"დებატების რომ გეშინია და "ბანკებით" დარბიხარ, ეს არის პრობლემა - სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის" - კვირის პალიტრა

"დებატების რომ გეშინია და "ბანკებით" დარბიხარ, ეს არის პრობლემა - სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის"

დებატების რომ გეშინია და "ბანკებით" დარბიხარ, ეს არის პრობლემა - სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის, ბევრი შეუძლიათ ილაპარაკონ, ექსპერტები ჩართონ, არ მაინტერესებს!" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა.

მან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ როცა კანონმდებლობა გავალდებულებს "ბანკებით" სირბილი პრობლემა არ არის".

"რა თქმა უნდა, "ბანკებით" სირბილი, როცა კანონმდებლობა გავალდებულებს ან შენ გინდა, პრობლემა არ არის საქართველოშიც და გარეთაც. პრობლემა რა არის იცით? "ბანკებით" სირბილს, რომ იწყებ მაშინ, როდესაც დებატებს გინდა თავი აარიდო. დებატების რომ გეშინია და "ბანკებით" დარბიხარ, ეს არის პრობლემა, კიდევ პრობლემაა, რომ "ბანკებით" სირბილს იმისთვის იწყებ, რომ ცილისწამების კამპანია ააგორო, ასე პროპაგანდისტულად, მომზადებული, შემდეგ გაიპარო და დაიმალო. პრობლემა ეს არის", - აღნიშნავს გახარია.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს ის მმართველი გუნდის წევრების განცხადებას, რომ მან იმ კლინიკაში ჩააბარა ნარკოტესტი, რომელიც არ არის სანდო, გახარია აღნიშნავს, რომ "სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის" და შეუძლიათ ლაპარაკი გააგრძელონ.

"მათ შეუძლიათ კიდევ ბევრი ილაპარაკონ, გააგრძელონ, მე ხომ ვთქვი, რომ ამ თემაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე, სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის. ბევრი შეუძლიათ განიხილონ, ბევრი შეუძლიათ ილაპარაკონ, ჩართონ ექსპერტები, ტელევიზიები, თვითონაც უმრავლესობამ გააგრძელოს საუბარი, არ მაინტერესებს",- აღნიშნავს გახარია.

ამასთან, გიორგი გახარიამ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სოლიდარობა გამოუცხადა.

"მე ვაპირებ სოლიდარობა გამოვუცხადო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს იძულებული ნაბიჯი იყო იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია კონკრეტული პროვოკაციის შესახებ, რომელიც ამ ტესტთან დაკავშირებით იგეგმებოდა",- აღნიშნავს გახარია.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია კლინიკა, გახარია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჰოსპიტალი ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის მატარებელია.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მატარებელი. შეგიძლიათ უამრავი რაღაც მოიგონოთ, ინტერნეტში ბევრი რამ ნახოთ, მაგრამ ეს არის უმაღლესი რეპუტაციის მატარებელი. რომ იცოდეთ, ეს იყო კლინიკა, რომელმაც უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად იუშჩენკოს მოწამვლა დაადასტურა",-აღნიშნავს გახარია.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩაბარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარია ბანკებით" სირბილს ურჩევია, "კოკაინს" შეეშვას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, კლინიკა, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი გაიკეთა, ევროპაში ერთადერთია, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება.