იენს ზიგერტი: "არჩევნები" რუსეთში და "დაბალი ღობეები" პუტინისთვის - კვირის პალიტრა

იენს ზიგერტი: "არჩევნები" რუსეთში და "დაბალი ღობეები" პუტინისთვის

"ბევრი რუსის აზრით, პუტინი აუცილებელი ბოროტებაა, რომლის გარეშეც რუსული სახელმწიფო ჩამოიშლება"

რუსეთში მორიგი "არჩევნებისთვის" ემზადებიან. იმის გათვალისწინებით, რომ კრემლში რეპრესიების ყველა შემაკავებელი ბერკეტი მოხსნილია, შედეგების პროგნოზირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ შედეგების შესახებ კითხვების ნაცვლად, ჟურნალისტსა და რუსეთის ექსპერტს იენს ზიგერტს ვკითხეთ, თუ რას მოასწავებს კრემლის სვლა სრული დიქტატურისკენ თავად რუსეთის, მისი ხალხისა და მეზობლებისათვის.

- ცოტა ხნის წინ გერმანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ რუსეთი დიქტატურისკენ მიდის. შეიძლება შედავება, რომ რუსეთმა უკვე დიდი ხანია, რაც ამ ნიშნულს მიაღწია.

- განვითარების მიმართულება, ცხადია, ავტორიტარული იყო, მაგრამ ბოლო დრომდე რუსეთში რჩებოდა გარკვეული თავისუფლება და პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობებიც კი. ეს ყველაფერი ახლა თვალს და ხელს შუა ქრება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ნავალნის დაბრუნებისა და მისი დაკავების საწინააღმდეგო დემონსტრაციების შემდეგ. ბევრი, ვინც მას რეალურად არ უჭერდა მხარს, ახლა თანაუგრძნობს მის საქმეს - არა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, არამედ იმის გამო, თუ როგორ მოექცა სახელმწიფო მას. ისინი თვლიან, რომ ეს მიუღებელია. ამას დაემატა ბელარუსში განვითარებული მოვლენებიც, რამაც კრემლი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ შეიძლება, მის არსებობასაც რეალური საფრთხე შეექმნას - რუს პოლიტიკურ ელიტას ღრმად და გულწრფელად სწამდა, რომ მინსკში სტაბილური სიტუაცია იყო და რომ ბელარუსები ვერასოდეს გაბედავდნენ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოსვლას. კრემლმა გააცნობიერა, რომ რამე უნდა იღონოს, რათა იგივე სცენარი არ გათამაშდეს რუსეთშიც.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა - უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს კრიზისი და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა ძალიან, ძალიან მცირეა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ გაქრა ყირიმის მითვისებით გამოწვეული ეიფორიაც. ამას დაემატა საპენსიო ასაკის გაზრდა, რამაც ბევრი ღრმად იმედგაცრუებული დატოვა და ბოლოს პანდემია, რაც კიდევ უფრო ართულებს ყველაფერს. ამ კონტექსტში, ვფიქრობ, რუსეთი ახლა საკუთარი თავის ხელახლა გამოგონებას ცდილობს. ეს ერთხელ უკვე მოხდა 2000-იან წლებში. მაშინ მთავარი ნარატივი იყო, რომ რუსები უკან ტოვებდნენ 90-იანი წლების ქაოსს და რუსეთი სტაბილურ ქვეყნად უნდა ქცეულიყო. შემდეგ, 2011-2012 წლებში, ვიხილეთ ახალი ნარატივი - "ისევ გავხადოთ რუსეთი დიადი", რაც გულისხმობდა რუსეთისთვის მსოფლიო სუპერძალის სტატუსის დაბრუნებას - ყირიმის დაპყრობა ამ მცდელობის კულმინაცია იყო. ჩვენ, როგორც ჩანს, მესამე ფაზაში შევდივართ, სადაც პასუხი რუსეთის ყველა პრობლემაზე არის პოლიტიკური ჩართულობის თითქმის ყველა შესაძლებლობის გაუქმება, ერთგვარი იდეური დაბრუნება საბჭოეთში, სადაც სახელმწიფო წყვეტდა, რა უნდა გეფიქრა და გეგრძნო. ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა - ბოლო დრომდე კრემლს არ აინტერესებდა, რა სწამდა ხალხს, ის დაინტერესებული იყო მხოლოდ მორჩილებით. ახლა კრემლში სურთ რუსს უკარნახონ, რა იფიქროს და რისი სჯეროდეს.

