"ამ ამბავს გამარჯვებული გმირი არა ჰყავს, ყველა მსხვერპლი ვართ - გადაღებულიც და გადამღებიც" - კვირის პალიტრა

"ამ ამბავს გამარჯვებული გმირი არა ჰყავს, ყველა მსხვერპლი ვართ - გადაღებულიც და გადამღებიც"

"წინასაარჩევნო პერიოდი არის დრო, როდესაც პოლიტიკოსები გიჟდებიან და თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ", - ასე გამოეხმაურა "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მოსმენის მასალებს. მისი თქმით, ქვეყანას სპეცსამსახურები მართავენ და ეს ყველამ იცის. ფარული მოსმენების, თვალთვალისა და წინასაარჩევნო პროცესის შესახებ იაგო ხვიჩია გვესაუბრება:

- შეიძლება ძალიან უცნაურიც კი არის, რასაც ვამბობ, მაგრამ ნამდვილად ასეა - ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ბიუროკრატიული რუტინის შედეგია. ჩვენ რომ დანაშაულად მივიჩნევთ, ზოგიერთისთვის თურმე ეს სამსახური ყოფილა. ამ ჩანაწერების გამკეთებლებს დანაშაულის განცდა არა აქვთ. 14 000 ფაილია - ადამიანები ჰყვებიან რაღაცებს და ამაზე მოხსენებითი ბარათებია დაწერილი.

თურმე სახელმწიფო უწყება გვაქვს იმისთვის შექმნილი, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ, გადავიღოთ და მერე გამოიყენოს ყველამ, ვინც ხელისუფლებაში მოვა.

- დღეს ვის შეიძლება აწყობდეს ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა?

- ვფიქრობ, მთლიანად პოლიტიკა გვაქვს გადასახედი. თვალი გავახილოთ, მხოლოდ ე.წ. ცერბერს ნუ გავუწყრებით, რომელიც ძალაუფლების ვერტიკალს საკუთარი თავის დასაცავად იყენებს და რომელსაც დღეს სუს-ი ჰქვია, გუშინ კუდ-ი ერქვა, გუშინწინ კი კა-გე-ბე.

ბელადომანიას ყოველთვის მოჰყვება ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნა. ამ ამბავს გამარჯვებული გმირი არა ჰყავს, ყველა მსხვერპლი ვართ - გადაღებულიც და გადამღებიც. ამ ამბების შემდეგ მშვიდად ვეღარავინ იქნება, არავინ იცის, ვინ რა გადაუღო ან რა ჩაიწერა. შეიძლება ვიღაცამ ამის გამო თავი არ მოიკლას, მაგრამ ვიღაცა მოიკლავს. ამასთან, ვერც ამ ჩანაწერების გადამღები და ჩამწერი იქნება მშვიდად, იმიტომ, რომ არ იცის, ხვალ რა შურისძიების ნიაღვარი წავა მისკენ. ძნელი სათქმელია, ვინ რა პოლიტიკური მოტივით გამოიყენა ამის გამომზეურება, ყველას შეეძლო ამის გაკეთება - მოქმედ ხელისუფლებასაც, ყოფილსაც და ყოფილ პრემიერსაც.

- გარკვეულწილად გასაგები იქნებოდა, თუ ამ ყველაფრის უკან ყოფილი ხელისუფლების ან ყოფილი პრემიერის ინტერესს დავინახავდით, მაგრამ მოქმედ ხელისუფლებას ეს რატომ უნდა აწყობდეს, მით უფრო არჩევნების წინ? - რისთვის გადაიღო? ვიღაც არის დასაშანტაჟებელი, წინა ხელისუფლებამაც ხომ ამისთვის გადაიღო?

მთავარი საძირკველი, რაზეც ეს ბოროტება დგას, ადამიანის სუსტი წერტილებია. სუსტი წერტილი ყველას აქვს. შესაბამისად, მთელი საქართველო უნდა იყოს მოლოდინში, რომ ხვალ-ზეგ მისი საუბრის ჩანაწერიც გამოჩნდება სადმე. გასაგებია, რომ ჩანაწერების დიდი ნაწილი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეა, მაგრამ სულაც არ არის გამორიცხული, ვიღაცამ პირადი ინტერესის გამოც მოუსმინა მისთვის საინტერესო პირს. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება იყოს თვალთვალის თუ მოსმენის ობიექტი. იმ საბაბით, რომ კრიმინალს ვებრძვით, რომ ქვეყანა არავინ გადაგვიტრიალოს, საყოველთაო მოსმენა დავიწყეთ, მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე კომპრომატები მოვაგროვეთ და მტერს ხონჩით მივართვით. როგორ დავიჯერო, ის ფაილები, რაც ჟურნალისტებს აქვთ, რუსულ დაზვერვას არ ექნება?!

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა შექმნა დოკუმენტი, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენ რა ვიცით, ამ ჩანაწერების საშუალებით ვის როდის "დაავერბოვკებს" რუსული სპეცსამსახური?

- როგორ ფიქრობთ, სკანდალი ამით დასრულდა თუ არჩევნებამდე კიდევ უნდა ველოდოთ მსგავს ამბავს? - ჯერ სად ვართ, არჩევნები წინ არის. მე კიდევ ველი ასეთ ამბებს, უარესსაც კი. მინდა საზოგადოებამ იცოდეს - ამაში დამნაშავენი არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ამ ყველაფერს იღებდნენ და შეუძლებელია ვინმემ პასუხისმგებლობა აირიდოს. სრული აბსურდია იმის თქმა, მე პრემიერი რომ ვიყავი, არ ვიხედებოდი სუს-ის საქმეებშიო. ასეთი განცხადება ძალიან არასერიოზულია.

"ოცნების" ლიდერები რომ ამბობენ, ყველაფერი გახარიას ბრალიაო, ისევე სასაცილოა, გახარია და ხოჯევანიშვილი რომ ამბობენ, ჩვენ არაფერი ვიცოდითო.

- როგორ წარმოგიდგენიათ, გახარია მართლა შეიძლება იყოს კოკაინის მომხმარებელი? - ჯერ ერთი, გახარია არ ჰგავს კოკაინის მომხმარებელს, მაგრამ თუ ვინმემ ოდესღაც კოკაინი გასინჯა, არ ნიშნავს, რომ კაცი აღარ იქნება ამის შემდეგ. ისე, "ქართული ოცნება" სპეციფიკური პარტიაა, ერთმანეთში უცნაური ხუმრობა სჩვევიათ, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით. შეიძლება ერთადაც გასინჯეს კოკაინი და ახლა ერთმანეთს აძახებენ.

- თქვენი ვერსიით, ბოლოდროინდელი სკანდალები და ბრალდებები შეცვლის ამომრჩევლის განწყობებს? - არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ უნდა მოვემზადოთ. რისთვის? ყველაფრისთვის, ქაოსი მარტო უშანსობა არ არის, ზოგჯერ ახალი შანსიც არის.

ხათუნა ბახტურიძე