"აშკარაა, რომ ეს ჩანაწერები ამ ხელისუფლების პირობებშია გაკეთებული... ღარიბაშვილმა ყოველთვის ხელი "ნაციონალებისკენ" უნდა გაიშვიროს. მას აქვს ასეთი დავალება ან..."
15-09-2021
"აშკარაა, რომ ეს ჩანაწერები ამ ხელისუფლების პირობებშია გაკეთებული... ღარიბაშვილმა ყოველთვის ხელი "ნაციონალებისკენ" უნდა გაიშვიროს. მას აქვს ასეთი დავალება ან..."
"სხვისი პირადი ცხოვრების გამქექავი ადამიანი ამორალური ადამიანია, რა სისტემაშიც უნდა იყოს, ამაზე ადამიანი რომ მიდის, ის ყველაფერზე წამსვლელია"
პროკურატურამ უკვე დაიწყო მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება და საქმე აღძრა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე: "საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ. ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ
მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე, ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 12 სექტემბერს, მედიას ვებ-საიტის ბმული გაეგზავნა სათაურით, "სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ", რომელზეც ათასობით ტექსტური ფაილი, აუდიოჩანაწერი, ვიდეო და ფოტომასალა იყო თავმოყრილი. როგორც ირკვევა, სასულიერო პირებს,
ჟურნალისტებს, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს უსმენდნენ და მათი სატელეფონო საუბრების შინაარსი, სოციალურ ქსელებში მიმოწერები და შეხვედრებზე ინფორმაციები ერთად გროვდებოდა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, სახალხო დამცველი, სასწრაფოდ ითხოვენ ამ საქმის გამოძიების დაწყებას. მოგვიანებით, 14 სექტემბერს, გამოეხმაურა სპეციალური განცხადებით ამ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის, გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს, ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რადგან მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას", - ნათქვამია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემური პრობლემა, რაც ქვეყანაში გვაქვს, ის არის, როდესაც ხელისუფალი ცდილობს, არა საზოგადოების დაკვეთით იმუშაოს, არამედ - საზოგადოება აკონტროლის ნეგატიური გზავნილებით, მოსმენებით, დაშანტაჟებით, ე.წ. დავერბოვკებით და ა.შ. ეს არ არის ამ ხელისუფლების მოგონილი, თავისი ხელისუფლების ფარგლებში, შესაბამის კანონს მიღმა ამას ყველა აკეთებდა ერთადერთი მიზნით, როგორმე გაეხანგრძლივებინა ძალაუფლება და გაეკონტროლებინა საზოგადოება. სამწუხაროდ, მივიღეთ ახლა რამდენიმე პრობლემა. პირველი - ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ თუ ადრე ეს იყო დაფარული, ახლა გამოაშკარავდა, ამოტივტივდა და საჯარო გახდა, ამიტომ გვაქვს ძალიან მძიმე სიტუაცია.

