"კაცის კაციაო" ვერც კალაძეზე იტყვი და ვერც გახარიაზე. იმისთვის, რომ არც მელია იყოს კაცის კაცი, სააკაშვილისგან უნდა დისტანცირდეს"
"კაცის კაციაო" ვერც კალაძეზე იტყვი და ვერც გახარიაზე. იმისთვის, რომ არც მელია იყოს კაცის კაცი, სააკაშვილისგან უნდა დისტანცირდეს"
ბოლო დროს ჩატარებული ყველა სოციალური კვლევისა და გამოკითხვის შედეგი ცხადყოფს, რომ საზოგადოების მოწონების რეიტინგში პირველ 3 ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იკავებენ. რა კრიტერიუმებით ირჩევს ქართველი ხალხი პოლიტიკურ ლიდერებს და რა ფაქტორები ახდენს მათზე გავლენას, ამის შესახებ ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვრელიძე გვესაუბრება.

რამაზ საყვარელიძე:
- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს სოციოლოგიური კვლევების აღარ
მჯერა. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ სოციოლოგიური სამსახური რამეს აყალბებს, არა, უბრალოდ, ქართველმა ამომრჩეველმა გამოავლინა ერთი თავისებურება, - მათ 2012 წელს სოციოლოგიას უპასუხეს, - ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩვენ სააკაშვილს მივცემთ ხმასო. მერე დაირაზმნენ და ივანიშვილს მისცეს ხმა ანუ მოატყუეს სოციოლოგია. რატომ? იმიტომ,
რომ აუტკივარი თავი არ აიტკივეს. ეს არ არის მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის სპეციფიკა. საბჭოთა კავშირში ნაცხოვრები კაცი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს საბჭოთა სოციოლოგიისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა - თუ საზოგადოება რაიმე საფრთხეს ხედავდა სოციოლოგიის კითხვაში, პასუხობდა ისე, როგორც ხელისუფლებას უნდოდა. შესაბამისად, შესაძლოა, არც დღევანდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგი ასახავდეს რეალურად არსებულ განწყობებს.

- სოციოლოგიური კვლევების გარეშეც ნათლად ჩანს, რომ კახი კალაძე, გიორგი გახარია და ნიკა მელიაც პოპულარობით გამოირჩევიან.
- არსებული პოლიტიკური სპექტრი ხშრად ისე "აირევა ხოლმე" ერთმანეთში, რომ ერთ მთლიანობას ქმნის, ინდივიდუალიზმი იკარგება და ყველა ერთნაირი ხდება. დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს - სულ ერთია, ვინ ილაპარაკებს ოპოზიციიდან, რადგან ყველას ერთნაირი რიტორიკა აქვს, მოსახლეობისთვის ერთი მთლიანია, ქოროა, რომელიც გამუდმებით რაღაც ერთ ტექსტს იმეორებს. ამ ფონზე შემოდის განსხვავებული ტიპაჟი და ხალხის ყურადღებას იპყრობს. აი, ეს განსხვავებული ტიპაჟია კალაძეც, გახარიაც და მელიაც. კალაძე  "ქართულ ოცნებასთან" ბოლომდე არ არის გაიგივებული. გარდა იმისა, რომ ფეხბურთელია, სხვა ბევრი ნიშნითაც არის მოქცეული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუნდაც 2013 წლის ივნისის ტრაგედია გაიხსენეთ, - ახალგაზრდებთან ერთად მუშაობდა ზოოპარკის გასაწმენდად, მერე ვიღაცას გვერდზე მიუჯდა და დაღლილმა მხარზე ხელი დააყრდნო. ეს კადრი ძალიან ბევრი ადამიანის მეხსიერებაშია ჩარჩენილი. შესაბამისად, კალაძე არ აღიქმება პარტიულ ჩინოვნიკად. ასევე, განსხვავებული ტიპაჟია გახარია, - ვიღაცებს თვალს უკრავდა, ლაზღანდარობდა, ბოდიშებს იხდიდა, მერე უცებ ოპოზიციაში გადავიდა. ასეთი თვალსაჩინო ფიგურა რომ ოპოზიციაში მიდის, ძალიან დიდ ეფექტს ახდენს საზოგადოებაზე. არც მელიაა ტიპური "ნაციონალი".

- რას იტყვით თითოეული მათგანის შანსებზე და ზოგადად, მათ მიერ წარმოებულ წინაასარჩევნო კამპანიაზე?
- კალაძემ დაამტკიცა, რომ სამეურნეო საქმიანობა შეუძლია, მე, როგორც ვაკეში მცხოვრებს, ამის დადასტურება შემიძლია.