- პირველ ორ ნარატივს გარკვეული მომხიბვლელობა ჰქონდა რუსი ხალხისთვის, განსხვავებით მესამისგან - რას ჰპირდება ის ხალხს რეპრესიების სანაცვლოდ? - დიდი განსხვავებაა 2000-იანი წლების მმართველობის სტილსა და იმ სიტუაციას შორის, რომელშიც დღეს კრემლი აღმოჩნდა. ახალი ნარატივი უბრალოდ არ არსებობს და სწორედ ამიტომ კრემლმა უკიდურესი რეპრესიების გზა აირჩია.

- ყოველთვის, როდესაც მისი რეიტინგი ეცემოდა, პუტინი ამის გამოსწორებას საგარეო ფრონტზე მიღწეული წარმატებით ცდილობდა და, ძირითადად, ამის მიღწევას "პატარა ომების" ტაქტიკით ახერხებდა - მის მიერ მორთმეული "ძღვენი" რუსული იმპერიალიზმის ეგოზე იყო გათვლილი. რას უნდა ველოდოთ დღეს - სად ეცდება ის მორიგი მსგავსი სცენარის გათამაშებას? - ალბათ, ბელარუსში, რეინტეგრაციის სცენარით. ეს ერთადერთია, რაც მაფიქრდება, რადგან მას აღარ დარჩა ისეთი "დაბალი ღობეები, როგორიც ყირიმი იყო. ომი უკრაინაში უკვე ღია ომად იქცა და დონბასის მიტაცებას, კიდევაც რომ მოახერხოს ეს, ისეთივე ეფექტი არ ექნება, როგორიც ყირიმის ხელში ჩაგდებას ჰქონდა. კიდევ ერთი ომი შორეულ რეგიონში, მაგალითად, სირიაში, თუნდაც წარმატებული, განსაკუთრებულ გავლენას არ იქონიებს მის რეიტინგზე, რადგან რუს ხალხს ეს არ ანაღვლებს. აი, ბელარუსთან ერთად რაიმე ტიპის საერთო სახელმწიფოს შექმნა, რა თქმა უნდა, რუსეთის მართვით, სულ სხვა საქმეა. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკიდურესად დასუსტებული ლუკაშენკოც კი დაბალი ღობე არ არის და ყველანაირად ცდილობს მოვლენების მსგავსი განვითარება თავიდან აირიდოს.

- უშუალოდ არჩევნებზე გადავიდეთ. ელოდებით რაიმე სიურპრიზს? - არა. ეს ერთგვარი "წინასწარ გამოცხადებული არჩევნების ქრონიკაა. კრემლის მთავარი ამოცანა ფედერალური საარჩევნო კომისიისათვის არის "ერთიანი რუსეთის" პარტიისთვის ხმების 65-დან 70% -მდე მიკუთვნება. შეიძლება რამდენიმე მოულოდნელი სახელი იყოს ოპოზიციური პარტიებიდან, ძირითადად, ნავალნისა და მისი გუნდის "ჭკვიანი ხმის მიცემის" (სმარტ ვოტინგ) პროგრამის გამო. ნავალნის ორგანიზაციის დარბევა უშუალოდ ამ აპლიკაციის წინააღმდეგ გალაშქრებას ისახავდა მიზნად, ისევე როგორც ახლახანს მისი "პენტაგონის იარაღად" გამოცხადება.

- რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ნავალნის გუნდსა და სმარტ ვოტინგ-ს არჩევნების საბოლოო შედეგზე? - თავად ნავალნის შეეძლო დიდი გავლენა ჰქონოდა, თუ ციხეში არ გამოკეტავდნენ და მის ორგანიზაციას მიეცემოდა შეუზღუდავი მუშაობის უფლება. მაგრამ ახლა, ამ სიტუაციაში, ძალიან გამიკვირდება, თუ რაიმე გავლენას მოახდენენ. კრემლი მწვანე შუქს მისცემს რამდენიმე "მოლაპარაკე თავს" ეგრეთ წოდებული სისტემური ოპოზიციიდან, მაგრამ ეს არ არის რეალური ოპოზიციის წინსვლა, რაც, რა თქმა უნდა, არ არის კრემლის ინტერესებში.