- ღარიბაშვილმა ამას "ნაციონალების" პროვოკაცია უწოდა. თქვენი აზრით, ქვეყანაში ტოტალური მოსმენები გრძელდება?
- ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელმაც სულ იცის ხუთი წინადადება, აქვს ძალიან შეზღუდული ლექსიკა. ყველაფერზე ყოველთვის ხელი "ნაციონალებისკენ" უნდა გაიშვიროს. მას აქვს ასეთი დავალება ან, უბრალოდ, 5 წინადადებით ოპერირებს ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში სულ. სრულიად აშკარაა, ეს ჩანაწერები ამ ხელისუფლების პირობებშია გაკეთებული, სრულიად აშკარაა, ავთენტურობაზე ეჭვის შეტანას არც ცდილობენ, სრულიად აშკარაა დაბნეულობა და დუმილის უფლებას იყენებს შესაბამისი სამსახურები. ლუსტრირებულია ყველანაირი სიტუაცია. იმიტომ, რომ "ნაცები" ცუდები იყვნენ, არ ნიშნავს, რომ მათ ყველაფერი უნდა ვაპატიოთ. ღარიბაშვილი რას გვეუბნება, ჩემი დავალებით ვუსმენდი და ვუყურებდით სასულიერო პირებს, მაგრამ მე ამას ვაკეთებდი დიდი სიყვარულით და მოწიწებით, მაგრამ "ნაციონალებმა" სიძულვილით ამ ჩემი სიყვარულის გამომზეურება მოახდინესო. ეს ხომ აბსურდული კონცეფციაა, მაგრამ ამ ადამიანმა სხვა არაფერი არ იცის და რა თქვას?
ახლა შეეცდებიან, კიდევ უფრო დიდი სიბინძურით გადაფარონ ეს ყველაფერი. ნორმალურ საზოგადოებაში ასეთი რამის შემდეგ მიდის ხელისუფლება. ეს ხელისუფლება გვევლინება ეკლესიის დამცველად, ვითომ ქართული ტრადიციების დამცველად და იძახის, ოპოზიცია არის ურწმუნო და გარყვნილებას ამკვიდრებს ქვეყანაშიო. ეს იყო მათი მთავარი გზავნილი და ამაზე ააგეს საარჩევნო კამპანია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის ფარისევლობა. ისინი არანაირი მფარველები არ ყოფილან ეკლესიის, პირიქით, უსმენდნენ და აშანტაჟებდნენ, შესაბამისად, არ მგონია, ეკლესია არ იყოს ხელისუფლებაზე გაბრაზებული. არა იმდენად და იმიტომ, რომ უსმენდნენ, ეს ისედაც ყველამ ვიცოდით, არამედ - იმიტომ, რომ ვერ დაიცვეს ეს მოსმენები და ეს ყველაფერი გამომზეურდა. ფაქტია, ეკლესიამ ხომ დარტყმა უფრო გამომზეურებით მიიღო, თორემ, ვინმე ვინმეს თუ უსმენდა და აშანტაჟებდა, ეს მათ ისედაც იცოდნენ, დაფარული არ იყო. ყველაფერი გამომზეურდა, ეკლესია გაბრაზებული იქნება და მრევლიც უნდა იყოს გაბრაზებული, რადგან ფარისევლობა მათაც აშკარად დაინახეს. მათ მოძღვრებს უსმენენ, რომლებსაც ხშირად ტელეფონით აღსარებას აბარებდნენ და აღსარების საიდუმლოც ხომ ირღვევა ბევრ სხვა რამესთან ერთად. ეს მხოლოდ მამაოების მოსმენა ხომ არ არის! მამაოებს თავის მრევლთან აქვთ კომუნიკაცია და იმათაც ხომ უსმენდნენ?! ნორმალურ საზოგადოებაში ასეთი ხელისუფლება უკვე არ უნდა იყოს ქვეყანაში, მაგრამ ბევრი რამ ხომ ისევ ხდება, ეს ჩვენი საზოგადოების უმწიფრობის ბრალიც არის. პრობლემის მასშტაბს ჩვენი საზოგადოება ვერ აფასებს სათანადოდ, თითქოს აღარაფერი გვიკვირს.

- ამ ჩანაწერების გამომზეურება აისახება არჩევნებზე?
- ვფიქრობ, აისახება, მაგრამ რა ხარისხით, ეს ძნელი სათქმელია. მაინც დინამიკაში უნდა შევხედოთ ვითარებას. ვერც ოპოზიცია გამოიყურება მაინცდამაინც წელში გამართულად და ცარიელი ადგილი ხომ ვერ დარჩება, ვიღაცით ხომ უნდა შევცვალოთ, ხომ უნდა მჯეროდეს, რომ ის ვიღაცა იმაზე უკეთესია, ეს პრობლემაც არის დღეს.

- ეკლესია არ ჩქარობს შეფასებებს, რატომ?
- აუცილებლად იქნება გაბრაზებული. სასულიერო პირებს ეცოდინებოდათ, რომ უსმენდნენ, რადგან, ალბათ, ეკლესიის გარკვეულ მსახურებზე შანტაჟიც მიმდინარეობდა სპეცსამსახურების მხრიდან. ამაზეც შეიძლება რეაქცია ჰქონდეთ, მაგრამ აქ მაინც მთავარი პრეტენზია ეკლესიის ხელისუფლების მიმართ სწორედ ეს იქნება, როგორ ვერ დამიცავი იმისგან, რომ ეს ყველაფერი ვერ გამომზეურებულიყო.

- რატომ ვერ დაიცვა? ბევრს საუბრობენ, სააკაშვილის დროინდელი კადრებია ისევ სტრუქტურებში და ფიქრობენ, მათ გახადეს ეს ინფორმაციები საჯარო...
- არ არსებობს, სააკაშვილის და ივანიშვილის ხალხი ერთი და იგივე ხალხია. ივანიშვილს ხომ არაფერი შეუცვლია, ყველაზე კომპრომეტირებული, ყველაფერზე წამსვლელი ხალხი ვინც იყო, ისინი დაიტოვა სამსახურებში, თანამდებობებზე, ვინც პრინციპული იყო, აღარავინ აღარ არის. ყველაფერზე ხელის მომწერები დარჩნენ, მასთან - არა მარტო სუსში, იგივე ხდება სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში, ყველა უწყებაში. მან ხომ არაფერი შეცვალა, გადმოიბარა მიშას სისტემა და ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად გარყვნა და განავითარა. წარმოიდგინეთ, რამხელა ფარისევლობაა - ერთი მხრივ, ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ იცავს ეკლესიას და უცბად აღმოჩნდა რომ ეს ფარისეველი ყველას უსმენდა და აკონტროლებდა. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? კიდევ გამოდის ღარიბაშვილი და თავს უფლებას აძლევს, რაღაცები ილაპარაკოს. წესით, უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან.

