"ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ოპოზიციის ჩახშობის ხარჯზე ხელისუფლებას ინარჩუნებს" - კვირის პალიტრა

"ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ოპოზიციის ჩახშობის ხარჯზე ხელისუფლებას ინარჩუნებს"

"ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ოპოზიციის ჩახშობის ხარჯზე ხელისუფლებას ინარჩუნებს", - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც მან 17-19 სექტემბერს გამართული, რუსეთის დუმის არჩევნები შეაფასა.

შარაშენიძის თქმით, პუტინის რეჟიმი ძალაუფლებას ორი ფაქტორის წყალობით იმყარებს.

"პირველ რიგში, პუტინის რეჟიმი ავტორიტარიზმს ემყარება. ის ოპოზიციას ყველანაირად ახშობს, ახშობს მათ ტელევიზიებს, ტელეეთერებს, უკეტავს მათ ფინანსურ წყაროებს. მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც რუსეთში ქაოსი და გაჭირვება იყო, პუტინი აღიქმება ლიდერად, რომელმაც ქვეყანა დაალაგა. ამ მეორე ფაქტორის ჩამოწერა არ შეიძლება. ის მხოლოდ იმის ხარჯზე არ იგებს, რომ ავტორიტარი და დიქტატორია, რადგან, როგორც ვთქვი, ორი ფაქტორია", - განაცხადა შარაშენიძემ.

ამასთან, მან ახლად ჩამოყალიბებული პარტიის, "ნოვიე ლიუდის" შანსები შეაფასა. უახლესი შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ეს პოლიტიკური გაერთიანება რუსეთის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი.

"ერთადერთი ლიდერი, რომელსაც რამის შეცვლა შეეძლო, იყო ალექსეი ნავალნი. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ მოიქცა მასთან მიმართებით რუსეთის ხელისუფლება, მისი სრული იზოლირება მოხდა. სერიოზულ საფრთხედ სხვა არავინ აღიქმება, რადგან აქამდე არავის აღმოაჩნდა იმის უნარი, რომ საპროტესტო ელექტორატი გაეერთიანებინა. ერთადერთი საფრთხე იყო ნავალნი და ჯერჯერობით ის განეიტრალებულია", - აღნიშნა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბიულეტენების 50.02% დათვლის შემდეგ "ერთიან რუსეთს", ხმების 46.11% აქვს. მმართველის პარტიის გარდა, სავარაუდოდ, რუსეთის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში კიდევ 4 პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი.

ბოლო მონაცემებით, "კომუნისტურ პარტიას" – 21.4% აქვს, მესამე ადგილზეა ვლადიმირ ჟირინოვსკის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია", 8,07%-ით.

პირველ ხუთეულში შედიან ასევე პარტია "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის" 7.62%-ით და 2020 წელს ჩამოყალიბებული პოლიტიკური გაერთიანება "ახალი ხალხი" 5.97%-ით.