"დემოკრატიისთვის ბრძოლის ფრონტზე ერთი ახალი ხაზი გაჩნდა" - კვირის პალიტრა

"დემოკრატიისთვის ბრძოლის ფრონტზე ერთი ახალი ხაზი გაჩნდა"

"არ მახსენდება სხვა ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას მყისიერად მოეხდინოს ასეთი მკვეთრი და მრავლისმეტყველი რეაგირება"

"არა მაქვს ილუზია, რომ ჩვენი შეგონებებით ხელისუფლება გამოსწორდება"

როდესაც ოპოზიციუმა "რვიანმა" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არმომხდარი რამ - ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა განიზრახა, მათი ოპოზიციონერი კოლეგები ირონიულად ამბობდნენ, როდის იყო ავტორიტარი ხელისუფლება არჩევნებით მიდიოდაო. რას მიაღწია ხელისუფლებასთან ათთვიანი მოლაპარაკებით და რეალურია თუ არა ხმა "რვიანის" დაშლაზე, ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ვკითხეთ:

- "რვიანის" შექმნა ხელისუფლებისთვის ყველაზე არასასურველი მოვლენა იყო, იმიტომ, რომ კვალიფიციური და ორგანიზებული ოპონენტი გაუჩნდა იმ მოედანზე, რომელზეც ყველაზე სუსტია. "რვიანმა" მოახერხა უმნიშვნელოვანეს საარჩევნო საკითხებზე ერთმანეთთან შეეჯერებინა პოზიციები; "რვიანმა" მოახერხა საკუთარი დღის წესრიგით წაეყვანა მოლაპარაკების პროცესი და ხელისუფლება, რომელიც არაფრის გაკეთებას არ გეგმავდა, ახლა იძულებულია თავი იმტვრიოს იმაზე, რომ რაღაცები შეცვალოს. "რვიანმა" მოახერხა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ჩართულიყო ამ პროცესში.

ხელისუფლებას ყველა დონეზე ექმნება პრობლემები, ვინაიდან არ ეთანხმება იმ წინადადებებს, რომლებიც შევთავაზეთ და ვერც თვითონ გვთავაზობს რაიმე სერიოზულს. შემოდგომამდე ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მძიმე არჩევანის გაკეთება - ან უნდა შეგვითანხმდეს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ან უარი თქვას და თავისი ხელით მოიმზადოს ნიადაგი იმისათვის, რომ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა გარე სამყაროდან ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგეს.

- "რვიანი" რეგიონებში ხალხთან შეხვედრებს, ახსნა-განმარტებით მუშაობას აპირებს, მაგრამ ირაკლი ალასანია ლაპარაკობს აქციების გამართვაზეც, რაც რესპუბლიკელებს მოგწონთ.

- აქციების საკითხი გაბუქებული და ანგაჟირებულია იმ მიზნით, რომ გაჩნდეს საბაბი სალაპარაკოდ, "რვიანში" განხეთქილებააო. ჩემთვის აქცია ნიშნავს მოსახლეობასთან შეხვედრას ქუჩაშიც, ჭერქვეშაც და სადარბაზოსთანაც. ჩემთვის აქციაა საინფორმაციო ბიულეტინის დაბეჭდვა და გავრცელებაც.

- "ახალი მემარჯვენეები" გადაჭრით აცახდებენ უარს აქციებისა და დემონსტრაციების გამართვაზე.

- ხალხის თავმოყრით რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ამ ტიპის აქციების წინააღმდეგი ვართ ყველა, რადგან დარწმუნებული ვართ მის სრულ უშედეგობაში.

- მაგრამ თუ დემონსტრაცია საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით გაიმართება?

- თუ რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მოქალაქეთა ჯგუფი ან პოლიტიკური პარტია გადაწყვეტს რომელიმე ფორმით შეეხმიანოს ამ კონრეტულ საკითხს, ეს მხოლოდ კარგი იქნება. ამ მხრივ ერთმანეთს სრული თავისუფლება მივეცით.

- ხელისუფლებამ წამოჭრა ინდივიდუალური მოლაპარაკების საკითხი, რაზეც "რვიანის" ზოგიერთი წევრი აცხადებდა, რომ ეს იქნებოდა ვაჭრობა ხელისუფლებასთან.

- "რვიანს" არც ერთი პირისა და არც ერთი სუბიექტისთვის არ მიუცია მანდატი იმაზე, რომ სხვების სახელით რამეზე შეუთანხმდეს ხელისუფლებას. მანდატი, რომელიც ერთმანეთისთვის გვაქვს მიცემული, არის ის, რომ თუ ხელისუფლება რომელიმე ჩვენგანს რამეს ეტყვის ან შესთავაზებს, ეს უნდა გავაცნოთ "რვიანს" და მანვე უნდა მიიღოს  გადაწყვეტილება.

- და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე წასულ კოლეგებზე ეჭვი არ გაგიჩნდებათ?