- ჭავჭავაძის გამზირი მოგწონთ?
- როგორც ავტომობილის პატრონს, პრეტენზიები მაქვს, მაგრამ მომწონს ის, რომ მთელ ვაკეს სუფთა იერსახე აქვს. ძალიან მიხარია, რომ "გაფურჩქნულ" ნაგვის ურნებს ვეღარ ვხედავ. მოძრაობის თემა, ზოგადად, მთელ ქალაქშია დასალაგებელი. შესაძლოა, ჩვენ გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის, მაგრამ ყველა თანამედროვე, ევროპულ ქალაქში მკვიდრდება სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, კერძო ავტომობილებს უბნებში ნავარდი უნდა გაუჭირდეთ. მთავარი ის არის, რომ კალაძე ლაპარაკის ნაცვლად საქმეს აკეთებს, რაც ქართულ პოლიტიკაში ძალიან იშვიათი მოვლენაა. რაც შეეხება გახარიას, გარდა იმისა, იუმორის გრძნობა და ელეგანტური პოლიტიკური სტილი აქვს, კარგად ირგებს ფორმულას, - "ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვიბრძვით". გარდა ამისა, ის ყოველთვის ქმნიდა და ახლაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პროცესებს ზემოდან უყურებს. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ შეცდომად მივიჩნევ მის ჩართვას მერობისთვის ბრძოლაში და კალაძესთან დაპირისპირებას, იმ კალაძესთან დაპირისპირებას, რომელსაც ოპოზიციაში გადმოსვლის შემდეგაც კი ძალიან ბევრი კომპლიმენტი უთხრა. ასეთი დაუპროგრამებელი ცვლილებების ნაბიჯი ჩემთვის გაუგებარია. ვერ ვხდები, რატომ დაიწყო მერობისთვის ბრძოლა, როდესაც წინ აქვს გაცილებით სერიოზული საქმე, - პარტიის სტრუქტურული აგება და შემდეგ საპარლემენტო არჩევნებში მონაწილეობა. არ მესმის, რატომ აჩქარდა. რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი პლუსია ის, რომ ძალიან ენერგიული ადამიანია. ამასთან, აქვს შანსი, რომ ჩააქროს "ნაციონალების" აგრესიულობა, მგონია, რომ ამას აკეთებს კიდეც. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მელია ხვდება, - აგრესიული სტილით "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს კი შეინარჩუნებს, მაგრამ ახალ მხარდამჭერებს ვეღარ შეიძენს. მგონია, რომ ნაკლები აგრესიულობით და ნაკლები "კაცის კაცობით" ელექტორატის გაზრდისთვის იბრძვის. სხვათა შორის, "კაცის კაციაო" ვერც კალაძეზე იტყვი და ვერც გახარიაზე. იმისთვის, რომ არც ნიკა მელია იყოს კაცის კაცი, სააკაშვილისგან უნდა დისტანცირდეს, ვფიქრობ, სააკაშვილისგან დისტანცირება შედის კიდეც მის სტრატეგიაში.

- ფიქრობთ, რომ მელია სააკაშვილისგან დისტანცირებას შეძლებს?
- ძნელი სათქმელია, გამოუვა თუ არა, მაგრამ პოლიტიკა შანსების გამოყენების ხელოვნებაა და მელიაც ცდილობს. სხვათა შორის, ბოლო დროს სოციოლოგიურ კვლევებში "ნაციონალების" რეიტინგის ზრდა შეინიშნება, რაც მგონია, მელიას სტრატეგიის შედეგია.

- ეს არჩევნები გამოირჩევა იმით, რომ საკმაოდ ბევრი ქალი იბრძვის მერობისთვის. რა ტენდენციას მიანიშნებს ეს ფაქტი?
- ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ ქალებს აღარ უნდათ სხვის პარტიებში ყოფნა, თავად სურთ ახალი პარტიებისა თუ მოძრაობის შექმნა. უფრო მეტი დამოუკიდებლობა სურთ. ვერ ვიტყვი, რომ ქართველი საზოგადოება ამას მიესალმება. გასაგებია, რომ ჩვენთან უყვართ აქტიური ქალები, ბოლოსდაბოლოს თამარ მეფის ქვეყანა ვართ, მაგრამ ქალებს მხოლოდ მაშინ ვაფასებთ, თუ ისინი ძალიან გამჭრიახნი და პოლიტიკურად მომწიფებულნი არიან.

- როგორ წარმოგიდგენიათ, იქნება თუ არა მეორე ტური და თუ იქნება, ვინ იბძოლებს ფინალში?
- არ ვიზიარებ ვერსიას, რომლის მიხედვითაც გახარია "ნაციონალებს" შეეკრა. მით უფრო არ მჯერა იმის, რომ მან ასეთი ნაბიჯი ფულის გამო გადადგა. არ ტოვებს გახარია იმ კაცის შთაბეჭდილებას, რომელიც ამ დონის პოლიტიკურ ბრძოლაში ფინანსურ სარგებელზე იფიქრებს. ვნახოთ, დრო ყველაფერს გამოაჩენს. დიახ, ლოგიკურია შეკითხვა, თუ გახარია დამოუკიდებლად თამაშობს, მაშინ რატომ შევიდა წინასწარ წაგებულ ომში? მე მაქვს ჩემი ვერსია... მას მელიაც ჰყავს დასამარცხებელი და ეს არც ისე ადვილია. ჩემი ვერსიით, თუ არჩევნებისწინა რეიტინგებში გახარია მელიას აჯობებს, ის ბძოლიდან გამოვა და საკუთარ ელექტორატს კახა კალაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. რატომ ველოდები ასეთ ნაბიჯს? კალაძეს თბილისში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. რა უფრო სჭირდება გახარიას, - კალაძის ელექტორატის საკუთარ ელექტორატთან "დაჯახება" თუ კალაძის ელექტორატის საკუთარ მხარდამჭერებად გადაქცევა საპარლამეტო არჩევნებში?! თუ გახარია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარ კანდიდატურას კალაძის სასარგებლოდ მოხსნის, საპარლამენტო არჩევნებში კალაძის მხარდაჭერას მიიღებს. საკმაოდ ლოგიკური სცენარია, ვნახოთ, რა მოხდება.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

დუდა
17 სექტემბერი 2021 11:37
კაცის კაცი კალაძე და გახარია არ არის??? )))).. ძალიან სასაცილოა ამის მოსმენა, ესენი კი არა თავად ექსპერტიც კაცის კაცია და იმ ერთი კაცისააა სამივე...))))...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები