"ყველა ვარიანტში, ეს სისტემის ჩადენილია" - კვირის პალიტრა

"ყველა ვარიანტში, ეს სისტემის ჩადენილია"

"საუბარი გვაქვს არა რომელიმე სეგმენტზე და რაღაც ტიპის დანაშაულზე, არამედ ტოტალური კონტროლის დანაშაულზე ხელისუფლების მხრიდან. ეს ტოტალიტარიზმისთვის არის დამახასიათებელი", - ასე შეაფასა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ე.წ. ფარული ჩანაწერების გავრცელება.

როგორც მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" აღნიშნა, მასალების გავრცელება მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლებას ტოტალური კონტროლის მანიაკალური მიდრეკილება აქვს.

"ამას ავტორიტარიზმიც აღარ ჰქვია, როცა ყველაფერი გინდა აკონტროლო და ფაქტობრივად, ისმენ და იწერ ისეთ მასალასაც კი, რაც არათუ პოლიტიკურად, არამედ საერთოდ არაფერს გაძლევს, მაგრამ ტოტალური კონტროლის მანიაკალური მიდრეკილებაა. მათ აქვთ დავალება, ისინი ამაში იღებენ ხელფასს და ყველაფერს იწერენ. აქ არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი, არაჯანსაღი, მათ შორის როგორც ჩანს, პერსონალური ინტერესია, რომ ყველაფრის საქმის კუსში იყო, ყველაფერი იცოდე", - განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, ვის შეიძლება აწყობდეს ე.წ. ფარული მასალების გავრცელება, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ მისი შემქმნელი და გამავრცელებელიც სისტემაა.

"ვფიქრობ, აქ კონკრეტული პირის ძებნას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ამის შემქმნელიც და მისი გამომტანიც არის სისტემა, ანუ სუს-ის შიგნიდან არის ეს მომხდარი. სისტემამ ხელისუფლება უკვე ჩამოწერა. ვსაუბრობ ჩრდილოვან სისტემაზე, რომელიც გარდამავალია ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში. როგორ ჩანს, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ხელისუფლებას მაინც და მაინც დიდი პერსპექტივა არ აქვს და დაიწყეს კვერცხების დადება ალტერნატივასთან. თავისი სერვისი შესთავაზეს უკვე პოლიტიკურ ოპონენტებს. ყველა ვარიანტში, ეს სისტემის ჩადენილია", - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ექსპერტი აცხადებს, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, "გიორგი გახარია დღეს საქართველოსთვის და ქართული პოლიტიკისთვის აუცილებელი ელემენტია".

"დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც არჩევანი არის არა წარსულსა და მომავალს შორის, არამედ აწმყოსა და წარსულს შორის. ორივე კომპრომეტირებულია. მომავლის არჩევანი ჯერ სუსტად, მაგრამ ყალიბდება. იგივე გახარიას ელემენტი რომ ავიღოთ, არის მცდელობა, რომ გაირღვეს ნეგატიური არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. არც გახარიაა ანგელოზი, მასთანაც ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ ჩვენ თუ პოლიტიკურ მოცემულობას შევხედავთ, გახარია სასიცოცხოდ აუცილებელია დღეს ქვეყნისთვის, როგორც მანკიერი ორპოლუსიანობის გარღვევის ინსტრუმენტი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.