"ქართულ ოცნებას" დარჩა ფული და პოლარიზაცია, სვლები არ აქვთ და ამის გამოა, რა მდგომარეობაშიც არიან" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" დარჩა ფული და პოლარიზაცია, სვლები არ აქვთ და ამის გამოა, რა მდგომარეობაშიც არიან"

"ერთადერთი, რაც "ქართულ ოცნებას" დარჩა, ფული და პოლარიზაციაა. სვლები არ აქვთ და ამის გამოა, რა მდგომარეობაშიც არიან", - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც ქალაქის მასშტაბით "სისხლიანი ბანერების" გამოჩენას გამოეხმაურა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" ფსონს იმავე ბრძოლის სტრატეგიაზე დებს, რომელმაც წინა წლების არჩევნების დროს გაუმართლა.

გარდა ამისა, ჯაფარიძემ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ისაუბრა და როგორც აღნიშნა, მმართველი გუნდი სუს-ს ვერაფერს უზამს, რადგან ის ქვეყნის მასშტაბით ყველაფერს მართავს და "ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.

"თვალს ხუჭავენ. ახლაც იტყვიან, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. შეიძლება "ქართული ოცნების" შიგნით შიდა დაპირისპირება იყო, კაცმა არ იცის, იქ რა შეიძლება ხდებოდეს, თუმცა ის, რომ "ქართული ოცნება" საპატრიარქოს ებრძვის, ამის მართლა არ მჯერა. "ოცნება" და საპატრიარქო ერთია, ერთ მხარეს არიან. არ ველოდები, რომ ამ ყველაფერს რაიმე რეაგირება მოჰყვება. ამ ხელისუფლების პირობებში შეეჩვია ხალხი სკანდალური სახის ინფორმაციებს. ლილუაშვილს ამ ხელისუფლების პერიოდში ვერაფერს უზამ, საბოლოო ჯამში, სუს-ი მართავს ყველაფერს, მათ შორის არჩევნებსაც ატარებს. ამ სისტემას ახასიათებს, რომ ნებისმიერ ახალ მმართველს კარგად ემსახურება. ეს სისტემა მოდის და გეუბნება: მე შენ ძალაუფლების შენარჩუნებაში დაგეხმარები", - განაცხადა ჯაფარიძემ.

პოლიტიკოსი მოახლოებული არჩევნების თემასაც შეეხო და როგორც აღნიშნა, მისი ინფორმაციით, "ქართული ოცნება" დასავლელ მეგობრებს ეუბნება, რომ თუ ისინი 43%-ს ვერ აიღებენ, ხელახალ არჩევნებს ჩაატარებენ.

"არჩევნებისთვის შეხვედრებია, წარდგენები, სოციალურ ქსელებში აქტიური კამპანია გვაქვს. ისინი ჩვენს დასავლელ მეგობრებს ეუბნებიან, რომ თუ 43%-ს ვერ აიღებენ, ხელახალ არჩევნებს ჩაატარებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ხელახალ არჩევნებს აუცილებლად დანიშნავენ, ჩვეულებრივად "გადააგდებენ" როგორც არა ერთხელ გადააგდეს. შეიძლება, მერე სხვაგვარი ბრძოლა მოგვიწიოს, მაგრამ ახლა მინიმუმ ასეთი განწყობაა", - განაცხადა ჯაფარიძემ.