- პუტინმა ტრივიალურ დეტალად აქცია დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი: არჩევნები. ეს იმიტომ ხდება, რომ უმრავლესობა თვლის, არაფერი შეიცვლებაო, თუ იმიტომ, რომ ისინი კმაყოფილნი არიან იმით, რაც ხდება ქვეყანაში? - ორივე და ამას კიდევ უფრო ამყარებს კოშმარული სცენარის შიში: ოთხმოცდაათიანი წლების დაბრუნება. ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება მის პოლიტიკას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც პუტინს მიიჩნევს ქვეყანაში სტაბილურობის ერთადერთ გარანტად. მათი აზრით, ის აუცილებელი ბოროტებაა რუსეთის სახელმწიფოს დაშლის აღსაკვეთად. ამ ყველაფერს თავად პუტინიც ხელს უწყობს, ის მაქსიმალურად ცდილობს ძირშივე აღკვეთოს სიცოცხლისუნარიანი კონკურენტის გამოჩენა. ნავალნი იყო ანომალია, რომლის მსგავსი ჩვენ არ გვინახავს ბოლო 20 წლის განმავლობაში. ის ახლოს იყო იმასთან, რომ პუტინის რეალურ კონკურენტად ქცეულიყო.

- ეთანხმებით აზრს, რომ დღევანდელი კრემლის სიცოცხლის ხანგრძლივობას პუტინის პირადი ჯანმრთელობა განსაზღვრავს? - ეს რაციონალური ვარაუდია. რუსეთში სტაბილურობა პუტინზეა მიბმული. წარმოიდგინეთ, ხვალ რომ რაიმე დაემართოს, ვერავინ შეძლებს დარწმუნებით თქვას, რა მოხდება რუსეთში თუნდაც ერთ დღეში. რასაკვირველია, არსებობს კონსტიტუცია, რომელიც გვკარნახობს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ასეთ სცენარში, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ ვერავის, ვინც სერიოზულად მოგცემთ იმის გარანტიას, რომ სცენარი სწორედ კონსტიტუციის მიხედვით განვითარდება, როგორც დასავლეთში ხდება ხოლმე. თუ პუტინი ამოღებულია განტოლებიდან, საყოველთაო ქაოსი ბევრად რეალური პერსპექტივა ხდება და ხალხი ამას ხვდება.

- თქვენ ახსენეთ, რომ პუტინს რეიტინგის გასაძლიერებლად დაბალი ღობე სჭირდება და რომ დღეს მას ამ ღობის დეფიციტი აქვს. შეიძლება თუ არა ე. წ. სამხრეთ ოსეთი, რომელიც დიდი ხანია ღიად აფიქსირებს ფედერაციაში გაწევრების სურვილს, სწორედ ასეთი დაბალი ღობე აღმოჩნდეს? - ე. წ. სამხრეთ ოსეთი შეიძლება იყოს ინტეგრირებული, ისევე როგორც აღმოსავლეთი უკრაინა, რუსულ სივრცეში. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც თითქმის ყოველთვის შეგიძლიათ ელოდოთ კრემლისგან, თუ ისინი იფიქრებენ, რომ ეს შეიძლება ემსახურებოდეს მათ ინტერესებს. ვერავინ შეუშლის ხელს კრემლს ამის გაკეთებაში, თუ ჩათვლიან, რომ ეს სასარგებლო იქნება. საკითხავია, მიაჩნიათ კი ასე? მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ადამიანების უმეტესობა ამის მომხრე იქნება და იტყვიან, რომ ეს სწორი ნაბიჯია, ჩვენ ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთს არა აქვს იგივე სიმბოლური ძალა, როგორიც ყირიმს ჰქონდა. მეტიც, ახლოსაც კი ვერ მივა "ყირიმის ეფექტთან. ამას ემატება ისიც, რომ რუსებს შეიძლება სურდეთ ოსეთის მიწა, მაგრამ არ სჭირდებათ ოსი ხალხი იქ არსებული კრიმინალური რეჟიმით. დიდი განსხვავებაა ყირიმისა და ბელარუსის შესაძლო სცენარებში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა, რუსეთს ხელს ვერავინ შეუშლის, თუ ამის გაკეთებას გადაწყვეტს, დასავლეთის ჩათვლით, ამ მომენტისთვის, ვფიქრობ, კრემლისთვის ეს უბრალოდ ღირებული არ არის.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე

ინტერვიუ მომზადდა "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" პროექტის ფარგლებში