაზე ქუჩაში არ გადის. არ გამოდის არც მამლაყინწა გუბაზ სანიკიძის და არც ხელოვნურად დაბრძენებული რესპუბლიკელების დაძახებაზე. ქართველმა საზოგადოებამ პოლიტიკის მიღმა დატოვა პოლიტიკური ფსევდოელიტა, რომელიც აქამდე ზემოქმედებდა ქართველ საზოგადოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ დაპყრობილი აქვთ ყველა ტელევიზია, მთელი მედია.

ვაი, იმ გარიგებული მედიის ბრალი, რომელიც საზრდოობს პოლიტიკოსების თავაშვებულობითა და აღვირახსნილობით. ასეთი მედია მალე მშიერი დარჩება და გაუმარჯოს მშიერ მედიას, მაშინ ხომ მაინც მოვლენ ჭკუაზე?!

შემოდგომაზე დაინახავთ, როგორ გამოვლენ ეს დაბრძენებული რვიანელები და იტყვიან, ჩვენ არ გაგვირიგდა ხელისუფლება, არ გადმოგვიგდო ძვალი და გამოდით ჩვენს დასაცავადო... საქვეყნო საქმე ასე არ კეთდება. საქვეყნო საქმეში ჩემი და შენი არ არსებობს, საქვეყნო საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი ფორმულა - სამშობლო.