"ყოველდღიურად ახალი განცვიფრება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სწრაფად იზრდება ის ზიანი და საფრთხე, რომელსაც ხელისუფლება უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს" - კვირის პალიტრა

"ყოველდღიურად ახალი განცვიფრება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სწრაფად იზრდება ის ზიანი და საფრთხე, რომელსაც ხელისუფლება უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს"

"ყოველდღიურად ახალი განცვიფრება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სწრაფად იზრდება ის ზიანი და საფრთხე, რომელსაც ხელისუფლება უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. ისინი საფრთხეს უქმნიან იმის შანსს, რომ მომდევნო ათწლეულებში წინ წავიწიოთ და გავხდეთ თავისუფალი ქვეყანა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბათუმში, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ვახტანგ კალოიანის და აჭარის რეგიონის გუნდი წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მხოლოდ ეს ამოცანა აქვს, რომ უკანონო და ბინძური მეთოდებით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

"ჩვენ ვნახეთ, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების აპარატი ებრძოდეს ქვეყნის გარე მტრებს, მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით ორგანიზებული დანაშაულისგან, კორუფციისგან და კრიმინალისგან იცავდეს, ის ერთადერთ რამეზე არის ორიენტირებული - ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება და ტოტალური კონტროლი საზოგადოების ყველა შრის. ის, ვინც გარე რეალური საფრთხეა, მათი მოკავშირეა. ეს არის კატასტროფული ვითარება. ამას ვხედავთ ბიუროკრატიის ყველა დონეზე. ყველამ ვიცით, რომ საარჩევნო მანქანა იმაზე აქვთ აწყობილი, რომ ხალხის მიერ გადახდილი ფულით საკუთარი პოლიტიკური პირები დაასაქმონ. ეს მოდელი შემოგვთავაზა ივანიშვილმა და ის შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის მომავალთან", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, 2 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალოდ თვითმმართველობის არჩევნები. როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესს გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება.

"ოპოზიციური პარტიები ერთად ვთანამშრომლობთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსხვავება გვაქვს. ყველას გვესმის, რომ აუცილებელია ამ კაცის დამარცხება და ბევრი ცვლილების შეტანა. ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომლისთვისაც მხოლოდ ივანიშვილის დამარცხებაა მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა მოხდება მერე. ამიტომ, მიხარია, რომ ამ ცილისწამების, უიმედობის დანერგვის, სიტყვისა და ნდობის არ არსებობის ნიაღვარს ჩვენ, "ევროპული საქართველო" ვუპირისპირებთ იმ გუნდს, რომელიც ჩემთვის სამოქალაქო შეგნების, საღი აზრის და კომპეტენტურობის მაგალითი გახლავთ. მე მიხარია, რომ ამ გუნდს სათავეში ვახტანგ კალოიანი უდგას. ის გახლავთ ადამიანი, რომელიც მაგალითია იმის, თუ როგორი საჯარო მოხელეები გვჭირდება. მას ქვეყნის განვითარების ინტერესი აქვს და არა მხოლოდ ძალაუფლების ჩაბღაუჭების", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.