"კი ძალადობას!"(?!) - კვირის პალიტრა

"კი ძალადობას!"(?!)

"რას ქადაგებენ "ლიბერალიზმის მამები"

"ჩვენს სინამდვილეში  ძალა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების კეთილდღეობის შესანარჩუნებლად გამოიყენება"

"როცა ორი მხარის კონფლიქტში მოძალადის როლში სახელმწიფო გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ცუდად არის"

სლოგანი "არა ძალადობას!" საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარულია, რაც  ექსპერტი გია ნოდიას პოლიტიკურ ინფანტილიზმად მიაჩნია და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო გამოვლინებად რაცხავს. "არა ძალადობას" იგივეა, უარი ვუთხრათ ადამიანის ბუნებას", - განმარტავს გია ნოდია. საიდან მომდინარეობს ამგვარი იდეოლოგია და რას ქადაგებენ "ლიბერალიზმის მამები". ამ თემაზე "კვირის პალიტრას" პოლიტოლოგი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ასევე კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე ესაუბრა.

- ძალადობა ადამიანის ბუნების ნაწილი ნამდვილად არის, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის რჩეული წარმომადგენლები მსჯელობდნენ და აყალიბებდნენ იდეებს, რათა ადამიანის ბუნების ამგვარი გამოვლინების მინიმალიზაციისთვის შეეწყოთ ხელი. ჩამოყალიბდა ქცევის ნორმები და ღირებულებები, რომლებიც ცივილიზებული სამყაროს არსებობის საფუძველია და ძალაუფლების თვითშეზღუდვას ეფუძნება. სწორედ ასეთი  ლოზუნგებით მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება და უფრო მეტიც, ამგვარი იდეოლოგიის აპოლოგეტი იყო თვით გია ნოდიაც, რომელმაც თავის დროზე არაერთი წერილი მიუძღვნა "ვარდებისა" თუ აჭარის რევოლუციებს.

ხელაღებით იმის მტკიცება, რომ პოლიტიკა არის ძალადობის სფერო, სადაც ჯუნგლის კანონები მეფობს და ადამიანი ადამიანისთვის მტერია, გვაბრუნებს იქ, სადაც სოციალური დარვინიზმია გამეფებული. რაც შეეხება მის მიერ თანამედროვე ლიბერალიზმის ძალადობის იარაღად წარმოჩენას, ეს არასწორი ინტერპრეტაცია და ხელისუფლების გამართლების ცდაა, რომელიც ასინეთას "აქოური წესიას" "მახსენებს.

გარდა ამისა, ნეოლიბერალს მიზანმიმართულად აღურევია ცნებები ძალისა და ძალადობის შესახებ. იგი სახელმწიფოს ძალას ძალადობის იარაღად წარმოაჩენს და საქართველოში სოციალური დარვინიზმისა და ბუნებრივი გადარჩევის პრინციპებზე ლაპარაკობს. თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოებს თუ განვიხილავთ, თავიანთი არსებობის ქვაკუთხედად ადამიანის კეთილდღეობას მიიჩნევენ.

ჩვენს სინამდვილეში კი ძალა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების კეთილდღეობის შესანარჩუნებლად გამოიყენება. ამ უკანასკნელებს ხშირად ქართული სახელმწიფო საკუთრება, შპს ჰგონიათ და ნებისმიერი შეხსენება დაკისრებული მოვალეობის შესრულების თაობაზე მათ გაღიზიანებასა და აგრესიას იწვევს.

- საიდან იღებს სათავეს ამგვარი იდეოლოგია და რომელი ლიბერალური მიმდინარეობისთვის იყო დამახასიათებელი ძალადობა?

- ნეოლიბერალებს სწამთ, რომ ადამიანის დაცვა მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება. ადამიანი შეიძლება იყოს დაცული და თავისუფალი მხოლოდ კანონით. ხოლო სახელმწიფო არის ადამიანების შეთანხმების შედეგად შექმნილი ინსტიტუტი, რომელსაც საფუძვლად უდევს სოციალური კონტრაქტი. კლასიკურ ლიბერალიზმში არსებობს ნეგატიური თავისუფლების ცნება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო "აუცილებელი ბოროტებაა", რაც იმას გულისხმობს, რომ თავისუფლება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ კანონის პირობებში.