მირიან ნიკოლაძე, იურისტი:

- უშიშროების სამსახურებში სპეციალური დანაყოფებია, მაგალითად, რელიგიური მიმართულებით სპეციალური დეპარტამენტია, რომელიც ყველა რელიგიურ კონფესიების წარმომადგენელს, ეს იქნება ქრისტიანული თუ არაქრისტიანული, აკვირდება და უსმენს. ამას სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს, რადგან ეს ჯგუფები გავლენიანია, ჰყავთ მრევლი, აქვთ რეიტინგი, მათ სიტყვას ყოველთვის აქვს ფასი და სპეცსამსახურებისთვის ყოველთვის ყურადღების მისაქცევია ეს ადამიანები. ეს კარგია თუ ცუდი, მეორე მხარეა, რა თქმა უნდა, ცუდია ტოტალური კონტროლი, წესიერ სახელმწიფოში ასეთი რამ რომ გამჟღავნდეს, იქ შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს საერთოდ. ეს არ გამკვირვებია, რადგან წლებია, ვიცი, რომ არის სპეციალური მიმართულების ჯგუფები, რომლებიც ამაზე მუშაობენ და, ალბათ, კარგა ხნის ნაგროვები მასალა ახლა გამომზეურდა. რა თქმა უნდა, ცუდია ტოტალური კონტროლი და ამას კატეგორიულად ვგმობ, მაგრამ წლებია, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ვარ და ვარ იმის მომხრე, რომ ლუსტრაცია მოხდეს სასულიერო პირების. რიგითი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, იქ რა ხდება რეალურად, რადგან ამ მეუფეების დიდი ნაწილი ჩამოყალიბდა მაფიოზებად და მათ არანაირი კავშირი ქრისტიანობასთან არ აქვთ. რაც ხდება, ამას რა თქმა უნდა, კეთილშობილური მიზნით არ აკეთებენ, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეს არის პოლიტიკური დარტყმების და ომის ერთ-ერთი ნაწილიც, არავის აწუხებს მართლმადიდებლური ეკლესია, პირიქით - დარტყმას აყენებს მას ყველა თვალსაზრისით. საშინელ ზიზღს მგვრის, როცა ვიღაცის პირად ინფორმაციებს აქვეყნებენ, ეს არის საზიზღობა. სხვისი პირადი ცხოვრების გამქექავი ადამიანი ამორალური ადამიანია, რა სისტემაშიც უნდა იყოს, ამაზე ადამიანი რომ მიდის, ის ყველაფერზე წამსვლელია.

საქართველოს საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტის კომენტირებისას ამბობს, რომ "მსგავსი ფაბრიკაციები" შეგნებულადაა მიმართული ეკლესიის დისკრედიტაციისკენ. "ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ, მე ვურჩევ, რომ მაგარი უგუნურია",- ამბობს ედიშერ ქარჩავა.

საპატრიარქოც ელოდება გამოძიებას. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე თავს იკავებს ჯერჯერობით ამ საკითხზე ჟურნლისტებთან შეფასებების გაკეთებისგან, თუმცა მან სოციალურ ქსელში თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა: "სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროვებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ. სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროვების დეტალები გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტ-ნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი. საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი, მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც აქვს ეს მასალა, თუ ეს შესაძლებელია, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები. პ.ს. უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროვება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა", - ამბობს მამა ანდრია.

(სპეციალურად საიტისთვის)

ი.კ
16 სექტემბერი 2021 08:22
ქეთი დევდარიანმა იცოდა ეს რომ უნდა მომხდარიყო და საზოგადოება მოამზადეს ამისთვის მან და მიშა მშვილდაძემ. ქართულო ოცნებავ წინათგრძნობა ან ეჭვი მაინც არ გაგჩენიათ მაგ საოცნებო თავებში?
გიგა
15 სექტემბერი 2021 21:37
გაასწორეთ ონლაინ რეგისტრაცია და პაროლის აღდგენა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?