"ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია" - კვირის პალიტრა

"ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, 2 ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ თვალს ვადევნებთ საარჩევნო პროცესში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების აქტივობასა და წინასაარჩევნო დისკუსიასა და ბატალიებს.

ფაქტია, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილე ძირითადი პოლიტიკური აქტორები ერთმანეთს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ. ვისაც საქართველოს უახლესი ისტორიის 30 წლის განმავლობაში მომხდარი საკვანძო მოვლენები ახსოვს, ალბათ დამეთანხმება, რომ ახალი არაფერი ხდება.

თუ 100 წლის წინანდელ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებს გავიხსენებთ, მეტად დავრწმუნდებით, რომ პოლიტიკური დისკურსისა და ბრალდებების თვალსაზრისით 100 წელზე მეტია ქართული პოლიტიკა ერთ წრეზე ტრიალებს.

რადგან ასეა, დღევანდელობასა და ასი წლის წინანდელ ამბებს შორის პარალელების გავლების აუცილებლობა მგონი უინტერესო არ უნდა იყოს.

სხვათა შორის, ეს საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებსაც ეხება. მხედველობაში მაქვს გასული საუკუნის 20-იან წლებში ავღანეთში ბრიტანელების დამარცხება და ის, რომ ჯერ საბჭოთა რუსეთმა ცნო ავღანეთის დამოუკიდებლობა, ხოლო შემდეგ ავღანეთი ერთერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც სსრკ აღიარა.

დაგვავალებთ, თუ შეეცდებით ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში 100 წლის წინანდელ მოვლენებსა და მსგავბესებს შორის გარკვეული პარალელების გავლებას...

- პარალელების გავლება შეიძლება, მაგრამ უპირატესობა ჩვენს წინაპრებს უნდა მიენიჭოს. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ 1918-1919 წლების მიჯნაზე, სრულიად ახალგაზრდა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში, ერთმანეთის მიყოლებით - სამი უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩატარდა. ეს ის დრო იყო, როცა მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ატყდა საქართველო-სომხეთის სამწუხარო ომი. მოკლედ, არეული დრო იყო და ამ პირობებში ჯერ - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელსაც მოჰყვა ქალაქთა სათათბიროების (საბჭოების) არჩევნები, ხოლო თითქმის მაშინვე - დამფუძნებელი კრების არჩევნებიც.

რაც შეეხება უპირატესობებს - 1. მაშინდელ არჩევნებში მონაწილე პარტიები იდეებით ებრძოდნენ ერთმანეთს. იდეურად განსხვავებულ პროგრამებს სთავაზობდნენ მაშინდელ ელექტორატს სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები (ესერები), სომეხი დაშნაკები და სხვანი;

2.ფულის ფაქტორი მინიმალური იყო. ახალი გაუქმებული გახლდათ ქონებრივი ცენზი, რამაც ფეხი ამოუკვეთა სომხური პლუტოკრატიის ბატონობას თბილისის თვითმმართველობაში, რომელიც ნახევარზე მეტი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა;

3.პარტიების მოღვაწეობაში და არჩევნების მიმდინარეობის დროს, პრიორიტეტი ეკუთვნოდა სოციალურ საკითხებს, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას;

4.ელექტორატის არჩევანი გადამწყვეტი იყო. საბჭოთა რუსეთის ორიენტაციის მქონე პარტიების გავლენა კი - მინიმალური.

ლენინის ხელისუფლებას მაშინ თეთრი გენერლები ახრჩობდნენ და ჩვენთვის არ ეცალა. 100 წელზე ოდნავ მეტი წლის შემდეგ ახლა ყველაფერი პირიქითაა - პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს.

- პარალელები უფრო სრული რომ იყოს, საინტერესო იქნება თუ ჩვენში სადღეისოდ არსებული ვითარებების თავისებურებებზე გაამახვილებდით ყურადღებას.

განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველოში 30 წლის განმავლობაში ოთხჯერ შეიცვალა ცენტრალური ხელისუფლება და ამდენჯერვე ადგილობრივი მმართველობები...

- კი, ოთხჯერ შეიცვალა ცენტრალური ხელისუფლება, მაგრამ რეალობა არ შეცვლილა, მთავარი, წამყვანი რეალობა არ შეიცვალა - ისევ ღარიბები ვართ, ისევ სხვათა დახმარებაზე ვართ დამოკიდებული.

საერთო აღიარებით, თვითმმართველობა მიჩნეულია დემოკრატიული სისტემის ფუნდამენტად, საყრდენად. ცენტრალური ხელისუფლება, სულ რომ სიკეთისა და ჰუმანიზმის განსახიერება იყოს, თვითმმართველობას ვერ გააძლიერებს, თუ ამ უკანასკნელს, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა არ გააჩნია. შესაბამისად, ის ვერც დემოკრატიული იქნება და ვერც თვითმოქმედი სტრუქტურა.

- თუ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებს, ავღანეთში უკანასკნელ თვეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში შევხედავთ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისტორია მეორდება, მხედველობაში მაქვს ავღანეთიდან ამერიკელებისა და მისი მოკავშირეების გასვლა, რასაც ამ რეგიონში დასავლეთის გავლენის შემცირება მოჰყვა.

მართალია მთელი სიზუსტით არა, რადგან ახლა საერთაშორისო ასპარეზზე გამოსულია ჩინეთი, რომელიც როგორც უჩანს, აქტიურად ითანამშრომლებს ავღანეთის "თალიბანის" ხელმძღვანელობასთან.

ავღანეთიდან ამერიკელების გასვლით რუსეთს საშუალება მიეცა გაიმყაროს პოზიციები შუა აზიის რესპუბლიკებში, მაგრამ ეს ბევრი თვალსაზრისითაც სათუოა. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ დსთ-ს ოდებეკა-მ ტაჯიკეთში სამხედრო წვრთნები დაგეგმა. ახლა შუა აზიის ქვეყნებში ჩინეთის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გავლენა საკმაოდ დიდია.

რა კორექტივები შეიტანა 2 ოქტომბრის არჩევნების საგარეო პოლიტიკურ განზომილებაზე უკანასკნელ თვეებში ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა და საერთაშორისო ასპარეზე მომხდარმა ცვლილებებმა?

- ყველანაირი პროგნოზის საფუძველთაგანი, დღევანდელი ვითარება უნდა იყოს. ცხადია, მსოფლიომ ავღანეთიდან უკუქცევა, აშშ-ის დიდ მარცხად შეაფასა. ეს ალბათ, ამერიკელების ყველაზე დიდი დამარცხებაა, ვიეტნამის შემდეგ.

მაგრამ, ამ ფაქტს მეორე მხარე აქვს და უფრო მნიშვნელოვანიც. იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება ვუწოდოთ "თალიბებს" - ტერორისტები, ფუნდამენტალისტები, თუ შუასაუკუნეობრივი ფანატიკოსები, ისინი საკუთარი ქვეყნის განმათავისუფლებლები არიან. ეს მათ გააკეთეს და ეს ფაქტია.

მეორე მხრივ, ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტებიც კანონზომიერად მოიქცნენ, როცა ავღანეთიდან საკუთარი ჯარების გამოყვანა დაგეგმეს და განახორციელეს. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ - აშშ არ არის ტიპური დამპყრობელი ქვეყანა. ის შეიძლება ფინანსურ-ეკონომიკური ზესახელმწიფო იყოს მაგრამ არა, სამხედრო-პოლიტიკური ოკუპანტი. გააგრძელეთ კითხვა