ეს არგუმენტი სოციალური კონტრაქტის თეორიის საფუძველია, რომელიც თომას ჰობსმა და ჯონ ლოკმა განავითარეს და რომლითაც ლიბერალები სახელმწიფოს წინაშე ინდივიდის პოლიტიკურ ვალდებულებებს განმარტავენ. ეს ეჭვქვეშ არ აყენებს იმას, რომ თანამედროვე ეპოქაში ადამიანის უფლებების დაცვა ლეგიტიმური მექანიზმია სუსტის ძლიერისგან დასაცავად. ხოლო, როცა ორი მხარის კონფლიქტში მოძალადის როლში სახელმწიფო გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ცუდად არის.

- თქვენი აზრით, რამდენად იგრძნობა ქართულ პოლიტიკაში ინფანტილიზმი?

- ქართველებს მართლაც ახასიათებს ინფანტილიზმი, რაც ხშირად პროცესების არაადეკვატურად და არასერიოზულად აღქმაში გამოიხატება. ბევრ ჩვენს მოქალაქეს, მაგალითად, სჯერა, რომ პოლიტიკაში არსებობენ მეგობრები, რომ საქართველოს შეუძლია სხვა სახელმწიფოების ინტერესებისა და არსებული რეალიების გაუთვალისწინებლად იმოქმედოს და ა.შ. ინფანტილიზმია პოლიტიკური ლიდერის არჩევაც გარეგნობის ან იმის გათვალისწინებით, იცის თუ არა კარგად უცხო ენები. თუმცა, ვფიქრობ, დღეს უკვე გამოკვეთილია ქართველი საზოგადოების პოლიტიკური დაკვეთა, ის ადრე პოლიტიკური ლიდერის ახალგაზრდობას, პოპულარობას ან მომხიბვლელობას მეტ ყურადღებას აქცევდა, ახლა კი მხოლოდ საკუთარი დაკვეთის შესრულებაზეა ორიენტირებული.

- რა არის საზოგადოების პოლიტიკური დაკვეთა?

- არსებული ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით ან სხვა ნებისმიერი გზით, მისთვის მისაღები გახდება ნებისმიერი ლიდერი, რომელიც შეასრულებს ამ დაკვეთას. ეს კი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება და ხელისუფლება ამას ძალით ვერ აღკვეთს. მე ძალიან მენიშნა 28 მაისის საპროტესტო მსვლელობა პოლიტიკური პარტიების ლიდერების გარეშე, რომლებიც თავისთვის იდგნენ, რადგან ხალხში უარყოფით რეაქციას იწვევდნენ. ეს სწორედ იმის ნიშანი გახლდათ, რომ ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ ასრულებდნენ ხალხის დაკვეთას.

ახალი ადამიანების შექმნის მცდელობა  და ამ მიზნით ნებისმიერი იდეოლოგიის ჩამოყალიბება, ჩანასახშივე განწირულია. ეს წარმატებით არასოდეს დაგვირგვინებულა. საზოგადოების სიმპათია გადაიხრება იმ პოლიტიკური ჯგუფისკენ, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას, მოაგვარებს სოციალურ ან თუნდაც ტერიტორიულ პრობლემებს. სამწუხაროდ, დღეს ხალხი ასეთ ძალას პარტიებში ვერ ხედავს.

- რამ შეცვალა ის პირები, რომლებსაც დემოკრატიის აპოლოგეტებად მივიჩნევდით "ვარდების რევოლუციამდე"?

- ძალაუფლებას გაუგეს გემო, ძალაუფლება კი, ლორდ აქტონს თუ დავუჯერებთ, რყვნის ადამიანს. გარდა ამისა, ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, სადაც ხელისუფლებაში მოსულმა პირებმა ვერ გააცნობიერეს როგორც პირადი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, თუ ეს პასუხისმგებლობა არ გააცნობიერა, ორიენტირებული აღმოჩნდება უფრო პირად კეთილდღეობაზე და ათასჯერ მაინც მოგვიხდება ერთი და იმავე გზის გატკეპნა, მით უმეტეს, თუკი გავამართლებთ ძალადობას, რაც კარგ შედეგამდე არასოდეს მიგვიყვანს.

ერთმა დიდმა მოაზროვნემ ბრძანა, "ჩვენ ამქვეყნიურ სამოთხეს ვერ შევქმნით, მაგრამ ჯოჯოხეთი რომ არ შევქმნათ, ესეც კარგია". ასე რომ, ფრთხილად, მთავარია, არ შევქმნათ ჯოჯოხეთი!