"ეს ფაილები ჟურნალისტებს აქვთ და მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურებს არა?!" - კვირის პალიტრა

"ეს ფაილები ჟურნალისტებს აქვთ და მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურებს არა?!"

"ეს არის შეტევა ეკლესიაზე"

"ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ. თუ ასევე დადასტურდა დიპლომატების მოსმენისა და თვალთვალის ფაქტები, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა უდიდეს სკანდალში გაეხვია. ეს ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა. ფრაქცია "ლელო" მოითხოვს სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, პრემიერის და სუს-ის ხელმძღვანელის დაბარებას პარლამენტში, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას. რიგგარეშე სხდომის მოწვევას 38 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება", - წერს "ლელოს" ლიდერი თავის "ფეისბუკის" გვერდზე. მოსმენების, თვალთვალისა და წინასაარჩევნო ახალ რეალობაზე "კვირის პალიტრას" მამუკა ხაზარაძე ესაუბრა:

- მე არ მესმის მმართველი გუნდის ლიდერების ლოგიკის, ფარული ჩანაწერების უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგასო. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ, სულ რაღაც ორი თუ სამი წლის წინანდელია. რა გამოდის, ამ პერიოდშიც "ნაციონალები" მართავდნენ უშიშროების სამსახურს?! თუ ასეა, ნამდვილ კატასტროფასთან გვქონია საქმე. ფაქტი ერთია - მასობრივად ჩაწერეს მოქალაქეების საუბრები, დაარღვიეს კანონი, კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები. "ლელო" ამიტომაც მოითხოვს პარლამენტში სპეციალური პლენარული სხდომის მოწვევას, ასევე სუს-ის უფროსისა და პრემიერის დაბარებას.

- რამდენად გჯერათ გახარიას გულწრფელობის, როდესაც ამბობს, რომ არაფერი იცოდა ამ ჩანაწერების შესახებ პრემიერობის დროს? - ეს არის ტყუილი, არაკომპეტენტურობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სურვილი. გახარიასა და "ქართულ ოცნებას" ერთი ხელწერა აქვთ - ყველა გაფუჭებულ საქმეზე, ფეხბურთით დაწყებული, ლარის კურსით დამთავრებული, ყველა პასუხისმგებელი პირი ამბობს, რომ ეს მას არ ეხება. რა ეხებათ, ჩამოყალიბდნენ. თუ არაფერი ეხებათ და არაფერზე პასუხს არ აგებენ, რა უნდათ ხელისუფლებაში?! რაც შეეხება ჩემს ვერსიას, თუ ვის ინტერესებში შედის ამ ჩანაწერების გავრცელება - ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა, შეტევა ეკლესიაზე. ეკლესია დღემდე ყველა ინსტიტუციაზე დიდი ნდობით სარგებლობს. შესაბამისად, ვიღაცებმა პატრიარქისა და მაღალი სამღვდელო იერარქიის პირების დისკრედიტაცია სცადეს. ამაზე პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება. წარმოუდგენელი რამ მოხდა - ეს კაგებეშნიკური სისტემა პოლიტიკურ, სამოქალაქო, ჟურნალისტურ და ბიზნესსაქმიანობაში ხელის ფათურთან ერთად საეკლესიო ცხოვრების და აღსარების საიდუმლოების საკრალურ სფეროსაც მისწვდა. ეს ფაილები დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს, აღდგენის რისკების გარეშე. ტოტალურ თვალთვალზე, შანტაჟსა და კონტროლზე დაფუძნებული მმართველობა 2 ოქტომბერს წარსულს უნდა ჩავაბაროთ.

- როგორ შეაფასებენ ჩვენი დასავლელი კოლეგები ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ სკანდალს? - ევროკავშირი ვენის კონვენციის დარღვევასა და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევას ასე მარტივად არ გვაპატიებს. აქ მხოლოდ იმაზეც არ არის საუბარი, რომ ვენის კონვენცია დავარღვიეთ. უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. როგორ გგონიათ, ეს ფაილები ჟურნალისტებს აქვთ და მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურებს არა?!

გამოსავალი ერთადერთია - 2 ოქტომბერს ხალხმა ოპოზიციურ სპექტრს უნდა მისცეს ხმა და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. მთლიანი გადატვირთვის გარეშე ქვეყანას არაფერი ეშველება. რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, გახარიამ უდანაშაულო ხალხს თვალები დასთხარაო. არადა, ამ ადამიანისა და მისი გუნდის სხვა წევრებისგან რამდენიმე თვის წინ სულ სხვა რამეს ვისმენდით. წარმოუდგენელია ასეთი ორმაგი სტანდარტები. ცოტა ხნის წინ გახარიამ გვამცნო, ვენის ექსპერტიზის ბიურომ ჩემ მიერ ნარკოტიკების მოხმარება არ დაადასტურაო. მე მასთან კითხვა მაქვს: როდესაც სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზამ წერილზე მისი ანაბეჭდების კვალი ვერ დაადგინა, მაშინ რატომ არ გადაგზავნა ანალიზები ვენაში? რა გამოდის, როდესაც სჭირდება, მაშინ ენდობა სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზას, და როცა არ სჭირდება, არ ენდობა?

- სკანდალი დასრულდა? - ეს სკანდალი არ არის, ეს სისტემური რღვევაა. დღეს ქვეყანას უსაფრთხოების სამსახური არ ემსახურება. სუს-ი ფუნდამენტურად დასაშლელია, თავიდან არის ასაწყობი, ისევე როგორც სახელმწიფო. ზოგიერთი ანგარიშგასაწევი ადამიანი ამბობს, რა პრობლემაა, მომისმინონო. უცნაურია, იმაზე ხომ არ არის საუბარი, შენ რა მოგწონს და რა არა?! პრობლემა ის არის, რომ კონსტიტუცია, კანონი ირღვევა.

- თქვენ ამბობთ, რომ 2 ოქტომბერს ქვეყანა უნდა გადავტვირთოთ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ არჩევნებზე, მაშინ როდესაც ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით პარტია "ლელოს" რეიტინგი მხოლოდ 3%-ს შეადგენს? - სამწუხაროდ, ხალხი არ არის მზად იმისთვის, რომ არჩევანი პარტიის პროგრამის მიხედვით გააკეთოს. ჩვენ აქცენტი მთლიანად პროგრამებზე, პროფესიონალებსა და ახალ სახეებზე გვაქვს გადატანილი. ქართული პოლიტიკა ჯერ კიდევ ინერციით მიდის, ინერციაში კი ისევ ორი პოლუსი მძლავრობს. ვისაც ამ მოცემულობის შეცვლა სურს, 2 ოქტომბერს შესაბამისი არჩევანი უნდა გააკეთოს. ჩვენ სულ ახალი პარტია ვართ, მაგრამ გვაქვს კურსი, რომლისთვისაც არასდროს გადაგვიხვევია. ჩვენმა პრინციპულობამ განაპირობა შარლ მიშელის დოკუმენტში "ქართული ოცნების" 43%-იანი დათქმისა და შესაბამისად, რეფერენდუმის შეტანაც. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს და ჩვენვე ავიღეთ მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა. ახლა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამის გამო გვაკრიტიკებდნენ, თავად ლაპარაკობენ რეფერენდუმზე. რაც უნდა თქვან "ოცნების" ლიდერებმა, მაინც მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს ჩატარდებოდა. იმთავითვე ვირწმუნებოდით, რომ ვადამდელი არჩევნები 2022 წელს იქნება და ასეც მოხდება.

ხათუნა ბახტურიძე