2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის ანგარიში გამოქვეყნდა - რა წერია დოკუმენტში? - კვირის პალიტრა

2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის ანგარიში გამოქვეყნდა - რა წერია დოკუმენტში?

სამართლებრივი ჩარჩო არსებითად შეიცვალა 2021 წლის 28 ივნისს, 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან წარმოშობილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას, - ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

"საარჩევნო კოდექსში ცვლილებებმა შეცვალა საარჩევნო კომისიების შემადგენლობა და დანიშვნის წესი, შემოიღო უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტი ადგილობრივი არჩევნებისთვის, გაახანგრძლივა დავების გადაწყვეტის ვადები, შემოიღო სავალდებულო შემთხვევითობის წესით ხმების ხელახალი დათვლა და დამატებითი ზომები, ამომრჩევლის დაშინებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ", – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, ამ ცვლილებებში ნაწილობრივ გათვალისწინებულია ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თუმცა რამდენიმე რეკომენდაცია გაუთვალისწინებელია.

"ოდირის რამდენიმე წინა რეკომენდაცია გაუთვალისწინებელია, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვასთან, საარჩევნო დავის გადაწყვეტასთან და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ზომებთან დაკავშირებით," -აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე საუბარია პარლამენტის მიერ ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და ორი უპარტიო წევრის არჩევაზეც.

"ცესკოს ახალი თავმჯდომარე და ორი უპარტიო წევრი პარლამენტმა 2 აგვისტოს მარტივი უმრავლესობის "ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის" საშუალებით აირჩია, კვალიფიციური უმრავლესობის მიღწევის სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას რამდენიმე პირმა ცესკო-ს მიუკერძოებლობის მიმართ ცვალებადი ნდობა გამოხატა და განაცხადა, რომ "ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის" გამოყენება იყო კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამოტოვებული შესაძლებლობა; სხვებმა აღნიშნეს, რომ პლურალისტურმა შემადგენლობამ ხელი შეუწყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომების არსებით განხილვას. დღეისათვის საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა ყველა კანონიერი ვადები და მიმდინარეობს ტექნიკური მზადება,"- აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას უმეტესობას არ გამოუთქვამს შეშფოთება ამომრჩეველთა სიის სიზუსტესთან დაკავშირებით.

დოკუმენტში 19 აპრილის შეთანხმებაზეცაა საუბარი.

"2021 წლის 19 აპრილს საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით, ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესის შემდეგ მიღწეულ იქნა შეთანხმება საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე. შეთანხმების შემდეგ პარლამენტის ოპოზიციურ წევრთა უმრავლესობამ მიიღო თავისი საპარლამენტო მანდატი, თუმცა მაშინ შეთანხმებისთვის ხელი ყველა ოპოზიციურ პარტიას არ მოუწერია, მათ შორის უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც მოგვიანებით, 2 სექტემბერს მოაწერა ხელი. 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა მმართველი პარტია, რომელმაც განაცხადა, რომ შეასრულა ყველა პუნქტი და პარტიები, რომლებსაც შეთანხმებაზე ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, "ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნისთვის" გააკრიტიკა", – აღნიშნულია დოკუმენტში.

"ინტერპრესნიუსი"