- ეჭვი რომ მაწუხებდეს, არ ვიქნებოდი ამ ერთობაში.

- გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ის სამოქალაქო მოძრაობის დაწყებას ემხრობა.

- გუბაზ სანიკიძემ კი არა, ეს "რვიანმა" გამოაცხადა 7 ივნისს საზოგადოებასთან შეხვედრაზე. ხალხს იმას კი არ ვეუბნებით, გამოდით და "რვიანს" დაუჭირეთ მხარი-მეთქი, არამედ ვთავაზობთ თანამშრომლობას სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში.

- "რვიანი" ამით "სახალხო კრებას" ხომ არ დაემსგავსება? "სახალხო კრებაც" ხალხის ჩართვას გულისხმობდა ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლაში.

- "სახალხო კრებამ" თუ უთავბოლოდ მოინდომა ხალხის ჩართვა რაიმე პროცესში, ამის გამო ხალხის ჩართვაზე უნდა ვთქვათ უარი?

- შემოდგომაზე რა შედეგს ელოდებით?

- ხელისუფლებას ვალდებულება აქვს აღებული საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სათანადო ცვლილებებს გაატარებს. ეს დრო კი არის მომავალი შემოდგომა. ხელისუფლება მძიმე არჩევანის წინაშეა, ან უნდა დაგვეთანხმოს და თავი გაწიროს კონკურენტულ გარემოში პაექრობისთვის, ან გამოაცხადოს საჯაროდ, რომ არჩევნების ჩატარებას კი არა, ფარსის გათამაშებას აპირებს.

არა მაქვს ილუზია, რომ ჩვენი შეგონებებით ხელისუფლება გამოსწორდება. ის იძულებული უნდა გახდეს, სწორი ნაბიჯები გადადგას. იძულებული კი მაშინ გახდება, თუ დაინახავს, რომ სხვა გზა არა აქვს და სხვა მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა უარესი იქნება.

- რით ხსნით საკანონმდებლო ცვლილებების განზრახვას?

- "დემონსტრაციებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში პრაქტიკულად ის წერია, რომ აიკრძალოს მანიფესტაციები. ეს შეშინებული ხელისუფლებაა და ამიტომ აძლიერებს რეპრესიულ მანქანას. ეს არის შეშინებული ხელისუფლება, რომელიც 7 ივნისს "რვიანის" ახალი ინიციატივების (როდესაც გამოვაცხადეთ, რომ ვაპირებთ ფართო საზოგადოების ჩართვას საარჩევნო კოდექსის გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში) გაცნობიდან ორ საათში ორგანიზებულად დაესხა თავს მედიასაშუალებას იმისათვის, რომ ერთი მხრივ, მედია დააშინოს და მეორე მხრივ, მიჩქმალოს "რვიანის" ინიციატივა.

- "მედიაპალიტრაში" საგადასახადო სამსახურის შესვლა ამას დაუკავშირეთ?

- "მედიაპალიტრაზე" ხელისუფლების ბოღმა, რა თქმა უნდა, "რვიანს" არ უკავშირდება. თქვენმა "მედიაჰოლდინგმა" ნერვები მოუშალა ხელისუფლებას და როგორც ჩანს, აპირებდა კიდეც მასზე შეტევას, მაგრამ ის, რომ ეს 7 ივნისს გააკეთა, პირდაპირ უკავშირდება "რვიანის" ინიციატივას.

"მედიაპალიტრის" შემოწმება ამ ჰოლდინგის ბოლო წლების მუშაობას უკავშირდება. ამ მედიასახლის ბეჭდვითმა გამოცემებმა, რადიომ და ინტერნეტტელევიზიამ ავტორიტეტი მოიპოვა საქართველოს მოსახლეობაში, ხელისუფლება კი ვერ იტანს ავტორიტეტებს საკუთარი თავის გარდა. ყურადღებას მივაქცევდი იმ უპრეცედენტო მოვლენებს, რომლებიც ამ პროცესში გამოიკვეთა. მაგალითად, აშშ-ის საელჩოს პოზიცია, რომელიც გამოხატა "მედიაპალიტრის" იმ დაწესებულებებში ორჯერ მისვლით, სადაც ე.წ. საგადასახადო შემოწმება ტარდება.

მან არ დაუჯერა ხელისუფლების სკანდალურ განმარტებას, თითქოს კომპიუტერმა შემთხვევით ამოაგდო ის ექვსი ბიზნესდაწესებულება და ამიტომ დაიწყო შემოწმება. არ მახსენდება სხვა ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას მყისიერად მოეხდინოს ასეთი მკვეთრი და მრავლისმეტყველი რეაგირება. ამიტომ დემოკრატიისთვის ბრძოლის ფრონტზე ერთი ახალი ხაზი გაჩნდა. ეს არის ხელისუფლების ბრძოლა დამოუკიდებელ მედიასთან, რომელსაც ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ.